რას შეიძლებოდა გამოეწვია მეწყრული პროცესი და რას იკვლევენ სპეციალისტები

ქრისტინე მუჯირი

ვაშლიჯვარში, იქ, სადაც გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს, მეწყრული პროცესი დაიწყო. დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ მასის ჩამოშლა გარდაუვალია და ვითარების ზუსტი შეფასებისთვის საჭიროა დამატებითი კვლევა. „მსგავსი მასისგან შესაძლოა, მეწყერი თავად არ განვითარდეს, მაგრამ, თუ ადამიანი ჩაერევა, გაიყვანს გზას, გაჭრის არხს და ააგებს შენობებს, ეს აუცილებლად დაუკარგავს მიწის მასას წონასწორობას“, – ამბობს „პუბლიკასთან“ გეომორფოლოგი.

„პირველადი გაზომვით მილიონ კუბური მეტრის მასა არის მოწყვეტილი“ – ასეთია გეოლოგების, გეომორფოლოგებისა და სხვა სპეციალისტების თავდაპირველი შეფასება ნუცუბიძის ფერდზე მოწყვეტილი მასის შესახებ. როგორც ისინი ტელევიზიებთან დღის განმავლობაში აცხადებენ, მასა დინამიკაშია მოსული.

„მეწყრული სხეული დინამიკაშია მოსული და ეს არ ნიშნავს, რომ ახლა ჩამოვა, მაგრამ აუცილებლად ჩამოვა. ამის გაჩერება შეუძლებელია“, – განაცხადა სეისმოლოგმა, თეა გოდოლაძემ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.

თეა გოდოლაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მათი განცხადებები არის ზოგადი შეფასება, რადგან ზედაპირულად მოხდა ტერიტორიის დათვალიერება. მისი თქმით, აუცილებელია სიღრმისეული კვლევა, რადგან შესაძლოა, პროცესები უფრო ღრმად იყოს წასული, ვიდრე ეს ვიზუალურად ჩანს.

„ეს პროცესი პროვოცირებულია არასწორად დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებიდან და არასწორი გეოლოგიური გათვლებიდან გამომდინარე“, – ამბობს გოდოლაძე.

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი აცხადებს, რომ დგინდება, როგორია მიწის გადაადგილების სიჩქარე. შეკითხვაზე – მეწყრის ჩამოწოლის შემდგომ რა სურათი შეიძლება მივიღოთ, სპეციალისტი აცხადებს, რომ საჭიროა სიტუაციის მოდელირება და ამასთანავე აღნიშნავს, რომ გამოსავლის მოძებნა რთულია.

როგორც დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმომადგენელი, გეოლოგი გიორგი ბოიჩენკო ამბობს, თუ არ ჩატარდა გარკვეული დამცავი სამუშაოები, შესაძლოა მეორე მეწყერიც ჩამოყალიბდეს. მისივე თქმით, არარეალურია ამ მასის გამაგრება. ის უნდა მოიხსნას და დატერასდეს.

ბოიჩენკოს თვალსაზრისით, საფრთხე რეალურია და მასის დაძვრა შეიძლება გამოიწვიოს როგორც სუსტმა მიწისძვრამ, ასევე უხვმა ნალექმა.

მისი შეფასებით, ამ ფერდზე განვითარებულია ე.წ. ბლოკური ტიპის მეწყერი, რომელიც არაპროგნოზირებადია და საკმაოდ სწრაფად ვითარდება.

რა შეიძლებოდა ყოფილიყო მეწყრული პროცესის დაწყების საფუძველი? რამდენად მდგრადია ფერდები და შეიძლებოდა თუ არა იქ გზის მშენებლობა? როდის დაიწყო მეწყრული პროცესი? – ამ საკითხზე „პუბლიკა“ გეომორფოლოგ ჭიჭიკო ჯანელიძეს ესაუბრა.

ის  ერთ-ერთია იმ ექსპერტებს შორის, რომლებსაც შესწავლილი აქვთ ტერიტორია. ჯანელიძე ამბობს, რომ ამ ფერდების სტრუქტურა მყიფეა და აგებულია სუსტად შეცემენტებული მდინარიდან გამორიყული ნალექით. მისი თქმით, ასეთ მასას ყოველთვის აქვს მიდრეკილება მეწყრული პროცესისადმი.

„ადგილი, სადაც ეს მოხდა, არის აგებული ფხვიერი, სუსტად შეცემენტებული კონგლომერატებით. ეს ტერიტორია 2 მილიონი წლის წინათ წარმოადგენდა კავკასიონის მთების მდინარეებიდან გამოტანილ მდინარის მასალას.  ვაკე იყო, მაგრამ მერე გეოლოგიურად აღზევდა, ტექტონიკურად აღზევდა და წარმოიშვა სერი, ის სუსტაადაა შეკავშირებული, ამიტომ ყოველთვის აქვს მიდრეკილება მეწყრული პროცესებისადმი“, – ამბობს ჭიჭიკო ჯანელიძე.

