რას მოუტანს Fitch-ის გაუარესებული პერპექტივა საქართველო ეკონომიკას

პუბლიკა


მარიამ ვარადაშვილი

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, მართალია, BB დონეზე შეუნარჩუნა, მაგრამ პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურისკენ შეცვალა. რუსული კანონის მიღების შემდეგ სააგენტომ პერსპექტივა პოზიტიურიდან ჯერ სტაბილურით შეცვალა, თუმცა ახლა ის ისევ გააუარესა. 

ნეგატიური პერსპექტივის მიზეზია: მნიშვნელოვნად გაზრდილი პოლიტიკური რისკი, დასავლელ პარტნიორებთან გაუარესებული ურთიერთობა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხი და შემცირებული საერთაშორისო სავალუტო რეზერვები.

Fitch წერს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან ოპოზიცია და დასავლური ქვეყნების უმეტესობა არჩევნების შედეგს არ აღიარებენ.

რას ნიშნავს სუვერენული რეიტინგი და რატომ არის ის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი?

საკრედიტო რეიტინგით ფასდება რამდენად რისკიანია ამ ქვეყანაში ინვესტირება ან მისი მთავრობისა და კერძო სექტორისთვის ფულის სესხება. რაც უფრო მაღალია საკრედიტო რეიტინგი, ნიშნავს, რომ ეს სახელმწიფო მარტივად დააბრუნებს ვალს, დაბალი საკრედიტო რეიტინგის პირობებში კი – ვალის დაბრუნების საფრთხე იზრდება. ამ რისკს ინვესტორები, როგორც წესი, საპროცენტო განაკვეთში ასახავენ და მთავრობებს თუ ამ ქვეყნების კერძო სექტორს ფულს უფრო ძვირად აძლევენ. მარტივად რომ ვთქვათ, დაბალი საკრედიტო რეიტინგი საგარეო ვალს აძვირებს.

საკრედიტო რეიტინგი რისკების შეფასებით დგინდება და ამ რისკებში ეკონომიკურთან ერთად, ბუნებრივია, პოლიტიკური მდგომარეობაც ფასდება, რაც საქართველოს შემთხვევაში გაუარესებულია. ქვეყნებს საკრედიტო რეიტინგს რამდენიმე ორგანიზაცია ანიჭებს, რომელთა შორის Fitch ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია. 

საქართველომ Fitch-ისგან BB რეიტინგი 2019 წელს მიიღო, ხოლო პოზიტიური პერსპექტივა 2023 წლის იანვარში მიენიჭა, ეს აქამდე სარეიტინგო სააგენტოს ყველაზე მაღალი შეფასება იყო.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) მთავარი ეკონომისტი ვალერი კვარაცხელია Fitch-ის შემდეგ განახლებაში საკრედიტო რეიტინგის შემცირებას ელოდება, თუ არსებული ვითარება კიდევ გაუარესდა. როგორც ამბობს, დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას და დასავლელ პარტნიორებთან კატასტროფულად გაუარესებულ ურთიერთობას ავტომატურად ეკონომიკური პრობლემებიც მოჰყვება. 

„[ნეგატიური პერსპექტივა] ასახავს ტენდენციას, ეს ნიშნავს იმას, თუ როგორ ხედავს სააგენტო ვითარებას და მომავალში რა მოლოდინი აქვს. ჩვენს შემთხვევაში ეს მოლოდინი იყო სტაბილურ [ნიშნულზე] და ის ნეგატიური გახადეს. თუ აქამდე Fitch მიიჩნევდა, რომ ვითარება სტაბილური იყო და BB რეიტინგის არც გაუარესებას და არც გაუმჯობესებას არ ელოდა, დღეს უკვე ამბობს, რომ მომავალი გადახედვისას[რეიტინგის შემცირება] უარყოფითისკენ უფრო წავა, ვიდრე BB დონის შენარჩუნებისკენ”, – ამბობს კვარაცხელია.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური BMG-თან ინტერვიუში ამბობს, რომ შემდეგ გადახედვაზე რეიტინგის შემცირების ალბათობა დიდია, მაშინ, როცა პოზიტიური პერსპექტივის პირობებში ზრდის შესაძლებლობა იყო. 

