რას მოითხოვენ დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლები

პუბლიკა

დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვენ, რომ „დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“ ბენეფიციარის 18 წლის შესრულების შემდგომაც გაგრძელდეს.

გარდა ამისა, მშობლები სამინისტროს სთხოვენ, მოიხსნას ასაკობრივი ბარიერი და სრულად მოხდეს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგით CGM System- ებით ბენეფიციარების უზრუნველყოფა.

ამ მოთხოვნით მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გასულ თვეში გამართეს. 2 ნოემბერს კი ისინი მინისტრსა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

შეხვედრისას გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) სისტემებზე იმსჯელეს.

გასული წლის 13 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვები გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის განახლებულ სისტემებსა და სენსორებს (CGM) მიიღებდნენ.

CGM სისტემა არის შაქრიანი დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. ის ყოველ 5 წუთში ერთხელ ზომავს გლუკოზის დონესა და მონაცემებს, უწყვეტ რეჟიმში, და ასახავს მას პაციენტის მობილურ აპლიკაციაში.

რეალურ დროში კონტროლის შედეგად, სისტემა აფიქსირებს გლუკოზის მაღალ და დაბალ მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც იძლევა სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას.

მშობლები ამბობენ, რომ სენსორული აპარატები ყველა ბავშვზე ინდივიდუალურადაა მორგებული და მნიშვნელოვანია, იმ ბენეფიციარებს, რომლებისთვისაც აღნიშნული სენსორის მოხმარება პრობლემურია, საშუალება მიეცეთ, სენსორების ახალი გაუმჯობესებული მოდელებით ისარგებლონ.

„დიაბეტიან ბავშვთა მშობელთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი მაცაცო ასათიანი „პუბლიკასთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მშობლების გარკვეული ნაწილი, მათ შორის ისიც, პრობლემების გარეშე იყენებს გლუკოზის მონიტორინგის არსებულ სისტემებს, მაგრამ იმ ბავშვების მშობლები, რომელთა შვილებსაც წონის ნაკლებობა აქვთ ან შედარებით ნაზი კანი, სენსორის დამაგრებისას პრობლემებს აწყდებიან.

„ამ სენსორის ნემსი არის ოდნავ გრძელი და დამაგრების დროს სისხლდენას იწვევს, რაც შემდგომ პრობლემას უქმნის ბავშვებს და ზოგი მერე აღარ იმაგრებს სენსორს ან ის გამოშვებული სისხლით ზიანდება. მერე უნდა მოხსნა და ისევ ახლიდან დაუმაგრო სენსორი, რაც დამატებითი დისკომფორტია“, – განმარტავს მაცაცო ასათიანი.

„ახლა რაც შემოაქვს, სამინისტროს მოხმარებაში არსებული სენსორის გაუმჯობესებული ვარიანტია, თუმცა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ეს სენსორები გასცეს მხოლოდ 7 წლამდე ბავშვებზე, მშობლებს აქვთ პროტესტი, რომ არ იყოს ასაკობრივი შეზღუდვა და სენსორი შეირჩეს ბენეფიციარის მოთხოვნისამებრ, ზოგმა ისევ ის აირჩიოს, რომლითაც ვსარგებლობთ და გამოყენებისას პრობლემები არ გვაქვს, ზოგმა კი ვინც პრობლემურად მოიხმარს არსებულ სენსორებს, ასაკის მიუხედავად, მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ახალი სენსორები გამოიყენონ. ნებისმიერ შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციით მოხდეს გაცემა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არსებული სენსორების გამოყენებისას პრობლემები ექმნებათ“, – ამბობს მაცაცო ასათიანი.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელზეც მშობლები ყურადღებას ამახვილებენ, არის ის, რომ „დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“ ბენეფიციარის 18 წლის შესრულების შემდგომაც გაგრძელდეს.

