რატომ არ მრავლდება საქართველოს მოსახლეობა

პუბლიკა

ლევან იოსელიანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი

საქართველოში სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ველზე არსებული პრობლემების მიუხედავად, ქვეყნის დემოგრაფიული განვითარება უმნიშვნელოვანესი საკითხია. საინტერესოა, რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკის დასაგეგმად და პრობლემის მოსაგვარებლად. დემოგრაფიული მდგომარეობის პრობლემურობის აღსაქმელად კი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე ერთი თვალის შევლებაც კმარა. 

საქართველოს დემოგრაფიული სიტუაციის გაანალიზების კუთხით, საინტერესოა ისტორიულ კონტექსტს გადავავლოთ თვალი – XVIII საუკუნის პირველი ნახევრიდან მოყოლებული, არსებული რთული საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, კატასტროფულად მცირდებოდა საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა. 1770-იანი წლებისათვის საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 750-770 ათასს შეადგენდა. მომდევნო,  XIX საუკუნიდან იწყება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის ეტაპობრივი ზრდა. ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა რამდენჯერმე გაიზარდა. 

საინტერესოა, მე-20 საუკუნეში ჩატარებული საყოველთაო სახალხო აღწერის შედეგებიც. 1939 წლის აღწერით, 20-იანი და 30-იანი წლების სისხლიანი რეპრესიების გათვალისწინებითაც კი, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 540 000 კაცი იყო. 1959 წლის აღწერის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობამ 4 044 045 კაცს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ დროის ამ შუალედში, მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობდა, რომელმაც თავისი კორექტივები შეიტანა, მოსახლეობის რაოდენობის შემცირების კუთხით. საქართველოდან ომში 700 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. ქვეყანამ წასულთა ნახევარზე მეტი დაკარგა, მაგრამ ამის მიუხედავად, 20 წლის გამავლობაში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით ნახევარი მილიონი კაცით მაინც გაიზარდა. 

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ჩატარებული უკანასკნელი საყოველთაო სახალხო აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 1989 წელს შეადგენდა 5 მილიონ 400 ათას კაცს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო პერიოდში. ამ პერიოდის შემდეგ იწყება დემოგრაფიული პროცესების დაღმავლობის ხანა საქართველოში, რაც ლოგიკურად ახსნადია, იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. სამოქალაქო ომი, შეიარაღებული კონფლიქტები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, შესაბამისად, დამძიმებული სოციალური და ეკონომიკური ფონი, შედეგად გაზრდილი გარე მიგრაციის მაჩვენებელი, უარყოფითად მოქმედებდა ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. 

დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერები ჩატარდა 2002 და 2014 წლებში. 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535 კაცი) შედარებით 15 პროცენტით (657 731 კაცი) ნაკლებია. საქართველოს 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82 პროცენტი. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. 

რა ხდება დღეს 

2021 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 728.573 კაცი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ბუნებრივი მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1994 წლის შემდგომ, 2014 წელს დაფიქსირდა – 11 548 კაცი. 2020 წელს კი ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი, დაბადებულთა რაოდენობაზე მეტი იყო, ხოლო შობადობის კოეფიციენტი კი, 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი. დემოგრაფიული მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. 

დემოგრაფიული სტატისტიკა საქართველოში უარესდება. ამ ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა სახელმწიფომ მიზანმიმართული და გონივრული დემოგრაფიული პოლიტიკა გაატაროს. დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა ორიენტირდეს შობადობის მატებასა და გარე მიგრაციის დონის შემცირებაზე. ამ მიზნის მისაღწევად, კი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და დასაქმების ხელშეწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობას გარდაუვალი შემცირება ემუქრება, რასაც გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებიც ადასტურებს. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის პროგნოზის მიხედვით, თუ სახელმწიფოს დემოგრაფიული პოლიტიკა არ შეიცვალა, საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის მკვეთრად შემცირდება.

დემოგრაფიული ფონის გაუარესების ძირითადი საფუძვლებია, შობადობის შემცირება, სიკვდილიანობის ზრდა, მოსახლეობის ბუნებრივი მატების შემცირება და გარე მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი. სწორედ, ამ მიმართულებით უნდა გადადგას სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად. ეკონომიკა, შრომის ბაზარი, სოციალური დაცვის პროგრამები, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და საკვების ხელმისაწვდომობა, ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც უშუალო ზეგავლენას ახდენს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. 

საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის ვექტორის დადებითობის მაჩვენებლისკენ შემობრუნება, საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის პრიორიტეტად უნდა იქცეს, რაც პირველ რიგში სწორი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისი ხელშემწყობი პროგრამების დანერგვას გულისხმობს.

რა ხდება ევროპაში

დემოგრაფიული პრობლემები უცხო არც ევროპისთვის არის. კვლევების თანახმად, ევროპის მოსახლეობა 2020 წელს დაახლოებით 0,4 პროცენტით გაიზარდა და საერთო ჯამში დაახლოებით 747 მილიონი ადამიანი შეადგინა. 1950 წლიდან მოყოლებული ევროპის მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი არასოდეს აღემატებოდა ერთ პროცენტს, 1996 წლიდან 1999 წლამდე პერიოდში კი ზრდის მაჩვენებელი უარყოფითი იყო. დღეის მდგომარეობით, ევროპის მოსახლეობის ზრდა ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. ევროპის მასშტაბით გამოკვეთილია სამი ძირითადი დემოგრაფიული პრობლემა, ესენია – მოსახლეობის დაბერება, შობადობის კოეფიციენტის შემცირება და იმიგრაცია. მართალია, ევროპის რიგმა ქვეყნებმა გაატარეს ზომები შობადობის კოეფიციენტის და მოსახლეობის დაბერების პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა ამ ღონისძიებებმა სასურველი შედეგი ვერ მოიტანა.

