რატომ მაინცდამაინც ეს ტექსტები? - გამოცდების ეროვნული ცენტრს პასუხი არ აქვს

პუბლიკა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები. როგორც ირკვევა, წინა წელთან შედარებით, ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან, ასევე ისტორიიდან, ამოღებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწარმოები:

ქართული ენა და ლიტერატურა:

  • სულხან-საბა ორბელიანი: „მემკვიდრის აღზრდის ამბავი“, „მეფე ხორასნისა“, „ძუნწი და ვაჭარი“, „უგუნური მცურავი“, „სამნი ბრმანი“, „მეფუნდუკე და დიდვაჭარი“.
  • დავით გურამიშვილი: „სწავლა მოსწავლეთა“, „ქართველ უფალთა მეგვარტომობის იგავი“, „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“, „ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთად შეორგულება“, „საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“, „დავით გურამისშვილის ლეკთაგან დატყვევება“, „ოდეს დატყვევებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარა ნახა, ამისი მოთქმა დავითისაგან“, „ტყვეობითგან გაპარვა დავითისა“, „შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში“, „დავით გურამისშვილისაგან საწუთოს სოფლის სამდურავი“.
  • ალექსანდრე ჭავჭავაძე: „გოგჩა“.
  • გრიგოლ ორბელიანი: „საღამო გამსალმებისა“, „პასუხი შვილთა“.
  • ნიკოლოზ ბარათაშვილი: „არ უკიჟინო, სატრფოო…“, „ცისა ფერს“, „ხმა იდუმალი“, „სულო ბოროტო“, „ვპოვე ტაძარი“.
  • ილია ჭავჭავაძე: „ბედნიერი ერი“, „პასუხის პასუხი“, „ჩემო კალამო“, „განდეგილი“, „აჩრდილი“ (VII თავი).
  • აკაკი წერეთელი: „აღმართ-აღმართ“, „სულიკო“, „ქებათა ქება (სხვებმა სვან ღვინო…)“.
  • ალექსანდრე ყაზბეგი: „ხევისბერი გოჩა“.
  • ვაჟა-ფშაველა: „რამ შემქმნა ადამიანად“, „იას უთხარით ტურფასა“, „ბახტრიონი“, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“.
  • პოლიკარპე კაკაბაძე: „ყვარყვარე თუთაბერი“.
  • გალაკტიონ ტაბიძე: „მშობლიური ეფემერა“.
  • გიორგი ლეონიძე: „ნინოწმინდის ღამე“.
  • პაოლო იაშვილი: „ლექსი პოეზია“.

ისტორია:

  • აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში.

ლიტერატორი და პედაგოგი თეონა ბექიშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები მიზანმიმართულია.

„თუ რაღაც ტექსტებს ვიღებთ სასწავლო პროგრამიდან, საჭიროა, ზუსტად ვიცოდეთ, რატომ ვიღებთ კონკრეტულად მათ. ვხედავთ, რომ მიზანმიმართულად ამოღებულია პატრიოტული ტექსტები. ამავდროულად, ისტორიიდანაც ვიღებთ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებების მონაკვეთებს“, — ამბობს ბექიშვილი.

მისი თქმით, ასევე ამოშლილია ქრისტიანული ტექსტები: „როგორ შეიძლება, მაგალითად, „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“ ამოიღო? ამაზე უკეთესი რა უნდა წააკითხო ბავშვს? არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი ქრისტიანულ ჭრილში უნდა იყოს, მაგრამ თუ ადამიანი ქრისტიანულ კულტურაში იზრდება, მისთვის ასეთი ტექსტები მნიშვნელოვანია“.

„რატომ ამოიღეს მამათა და შვილთა ბრძოლა? ან „ყვარყვარე თუთაბერი“?“ — სვამს კითხვას ბექიშვილი. მისი თქმით, განახლება აუცილებელია, თუმცა ისეთი კლასიკოსების და ნაწარმოებების ამოღება, რომლებიც ეროვნულ ცნობიერებას აყალიბებდნენ, ეჭვს ბადებს. „ქვეყანასაც გვართმევენ, რელიგიასაც და ისტორიასაც. ნელ-ნელა გვაჩვევენ, რომ რუსეთი ცუდ კონტექსტში აღარ ვახსენოთ“, — ამბობს ბექიშვილი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხი

გამოცდების ეროვნულ ცენტრს ვკითხეთ, ვინ არიან კომისიის წევრები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ასევე ვითხოვეთ მეცნიერული და პედაგოგიური დასაბუთება, რატომ ამოიღეს სწორედ ეს ტექსტები. ცენტრმა განაცხადა, რომ პასუხს მოგვაწვდიან „მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტენ, რომ პასუხის გაცემა საჭიროა”.

