„ეს არის ფორმალური ნაბიჯი" | პასუხობს თუ არა ოდენობების კანონპროექტი არსებულ გამოწვევებს

საქართველოს პარლამენტი გეგმავს, 8 ნარკოტიკულ საშუალებაზე მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ახლებურად განსაზღვროს. შესაბამისი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა.

პროექტი ეხება შემდეგ ნარკოტიკულ საშუალებებს: ამფეტამინს, დეზომორფინს, LSD-ს, MDMA-ს, მეთკათინონს (ეფედრონს), მეტამფეტამინს, მეთადონსა და ჰეროინს.

რაც შეეხება ოდენობებს, კანონპროექტით გათვალისწინებულია შემდეგი:

რატომ არის ოდენობების საკითხი პრობლემური?

საქართველოში ნუსხაში შესულ ნარკოტიკული საშუალებების 1/3-ს მცირე ოდენობა განსაზღვრული არ აქვს [ანუ არაა დადგენილი, რა მიიჩნევა მის მცირე ოდენობად]. ამის გამო, ამ ნარკოტიკული საშუალებების ნებისმიერი უმცირესი ოდენობით აღმოჩენა კვალიფიცირდება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობად და შესაბამისად, ისჯება უფრო მკაცრი მუხლით.

აღსანიშნავია, რომ იმ ნარკოტიკულ საშუალებებს შორის, რომელთა მცირე ოდენობაც განსაზღვრული არაა, არის ისეთი „პოპულარული“ ნარკოტიკები, როგორიცაა: LSD, MDMA, მეტამფეტამინი, ამფეტამინი და ა.შ.

წლების განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებების არასამართლიანად განსაზღვრული ოდენობები იყო მომხმარებელთა მიმართ უსამართლოდ მაღალი სასჯელის დანიშვნის მთავარი წყარო და შესაბამისად, ნარკოპოლიტიკის რეფორმის მთავარი ქვაკუთხედი. 2017 წელს ნარკოპოლიტიკის პლატფორმის ავტორობით მომზადებული ძირეული ცვლილებების კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ოდენობების სამართლიანად განსაზღვრა იყო. უწყებათაშორის ფორმატში შეხვედრებისა თუ შემდეგ უკვე არშემდგარი რეფორმის მთავარი მიზეზიც სწორედ ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების საკითხი გახდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოდენობების თემა ნარკოპოლიტიკის სფეროში ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია, მასზე მოდის სამართლდამცავი უწყებების ყველაზე დიდი წინააღმდეგობა.

რა იცვლება მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ ინიცირებული პროექტით და პასუხობს თუ არა ეს ინიციატივა იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანაში ნარკოტიკების ოდენობებისა და ზოგადად, ნარკოვითარების კუთხით გვაქვს – „პუბლიკა“ ექიმ-ნარკოლოგს, ადიქტოლოგს, ნარკოპოლიტიკის პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანაავტორს, დავით ოთიაშვილს ესაუბრა.

„მე ეს კანონი მეჩვენება ფორმალურ ნაბიჯად, იმისთვის, რომ მოხდეს დეკლარირება რეფორმის მსგავსი აქტივობისა, სინამდვილეში კი, უმრავლეს შემთხვევაში, ცარიელ შპრიცზე რომ არ წავა ადამიანი ციხეში, იმას უზრუნველყოფს ეს ინიციატივა“, – ასეთია ოთიაშვილის შეფასება.

მისი თქმით, ეს ის ოდენობებია, რომელსაც 2017 წელს შსს და პროკურატურა სთავაზობდათ [პლატფორმის კანონპროექტზე] და ეს ოდენობები არის 20-ჯერ, 50-ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე პლატფორმის კანონპროექტით იყო გათვალისწინებული.

