რატომ გვიხარია სხვისი უბედურება

ცოტა ხნის წინ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროება ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ნანახმა საზოგადოება მაშინვე ორად გაყო, რაც ვიდეოს კომენტარებშიც ნათლად ჩანდა. ბევრისთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი მისი მძიმე მდგომარეობით გამოწვეული სიხარული იყო. რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაშინ ამ ამბავმა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიდან პორტუგალიის ნაკრების გამოთიშვა გამახსენა – არგენტინის ასე გახარებული ფანები მანამდე ნანახი არ მყავდა.

***

Schadenfreude გერმანული სიტყვაა და სხვისი უბედურებით გამოწვეულ სიხარულს აღნიშნავს. ამ ტერმინს საკმაოდ ფართო გაგება აქვს და მისი მოტივების ძიებაც ფრიად კომპლექსური საკითხია. უკეთ რომ აღვიქვათ, თუ რაზე გვაქვს საუბარი, ორი სცენარი წარმოვიდგინოთ:

  1. თქვენი უახლოესი მეგობარი მეტროს ვაგონის შესასვლელში წაბორძიკდა და ვაგონის იატაკზე გაიშხლართა;
  2. პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც ოპოზიციაში უდგახართ, ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიაში შეიყვანა.

შეიძლება, ორივე შემთხვევაში გაგეცინოთ. პირველ სცენარში, თუ თქვენი მეგობარი რაიმეს არ დაიზიანებს, გულიანად იხარხარებთ და მის მოუხერხებლობაზე კიდევ დიდხანს იქილიკებთ. მეორე შემთხვევაში, სიმწრით გაიცინებთ, რადგანაც პოტენციური ზარალი უშუალოდ თქვენც შეგეხებათ, მაგრამ ამ მოსალოდნელ საფრთხეებზე მთავრობის მომხრეებს წარსულში აფრთხილებდით – ახლა კი ყველა თვალნათლივ დაინახავს, რომ მართალი იყავით.

ორივე შემთხვევაში ის, რასაც განიცდით Schadenfreude-ა, მაგრამ მისი მორალური წონა და მიზეზები, რადიკალურად განსხვავდება.

როგორც ირკვევა, ეს უნივერსალური, კომპლექსური ემოციაა, რომელიც ყველა ადამიანისთვის ნაცნობია, მიუხედავად ეროვნული თუ კულტურული კუთვნილებისა. ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ Schadenfreude-ს აღმნიშვნელი, ერთსიტყვიანი ანალოგები სხვა ენებშიც გვხვდება და ექსკლუზიურად გერმანულ ფენომენს არ აღწერს. თანამედროვე ქართულში ამ განცდის გამომხატველ სიტყვათშეთანხმებად „ნიშნის მოგებას“ ვიყენებთ, თუმცა, როგორც ირკვევა, უფრო ზუსტი „იშის გება“ უნდა იყოს. ამის დასტურად შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ის პასაჟი გამოდგება, სადაც ტარიელი ავთანდილს თავის თავგადასავალს უყვება. მის მონათხრობში Schadenfreude ძალიან მკაფიოდ არის აღწერილი.

მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა;

ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;

მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა;

ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა – ხსენება იშისა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იშის გებას ღრმა ევოლუციური ფესვები უნდა ჰქონდეს. გადარჩენისთვის გაჩაღებულ მკაცრ ბრძოლაში პოტენციური კონკურენტის რაიმე ფორმით დაზიანება ერთგვარად სასიხარულო ამბავი უნდა ყოფილიყო. კიდევ უფრო საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის ევოლუციური ფსიქოლოგები, რომელთაც სიცილისა და ტკივილის მოთმენას შორის კავშირის გამოკვეთა შეძლეს. ისინი ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს სხვადასხვა ტიპის კომედიურ კლიპებს აყურებინებდნენ და აკვირდებოდნენ, ყველაზე მეტად რაზე ეცინებოდათ მათ. როგორც გამოირკვა, ყველაზე დიდი მოწონება მისტერ ბინის ფიზიკურმა კომედიამ დაიმსახურა. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის სიცილის პროცესში ფილტვები მთლიანად არის ჩართული და ისინი ჰაერისგან ლამის სრულად იცლება. ამასთან ერთად, მძლავრად იკუმშება მუცლის პრესის კუნთები. ასეთი ტიპის სიცილი ადამიანებისათვის სრულიად უნიკალურია და ძალზედ გადამდები. შედეგად ვიღებთ სუსტ ეიფორიას, რაც სხვაგვარი სიცილის შემთხვევაში არ გვხვდება. ექსპერიმენტმა გამოკვეთა, რომ ასეთ დროს ადამიანის ტკივილისადმი მგრძნობელობა 10%-მდე ჩლუნგდება. გასაკვირი არ არის, რომ, თუ ეკრანზე ვინმეს დაცემაზე გვეცინება, იგივე რეაქცია, თითქმის გაუაზრებლად, რეალურ ცხოვრებაშიც გვქონდეს.

იშის გების ფენომენში სიღრმისეულად გასარკვევად ემორის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების ჯგუფებმა ბოლო 30 წელში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სისტემური ანალიზი ჩაატარეს. მეცნიერებმა აქამდე არსებული თეორიების განვრცობა სცადეს და ამ კომპლექსურ ემოციას სამი თეორიის გადმოსახედიდან დააკვირდნენ.

შურის თეორია

ვარაუდობენ, რომ შურის თეორია ფოკუსირებას ინდივიდის თვითშეფასებაზე აკეთებს. როგორც ცნობილია, ადამიანები თავის სხვასთან შედარებას ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში იწყებენ და თავიანთ იერარქიულ პოზიციებს კარგად იაზრებენ. მასთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ინდივიდის მიმართ განვითარებული შური ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც პოტენციური კონკურენტის წარუმატებლობა ასეთ ადამიანში სიამოვნების განცდას იწვევს. ეს დაშვება, თავისი არსით, ძალიან ძველია და კლინიკური კვლევები მის მართებულობასაც ამტკიცებს. აქვე საინტერესოა ერთი გარემოებაც – თუ მაღალი სტატუსის ადამიანის წარუმატებლობა სიამოვნებას იწვევს, თანაბარი სტატუსის შემთხვევაში ემპათია გადმოდის წინა პლანზე.

უნდა აღინიშნოს, რომ შურისა და იშის გების ურთიერთობის კვლევა შრომატევადი საკითხია და მეცნიერები საბოლოო კონსენსუსამდე ჯერ არ მისულან. ერთ-ერთი ბოლო კვლევის ავტორებმა აქამდე გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურის სისტემური ანალიზი ჩაატარეს და შურის შესახებ ახალი თეორია (Pain-driven Dual Envy – PaDE)  ჩამოაყალიბეს.

ვაიდმანისა და მისი კოლეგების აზრით, შური ერთმანეთთან დაკავშირებული სამი ელემენტის ერთობლიობაა: „თეთრი“ შური, „შავი“ შური და „მტკივნეული“ შური. „თეთრი“ შური თავისი არსით სუსტი ემოციაა, რომელიც, შესაძლოა, ჩვენივე საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ – ის მოტივაციას გვაძლევს, უფრო მეტი ვიშრომოთ, ჩვენივე თავის უკეთეს ვერსიად ვიქცეთ და ამგვარად გავუთანაბრდეთ იმ ადამიანს, ვისიც „თეთრი“ შურით გვშურს. მისგან განსხვავებით „შავი“ შური გაცილებით უფრო აგრესიული და ნეგატიური ემოციაა. როგორც კვლევები აჩვენებს, ასეთ დროს ადამიანები ფინანსური რესურსის დახარჯვასაც კი არ ერიდებიან, თუ ეს მათ მოშურნე ინდივიდს ზიანს მიაყენებს. მარტივად რომ ვთქვათ: გასათანაბრებლად თავს კი არ ვწევთ მის დონემდე, მას ჩამოვაგდებთ ჩვენამდე. „მტკივნეული“ შურის დროს ადამიანი თავს სხვასთან შედარებით უფრო დაბალ საფეხურზე მდგომად განიხილავს, რაც მისთვის მტკივნეული გასააზრებელია. მისი ფრუსტრაცია ერთგვარი მამოძრავებელი ძალა ხდება, რაც ინდივიდს „თეთრი“ ან „შავი“ შურისკენ უბიძგებს.