მისი თქმით, მსგავსი მასისგან შესაძლოა მეწყერი თავისით არ განვითარდეს, მაგრამ, თუ ადამიანი ჩაერევა საინჟინრო საქმიანობით, მასა წონასწორობას დაკარგავს და ეს  მაპროვოცირებელი იქნება მეწყრული პროცესების დასაწყებად, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.

„მსგავსი მიწის მასისგან თავისთავად შეიძლება, მეწყერი არ წამოვიდეს, მაგრამ, თუ ადამიანი სხვადასხვა საინჟინრო მოქმედებით, გზას გაიყვანს, არხს გაჭრის და/ან რაიმე შენობას ააშენებს, გეოლოგიური დასაბუთების გარეშე, ასეთმა ღონისძიებებმა შეიძლება გამოიწვიოს მეწყრული პროცესების პროვოცირება, ხელოვნურად ჩარევის შემთხვევაში – მასის წონასწორობა დაირღვევა“, – ამბობს ის.

გეომორფოლოგის თქმით, საინჟინრო მოქმედებების დაწყებამდე ამ ფერდზე ბზარი არ ყოფილა. როგორც ის აღნიშნავს, მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით ნებისმიერ გეოლოგიურ დასკვნას უნდა ეთქვა, რომ ამ ფერდზე ქანების სუსტი შეცემენტებისა და დახრილობის გამო, მუდამ იქნებოდა მიდრეკილება გარეშე ძალების ჩარევის შედეგად მეწყრული პროცესების განვითარებისკენ.

ჭიჭიკო ჯანელიძის თქმით, ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვაზე გამცემი ორგანოები არიან მომხდარზე პასუხისმგებელნი.

„ნებისმიერი მშენებლობა ნებართვის გარეშე ვერ მოხერხდება. ამ შემთხვევაში მერიის სამსახურებს უნდა ჰქონდეთ გეოლოგიური დასკვნა. ნებართვა გაცემულია. მშენებლობა დაიწყო და მოხდა ეს. არა? ანუ მშენებლობის ნებართვის გამცემია დამნაშავე“, – ამბობს გეომორფოლოგი.

ნუცუბიძის ფერდთან, სადაც მეწყრული პროცესებია დაწყებული, მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაოების შესყიდვაზე 18 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი 2019 წელს გამოცხადდა. ტენდერი კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ მოიგო და ხელშეკრულება 2019 წლის ივლისში გაფორმდა.

„პუბლიკა“ დღის განმავლობაში ცდილობდა კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას, მაგრამ, მათი განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც პროექტის მსვლელობაში არიან ჩართულები, გადატვირთულები არიან და ჩვენთან საუბარს ვერ შეძლებენ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე ბოლო წლებში წარმოებული მოქმედებების შედეგად სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესების ნაწილობრივი გააქტიურება სულ რამდენიმე დღეა, დაიწყო და თბილისის მერია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა პრობლემა მალე გადაიჭრას.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობის საკითხის დასმამდე ცნობილი უნდა გახდეს, კონკრეტულად რამ გამოიწვია მეწყრული პროცესების გააქტიურება, რის დადგენასაც დეტალური კვლევები სჭირდება და მანამდე მერიის მთავარი ამოცანაა მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხო გახსნა, რომელიც 16 მარტს მერიამ სწორედ მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო გადაკეტა.

როგორც ბენდელიანი ამბობს, მშენებლობის დაწყებამდე დეტალური კვლევა ჩატარდა. არსებობს გეოლოგიური დასკვნებიც.

„ამ სამუშაოების დაწყებამდე გაკეთდა დეტალური პროექტი. იყო გეოლოგების დასკვნები და ჩატარდა ექსპერტიზა. ამის შემდგომ დაიწყო ეს სამუშაოები“, – თქვა მან.

თბილისის მერიამ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია,  არის სიცრუე. მათი თქმით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება პროცესს, მომავალი კვირიდან კი კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.


კომპანია „ბლექ სი გრუპის“ 75% წილის მფლობელია კომპანია „ბლექ სი როუდი“ და 25%-ს ფლობს გიორგი კალანდაძე. კომპანიის დირექტორია ამირან მამუჭაძე. თავის მხრივ, შპს „ბლექ სი როუდის“ 50%-50%-იანი წილების მფლობელები არიან ამირან მამუჭაძე და გიორგი კალანდაძე.

გიორგი კალანდაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატ ბექა ოდიშარიასთან ერთად ფლობს ერთ-ერთ კომპანიას – „შპს ძველ დედაქალაქს“. გიორგი კალანდაძის საკუთრებაშია 90%, ხოლო ოდიშარია ფლობს 10%-ს.