მეტროსადგურ „გოცირიძის“ მახლობლად მცხოვრებლები თვეებია, მეტროთი ვეღარ სარგებლობენ. არადა, ზესტაფონის ქუჩასა და მის მიმდებარედ მცხოვრებთათვის ეს სადგური ყველაზე ახლო, სწრაფი და მოსახერხებელი სატრანსპორტო საშუალება იყო. „გოცირიძიდან“ უახლოეს მეტროსადგურ „დიდუბემდე“ 30-წუთიანი ინტერვალით სპეციალურად დანიშნული ავტობუსი კი მოძრაობს, მაგრამ ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ ეს ალტერნატივა არასაკმარისი და მოუხერხებელია. მათმა ნაწილმა გაჩერებულ მეტროსადგურთან საპროტესტო აქციაც გამართა.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ რემონტი და რეკონსტრუქცია 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის 6 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოები მოიცავდა ინტერიერისა და ექსტერიერის განახლებას, ასევე მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „უცხოური საწარმოს შპს კაიზენის“ ფილიალი ასრულებდა. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 3 478 328 ლარს შეადგენდა.
თბილისის მერიამ საზოგადოებას ჯერ კიდევ თებერვალში აცნობა, რომ სადგური მგზავრებს 3 თვეს ვეღარ მოემსახურებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან მე-8 თვეს ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ბაქანი თავიდან იყო ასაშენებელი.
„გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, ბაქანი თავიდან არის ასაშენებელი“, – თქვა კალაძემ 12 სექტემბერს.
ამ დრომდე რა ოდენობის თანხა დაიხარჯა გაწეულ სამუშაოებზე? რა ბედი ეწევა სადგურის რეკონსტრუქციისთვის უკვე გაღებულ ხარჯებსა და რესურსებს? – ამ შეკითხვებით „პუბლიკამ“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიმართა.
კომპანიაში ამბობენ, რომ ამ დრომდე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 1 706 051 ლარია. კონტრაქტორისათვის ფაქტობრივად კი ჯამში 1 632 672.13 ლარი ანაზღაურდა.
„ამასთან, ვინაიდან კონტრაქტორს 2021 წლის 6 თებერვლიდან სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების გამო ერიცხება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო და ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის 13 სექტემბერს ამოიწურა (არ გაგრძელდა), კონტრაქტორისათვის თანხების გადახდა შეჩერებულია და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება შესრულებული სამუშაოების მოცულობის, პირგასამტეხლოს ზუსტი ოდენობის განსაზღვრის, საბანკო გარანტიებით უზრუნველყოფილი თანხების გამოთხოვისა და მხარეთა ურთიერთვალდებულებების შეჯერების შემდეგ“, – განუცხადეს „პუბლიკას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების განმეორებით შესრულების საჭიროება არ არსებობს.
„შესრულებული სამუშაოები გათვალისწინებული იყო არსებული პროექტით და წარმოადგენდა სადგურის განახლების ნაწილს. სამშენებლო სამუშაოების განახლების შემდგომ მოხდება დარჩენილი სამუშაოების დასრულება, ვინაიდან არ არსებობს ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების განმეორებით შესრულების საჭიროება, რაც დასტურდება წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნებით“, – აცხადებს კომპანია.
„პუბლიკამ“ სატრანსპორტო კომპანიას ასევე მიმართა შეკითხვებით – „როდის მიმართეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კვლევის ჩასატარებლად?“; „როდის მიიღეს დასკვნა, რომლის საფუძველზეც კახა კალაძის თქმით, ბაქანი თავიდან არის ასაშენებელი?“.
სატრანსპორტო კომპანიის თქმით, ქვიშა-ცემენტის მჭიმის დემონტაჟის შემდგომ 5 თებერვალს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რათა შეფასებულიყო მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნების ანაკრები რკინა-ბეტონის ფილების ტექნიკური მდგომარეობა და ექსპლუატაციისთვის მათი ვარგისიანობა.
კომპანიის ცნობით, ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნა 11 თებერვალს მიიღეს, რომლის მიხედვითაც, ფილების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად, ხოლო მათი არსებული სახით ექსპლუატაცია არასაიმედოდ შეფასდა. ბაქნის რეაბილიტაცია აუცილებელია მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის.
„დასკვნის მიხედვით ბაქანი თავიდან კი არ არის ასაშენებელი, არამედ საჭიროა მისი კონსტრუქციული ელემენტების კერძოდ ანაკრები რკინა-ბეტონის წიბოვანი ფილების გამაგრება-გაძლიერება ან ახლით ჩანაცვლება“, – აღნიშნავს კომპანია.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „პუბლიკას“ უთხრეს, კომპანიის მოთხოვნით 11 აგვისტოს დაინიშნა განმეორებითი ექსპერტიზა, რადგან კომპანია „მდგრადობის ექსპერტმა“, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ უზრუნველყო ფილების გამაგრებისათვის აუცილებელი პროექტის შემუშავება და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეთანხმება.
