რას გვპირდებიან პოლიტიკური პარტიები განათლების მიმართულებით?

პუბლიკა

ორგანიზაცია „განათლების პოლიტიკის ცენტრმა“ მოამზადა დოკუმენტი, რომელიც აღწერს თუ რა საქმიანობები არის გათვალისწინებული განათლების მიმართულებით პოლიტიკური პარტიების 2024 წლის საარჩევნო პროგრამებში.

რას გვპირდებიან პოლიტიკური პარტიები განათლების მიმართულებით?

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, პარტიების უმრავლესობას სრული საარჩევნო პროგრამები ჯერ არა აქვთ გამოქვეყნებული, თუმცა მიმოხილვისას კვლევის ავტორი, განათლების ექსპერტი  ლელა ჩახაია ეყრდნობა მთავარი პოლიტიკური ძალების გეგმებზე უკვე გამოქვეყნებული მოკლე ვერსიებს, სხვადასხვა მედია საშუალებებში გამოთქმულ მოსაზრებებსა და ინტერვიუებს.

 

მიმოხილვიდან უცვლელად გთავაზობთ პარტიების გეგმებსა და პრიორიტეტებს განათლების მიმართულებით:

 

„ახალი – კოალიცია ცვლილებებისთვი“

კოალიციას არა აქვს გამოქვეყნებული დეტალური საარჩევნო პროგრამა, თუმცა განათლების მიმართულებით მათ პროგრამაზე შეგვიძლია შევიტყოთ კოალიციის წევრის, ვანო წერეთლის ინტერვიუდან, რომელიც რადიო თავისუფლების ეთერში გავიდა 27 სექტემბერს.

კოალიციის ინიციატივით, ყველა ბავშვისთვის 2 წლის ასაკიდან ინდივიდუალურად შეიქმნება ე.წ. „განათლების ყულაბა“, რომელიც არის დაგროვებითი დეპოზიტი. ყულაბას სახელმწიფო დააფინანსებს და ადამიანებს შეეძლებათ ამ ყულაბაში განთავსებული თანხის გამოყენება ნებისმიერ ინსტიტუციაში.

წერეთლის თქმით, კოალიცია გეგმავს, რომ ოთხ წელიწადში ეს თანხა გაუტოლდეს 2500 ლარს ბაღის აღსაზრდელებისთვის და 5000 ლარს სკოლის მოსწავლეებისთვის და უნივერსი- ტეტების სტუდენტებისთვის. კოალიციის ხედვით, ეს მიდგომა უზრუნველყოფს თანასწორობას განათლების სისტემაში.

წერეთლის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია, რომ საგანმანათლებლო სივრცე არ იყოს პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტი. დეტალური პროგრამის სანხავად იხ. ბმული

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“

ენმ-ს წინასაარჩევნოდ 5 მთავარი პრიორიტეტული მიმართულება აქვს გამოკვეთილი.

განათლება ცალკე პრიორიტეტულ მიმართულებად არ არის გამოყოფილი, მაგრამ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები გაერთიანებულია მე-4 პრიორიტეტულ მიმართულებაში „ძლიერი ოჯახი“:

  • ყოველთვიური დახმარება ახალშობილებისთვის, ყველა ბავშვის უზრუნველყოფა ხარისხიანი საბავშვო ბაღითა და სკოლაში უფასო კვებით;
  • მასწავლებლების ხელფასი მინიმალური 2000 ლარი, ბინები დამსახურებულ მასწავლებლებს, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი და ბინის სუბსიდირება.

ასევე, ენმ ემხრობა განათლების სისტემის პარტიული კონტროლისგან განთავისუფლებას. ამ კონკრეტული საკითხების გარდა განათლების სექტორის შესახებ ფართო ხედვა ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებას არააქვს გასაჯაროებული.

ვერ მოვიძიეთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, უფასოკვების რა მოდელი ამუშავდება, მასწავლებელთა ხელფასები რა ფორმულით გამოითვლება, როგორ მოხდება სტუდენტთა საცხოვრებლის სუბსიდირება.

შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად კოალიცია ფიქრობს 14 მილიარდიანი (არ არის ნათელი ლარი იგულისხმება თუ ევრო) მხარდაჭერის გამოყენებას, რომელსაც, კოალიციის დაპირებით, საქარ- თველო ევროკავშირისგან მიიღებს.

 

„ძლიერი საქართველო“

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის მოკლე ვარიანტში, რომელიც ონლაინ ხელმისაწვდომია, განათლების მიმართულებით სამი დიდი პრიორიტეტული საკითხია გამოყოფილი:

  • ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა სკოლამდელი, სასკოლო, უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურებზე;
  • სახელისუფლებო და პარტიული წნეხისგან განათლების სისტემის გათავისუფლება რეალური დეცენტრალიზაციით და საზოგადოების თანამონაწილეობით;
  • ევროპული სტანდარტის დამკვიდრება ყველასთვის გამართული ინფრასტრუქტურით, დაფასებული პედაგოგიური პერსონალით, სასკოლო კვების სისტემის შექმნით და სტუდენტური საცხოვრისის უზრუნველყოფით.

სხვა პარტიებისა და გაერთიანებებისგან განსხვავებით, „ძლიერი საქართველოს“ შემთხვევაში, ცალკეული, კონკრეტული საკითხების ნაცვლად მსხვილი პრიორიტეტებია გამოყოფილი და კოალიცია ამ პრიორიტეტების სისტემურ ხედვას გვთავაზობს.

თუმცა ეს პრიორიტეტები, განსაკუთრებით პირველი, ძალიან მასშტაბურია და ფაქტობრივად, ყველაფერს მოიცავს.

საინტერესოა, რომ ამ მასშტაბურ პრიორიტეტებშიც კი ხაზგასმულია ისეთი კონკრეტული საკითხები, როგორიც არის სასკოლო კვება და სტუდენტური საცხოვრისი.

გარდა ამ მოკლე პროგრამისა, კოალიციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა დროს წარმოადგინეს უფრო დეტალური ხედვა განათლების მიმართულებით.

მაგალითად, კოალიციის წევრმა, სიმონ ჯანაშიამ, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების ჯგუფს წარუდგინა კოალიციის პროგრამა განათლების მიმართულებით, სადაც აღინიშნა, რომ პროგრამის მთავარი პრინციპები უნდა იყოს სისტემის დეპოლიტიზაცია, დემოკრატიული განვითარება, ხელმისაწვდომობა და თანასწორობა.

ამ შეხვედრებშივე დასახელდა კოალიციის კონკრეტული ინიციატივები განათლების მიმართულებით:

  • განათლების სისტემის პარტიული კონტროლისგან გათავისუფლება;
  • ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების რაოდენობის ზრდა;
  • სასკოლო კვების პროგრამის ამუშავება;
  • სტუდენტური საცხოვრებლების აშენება და ამოქმედება, სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მხარდაჭერის სისტემების განვითარება;
  • კვლევითი ლაბორატორიების აღჭურვა და განახლება;
  • პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.

„ძლიერი საქართველოს“ შემთხვევაშიც არ არის ცნობილი კონკრეტული დეტალები ამ ინიციატივების შესახებ, ასევე არ არის ცნობილი, თუ რა წყაროებით დაფინანსდება სხვადასხვა პროექტი.

სიმონ ჯანაშიამ იგივე შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თანხები სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მიმართულებებიდან განათლების ამ პრიორიტეტების დაფინანსებაზე მიემართება.

 

„გახარია საქართველოსთვის“

პოლიტიკურ პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აქვს 2024 წლის საარჩევნო პროგრამა „ღირსეული ცხოვრების მანიფესტი“.

მანიფესტში ზოგადად ხაზგასმულია სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი საზოგადოების კეთილდღეობისა და პროგრესის უზრუნველყოფაში.

პარტიის ხედვას წარმოადგენს სოციალური კეთილდღეობისა და სოციალური სამართლიანობის საფუძველზე ქვეყნის განვითარება. პარტია წარმოადგენს კეთილდღეობის სახელმწიფოსეულ ხედვას, რომელიც ოთხ მთავარ მიმართულებას ეფუძნება და ამ ოთხიდან ერთ-ერთია ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება.

