საქართველოში ნარკოდანაშაულზე არსებული მკაცრი სასჯელები პირდაპირ დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალებებისთვის განსაზღვრულ ოდენობებთან.
სისხლის სამართლის კოდექსით სხვადასხვა სიმკაცრით ისჯება მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ფლობა, ხოლო რა ჩაითვლება მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობად – სწორედ ესაა საკვანძო საკითხი.
წლების განმავლობაში ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა თუ აქტივისტური მოძრაობების მთავარი აქცენტი სწორედ ოდენობების სამართლიანი განსაზღვრისკენ იყო მიმართული.
პრობლემა ისაა, რომ კანონმდებლებს რიგ საშუალებებზე ან საერთოდ არ აქვთ დაწესებული ოდენობები, ან იმდენად დაბალი ოდენობები აქვთ გაწერილი, რომ „ამოღებული ნივთიერება” მარტივად მოექცეს, მაგალითად, განსაკუთრებით დიდ ოდენობაში და შესაბამისად, პირი დაისაჯოს უფრო მკაცრად.
თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი – კანონის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება MDMA 1 გრამის ზემოთ უკვე განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან შესაძლოა, გაიგონოთ, რომ პირი დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, რეალურად კი შესაძლოა, საუბარი იყოს 1.1 გრამ MDMA-ზე, რაზეც ამბობენ ხოლმე დაკავებული პირები, რომ ისინი აღნიშნულ საშუალებას პირადი მოხმარების მიზნით ფლობდნენ.
გამომდინარე იქიდან, რომ 1.1 გრამი MDMA კანონმდებლობით ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად, ის მოექცევა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილში და დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ.
შესაბამისად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა ყურისმომჭრელად ისმის, რეალობაში კი გასარკვევია, რეალურად რამდენი გრამის ფლობას ეხება საქმე, რა მიზნით ფლობს პირი მას, წარმოადგენს თუ არა ეს ყოველივე საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველ ქმედებას და ა.შ.
ზურა ნიჟარაძის საქმე
ზემოთ წარმოდგენილი განმარტების მაგალითზე, განვიხილოთ ზურა ნიჟარაძის საქმე. ნარკოდანაშაულში ბრალდებული ზურა ნიჟარაძე 11 ნოემბერს, კორპუსის სადარბაზოში დააკავეს.
მას პროკურატურა სამი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება და წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლები. მათგან ყველაზე მკაცრ სასჯელს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი ითვალისწინებს – როგორც აღვნიშნეთ, ეს მუხლი ითვალისწინებს – 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
1.4628 გრამი MDMA, 0.000105 გრამი LSD, 4.76617 გრამი კეტამინი – მას ბრალად აღნიშნული ოდენობების ფლობა ედება. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს ოდენობები დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებში მოხვდა.
ნიჟარაძის ბრალიდან გამომდინარე, მოსალოდნელი ყველაზე მკაცრი სასჯელი MDMA-იმ და მისმა ოდენობამ – 1.4628 გრამმა განაპირობა.
4.76617 გრამი კეტამინი – ითვლება დიდ ოდენობად. 0.000105 გრამი LSD კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად.
„ცარიელ შპრიცზე დაჭერილები”
თუ ნარკოპოლიტიკის საკითხებს თვალს ადევნებთ, შესაძლოა, გახსოვდეთ ფრაზა, რომ „შპრიცში არსებული, თვალით უხილავი ოდენობებისთვის” მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ამა თუ იმ პირს. ამ უსამართლო პრაქტიკას ქვეყანაში წლების გამავლობაში ვხედავდით და ვაშუქებდით.
ამის მიზეზი კი იყო ის, რომ წინა წლებში ნარკოტიკული საშუალებების 1/3-ზე მცირე ოდენობა განსაზღვრული საერთოდ არ იყო. ამის გამო, ამ ნარკოტიკული საშუალებების ნებისმიერი უმცირესი ოდენობით აღმოჩენა (მაგ. შპრიციდან ანაფხეკი) კვალიფიცირდებოდა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად და ადამიანები ისჯებოდნენ თავისუფლების აღკვეთით.
ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციები, მოძრაობები მწვავედ აყენებდნენ ამ პრაქტიკის შეცვლის საჭიროებას და ამბობდნენ, რომ ოდენობები ადეკვატურად უნდა გაწერილიყო.
2017 წელს ნარკოპოლიტიკის პლატფორმის ავტორობით მომზადებული ნარკოპოლიტიკის ძირეული ცვლილებების კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ოდენობების სამართლიანად განსაზღვრა იყო. უწყებათაშორის ფორმატში შეხვედრებისა თუ შემდეგ უკვე არშემდგარი რეფორმის მთავარი მიზეზიც სწორედ ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების საკითხი გახდა.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ოდენობების თემა ნარკოპოლიტიკის სფეროში ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია, მასზე მოდის სამართალდამცავი უწყებების ყველაზე დიდი წინააღმდეგობა.
ოდენობების განსაზღვრისას მნიშვნელოვანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გათვალისწინება, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ქვეყნის კონტექსტი, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფიზიოლოგიური მახასიათებელი, ექიმ-ნარკოლოგების ჩართულობა, წამალდამოკიდებული ადამიანის დოზა და ა.შ.
ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილების მიზნით მომზადებული კანონპროექტი, ამ საკითხის მოწესრიგებისას, ეპიზოდური მოხმარებისთვის საკმარისი ერთჯერადი ოდენობის ნაცვლად, ითვალისწინებდა რეგულარული მომხმარებლის დღიურ სამყოფ დოზას, ამის მიზანი კი იყო ის, რომ რეგულარული მომხმარებელი დაეცვა ისეთივე სიმკაცრით დასჯისგან, როგორც ეს გასაღების მიზნის შემთხვევაში ხდება;
2021 წელს „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი და 8 ნარკოტიკულ საშუალებაზე ოდენობები ახლებურად განსაზღვრა.
ცვლილებები შეეხო ნარკოტიკულ საშუალებებს: ამფეტამინს, დეზომორფინს, LSD-ს, MDMA-ს, მეთკათინონს (ეფედრონს), მეტამფეტამინს, მეთადონსა და ჰეროინს.
თუმცა, მოლოდინი, რომ ახალი კანონპროექტი უპასუხებდა რეალურ გამოწვევებსა და პრობლემებს, ვერ გამართლდა. ხელისუფლებამ ამ პროექტით მხოლოდ „ცარიელი შპრიცების” საკითხს უპასუხა. აქვე უნდა აღინიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საპატიმრო სასჯელების არაკონსტიტუციურობაზე.
„ბუნდოვანია, თუ რა პრინციპით განისაზღვრა დასახელებულ ნივთიერებათა მომხმარებლის ერთჯერადი დოზები და ახლებურად ჩამოყალიბებული ოდენობები ვერ იქნება მიჩნეული მოხმარებასთან დაკავშირებული ეფექტის გამომწვევ ოდენობად.
მაგალითად, კანონპროექტში ნივთიერება MDMA-ის შემთხვევაში განსაზღვრულია ოდენობა 0.05 გრამი. ამავდროულად, ევროპის ნარკოტიკების და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) ანგარიშის მიხედვით, ევროპაში MDMA-ს აბში სუფთა ნივთიერების შემცველობა საშუალოდ 0.125 გრამს შეადგენს. გაუგებარია, თუ რატომ ხდება ერთჯერადი დოზის ოდენობის გამოთვლა ეპიზოდური მომხმარებლის მაგალითზე და არა რეგულარული მომხმარებლის დღიური დოზის ოდენობის გათვალისწინებით”, – წერდნენ მაშინ ორგანიზაციები.
შესაბამისად, გამოდის, რომ ამ დრომდე „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებშიც ვერ შედგა ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმა და ნაცვლად ამისა, ოდენობებთან დაკავშირებით მათ მხოლოდ ფასადური და საბაზისო ცვლილებები განახორციელეს. პრაქტიკაში კი ეს საკითხი კვლავ უსამართლოდ მაღალი სასჯელების წინაპირობად რჩევა. ამის მაგალითს ზურა ნიჟარაძის შემთხვევაშიც ვხედავთ.
„დაიწყოს მოქმედი ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური და რეალური რეფორმა”, – ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციებს ხელისუფლების მიმართ კვლავ იგივე მოწოდება აქვთ.