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ შურის შემთხვევაში აღმოცენებული იშის გება თავისი არსით დადებითი მოვლენაა. ამის არგუმენტად მათ ის მოჰყავთ, რომ შური თავისი არსით გამომფიტავი ემოციაა – იგი ჩვენგან მენტალურ ფოკუსს და უფრო მეტ შრომას მოითხოვს. უწყვეტი თვალყურის დევნებით ჩვენ ზუსტად ვიცით, რა მდგომარეობაშია ის ადამიანი, ვისიც გვშურს, რაც გვაძლევს მოტივაციას, უფრო მეტი გავაკეთოთ, რათა მას გავუთანაბრდეთ. ასეთი ინდივიდის წარუმატებლობა კი შურის საბაბს აქრობს – იგი უკვე აღარ არის ის, ვისიც უნდა გვშურდეს.

დამსახურების თეორია

„რასაც დასთეს, იმასვე მოიმკიო“ – გვასწავლის ქართული ხალხური ანდაზა და იგი ზუსტად აღწერს იმ ემოციას, რასაც თითოეული ჩვენგანი შეგნებულად, თუ შეუგნებლად განვიცდით, როდესაც სხვისი ქცევის შედეგებს ვაანალიზებთ. როგორც ირკვევა, ეს ემოცია იმაზეც მიანიშნებს, თუ როგორ ვაფასებთ ჩვენივე ქცევის საბოლოო, პოზიტიურ ან ნეგატიურ გამოსავალს.

1998 წელს ფეზერმა ჩაატარა კვლევა, სადაც გამოკვეთა, რომ ადამიანები სხვისთვის დაწესებულ სასჯელს უფრო სამართლიანად განიხილავენ, თუ ბრალდებული მასზე ფინანსურად ან იერარქიულად წარმატებული ადამიანია. ამის გარდა, ისინი ასეთ დროს ერთგვარ სიამოვნებასაც კი განიცდიან – ამგვარი „აღზევება და დაცემა“ კარგი სანახავია. ამის საპირწონედ, თუ იგივე რამ მათივე სოციალური სტატუსის მქონე ადამიანს ემართება, ისინი თანაგრძნობით განიმსჭვალებიან. მარტივი ანალოგია რომ მოვიყვანოთ: თუ ვინმე მდიდარ ბანკირს ფულის მითვისების ბრალდებით დაიჭერენ, ეს ღარიბი სოციუმის მხრიდან სასიამოვნო და ჭკუის სასწავლებელ მოვლენად აღიქმება. თუკი იმავე რაოდენობის თანხას ბანკიდან ვინმე ღარიბი მოიპარავს, საზოგადოება მის მიმართ უფრო თანაგრძნობით განეწყობა. ასევე ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ეს შეფასებები საზოგადოებისა და ინდივიდების მორალურ ღირებულებებზეც მიუთითებს. რაიმე მოვლენის პოზიტიურ ან ნეგატიურ ჭრილში აღქმა თანხვედრაშია, ან კონფლიქტში მოდის იმ სოციალურ ნორმებთან, რაც საზოგადოდ არის დამკვიდრებული. მათთვის, ვისთვისაც გულწრფელობა ძირეული ღირებულებაა, არაეთიკური ქცევა განსაკუთრებით ნეგატიურად აღიქმება. ანალოგიურად, პროსოციალური ღირებულებების მქონე ადამიანები სხვის დასახმარებლად გაწეულ ქცევას უფრო პოზიტიურად აფასებენ.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ასევე თვალთმაქც ადამიანთა მიმართ დამოკიდებულებას. როგორც კვლევები აჩვენებს, ორპირი ადამიანების რეალური სახის წარმოჩენა სხვებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოდ აღიქმება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მორალურ პიედესტალზე შედგომა ავტომატურად თავიანთი თავის სხვაზე მაღლა დაყენებას ნიშნავს. აღნიშნული მოცემულობა სხვებში კონფლიქტურ ბრაზს აჩენს, მით უფრო მაშინ, როდესაც მორალისტური პოზიციიდან ყურებას დამუნათებაც ემატება. ეს ავტომატურად მიანიშნებს, რომ, თუ მის მთქმელს არ ეთანხმებით, ე.ი. ამორალური ადამიანი ხართ. ამგვარი ინსინუაცია უბრალო ადამიანის თვითაღქმაზე ახდენს გავლენას, რაც შემდგომში ანტიპათიაში გადაიზრდება.

