რატომ მიიჩნევენ თავს გარიყულად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები?

ქრისტინე მუჯირი

„იქ არ იგრძნობოდა, რომ მე საქართველოს მოქალაქე ვიყავი; რომ ჩვენ, აზერბაიჯანული თემის წევრები და ქართველები, ვართ თანამემამულეები, რომლებთანაც მე ვიზიარებ ერთ სამშობლოს“.

„ვგრძნობდი დიდ სიცარიელეს. ვიყავი ინფორმაციის ვაკუუმში და ამ სიცარიელის შესავსებად დავიწყე ჩვენი, სახელმწიფო ენის შესწავლა“.

„ჩვენ, ეთნიკურად აზერბაიჯანლები და ქართველები ერთ რეგიონში ვცხოვრობთ და არ ვიცით ერთმანეთის კულტურის შესახებ. მე ძალიან მოვინდომე, რომ ეს რეალობა შემეცვალა და ვცადე დმანისში მცხოვრებ ქართველებთან კომუნიკაცია. მაგრამ ვგრძნობდი, რომ ისინი ჩემს გაცნობამდე უკვე „მიცნობდნენ“. ჰქონდათ საყოველთაო სურათი ჩემზე შექმნილი და პიროვნულად, როგორც ინდივიდს ვერ აღმიქვამდნენ“.

ეს არის ამონარიდები იმ ადამიანების ინტერვიუებიდან, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობას. 

საქართველოში, „მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობები მთლიანი მოსახლეობის 13.2%-ს შეადგენს. მათ შორის დომინანტურ ჯგუფებს აზერბაიჯანელები (233 024, 6.3%) და სომხები (168 102, 4.5%) წარმოადგენენ. 

რატომ გრძნობენ საქართველოში ეთნიკური უმცირესობები თავს გარიყულად და ვერ აღიქვამენ, რომ არიან საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები? რატომ ვერ მყარდება კავშირი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელსა და სახელმწიფოს შორის, ან ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებსა და ეთნიკურად ქართველებს შორის? 

ამ საკითხზე საქართველოში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები გვესაუბრნენ.

ბინათ მამადლი დმანისის რაიონის სოფელ ოროზმანიდანაა. ის ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს და  პარალელურად ცდილობს პასუხისმგებლობა გამოიჩინოს თავისი სოფლის, თემის თუ ქვეყნის წინაშე – იყოს  სოციალურად აქტიური. 

სკოლაში გააცნობიერა, რომ აუცილებლად სჭირდებოდა ქართული ენის შესწავლა, ამიტომაც დაიწყო დამატებით კურსებზე სიარული, რომელიც სოფლიდან მოშორებით, რაიონულ ცენტრში, დმანისში ტარდებოდა. მიუხედავად თეორიული ცოდნის მიღებისა და ბევრი მცდელობისა, ბინათს ქართულად გამართულად საუბარი არ შეეძლო, რადგან თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში ვერ იყენებდა. ამას მხოლოდ მას შემდეგ მიაღწია, როდესაც უნივერსიტეტში ჩააბარა და თბილისში ჩამოვიდა. 

…„ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალური ექსკლუზიის (გარიყვის) კვლევა“ – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და საკმაოდ მძიმე სურათს წარმოგვიდგენს საქართველოში ეთნიკურ უმცირესობების ყოფასთან მიმართებით. მთავარი მიგნებები პასუხობს პრობლემების იმ ზოგად სურათს, რაზეც რესპოდენტები სტატიის მომზადებისას გვესაუბრებოდნენ. 

კვლევის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების თითქმის მეხუთედი (18%) არასრულ საშუალი განათლებას ფლობს, ხოლო თითქმის ნახევარი (47%) – სრულ საშუალოს. უმაღლესი განათლება გამოკითხულთა მხოლოდ 16%-ს აქვს.