ევროპის სტატისტიკის სამსახურის პროგნოზის თანახმად, მოსახლეობის შემცირების მაღალი რისკის ქვეყნებს განეკუთვნებიან ბალტიისპირეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, გერმანიის აღმოსავლეთ რეგიონები, პორტუგალია, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, ხორვატია და საფრანგეთის ცენტრალური რეგიონები. თუმცა, ევროპის შემთხვევაში, გარკვეულ ბალანსს ინარჩუნებს იმიგრაციის მაღალი დონე და სტატისტიკურ მონაცემებში ჯერჯერობით მკვეთრი შემცირების მაჩვენებელი არ აღინიშნება. 

შობადობის კოეფიციენტის გაზრდის კუთხით, ქმედით პოლიტიკას ატარებს საფრანგეთი. საფრანგეთში ჯერ კიდევ 1913 წელს შემოიღეს ანაზღაურებადი შვებულების ცნება ორსულობისა და მშობიარობის გამო. 1939 წელს კი მიიღეს საოჯახო კოდექსი. საფრანგეთის მოქმედი კანონმდებლობა, შობადობის კოეფიციენტის გაზრდის მიზნით, ითვალისწინებს ანაზღაურებად შვებულებას ორსულობისა და მშობიარობის გამო, სოციალურ დახმარებას ბავშვებზე, საოჯახო სოციალურ დახმარებას, სოციალურ დახმარებას მარტოხელა მშობლებისათვის, სოციალურ დახმარებას შვილად აყვანის შემთხვევებში და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სამი ან მეტი შვილის ყოლის შემთხვევებში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საფრანგეთში შობადობის კოეფიციენტის უკეთესი მაჩვენებელი ფიქსირდება, არც საფრანგეთის მიერ გატარებული პოლიტიკა აღმოჩნდა საკმარისი ყველა დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად, რამდენადაც როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. 

რა უნდა ვქნათ

იმ ფაქტს, რომ დღეს საქართველოში არაეფექტური დემოგრაფიული პოლიტიკა ტარდება, ცხადყოფს ის მწირი სოციალური პროგრამები, რომლებიც მოქმედებს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებით დამტკიცებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა საკმარისი არ არის და პროგრამით გათვალისწინებული 100-დან 200 ლარამდე ყოველთვიური ფულადი დახმარება, ვერ უზრუნველყოფს საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შობადობის მატერიალურ წახალისებას.

ასევე, პრობლემურია და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დადებით გავლენას ნამდვილად ვერ ახდენს ის ფაქტი, რომ დღემდე დასახვეწია მარტოხელა მშობლის სამართლებრივი სტატუსისა და მდგომარეობის განსაზღვრის საკითხი. მსოფლიოს მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მარტოხელა მშობლის სოციალურ გარანტიებს უზრუნველყოფდა, მაშინ, როდესაც საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, სხვადასხვა ქვეყნებში, შესაბამისი პრივილეგიებით სარგებლობენ. შვილის ყოლა ისედაც მრავალ ფინანსურ საზრუნავთან არის დაკავშირებული. შობადობის კოეფიციენტის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ განსაკუთრებული მზრუნველობა უნდა გამოიჩინოს მარტოხელა მშობლის მიმართ და იგი მყარი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოს, იმის გათვალისწინებითაც, რომ მარტოხელა მშობლების რიცხვი წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მზარდი ხდება. 

საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად, აუცილებელია სახელმწიფომ მრავალმხრივი ნაბიჯი გადადგას სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში გაზარდოს მიზნობრივი სოციალური პროგრამების რაოდენობა, ცვლილებები განახორციელოს ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის კანონმდებლობაში, გაატაროს ეფექტური რეგიონული პოლიტიკა და ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის აღორძინებას.

სკოლამდელი განათლების სისტემა უნდა გახდეს უფრო მოქნილი, საფრანგეთის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, სახელმწიფომ უნდა შექმნას და გააფართოვოს ბავშვთა მოვლის საჯარო დაწესებულებების ქსელი, საჭიროა საბავშვო ბაღები უზრუნველყოფდნენ სრულ დღიურ მოვლას, რაც დადებითად აისახება შობადობის კოეფიციენტის ზრდაზე. საფრანგეთმა, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით 1995-1998 წლებში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.3% მიმართა მიზნობრივი სოციალური პროგრამების განსახორციელებლად. 

შობადობის კოეფიციენტის ამაღლების კუთხით, რიგი ცვლილებებია განსახორციელებელი შრომის კანონმდებლობის ცალკეულ ნორმებში, რომლებიც დეკრეტული შვებულების საკითხებს აწესრიგებს. საჭიროა გაიზარდოს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული მინიმალური დღეების რაოდენობა ორსულობის, მშობიარობის ან ბავშვის მოვლის მიზეზით აღებულ შვებულებებთან დაკავშირებით და დაბალანსდეს საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული პირების მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებისას, მისაღები ანაზღაურების ოდენობა.

მნიშვნელოვანია სახელმწიფო სოციალური პროგრამების ამოქმედება, რომელიც უზრუნველყოფს მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალურ წახალისებას, მათი საცხოვრებელი პირობების შექმნა-გაუმჯობესების გზით.

დემოგრაფიული მდგომარეობა და მოსახლეობის რაოდენობის შემცირება არ არის მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები. ეკონომიკის ზრდაზე, ისეთ ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ეკონომიკის გახსნილობა, პირდაპირ გავლენას ახდენს მოსახლეობის მატება. მოსახლეობის მატების პროპორციულად იზრდება შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების რაოდენობა, რაც სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ფაქტორებთან ერთად, ეკონომიკური აღმავლობის წინაპირობაა. 


ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.