როგორც ირკვევა, ადამიანებს თავიანთი შინაგანი პრინციპების მიმართ უცვლელი ერთგულებისკენ აქვთ მიდრეკილება. ვინც მათ წარმოდგენაში ამ დაუწერელ კანონს არღვევს, იგი ავტომატურად ორპირი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც თავის ღირებულებათა სისტემაში არათანმიმდევრულობას ავლენს და სხვების მოტყუების გზით ცდილობს მიზნის მიღწევას. ამით ინდივიდი მისდამი გამოცხადებულ ნდობას ლახავს. ბევრისთვის თვალთმაქცი მორალისტი სტაბილურად ამორალურ ადამიანზე უარესია.

საინტერესოა, ასევე, ის გარემოებაც, რომ თვალთმაქცობის ალბათობა ძალაუფლების მატების პროპორციულად იზრდება. თუ ადამიანი ამ დროს რაიმე სახის ჯგუფს მიეკუთვნება (პოლიტიკურ პარტიას, რელიგიურ ინსტიტუციას, საფინანსო სფეროს და ა.შ), მაშინ მისი გამოაშკარავება დაპირისპირებული ჯგუფის წევრებისთვის ერთმნიშვნელოვნად სასიამოვნო იქნება, შესაბამისად, მხილებული ინდივიდის მიმართ საზოგადოების მიერ მოთხოვნილი სასჯელიც – უფრო მკაცრი.

ამ ყველაფრის ფონზე, რადიკალურად განსხვავებულია თვითკრიტიკა, როცა საქმე საკუთარი ქცევის შეფასებას ეხება. თუ ადამიანს სხვისი უბედურება ახარებს, როცა საქმე მას ან მის ახლობელს, თუ ჯგუფის წევრს ეხება, წინა პლანზე ემპათია და შეცოდება გადმოდის. სწორედ ეს ხსნის იმ გარემოებას, რომ ის, რაც სხვებს ერთი შეხედვით უპატიებელი ჰგონიათ, შიდა წრეებში უფრო მსუბუქად აღიქმება.

ჯგუფებს შორის კონფლიქტის თეორია                                      

ადამიანებს ბუნებრივი მიდრეკილება გვაქვს, რომ ერთმანეთი სოციალურ ჯგუფებად დავყოთ და ცხოვრებას „ჩვენ და ისინი“ დიქოტომიიდან ვუყუროთ. ამგვარად ვცდილობთ, მოვძებნოთ ის მახასიათებლები, რომლითაც ჩვენი ჯგუფი სხვას სჯობს და მასთან აფილირება ჩვენივე პრესტიჟს გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ჩვენი ჯგუფი სხვას არაფრით აღემატებოდეს, თვითკატეგორიზაციის ფაქტი იმთავითვე თავში გვიბეჭდავს იმ აზრს, რომ კონკურენტ გაერთიანებაზე უფრო მაღლა ვდგავართ. ამ მოსაზრებამდე სოციალური ფსიქოლოგი, ჰენრი ტაიფელი მივიდა. ებრაული წარმოშობის ეს პოლონელი მეცნიერი, საკონცენტრაციო ბანაკში სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ფაშისტებს ფრანგი ეგონათ.  მისი მარტივი, მაგრამ ელეგანტური ექსპერიმენტი შემდეგში მდგომარეობდა: მან ინგლისელ სკოლის მოსწავლეებს ეკრანზე წერტილების ერთობლიობა უჩვენა და სთხოვა, გამოეცნოთ რამდენ წერტილს ხედავდნენ.