მათივე ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობების 63% ცუდად ან ძალიან ცუდად ცნობს ქართულ ასოებს და კითხულობს სიტყვებს.

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების 60%-, მათივე შეფასებით, ძალიან ცუდად ან ცუდად შეუძლია  ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანთან კომუნიკაცია, ხოლო ქართული ლიტერატურის კითხვა და ტექსტის შინაარსის გაგება ძალიან ცუდად ან ცუდად შეუძლია კიდევ უფრო დიდ ნაწილს (84%). 

ქართული ენის ცოდნის მხრივ, ნეგატიურად გამოირჩევა ქვემო ქართლისა და სამცხეჯავახეთის რეგიონები, ხოლო ქართულ ენას შეუდარებლად კარგად ფლობენ (ყველა ინდიკატორის მიხედვით) პანკისის ხეობაში.

ჩვენი რესპოდენტიც, ბინათი, ამბობს, რომ ეთნიკურ უმცირესობებში გარიყვის მთავარი მიზეზი  ქართული ენის არცოდნაა, რაც მათ უცხოებად აქცევთ იმ ქვეყანაში, სადაც დაიბადნენ და გაიზრდნენ. უთანასწორობისა და უსამართლობის შეგრძნება კი ბავშვობიდანვე შეიძლება გაჩნდეს, რადგან აზერბაიჯანული თემის წევრებს  ქართველი ბავშვებისგან განსხვავებით სკოლამდელ განათლებაზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ და ეს შეგრძნებები წლებთან ერთად  თოვლის გუნდასავით იზრდება. 

კვლევის მიხედვით დრამატულია კახეთის რეგიონში არაქართულ მოსახლეობაში (პანკისის გარდა) სკოლამდელი განათლების შესახებ სურათი. უმრავლესობა (56%) ამბობს, რომ მათ ოჯახში მყოფი ბაღის ასაკის ბავშვები არ არიან ჩართულნი წინასასკოლო სწავლებაში.

ამავდროულად, ბინათის თქმით, არადომინანტური რელიგიური ჯგუფების წევრები წინაღობებით სავსე გზას გადიან, იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდრონ.

როდესაც არ იცი ენა, ეს ნიშნავს იმას, რომ ხარ გარიყული ქართული განათლების სისტემიდან და განათლების მიღება ნებისმიერ საფეხურზე დამატებით დიდ ფინანსურ თუ ემოციურ ძალისხმევას და რესურსებს მოითხოვს; თან ამ რთულ გზაზე წინ გეღობება უამრავი სტერეოტიპი, რომელიც წლების განმავლობაში შენზე შეიქმნა. შეიძლება გაგიმართლოს და  განათლება მიიღო, მაგრამ ვეღარ საქმდები, რადგან უთანასწორო შრომითი ბაზარზე დამსაქმებლებს დომინანტური ეთნიკური ჯგუფისკენ მიუწევთ გული. ასე რომ ბრუნდები უკან, შენს რეგიონში და საქმდები სოფლის მეურნეობაში. იწყებ იმის კეთებას, რაც წლების წინ შეიძლებოდა დაგეწყო, გამოდის, რომ დასახულ სოციალურ კიბეზე ვერ ახვედი. ისევ იზოლირებული ხარ შენი ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან, შრომობ შენს თემში და ცდილობ, რომ ყოველდღიურ გამოწვევებს გაუმკლავდე იმ რესურსებით, რის შესაძლებლობასაც მიწა გაძლევს, – ძირითადად ასე წარმოგვიდგენენ ჩვენი რესპოდენტები განვითარების გზას, რომელსაც ისინი გადიან ჩვენს ქვეყანაში. 