მაცაცო ასათიანის შვილი ახლა 17 წლისაა, უკვე 11 წელია მისი შვილი პროგრამის ბენეფიციარია. როგორც მან „პუბლიკას“ უთხრა, მშობლების კიდევ ერთი წუხილის საგანია ის, რომ ბავშვებს, 18 წლის შესრულების შემდგომ თითქმის სრულად უწყდებათ ყველა ის მხარდაჭერა, რომლითაც ახლა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სარგებლობენ, მაგალითად, ნემსის თავები, სენსორები, ჩხირები.

„რჩებათ მხოლოდ ერთადერთი ინსულინი, არა ყველა ინსულინი, არამედ მხოლოდ სამინისტროს მიერ შერჩეული კატეგორია. მაგალითად, ჩემი შვილი ახლა მოიხმარს „ტრესიბას“, რომელიც არის უახლესი ინსულინი და სრულად ერგება მის საჭიროებებს, მაგრამ 18 წლის შემდეგ მას ამ ინსულინით სარგებლობის უფლება არ ექნება. მან უნდა შეცვალოს ის ინსულინი, რომელსაც ახლა ერგება იდეალურად და გადავიდეს იმ ინსულინზე, რომელსაც 18 წელს მიღწეული ბენეფიციარებისთვის გასცემს სამინისტრო“, – განმარტავს ასათიანი.

მეორე მხრივ მშობელი ყურადღებას ამახვილებს მძიმე ფინანსურ ტვირთზეც.

როგორც ის ამბობს, დაახლოებით, სულ მცირე 300-400 ლარის ფარგლებში ყოველთვიური ხარჯი სჭირდება ბენეფიციარს იმისათვის, რომ სენსორები შეიძინოს, რაც არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთია, განსაკუთრებით კი 18 წლის ადამიანისთვის, რომელიც დიდი ალბათობით არ მუშაობს და საკუთარი შემოსავალიც არ აქვს.

„პუბლიკა“ მეტი ინფორმაციის მისაღებად, თუ რა იგეგმება მშობლების მოთხოვნების პასუხად სამინისტროს მხრიდან, ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.

ჯანდაცვის სამინისტროში განგვიმარტეს, რომ სამინისტროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ, რასაც გარკვეული დრო სჭირდება, შესაბამისად, „გაფართოვდება თუ არ გაფართოვდება პროგრამა ან როგორ გაფართოვდება, ამაზე სამინისტროში მსჯელობენ“ და გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიეწოდებათ.

2 ნოემბერს მშობლებთან შეხვედრის დასრულების შემდგომ სამინისტრომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „მხარის ინტერესების გათვალისწინებით, დამატებითი საჭიროებების მიმართულებით, უწყება კვლავ აგრძელებს მუშაობას“.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო ისიც, რომ სამინისტროსთვის, „პრიორიტეტულია პაციენტთა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათი საჭირო სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, რისთვისაც გამოყენებული იქნება ყველა შესაძლებლობა“.

დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ მოლოდინის რეჟიმში არიან და ელოდებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სამინისტროში მათი მოთხოვნების პასუხად.

რას მოიცავს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა

დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ მოსახლეობას, სახელმწიფო სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფს. ასევე, აფინანსებს სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მომსახურებას.

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და სპეციფიკური ჯგუფებისთვის, უფასოდ, თანაგადახდის გარეშეა უზრუნველყოფილი ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია, კვლევები და საანალიზო-ტექნიკური საშუალებები, ასევე – ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება.

სამინისტროში ამბობენ, რომ ბოლო წლებში, სახელმწიფომ, დიაბეტის მართვის პროგრამაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა – გაიზარდა პროგრამით სარგებლობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის, სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის უახლესი სისტემები და სენსორები (CGM) და მათ გამოსაყენებლად მობილური ტელეფონები უფასოდ გაიცემა.

სამინისტროში ამბობენ, რომ რეგიონებში წლების განმავლობაში, დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას ვერ ახერხებდნენ, სახელმწიფოს ჩართულობით კი პროგრამა, ეტაპობრივად, გაფართოვდა და ვაუჩერული სერვისის მიღება საქართველოს 8 მუნიციპალიტეტშია ხელმისაწვდომი.