მიღებული შედეგების მიხედვით, ბავშვები მეცნიერმა ორ კატეგორიად დაყო: ისინი, ვინც რეალურ რაოდენობაზე მეტი ან ნაკლები ივარაუდა. რეალურად, ეს გადაჯგუფება სრულიად შემთხვევითი იყო და მას წერტილების რეალურ რაოდენობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ამგვარად დაყოფილ მოსწავლეებს მან დავალება მისცა: ან ფულადი ჯილდო მიეცათ ვინმესთვის, ან დაეჯარიმებინათ. როგორც ექსპერიმენტის საბოლოო შედეგებმა აჩვენა, ჯგუფებად დაყოფამ შიდაგუნდური ფავორიტიზიმსა და გარე ჯგუფისადმი ანტაგონიზმს შეუწყო ხელი – ბავშვები ფულად ჯილდოს აძლევდნენ თავიანთი ჯგუფის წევრებს და აჯარიმებდნენ სხვებს, ამ ყველაფერს კი ისე აკეთებდნენ, რომ ერთმანეთის ვინაობა არც კი იცოდნენ.

ტაიფელმა დაასკვნა, რომ ჩვენი მეობის აღქმა რომელიმე ჯგუფზე მიკუთვნებულობით განისაზღვრება და ის განსაზღვრავს, თუ როგორ აღვიქვამთ სხვებს. მარტივად რომ ვთქვათ: ჩვენ თავებს რაღაც ჯგუფებთან ვაკავშირებთ და მიგვაჩნია, რომ ჩვენი ბედი ამ ჯგუფის კეთილდღეობასთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. გარდა ამისა, ჩვენთვის არა მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, თუ რომელ გაერთიანებაში ვართ, არამედ ისიც, თუ რომელში არ ვართ. რეალურად, ის ჯგუფი, რომელსაც თავს მივაკუთვნებთ, შეიძლება, არაფრით არ აღემატებოდეს სხვა, ანალოგიურ გაერთიანებას, მაგრამ გვინდა, გვჯეროდეს, რომ „ჩვენ“ უკეთესები ვართ, ვიდრე „სხვები“. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ იმ არგუმენტებს, რომლებიც ამ მოსაზრებას ამყარებენ, ჯგუფის წევრები სიამოვნებით იზიარებენ, მაგრამ კონტრარგუმენტებს, უბრალოდ, აისხლეტენ. ასეთ დროს, თვითშეფასების ამაღლებაში მოწინააღმდეგე ჯგუფის თავს დატეხილი უბედურება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რაც ერთმნიშვნელოვნად საკუთარი უპირატესობის წარმოჩენაში ითარგმნება. ეს პროცესი კი ძალიან სასიამოვნოდ განიცდება.

ადამიანებს შორის შეჯიბრება განსაკუთრებით აზარტულ ჯგუფებში გაწევრების შემთხვევაშია. ასეთ დროს საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად არა მხოლოდ თავის წახალისება, არამედ მოწინააღმდეგე ჯგუფის დაკნინება ხდება საჭირო. კვლევებმა აჩვენა, რომ შემთხვევით ჯგუფებად დაყოფილ ადამიანებს არჩევანის საშუალება როცა ეძლევათ, გამოკვეთონ პოზიტიური ან ნეგატიური მოლოდინი საკუთარ და სხვა ჯგუფებთან მიმართებაში, ისინი თავისთვის ყოველთვის პოზიტიურ მოლოდინს იტოვებენ. „სხვების“ ნაკლოვანების ხაზგასმა უფრო წახალისებულია იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი სრულიად უცნობი ადამიანები არიან. ეს დინამიკა სპორტის ყველა ფანისთვის ძალიან ნაცნობია. როგორც კვლევებით დგინდება, არა მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი საყვარელი გუნდი/სპორტსმენი იგებს, არამედ ისიც, რომ ჩვენი საძულველი გუნდი/სპორტსმენი მარცხდება. როგორც ირკვევა, იგივე მიდგომა პოლიტიკაზეც აქტიურად ვრცელდება.