„სკოლებში სახელმძღვანელოები აზერბაიჯანიდან შემოდის, სომხების შემთხვევაში კი სომხეთიდან. წარმოიდგინეთ, სახელმძღვანელობის პირველ გვერდზე ვხედავდით აზერბაიჯანის გერბს. გამოდის, რომ საქართველო ამ წიგნებით ბავშვების ინტერესს სხვა ქვეყნისკენ მიმართავს. შარშან ჩემს ახლობლებთან ვიყავი სტუმრად, სადაც პატარა ბავშვები იყვნენ. ყველაფერი იცოდნენ აზერბაიჯანის შესახებ, მათი სახელმწიფო სიმბოლოს, გერბის და ილჰამ ალიევის შესახებაც კი და არაფერი იცოდნენ ჩვენის ქვეყნის პრეზიდენტისა და გერბის შესახებ. ეს არის კატასტროფა, როდესაც სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს არ ზრდის ამ ქვეყნის მოქალაქედ“, – ამბობს ბინათ მამადლი. 

ბინათი იხსენებს 2021 წლის მაისში დმანისში მომხდარ თემთა შორის კონფლიქტს. მაშინ ბინათს ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჰკითხა, მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის საელჩო იყო თუ არა საქმის კურსში, რამაც ბინათი გააბრაზა, მაგრამ მალე იგივე შინაარსის განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც. 

მართლაც, დმანისის ინციდენტის დროს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, რომ აზერბაიჯანი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეა, რასაც მაშინ საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

„ძალიან გავბრაზდი, რა შუაშია აზერბაიჯანის საელჩო? შიდა საქმიანობაში ჩაურევლობა სახელმწიფოს ერთ-ერთი ნიშანია, მაგრამ ამის შემდეგ გომელაურის განცხადება ვნახე, რომ, თითქოს მთავრობა ამ საკითხს  ჩვენს „დედა სამშლობოსთან“ მოაგვარებს. მაშინ მივხვდი რომ პრობლემა უფრო ღრმაა და თავად ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ ეს გააზრებული“, – თქვა მან. 

ბინათი ამბობს, რომ როგორც ეთნიკურად ქართველებში, ისე აზერბაიჯანულ თემშიც ძლიერად აქვს ფესვები გადგმული ეთნონაციონალიზმს,  რაც გარკვეულიწილად 90-იანი წლების მძიმე მეხსიერებიდან მომდინარეობს, როდესაც ნაციონალისტური იდეები მძვინვარებდა და რამაც შიში დანერგა ეთნიკურ უმცირესობებში. 

ეკონომიკურ უთანასწორობაზე საუბრისას ის განსაკუთრებით ხაზს უსვამს მცირემიწიანობას, რის გამოც ადგილობრივ ფერმერებს უწევთ გადაიხადონ ქირა მიწით სარგებლობისთვის სოფლის მეურნეობაში.  

„მიწების უმრავლესობას ფლობენ ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი პირები. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ბოლნისში ან თბილისში, ქვეყნის სხვა ნაწილში. ისინი ბაზარზე აწესებენ ფასებს. ძალიან ცოტა პრეცენდენტია, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ფლობდეს მიწას. ესეც გარიყულობას და გაუცხოების განცდას ტოვებს მოსახლეობაში. ისინი შრომობენ დღე და ღამე, მაგრამ მაინც ვერ აღწევენ, რომ ჰქონდეთ მიწა საკუთრებაში“, – გვიყვება ბინათი. 

მან საუბრისას ახსენა, რომ ის სოფელ ოროზმანიდანაა. გამახსენდა, რომ ოროზმანი ბოლო დროს საქართველოს და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, რადგან ამ სოფელში არქეოლოგებმა 1 800 000 წლის წინანდელი ჰომინიდის კბილი აღმოაჩინეს. ფაქტობრივად, ეს არის დმანისელი ზეზვასა და მზიას სადარი აღმოჩენა და ეს ნიშნავს, რომ აფრიკის შემდეგ უძველესი ადამიანი სწორედ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროზმანში აღმოჩნდა. 