ქვეყნისთვის და ბიზნესისთვისაც ეს ნიშნავს გაძვირებულ ფულს: საკრედიტო რესურსს და გაძვირებულ საინვესტიციო ფულს, რადგან ქართული კომპანიების რისკი გაიზარდა. BBB ან უფრო მაღალი A რეიტინგის შემთხვევაში თითქმის ნებისმიერ ფონდს [ამ ქვეყნებში] ფულის ჩადება შეუძლია. საქართველოს რომ ასეთი რეიტინგი ჰქონდეს, ნებისმიერ საპენსიო თუ უმსხვილეს ფონდებს შეეძლება აქ ფულის ჩადება. შესაბამისად, ძალიან დიდი რაოდენობის ინვესტიციის მოზიდვა შეგვეძლება. BB დონე ნიშნავს, რომ ამ ფონდების დიდ ნაწილს უკვე უფლება არ აქვს ასეთ მაღალრისკიან ქვეყანაში ჩადონ ფული ან ფონდის მხოლოდ მცირე ნაწილი [10-15%] დახარჯონ დაბალი რეიტინგის ქვეყნებში”, – ამბობს გილაური.

რას გამოიწვევს?

როგორც ვალერი კვარაცხელია ამბობს – ეს გამოიწვევს საგარეო ვალის გაძვირებასა და უცხოური ინვესტიციების შემცირებას. 

საკრედიტო სააგენტოს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გახანგრძლივებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ინვესტორებზე და გაცვლით კურსზე. ეს უკანასკნელი ისედაც 28 ნოემბრის შემდეგ გაუფასურდა, ანუ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერება. ჯერ უცნობია, გაყიდა თუ არა ისედაც რეკორდულად შემცირებული რეზერვები ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად, ეს მხოლოდ მას შემდეგ გვეცოდინება, რაც Bmatch-ის სტატისტიკას გამოქვეყნდება.

„არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება სულ მცირე 2028 წლამდე გადაავადა. ამან პროტესტს შეუწყო ხელი, რადგან მოსახლეობის 85% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო მთავრობას კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფოს. თუ პროტესტი გამწვავდა, დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა შესაძლოა კიდევ უფრო დაიძაბოს, რამაც შეიძლება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები [FDI] და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შემოსული ფინანსური ნაკადები შეამციროს”, – წერს სარეიტინგო სააგენტო. 

საქართველოს მთავრობის ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან განსაკუთრებით რუსული კანონის ხელახლა ინიციირების შემდეგ გაუარესდა. არაერთი მოწოდების მიუხედავად, დაჰბრუნებოდა დემოკრატიული განვითარების გზას, მთავრობამ რუსული კანონი მაინც მიიღო, რის გამოც ევროკავშირმა და აშშ-მ სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარების შეჩერება დააანონსეს. ეს უკვე აისახა ქვეყნის ბიუჯეტზე და მომავალ წელს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მისაღები გრანტები 92 მლნ. ლარით მცირდება. მთავრობის არადემოკრატიული ქმედებების გამო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლება ევროკავშირიდანაა.

საქართველოში უცხოური ინვესტიციები ისედაც ცოტა შემოდის, წლევანდელი წლის 9 თვეში კი [სამ კვარტალში] 640 მლნ. დოლარით 966 მლნ. დოლარამდე შემცირდა. ყველაზე დიდი კლება 55%-იანი – მესამე [ივლისი-აგვისტო-სექტემბერს] კვარტალში დაფიქსირდა, ანუ მას შემდეგ, რაც მთავრობამ პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსული კანონი მაინც მიიღო. 

„კარგ ინვესტორებს კარგი კლიმატი სჭირდებათ და სადაც არ არის კარგი კლიმატი, იქ უნდათ მაღალი მოგება. შესაბამისად, თუ ვინმე შემოვა, შემოვა უფრო მაღალი სარგებლის მიზნით, ანუ იმდენად თვალისმომჭრელი უნდა იყოს ის მოგება, რომელსაც რისკიან ქვეყანაში ნახავს, რომ ამაზე წასვლა უღირდეს. მაგალითად, 100 ბიზნესმენიდან თუ საქართველოში ინვესტირება 50-ისთვის იყო მისაღები, დღეს მათი რიცხვი ნაკლები იქნება”, – გვეუბნება კვარაცხელია. 

2025 წელს მთავრობა თითქმის 2 მილიარდ ლარის საგარეო ვალს აიღებს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომელთა შორისაა მსოფლიო ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD); ევროკავშირი და სხვა.

„სარეიტინგო კომპანიები აფასებენ ქვეყნის რისკიანობას იმ ვალდებულებების მომსახურების თვალსაზრისით, რომლებიც მას შეიძლება დღეს ჰქონდეს ან მომავალში აიღოს; მარტივად რომ ვთქვათ, ვალს რომ აიღებს ამას გადაიხდის თუ არა. ამას აფასებენ ეს სარეიტინგო კომპანიები. [მაღალი რეიტინგის] მქონდე ქვეყნების შემთხვევაში რისკები ძალიან დაბალია და მათ მიერ ვალის არგადახდაც ძალიან მცირეა, ან თითქმის არ არსებობს”, – ამბობს GRASS-ის ეკონომისტი.