იშის გება და პოლიტიკა

როცა საქმე პოლიტიკას ეხება, სხვისი უბედურებით გახარება ძალიან ჰგავს სპორტს. აქაც იგივე დამოკიდებულება და მიდგომაა – მოწინააღმდეგე პარტიის წარუმატებლობა ყოველთვის სასიამოვნოდ აღსაქმელია, რადგანაც ეს რეიტინგებში წინსვლისთვის შესაძლებლობის ფანჯარას ხსნის. ამიტომაც არის, არჩევნებში მხოლოდ გამარჯვება არ არის მნიშვნელოვანი, აუცილებელია, მეტოქე პირწმინდად დამარცხდეს. რაც უფრო დიდია პოლარიზაცია საზოგადოებასა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, მით უფრო დიდია მოწინააღმდეგის განადგურების სურვილიც. ეს სურვილები, ზოგჯერ, რეალურ საარჩევნო უბნებს სცდება და ფიზიკურ ან შეიარაღებულ კონფლიქტებში პოულობს გაგრძელებას.

რა ხდება მაშინ, როდესაც რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ყველა ზიანდება? ამ კითხვაზე პასუხის მოძიება ამერიკელმა ფსიქოლოგებმა სცადეს. 2006 წელს მათ ექსპერიმენტის მონაწილეები პოლიტიკური ნიშნით (რესპუბლიკელი და დემოკრატი) დაყვეს და მათ ტრაგიკული ამბის სცენარი გააცნეს. მოხალისეებს ერაყის ომში ამერიკელ ჯარისკაცთა დაღუპვის შესახებ აცნობეს და შემდგომში მათი ემოციური რეაქცია გამოიკვლიეს. იმ დროისათვის ხელისუფლებაში რესპუბლიკელები იყვნენ და დემოკრატებიც ამ ომზე პასუხისმგებლობას მთლიანად მათ აკისრებდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტრაგიკულმა ამბავმა დემოკრატებში ფარული სიამოვნება გამოიწვია, რადგანაც მათთვის ეს პოლიტიკური წინსვლისთვის საჭირო უპირატესობაზე მიანიშნებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ემოცია თავისი სიმძლავრით ძალიან სუსტი გამოდგა და ძირითადი ემოცია შეშფოთება და მწუხარება იყო. ამის ფონზე, რესპუბლიკელები მხოლოდ გულწრფელ მწუხარებას განიცდიდნენ. მათი ასეთი რეაქციის მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი მოქმედ ხელისუფლებას წარმოადგნდნენ. სავარაუდოა, რომ სხვაგვარ პოზიციაში მყოფ რესპუბლიკელებსაც იმავენაირი, ფარული სიამოვნების გამომწვევი რეაქცია ექნებოდათ.

თუკი ამ ემოციების მოტივების ანალიზს შევეცდებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკურ სივრცეში, სადაც მიღებულ გადაწყვეტილებებს სიცოცხლის ფასი შეიძლება ჰქონდეს, ეს მეორე მხარისთვის ხელჩასაჭიდი არგუმენტია, რათა რეჟიმის ცვლილებებისკენ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას.