ალბათ ყველა ქვეყნისთვის, მუნიციპალიტეტისთვის თუ სოფლისთვის მსგავსი აღმოჩენა საამაყო იქნებოდა. ბინათს ვკითხე, იცოდა თუ არა ამ აღმოჩენის შესახებ და რას ამბობდნენ სოფელში. ის ამბობს, რომ აღმოჩენის შესახებ ცოტამ თუ იცის და ისიც, საზოგადოების იმ სეგმენტმა, რომლებიც დაახლოებულნი არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან. 

„ზოგიერთმა კი ჩვენგან, სტუდენტებიდან გაიგო არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ. კი, ჩემთვის ძალიან გასახარი იყო ეს აღმოჩენა. თუმცა, როდესაც ეს თემა გაშუქდა მედიაში ხალხში მაინც ნეგატიური დამოკიდებულება გაჩნდა. ფიქრობდენენ, რომ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევევების წინაშე არიან და ამ საკითხებით არავინ ინტერესდება“.

ტიგრან თარზიანი ნინოწმინდის რაიონის სოფელ უჩმანიდანაა. ეთნიკურად სომეხია. ისიც აქტივისტია და ცდილობს ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად პოზიტიური ცვლილებებისთვის იბრძოლოს საკუთარ მუნიციპალიტეტში. 

მან თბილისში უნივერსიტეტში 2013 წელს ჩააბარა. ის იმ წელს ერთადერთი სტუდენტი იყო მისი სოფლიდან, ვინც თბილისში ჩააბარა. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან სასწავლებლად თბილისში ჩამოსვლას მშობლების ძალისხმევის შედეგია და მათ ამაგს ძალიან უმადლის. 

ტიგრანიც თითქმის იგივე პრობლემებზე საუბრობს, რაზეც ბინათი და ისიც მიიჩნევს, რომ ეთნიკური უმცირესობები საქართველოში გარიყულად და მარტო გრძნობენ თავს. ტიგრან თარზიანი ამ პრობლემის სათავად ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით განათლების სისტემის ჩავარდნას ასახელებს; მისი თქმით, სახელმძღვანელოები, რომელიც სომხეთიდან შემოდის ქართულ საგანმანათლებლო სისტემასთან შეუთავსებლობით კრიტიკას ვერ უძლებს. ამბობს, რომ დიდი სირთულეებია ეთნიკურად სომეხი ბავშვისთვის განათლების ყველა საფეხურზე, იქნება ეს სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული თუ უმაღლესი განათლება. 

ის საუბრობს 1+4 პროგრამაზეც, რომელიც ეთნიკური უმცირესობებში ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, რომ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა ისწავლონ და შემდეგ დაეუფლონ პროფესიას, ჩააბარონ უნივერსიტეტში. თუმცა, აღნიშნავს, რომ 2010 წლის შემდეგ ამ პროგრამაშიც არაფერი შეცვლილა და არსებობს მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც აღმოფხვრას საჭიროებს. მაგალითად; ის ამბობს, რომ ეთნიკურად ქართველებს აღარ უწევთ ზოგადი უნარების ჩაბარება, მაგრამ ეს წესი არ შეცვლილა ეთნიკური უმცირესობებისთვის. 

„ჩვენი სასკოლო განათლება და ზოგადი უნარების ტესტები ერთმანეთთან აცდენილია. იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ჩააბარონ ზოგადო უნარების ტესტები, უწევთ, რომ დამატებით გაკვეთლებზე იარონ მასწავლებლებთან და ხშირად უწევთ რაიონულ ცენტრში სიარული კურსებისთვის, რაც კიდევ ფინანსებთან და ტრანსპორტირების პრობლემთანაც არის კავშირში“, – ამბობს ის. 