განმეორებითი ექსპერტიზის პასუხად კი სატრანსპორტო კომპანიას „საჭირო რეკომენდაციები უნდა მიეღო ჩასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ბაქნის გრძელვადიანი, გამართული და უსაფრთხო ექსპლოატაციის უზრუნველყოფის მიზნით“. როგორც კომპანიაში აცხადებენ, განმეორებითი ექსპერტიზის პასუხი 20 აგვისტოს მიიღეს, რომელშიც მითითებული იყო რეკომენდაცია „დაზიანებული ანაკრები რკინა-ბეტონის ფილების ახლით შეცვლის შესახებ“.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „კაიზენთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ვადა 13 სექტემბერს ამოიწურა და მისი გახანგრძლივება კომპანიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რადგან ხელშეკრულების მოქმედების ვადის არაერთგზის გაგრძელების მიუხედვად (ხელშეკრულების მოქმედების ვადა სრულდებოდა 2021 წლის 06 მაისს), „კაიზენმა“ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაში დასრულება.
„ამ დროისათვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო სამუშაოები შეჩერებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნების ანაკრები რკინა-ბეტონის ფილების გამოცვლისა და დარჩენილი დასასრულებელი სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით, რისი დასრულების შემდგომ განხორციელდება სათანადო ღონისძიებები ახალ კონტრაქტორთან ხელშეკრულების დასადებად და სარეაბილიტაციო სამუშაოების უმოკლეს ვადაში განახლების მიზნით“, – აცხადებს კომპანია.
„პუბლიკამ“ „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელ გიორგი ბაბუნაშვილს მიმართა შეკითხვით – „რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროცესში გამოვლენილი ახალი გარემოებები?“.
ბაბუნაშვილის თქმით, სადგურის შესახებ არსებული დასკვნები მისთვის ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა სამშენებლო პროცესის ირგვლივ გაჩენილ კითხვებზე თავისი მოსაზრება გაგვიზიარა:
„აქ ჩნდება ერთი კითხვა – თუ სამხარაულის პირველი ექსპერტიზა ამბობდა, რომ შესაძლებელია რეაბილიტაციის დაწყება და კომპანიამ დაიწყო რეაბილიტაცია, მაშინ რა შეიცვალა, უკვე მეორე ექსპერტიზაზე? რატომ მივიღეთ პასუხი, რომ შეუძლებელია? არის ორი ვარიანტი: პირველი – ტექნიკურად ხანდახან ხდება ხოლმე, რომ კონსტრუქციის გარედან შესწავლა შეიძლება ერთი დასკვნა იყოს და უკვე კონსტრუქციის გახსნის შემდეგ, როცა ბაქნის ზედა ფენა მოიხსნა, შეიძლება, მაშინ გამოჩნდა რაღაც, რაც პირველ დასკვნაში გამოეპარათ“, – ამბობს ბაბუნაშვილი.
მისივე თქმით, თუ ექსპერტიზის ბიურომ ერთსა და იმავე კითხვაზე სხვადასხვა პასუხი გასცა, ამ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანიას შეუძლია თავად სამხარაულს მიმართოს პრეტენზიით და შეიძლება სასამართლოშიც კი უჩივლოს, რომ დასკვნებს შორის ასეთი შეუსაბამობის გამო კომპანია ახლა იძულებულია, რომ დამატებითი ხარჯები გაიღოს. ბაბუნაშვილი ვარაუდობს, რომ ასევე შესაძლებელია, ბიუროს კითხვა თავდაპირველად სხვა ფორმულირებით დაუსვეს, შემდგომში კი ფორმულირება შეცვალეს – „ამ შემთხვევაში ეს კომპანიის ხარვეზია“, – ამბობს ბაბუნაშვილი.
„ურბანული ლაბორატორიის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ თბილისის სატრანსპორტო კომპანია საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დასკვნებს გაასაჯაროებს და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს ცხადად უპასუხებს.
შეკითხვაზე – „ფილების გამოცვლის შემთხვევაში საჭირო გახდება თუ არა უკვე აშენებული რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი?“ – ბაბუნაშვილი პასუხობს, რომ ეს კითხვა ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ახლად აშენებული რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. მისივე თქმით, კომპანიას შეუძლია კონსტრუქციის დემონტაჟის გარეშეც განაახლოს ფილები და თავიდან აიცილოს დიდი ხარჯები.
ბაბუნაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შეუძლია „ეს ცუდი ამბავი კარგი კუთხითაც გამოიყენოს“, თუ პროექტს „გოცირიძესთან“ მდებარე წერეთლის გამზირამდე გამავალი ხიდის რეაბილიტაციასაც დაამატებენ, ასევე, თუ ხიდს მეტროს ვესტიბიულს მიუერთებენ.
„კარგი იქნებოდა, თუ პროექტს ამ ხიდის რეაბილიტაციასაც თავიდანვე მიაბამდნენ. სასურველი იქნებოდა, რომ ეს ხიდი სადგურის ვესტიბიულისთვის ისე მიეერთებინათ, რომ მგზავრს არ დასჭირვებოდა ის, რაც დღეს სჭირდება – სადგურიდან გამოსვლა, შემოვლა სადგურის ქვეშ და ამ ხიდზე ასვლა. ეს ვფიქრობ, უფრო კომფორტულს გახდიდა [გადაადგილებას]“, – თქვა გიორგი ბაბუნაშვილმა.
როდის განახლდება სამუშაოები და როდის გაიხსნება მეტროსადგური კომპანიაში ამ დრომდე ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ. „პუბლიკამ“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები გამოითხოვა – როგორც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე გაცემული, ასევე მისი დაწყების შემდეგდროინდელი. კომპანიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.