ორივე მხარისთვის ობიექტურად საზიანო მოვლენის შესახებ ადამიანთა დამოკიდებულება უფრო ექსტრემალურ ფორმებში ლიბანელმა მკვლევრებმა შეისწავლეს. ახლო წარსულში სამოქალაქო ომით გახლეჩილი საზოგადოებიდან მათ განსხვავებული კონფესიისა და პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები შეარჩიეს. მეცნიერებმა მოხალისეებს ყალბი სიახლე გააცნეს: მათ პოლიტიკურ ხედვასთან ყველაზე უფრო მეტად დაპირისპირებული პარტიის მომხრეების საპროტესტო აქცია სამთავრობო არმიამ დაშალა. თეორიულ სცენარში სასტიკ, სისხლიან დარბევას მსხვერპლიც მოჰყვა. ამ ამბის მოსმენისას, ექსპერიმენტის მონაწილეთა ერთ-ერთი პირველი რეაქცია „უფალმა დალოცოს არმია“ იყო.

2004 წელს სმიტმა და მაკიმ შიდაჯგუფური ემოციის თეორია (Intergroup Emotions Theory) ჩამოაყალიბეს, სადაც ივარაუდეს, რომ რაიმე ჯგუფის კუთვნილებაში პიროვნების იდენტიფიკაცია ემოციის ჩამოყალიბებისა და გამოხატვის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება იყოს. ასეთ დროს ინდივიდი ემოციას არა ინდივიდუალურად, არამედ ჯგუფის მაგიერ განიცდის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ერთეული პიროვნებები თავს ჯგუფის კუთვნილ ნაწილად აღიქვამენ და შესაბამისად, ეს ჯგუფიც მათი პიროვნული ნაწილი ხდება. შესაბამისად, ყველა ემოცია, რაც ამ ჯგუფისკენ არის მიმართული, ინდივიდუალურ დონეზე განიცდება. მაგალითად: რომელიმე პარტიის პოლიტიკის კრიტიკა მისი მომხრეებისთვის პიროვნულ შეურაცხყოფად აღიქმება.

თუ როგორ ვითარდება ეს პროცესი, ამაზე პასუხის მოძიება პირველად ჰენრი ტაიფელის მოსწავლემ, ჯონ ტერნერმა სცადა. მან თვით-კატეგორიზაციის თეორია ჩამოაყალიბა, რომლითაც ჯგუფური იდენტობის ჩამოყალიბების მექანიზმი ახსნა. ტერნერი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ინდივიდები დეპერსონალიზაციას და თვით-სტერეოტიპიზაციას გაივლიან, რა დროსაც მათი პიროვნული მახასიათებლები ჯგუფის წევრების უმეტესობისთვის სახასიათო შტრიხებით მოიხაზება. სწორედ აქედან იღებს სათავეს სოციალური ზეგავლენა. რაც ყველაზე საინტერესოა, ზოგჯერ ისე ხდება, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ამ ადამიანებმა არ იციან, როგორი ქცევის მოდელით უნდა იხელმძღვანელონ ისე, რომ თავისი ჯგუფის ქცევის მოდელს არ გადაუხვიონ. ასეთ დროს საბოლოო პასუხის ძიებაში იმაზე იწყებენ ფიქრს, თუ როგორ მოიქცეოდა მათი ჯგუფის ტიპური წევრი მსგავს სიტუაციაში. მარტივი მაგალითით რომ ავხსნათ: როდესაც რიგით პარტაქტივს კრიტიკაზე პასუხი არ აქვს, ისინი მესიჯბოქსის მოლოდინში არიან, რათა მათი პასუხი საერთო, შიდა ნარატივს არ გასცდეს.

ემორის უნივერსიტეტის მკვლევართა აზრით, იშის გება თავის თავში სამ განსხვავებულ, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ სუბფორმას აერთიანებს: აგრესიას, მტრობასა და სამართლიანობას. მათ კი ერთმანეთთან დეჰუმანიზაცია აკავშირებთ.