„როგორც ინიციატორმა განაცხადა, გადახედეს სამეცნიერო ლიტერატურას, როგორც ამბობენ, და შემდეგ ასევე თქვეს, რომ ეპიზოდური მომხმარებლის ერთჯერადი დოზა განსაზღვრეს. მაშინ, როდესაც ჩვენ რეგულარული მომხმარებლის დღიურ დოზას ვითვალისწინებდით.

თუნდაც, რომ დავიჯეროთ, რომ ამ პრინციპების მიხედვით არის ეს ოდენობები დადგენილი, მაინც გაკვირვებას იწვევს. 8-დან 3 ნივთიერების შემთხვევაში, მეტ-ნაკლებად შეიძლება ითქვას, რომ ვიღაცა თავისი ერთჯერადი დოზით არ წავა ციხეში. ეს ეხება დეზომორფინს, MDMA-სა და ჰეროინს.

დანარჩენ 5 ნივთიერებას რაც შეეხება, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა ლიტერატურა იყო შესწავლილი და რა ლაბორატორიულ კვლევებს დაეყრდნენ, რადგან, ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, მე რაც ვიცი, რაც წამიკითხავს, აქ წარმოდგენილი ოდენობები არ შეიძლება იყოს ეფექტის მომტანი ერთჯერადი დოზა. ეს ვიცი ძირითადად უცხოური ლიტერატურიდან. სხვა წყარო ინფორმაციის არ მაქვს, ვინაიდან მომხმარებელი, როდესაც მოიხმარს ამფეტამინს ან მეტამფეტამინს, ან ხარშავს ვინტს და აწარმოებს მეთკათინონს, მან არ იცის, რამდენ მილიგრამ სუფთა ნივთიერებას იღებს, ამიტომ ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ეს ლიტერატურაში ვეძებოთ.

მაშინ, პლატფორმის ფარგლებში, რა წყაროებიც მოვიპოვეთ, ვისხედით, ვიმსჯელეთ.  ნივთიერებაზე – მეტამფეტამინი, მეთკათინონი, LSD, ამფეტამინი – ეს წარმოდგენილი ოდენობები ახლოსაც არ არის შესაძლო ერთჯერად დოზასთან“, – ამბობს ოთიაშვილი.

ის „პუბლიკის“ მკითხველისთვის განმარტავს, რატომაა პრინციპული მნიშვნელობის საკითხი, ოდენობების განსაზღვრისას რეგულარული მომხმარებლის დღიური სამყოფი დოზის გათვალისწინება და არა, მაგალითად, ეპიზოდური მომხმარებლის.

„მაშინ ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით. შევისწავლეთ, სხვა ქვეყნებში როგორ უდგებოდნენ ამ საკითხს და, აგრეთვე, შევეცადეთ, დაგვეცვა ბალანსი, აუცილებელ რეპრესიასა და ადამიანის ინეტერესებს შორის და დავასკვენით, რომ თუ ავიღებდით [ეპიზოდური მომხმარებლის] ერთჯერად მოსახმარ დოზას, გაუმართლებლად ბევრი ადამიანი მაინც დაისჯებოდა უსამართლოდ. ვინაიდან, ძალიან ხშირად, მომხმარებელს აქვს 1, 2 ან 3 დღის სამყოფი დოზა. ამის მიზეზი კანონმდებლობაშიც არის – როდესაც დღევანდელი კანონმდებლობის გათვალისწინებით უკანონო ქმედებას სჩადის და მოიპოვებს თავისი მოხმარებისთვის ამ ნივთიერებას, რისკის შესამცირებლად – ყოველდღე რომ არ ირბინოს, ბუნებრივია, რაღაც მარაგს მაინც შეიძენს ხოლმე. უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ასე ხდება. ეს ადამიანები არიან მომხმარებლები, თავისთვის შეიძინეს, ვაჭრობაში, უკანონო გასაღებაში არ მონაწილეობენ და უნდა დასჯილიყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გადაწყვიტეს, ბინებთან ყოველდღე კი არ ევლოთ, არამედ – 3 დღეში ერთხელ, და ამის გამო დაისჯებოდნენ. და არ დაისჯებოდა ის, ვინც დღეში რამდენჯერმე დადის და ყიდულობს ერთჯერად დოზას“, – ამბობს ოთიაშვილი.