როგორც ამბობენ, სამცხე-ჯავახეთის მიწა ნოყიერი და მდიდარია. რეგიონი გამორჩეულია წყლის რესურსებითაც. სწორად ამიტომ, უცნაური იყო, როდესაც ტიგრანმა სოფლის მეურნეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ჯავახეთში მიწების მორწყვის დიდი პრობლემაა, სოფლის მეურნეობისთვის არ არსებობს თანამედროვე ტექნიკა და ფერმერებს შიშველი ხელებით უწევთ სამუშაოების წარმართვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მცირემიწიანობაა. ტიგრანის თქმით, ადგილობრივები არ ფლობენ მიწებს და რესურსების უსამართლო, დისკრიმინაციული განაწილება მათ კიდევ უფრო რიყავს და აფართოებს იმ უფსკრულს, რაც ეთნიკურ უმცირესობებსა და დომინანტურ, პრივილეგირებულ ჯგუფებს შორის არსებობს. 

„მაგ: სოფელ ყაურმაში 70 ოჯახი ცხოვრობს. 300 ჰექტარი მიწა აქამდე ამ ოჯახებზე იყო გადანაწილებული და ახლა კი სოფლის ყოფილ რწმუნებულზეა დარეგისტრირებული, მას ეკუთვნის. წლებია, მიწების დასაკუთრება ხდება კლანური მეთოდებით“, – ამბობს ის. 

ტიგრანის თქმით, ის თავის შვილებს სახელმწიფო ენას აუცილებლად ასწავლის, რადგან არ სურს მისმა შვილებმა იგივე წინაღობები გადალახონ, რაც მას აქამდე გაუვლია და რასაც სხვები გადიან.  

ორივე რესპოდენტი ტიგრან თარზიანი და ბინათ მამადლი საუბრობენ ინფორმაციულ ვაკუუმზე, რომელიც მწვავედ დგას ეთნიკურად უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში და დიდ გავლენას ახდენს ამ ადამიანების საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობაზე. 

კვლევის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ, როგორც პირადი/ოჯახის, ისე საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის მიმართვიანობის დონე დაბალია (6%-13%). კვლევა აჩვენებს, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა (59%) პოლიტიკით დაინტერესებული არ არის. მათი ეთნიკური ჯგუფის წინაშე არსებულ პრობლემებს შორის კი დომინანტურად უმუშევრობას, სიღარიბესა და სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემას ასახელებენ. 

რესპოდენტები ამბობენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ თემის წევრები, ძირითადად, პირადი წყაროებით იგებენ და არა მედიით, ან სხვა ოფიციალური არხებით. ამბობენ, რომ ყველაზე დიდი კრიზისი პანდემიამ აჩვენა, როდესაც იქაურ მოსახლეობას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა, ყოველდღიურად მიეღოთ ინფორმაცია და ვერ იღებდნენ. მათი თქმით, პანდემიამ ზედაპირზე ამოიტანა ყველა ის მახინჯი სტერეოტიპი და დისკრიმინაციული დამოკიდებულებები, რაც ასე გამჯდარია ქართულ საზოგადოებაში და ვერა და ვერ გადაილახა. 

კვლევის მიხედვით, არასახარბიელო მდგომარეობაა ბაღის ასაკის ბავშვების განატლბეის კუთხითაც,  გამოკითხულთა მეხუთედს  (20.4%) ოჯახში ბაღის ასაკის (3-6 წწ.) ბავშვ(ებ)ი ჰყავს. უმრავლესობას (71%) ამ ასაკის მხოლოდ ერთი ბავშვი ჰყავს ოჯახში, ხოლო 24%-ს – ორი.

საკითხის რეგიონულ ჭრილში განხილვისას აღმოჩნდა, რომ კახეთში ბაღის ასაკის ბავშვების უმრავლესობა (56.4%) არ დადის კერძო ან სახელმწიფო ბაღში, ხოლო გამოკითხულთა 43.6% ამბობს, რომ მისი ოჯახის ბაღის ასაკის ბავშვებიდან ყველა დადის ბაღში. პანკისის ხეობასა (87.9%) და სამცხე-ჯავახეთში (81.4%) რესპონდენტთა უმრავლესობა ამბობს, რომ მისი ოჯახის ბაღის ასაკის ბავშვთაგან ყველა ჩართულია წინასასკოლო განათლებაში. 