„ძლიერი საქართველოს“ მსგავსად, ამ პარტიასაც საარჩევნო პროგრამაში წარმოდგენილი აქვს განათლების განვითარების უფრო კომპლექსური ხედვა:

„გახარია საქართველოსთვის“ გუნდის მიზანია ისეთი საგანმანათლებლო მოდელის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან და ინკლუზიურ განათლებას ყველასათვის, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითობის განვითარებას, სამოქალაქო ცნობიერების და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, უზრუნველყოფს აკადემიურ, სოციალურ და ემოციურ ზრდას და ცხოვრების მანძილზე სწავლისა და გადამზადების შესაძლებლობას.”

პროგრამა ხაზს უსვამს განათლების სისტემის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან ინტეგრაციის მნიშვნელობას.

პროგრამის თანახმად, პარტიის ხედვა განათლების მიმართულებით ეფუძნება სამ ძირითად სვეტს: ხარისხიანი განათლება, ინფრასტრუქტურა და ინკლუზიური გარემო, ხელმისაწვდომობა და მდგრადი დაფინანსება.

განათლების მიმართულებით პარტიის პროგრამაში 22 კონკრეტული ინიციატივაა გამოყოფილი და მოიცავს:

  • განათლების სისტემის დეპოლიტიზებას;
  • სასკოლო კვების პროგრამის ამუშავებას;
  • მასწავლებელთა ხელფასების ზრდას;
  • სტუდენტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
  • სტუდენტური სესხის პროგრამის ამოქმედებას და ა.შ.

პროგრამაში გათვალისწინებულია ისეთი საკითხებიც, რომლებიც შესაძლოა პოლიტიკურად აქტიური არ არის, მაგრამ განათლების სფეროს პროფესიონალთათვის მნიშვნელოვანია, მაგალითად: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გახსნა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის და სასწავლო პროგრამაში გარემოსდაცვითი კომპონენტის გაძლიერება.

პროგრამაში არ არის აღწერილი, კონკრეტულად როგორ დაფინანსდება ესა თუ ის ინიციატივა და რა ვადაში გეგმავს პარტია მის განხორციელებას. ასევე, 22 ყოვლისმომცველი ინიციატივიდანარ ჩანს, რომელია უფრო პრიორიტეტული.

 

„ქართული ოცნება“

მმართველმა პარტიამ თავისი საარჩევნო პროგრამა 7 ოქტომბერს წარმოადგინა. ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული პროგრამის არც სრული ვერსია, არც პრიორიტეტები.

შესაბამისად, განათლების მიმართულებით მმართველი პარტიის პრიორიტეტებზე მსჯელობა გვიწევს ამ პრეზენტაციის დასხვადასხვა სატელევიზიო გამოსვლების საფუძველზე.

განათლების მიმართულებით პროგრამის პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დაგეგმილია, მნიშვნელოვნად გაფართოვდეს ქუთაისის საერთაშორისო უნი- ვერსიტეტის ინფრასტრუქტურა.

„ჩვენი ამოცანაა, 20 000-ს გადასცდეს სტუდენტების რაოდენობა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნდა გახდეს თანაბარი მნიშვნელობის კერა საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს დაპირება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, რომ მისი მხრიდან სერიოზული ინვესტიცია იქნება ჩადებული ამ პროექტის განსახორციელებლად“, – თქვა პრემიერმა და დაამატა, რომ ამის პარალელურად, ამომრჩეველს თბილისსა და რუსთავს შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კამპუსის აშენებას ჰპირდებიან.

ეს ეხმიანება კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს განათლების ორი მთავარი კერა – თბილისის სახელმწიფო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით.

განათლების მიმართულებით ქართული ოცნების სხვა გეგმებზე, ჩვენი ინფორმაციით, არ არის ცნობილი: პარტიის წარმომადგენლები უარს ამბობენ სხვადასხვა ტელევიზიებში და საზოგადოებასთან შეხვედრებში მონაწილეობაზე, პროგრამის წერილობითი ვერსია კი, ჯერჯერობით საჯარო არ არის.