უკვე საყოველთაოდ არის აღიარებული ის ფაქტი, რომ პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სისტემის საფუძველია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ბოლო დროს გამოქვეყნებულ ანგარიშის – „პირველადი ჯანდაცვის ხედვა 21-ე საუკუნეში“ – ერთ-ერთ თავში ნათლად აჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, რომელშიც სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია პირველადი ჯანდაცვის მოდელზეა ორიენტირებული, სისტემა უკეთ არის მორგებული თემის საჭიროებებზე, მაღალია ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა და კმაყოფილება, მეტად არის განვითარებული პრევენციული სერვისები და შეუძლია პაციენტების ჯანმრთელობის საჭიროებების უმრავლესობის დაკმაყოფილება. ასეთი ქვეყნები ხასიათდებიან მოსახლეობის ჯანმრთელობის უკეთესი მაჩვენებლებით და ჯანდაცვაზე დაბალი დანახარჯებით.
სამწუხაროდ, საქართველო ასეთ ქვეყნების რიგს არ მიეკუთვნება. უფრო მეტიც, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ძალიან შორს დგას ამ მხრივ წარმატებული და მოწინავე ქვეყნებისგან, რაც უარყოფითად აისახება ჯანდაცვის დანახარჯებზე და რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. უფრო გასაგებად რომ ავხსნა არსებული ვითარების განმაპირობებელი ძირითადი მიზეზები, განვიხილოთ ჩვენი პაციენტების ქცევა და პირველადი ჯანდაცვის როლი სისტემაში.
შეიძლება ითქვას, რომ პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სისტემის ერთგვარ „ფილტრს” წარმოადგენს: ქვეყნებში, რომლებშიც პირველადი ჯანდაცვა სათანადო დონეზე ფუნქციონირებს, ოჯახის ექიმი ახერხებს პაციენტთა დაახლოებით 80%-ის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებას. კვალიფიციური ოჯახის ექიმი დროულად ახდენს დაავადებათა პრევენციასა და მკურნალობას, რის გამოც პაციენტებს აღარ ესაჭიროებათ უფრო მაღალ დონეზე რეფერალი – სპეციალისტების კონსულტაცია თუ სტაციონარული მომსახურება.
ახლა განვიხილოთ, რა ხდება საქართველოში. ცხადია, ჩვენს ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვა ვერ ახერხებს ზემოთ აღწერილი ფუნქციის შესრულებას, რასაც ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს. ზოგადად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობისა და მწირი დაფინანსების გამო, დაბალია ოჯახის ექიმების კვალიფიკაცია და მათ მიმართ მოსახლეობის ნდობა, რის გამოც პაციენტებს უწევთ, გვერდი აუარონ ოჯახის ექიმებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში პირდაპირ სპეციალისტებს მიაკითხონ ან სტაციონარული მომსახურება მიიღონ, ანუ პირველადი ჯანდაცვა ვერ ასრულებს ისეთივე „ფილტრის“ ფუნქციას, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი.
ამგვარი ქცევის შედეგად პაციენტები ხდებიან მოგებაზე ორიენტირებული, სტაციონარებისა და კლინიკების რთულ და არაჯანსაღ ქსელში, რომელშიც ძალიან ძნელია გარკვევა და რაციონალური გადაწყვეტილების მიღება. რადგან ამ დაწესებულებების მთავარი მიზანი მაქსიმალური მოგების მიღებაა, მათ არ ანაღვლებთ დაავადებათა პრევენცია თუ პაციენტთა დროული მკურნალობა. პირიქით, რაც უფრო დიდხანს დარჩებიან მათთან პაციენტები, რაც მეტ მომსახურებას მიიღებენ, გამოკვლევებს ჩაიტარებენ და მედიკამენტები დაენიშნებათ, მით მეტად გაიზრდება კომერციული დაწესებულებების მოგება. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ბევრი ასეთი დაწესებულება ფარმაცევტული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს, რაც დამატებით ზრდის ამგვარი ქცევის მოტივაციას.
ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ორგანიზაციული მოწყობა ინტერესთა კონფლიქტად ჩაითვლებოდა და აიკრძალებოდა, მაგრამ არა საქართველოში. ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები ფარმაცევტული კომპანიების პირდაპირი ორგანიზაციული დაქვემდებარების ქვეშ არ იმყოფებიან, მათში დასაქმებული ექიმები ადვილად ახერხებენ ფარმაცევტულ კომპანიებთან „შეკვრას“ პირადი გამორჩენის მოტივით. მეტი მედიკამენტის გამოწერის სანაცვლოდ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ხდება „წახალისება“ ექიმებს ფულადი ბონუსებით თუ უცხოური ვოიაჟებით (ვითომდა კონფერენციებზე დასასწრებად).
შექმნილ ვითარებაში დიდ პრობლემას წარმოადგენს სხვა ალტერნატივის არარსებობა. ანუ საქართველოს ჯანდაცვის ბაზრის 90%-ზე მეტს კერძო, კომერციული ორგანიზაციები შეადგენენ, რასაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ამავე დროს, ბევრი ასეთი ორგანიზაცია ვერტიკალური მონოპოლიების შემადგენელი ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში ჯანდაცვის ორგანიზაციების უმრავლესობას (70-80%) კერძო, არამომგებიანი სტატუსი აქვს. ხოლო ამერიკის ჰოსპიტალთა ასოციაციის მონაცემებით, აშშ-ში ასეთი დაწესებულებების წილი 58%-ია. 21% – სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საავადმყოფოა და მხოლოდ 21%-ს შეადგენს კერძო, კომერციული ჰოსპიტლების წილი. ანუ მსოფლიოში ყველგან ჯანდაცვის ბაზარი უპირატესად კერძო არამომგებიან ან სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფ ჰოსპიტლებს ეყრდნობა, ხოლო ინტერესთა კონფლიქტის გამო ვერტიკალური მონოპოლიები კანონით აკრძალულია. შედეგად, პირველადი ჯანდაცვის ექიმებს პაციენტების არასაჭირო რეფერალის არანაირი მოტივაცია არ გააჩნიათ.
რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს შექმნილ ვითარებაში, ანუ რა შეიძლება მოხდეს, თუ საქართველოში პირველადი ჯანდაცვა ისევ სუსტი დარჩება და პაციენტების ზემოთ აღწერილი ქცევა არ შეიცვლება? პროგნოზის გაკეთება ძალიან ადვილია: ქრონიკული არაგადამდები დაავადებების ტვირთი მოსახლეობაში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ჯანდაცვაზე დანახარჯების სწრაფი ტემპებით მატებას და ჯანდაცვის სისტემის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილების გაზრდას.
კრიზისში მყოფი განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს ასეთი ტემპებით მზარდი ხარჯებით დაფინანსებას და ძირითადი ტვირთი ისევ მოსახლეობას დააწვება. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ მძიმედ აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ მეტ გაუარესებას გამოიწვევს.
ალბათ იკითხავთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ აღნიშნული პროგნოზი არ გამართლდეს? ამისათვის უპირველესად სახელმწიფოს ძლიერი ნებაა საჭირო – მთავრობამ კარგად უნდა გაიაზროს შექმნილი მდგომარეობის სერიოზულობა და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას „მოჯადოებული წრის“ გასარღვევად.
პირველადი ჯანდაცვა უნდა გამოცხადდეს ჯანდაცვის რეფორმის მთავარ პრიორიტეტად და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ სისტემის გასაძლიერებლად. პირველ რიგში აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის (როგორც ექიმების, ასევე ექთანების) კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, რასაც თან უნდა მოჰყვეს მათი გაზრდილი ანაზღაურება, რაც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს მათ მიერ გაწეულ საქმიანობასა და მიღებულ შედეგებთან. სახელმწიფო რეგულაციებმა ხელი უნდა შეუწყონ ოჯახის ექიმებზე კომერციული თუ ფარმაცევტული სექტორის წნეხის შემცირებას და პაციენტების პირველადი ჯანდაცვის დონეზე გაზარდონ მკურნალობის მოტივაცია.