დეჰუმანიზაცია სხვა ადამიანის ან სოციალური ჯგუფის იმგვარად აღქმაა, რომლის დროსაც მას ადამიანობის განმსაზღვრელ მახასიათებლებს შეგნებულად ჩამოაცილებენ. თავისი არსით ის შეიძლება ნაკლებად შესამჩნევი სტერეოტიპების სახით გამოვლინდეს, რა დროსაც ერთი ეთნიკური ჯგუფი მეორეზე მიიჩნევს, რომ რაღაც ემოციას მათსავით არ განიცდიან (მაგ. „აფროამერიკელები ტკივილის მიმართ უფრო ამტანები არიან, ვიდრე თეთრკანიანები“).

დეჰუმანიზაცია ადამიანებს დისკრიმინაციის, ძალადობის, წამებისა და გენოციდის მიმართ მოწყვლადს ხდის. ასეთ დროს მან თავის რადიკალურ ფორმასაც შეიძლება მიაღწიოს, რა დროსაც ადამიანის სიცოცხლეს შეგნებულად უთანაბრებენ რაიმე პარაზიტის სიცოცხლეს, რაც მის განადგურებას სრულებით ლეგიტიმურს ხდის (მაგ. ჰიტლერის პერიოდის ფაშისტური პროპაგანდა, რომ „ებრაელები საზოგადოების პარაზიტები არიან”). დეჰუმანიზაციას სიტუაციური ხასიათიც შეიძლება ჰქონდეს. ამის მაგალითად საბრძოლო კონფლიქტები გამოდგება, რა დროსაც ჯარისკაცები მოწინააღმდეგე ძალას შეგნებულად „ობიექტებად“ აღიქვამენ და არა ადამიანებად.

„როგორც ირკვევა, დეჰუმანიზაცია იშის გების საფუძველშივეა ინტეგრირებული. ისეთი სცენარები, რომლებიც ამ ემოციას გამოიწვევს, მაგალითად ჯგუფებს შორის კონფლიქტები, დეჰუმანიზაციას უწყობს ხელს“, – აღნიშნავს ემორის უნივერსიტეტის კვლევის მთავარი ავტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, შენშენ ვონი. ის და მისი კოლეგები მიიჩნევენ, რომ სხვისი უბედურებით გახარების დროს, სავარაუდოა, რომ ადამიანის გონება დროებით ფსიქოპათიის მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდება, რა დროსაც სხვა ინდივიდის დეჰუმანიზაცია წინა პლანზე გადმოდის და მსხვერპლის ემოციური მდგომარეობა შეუმჩნეველი ხდება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც საქმე იშის გებას ეხება, ის ინდივიდს პასიურ მდგომარეობაში აქცევს – მაყურებელი მხოლოდ დამკვირვებელია და ამგვარად განსხვავდება სადისტისგან, ვინც უშუალოდ აყენებს სხვა ადამიანს ზიანს. კარლ სმიტმა და მისმა კოლეგებმა, რომლებიც შურისძიების რაობას იკვლევდნენ, ექსპერიმენტით დაამტკიცეს, რომ ადამიანების სხვისი დასჯის ყურება უფრო სიამოვნებთ, ვიდრე ჯალათის როლის მორგება. ასეთ დროს იმ ადამიანის განსაცდელის ყურება, ვინც რაიმე ზიანი მოგვაყენა, სინდისის ქენჯნას არ იწვევს – ჩვენ ხომ არაფერ შუაში ვართ?!

***

ვის რატომ უხარია მიხეილ სააკაშვილს ამ მდგომარეობაში ყოფნა და იმსახურებს ის ამგვარ მოპყრობას? ამ კითხვებზე, ალბათ, ყველას თავისი პასუხი აქვს. უფრო საინტერესო იმის გამორკვევაა: როგორ გვაცნობს ეს უცნაური, სიხარულნარევი სინდისის ქენჯნა საკუთარ თავს? გვიღირს ეს წამიერი კმაყოფილება იმ კოლოსალური ზიანის ფასად, რაც სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ემუქრება? მზად ვართ, რომ ინდივიდუალურად, საკუთარ თავზე ავიღოთ მორალური პასუხისმგებლობის ჩვენი წილი?