მისი თქმით, ამ პრინციპის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტს მიღმა არ დარჩენილიყვნენ ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანები, ერთგვარ საზომად აიღეს რეგულარული მომხმარებლის დღიური სამყოფი დოზა. ოთიაშვილი ხაზს უსვამს, რომ ასეთი მიდგომით, პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკის ფლობის პრინციპი დაცული იყო და გასაღება ნემისმიერ შემთხვევაში ისედაც ისჯებოდა.

„ჩვენი ნება რომ ყოფილიყო და კანონმდებლებისა და ძალოვნების დამოკიდებულება – სხვანაირი, ჩვენ 1 დღეს კი არ ვიტყოდით, ვიტყოდით 5 ან 10 დღეს, როგორც ეს პორტუგალიაშია. მაგრამ შევეცადეთ, რეალისტები ვყოფილიყავით, ვიცოდით, რომ აგვეღო 5 დღე, უფრო მკაცრი წინააღმდეგობა დაგვხვდებოდა, ამიტომ ავიღეთ ასეთი შუალედური ვარიანტი, რაც იყო ერთი დღე… [საბოლოო ჯამში, რეფორმა ვერ შედგა და შესაბამისად, პლატფორმის მიერ მომზადებული ოდენობებიც არ გაიზიარეს].

ადამიანები ნორმალურ პირობებში, ნორმალურ ქვეყნებში ისჯებიან მაშინ, როდესაც უკანონოდ ვაჭრობენ, საქართველოში კი ეს ძალოვნებისთვის ძალიან პრობლემურია – ამ პროცესში ადამიანის დაჭერა, გამოვლენა… და არის იოლი გამოსავალი ნაპოვნი, დაწესებულია, ვითომ ეს ოდენობები და იგულისხმება, რომ თუ ამ ოდენობაზე მეტს ფლობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიძლება, ასაღებდეს ადამიანი. ამიტომ მიდგომაა, რომ უნდა დავსაჯოთ ის უფრო მკაცრად. ეს არის ლოგიკა ამ სისტემის – ამაზე მეტი თუ აქვს, ბევრი წლით უნდა გავუშვათ ციხეში, რადგან ვივარაუდეთ, რომ ვაჭრობს. ვერ ვიჭერთ, არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ გასაღებაზე დავაკავოთ და დავუმტკიცოთ, ამიტომ რამე რომ იყოს და ვინიცობაა ვაჭრობდეს, ეს გავაკეთოთ ამ ოდენობების დაწესების გზით“, – ამბობს ოთიაშვილი.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ალუდა ღუდუშაური.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, „ნივთიერებათა ოდენობები გამოითვალა იმგვარად, რომ არ მოხდეს, ერთი მხრივ, მოხმარების და, მეორე მხრივ, ნარკორეალიზაციის რაიმენაირად წახალისება”.

„ოდენობათა დაანგარიშების მეთოდიკა დაეყრდნო, ერთი მხრივ, სამეცნიერო ლიტერატურას და, მეორე მხრივ, ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას. ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოსახმარი ერთი დოზის ოდენობა“, – აღნიშნა სარკველაძემ.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ავტორებმა ასევე გაითვალისწინეს საექსპერტო საქმიანობის პრაქტიკაში მიღებული მეთოდოლოგიური და პროცედურული სპეციფიკა. ოდენობათა დაანგარიშების მეთოდი დაეყრდნო, ერთი მხრივ, სამეცნიერო ლიტერატურასა და მეორე მხრივ, ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას, რაც გულისხმობს იმას, თუ როგორი სუბსტანციის ფორმით ხდება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური ბრუნვიდან ამოღება და მათი ოდენობების გამოთვლა.

LB loan image desktop LB loan image mobile