იმ რესპონდენტების შედარებით დიდი ნაწილი (36.4%), ვისი ოჯახის წევრი ბავშვებიც არ დადიან ბაღში, აღნიშნავს, რომ ბავშვ(ებ)ი ბაღში არ დადის/დადიან, რადგან არ არის საბავშვო ბაღი მათ დასახლებაში ან ბაღი შორსაა.

რას ამბობენ მკვლევრები?

ქამრან მამადლი „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მკვლევარია და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. ამბობს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში უთანასწორო ხელმისაწვდომობა განათლებაში ჯაჭვურად ებმოდა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობას. მისი თქმით, განათლების მიღების შემთხვევაშიც კი რთულია მისი გამოყენება და დასაქმება. 

„ეს გავლენას ახდენს მშობლების და ბავშვების გადაწყვეტილებაზე, დაბრუნდნენ უკან თემში, სოფელში, რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია, მაგრამ ისინი ამბობენ, რა აზრი აქვს განატლების მიღებას, თუ ვერ გამოიყენებენ. კი, ეს ცოტა სტეროტიპული დამოკიდებულაბაა განათლების მიმართ, განათლებას მხოლოდ იმისთვის არ ვიღებთ, რომ დავსაქმდეთ, მაგრამ ეს სოცილაურ კიბეზე ასასვლელად ერთი-ერთი მექანიზმია და შეიძლება ვიღაცამ პრაგმატულად იფიქროს, რატომ დაკარგოს 5 წელი, თუ ისევ დაუბრუნდებიან იმ საქმიანობას, რისი დაწყებაც 5 წლით ადრე შეეძლო ადამიანს?“, – ამბობს ქამრანი. 

ის მიიჩნევს, რომ  განათლებაზე უარის თქმის მიზეზი მხოლოდ სიღარიბე არ არის, არამედ ზოგადი უპერსპექტივობის განცდაცაა.  

ბაზისური პრობლემების მოუგვარებლობის ფონზე, მიამიტურად ჟღერს დავსვათ კითხვა, სახელმწიფოს მიერ გაღებული ძალისხმევის შესახებ, ეთნიკური უმცირესობებისთვის კულტურული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, თუმცა მაინც ვეკითხები, რაზეც ქამრან მამადლი ამბობს, რომ სახელმწიფოსგან ამგვარ ძალისხმევას ვერ იხსენებს. 

„მარნეულის კულტურის სამსახურის მუშაობა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2020 წელს შევისწავლეთ. აღმოჩნდა რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში,  რომლის 94% არის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი, კულტურის სამსახურის ბიუჯეტის 95% იხარჯებოდა მხოლოდ ქართული კულტურის მხარდასაჭერად“, – ამბობს ის. 


კვლევა მომზადებულია „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ. მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალური ექსკლუზიის (გარიყვის) კვლევა იყო, რისთვისაც გამოყენებული იქნა როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. პროექტის განხორციელება 2021 წლის ზაფხულში დაიწყო.  ჩატარდა 6 ფოკუს ჯგუფი 4 სამიზნე რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. ხოლო, რაც შეეხება რაოდენობრივ კვლევას, შერჩევის დიზაინად განისაზღვრა მრავალსაფეხურიანი სტრატიფიცირებული (კლასტერული) შერჩევა, ხოლო ზომად – 1510 რესპონდენტი. 2021 წლის დეკემბრის თვეში მონაცემები დამუშავდა SPSS კომპიუტერული პროგრამის ფარგლებში. ამ პერიოდიდან დაიწყო ანალიტიკური ანგარიშის მომზადება, რომელიც 2022 წლის აპრილისთვის დასრულდა.