მომდევნო დღეს, კვლავ დავუკავშირდით ცენტრს. მათი თქმით, განათლების სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება. თუმცა, სამინისტროს განცხადება მხოლოდ სასწავლო პროგრამის ცვლილებებს ეხებოდა და არ პასუხობდა ჩვენს კითხვებს.

განათლების სამინისტრომ განაცხადა: „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არცერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა“.

ჩვენ ავუხსენით გამოცდების ცენტრს, რომ ჩვენი კითხვები კვლავ უპასუხოდ რჩება. ამის მიუხედავად, ცენტრმა კვლავ განათლების სამინისტროში გადაგვამისამართა. სადაც ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.

ამავე საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საგამოცდო პროგრამიდან ქართული ლიტერატურისა და ისტორიის ზოგიერთი საკითხის ამოღება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დააკავშირა. ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუს დროს მან თქვა, რომ ამ საკითხების ამოღება მოსწავლეებმა მოითხოვეს, რადგან ისინი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სავალდებულო არ იყო.

თუმცა რატომ არ იყო სავალდებულო, მისი თქმით, გაუგებარია და მიიჩნევს, რომ 20 წლის წინ, წინა ხელისუფლების დროს, „ამ მიმართულებით სისტემურად დაიწყეს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება“.

„მე გადავავლე თვალი, მაგალითად, ლიტერატურის ჩამონათვალს, რაც არ შედის სავალდებულო პროგრამაში და ეს არის უბრალოდ გამაოგნებელი. არ შეიძლება ეს ნაწარმოებები არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში.

რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც, იმიტომ, რომ რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი ამ 12 წლის განმავლობაში, თუმცა ჩანს, რომ სათანადოდ არ არის მოვლილი. რასაც, რა თქმა უნდა, უნდა მივხედოთ და ამაზე ზრუნვა ჩვენ გვაქვს დაწყებული.

გამაოგნებელია ეროვნული სასწავლო გეგმის კონკრეტული მიმართულებები. რატომ ხდებოდა გარკვეული საგნების მეორე პლანზე გადაწევა, რატომ ხდებოდა კონკრეტული საგნებიდან გარკვეული მასალების ამოღება და ეს ხდებოდა წლიდან წლამდე. ეს პროცესები დაიწყო, დაახლოებით, 20 წლის წინ, სისტემურად.

თქვენ გახსოვთ, ვინ იყვნენ განათლების მინისტრები წინა ხელისუფლების პირობებში და სისტემურად ხდებოდა ისეთი საკითხების ამოღება ეროვნული სასწავლო გეგმიდან, სასწავლო პროგრამიდან, სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც აღვივებენ მოსწავლეში პატრიოტულ სულისკვეთებას, დამოკიდებულებას საკუთარი ეროვნული იდენტობის მიმართ, შეგნებულად მიმდინარეობდა ეს პროცესები და ეს გაგრძელდა, სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგაც“, – განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყეს შესწავლა, თუ რა ისწავლება სკოლებში. შემდეგ კი დაამტკიცეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი და ამ დოკუმენტის საფუძველზე, მაგალითად, „ლიბერალური“ ჩანაწერები „პატრიოტულით“ ჩაანაცვლეს.

მისი სიტყვებით, ახლა  ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები შესრულდეს:

„იქ არის კიდევ გარკვეული ინსტიტუციური მომენტები. იქაც ყველაფერი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ა.შ. იქმნებოდა კომისიები, ამ კომისიებში ხშირად იყო საეჭვო ხალხი, ის საეჭვო ხალხი მერე იღებდა გადაწყვეტილებებს ასეთი ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით და ა.შ.“.