საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა გაეროს 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყანას 860 000-ზე მეტი ემიგრანტი ჰყავდა და საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მიგრაცია მას შემდეგაც იზრდება.
2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად საზღვარგარეთ მცხოვრები მხოლოდ 66 217 ადამიანი დარეგისტრირდა, ხმა კი მხოლოდ 12 247-მა ამომრჩეველმა – ანუ (ამ მონაცემების მიხედვით) ემიგრაციაში მყოფი ამომრჩევლის დაახლოებით 1.5%-მა მისცა.
რატომ ვერ ახერხებენ ემიგრანტები ხმის მიცემას?
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ საზღვარგარეთ ბევრ ქალაქში საარჩევნო უბნები არ გვაქვს. საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის უფლებამოსილებას ცესკოს ანიჭებს. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკო ამ გადაწყვეტილებას იღებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის.
ხოლო არსებული პრაქტიკით, ცესკო საარჩევნო უბნებს მხოლოდ იმ ქალაქებში ხსნის, სადაც საელჩოები ან საკონსულოები აქვს, თუმცა ემიგრანტები ჩივიან, რომ ბევრი ამომრჩეველი ამ საკონსულოებიდან ასობით და ზოგჯერ ათასობით კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს. შესაბამისად, მათ ძალიან უჭირთ არჩევნებში მონაწილეობა.
ემიგრანტების დასახმარებლად, რომ მათ საცხოვრებელ ქალაქებში უბნები გახსნილიყო, გასულ წელს პარტიებმა – „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ – კამპანიაც წამოიწყეს – „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“.
მილანი, ტურინი, მონპელიე, სტრასბურგი, ჰამბურგი, შტუტგარტი, ვალენსია, ანტვერპენი… – ამ კამპანიის ფარგლებში, საკმარისი ხელმოწერები უკვე 40 ქალაქში შეგროვდა. მათ შესაბამისი წერილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც შეიტანეს, თუმცა, როგორც კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორი ქეთი ბარბაქაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, ცესკოდან ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი, რომელ ქალაქებში გაიხსნება უბნები.
კანონით, ცესკომ უბნების გახსნაზე საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა მიიღოს, მაგრამ მას კანონი არ უკრძალავს, საარჩევნო უბნების გახსნაზე მანამდეც იზრუნოს. როგორც ქეთი ბარბაქაძე ამბობს, ემიგრანტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დროულად იცოდნენ, სად იქნება მათ საცხოვრებელ ქვეყნებში საარჩევნო უბნები, რადგან, თუკი ახლები არ დაემატება, შეიძლება, ისევ შორ მანძილზე მოუწიოთ წასვლა.
მაგალითად, 2020 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ სამ ქალაქში გახსნეს 4 საარჩევნო უბანი – ვაშინგტონში, ნიუ-იორკში ორი უბანი ერთად და ერთიც სან-ფრანცისკოში. ამჟამად მოქალაქეები საარჩევნო უბნების დამატებას ამერიკის სხვა ქალაქებშიც მოითხოვენ – ბოსტონში, მაიამიში, ლოს ანჯელესში, ცინცინატში.
წარმოიდგინეთ, თუ თქვენ ბოსტონში ცხოვრობთ ნიუ-იორკში, უახლოეს უბნამდე მანქანით მისასვლელად 4 საათი უნდა იმგზავროთ. კიდევ უფრო რთულადაა საქმე მაიამიში, იქიდან ვაშინგტონში უახლოეს უბნამდე მანქანით მისასვლელად 15 საათზე მეტია საჭირო.
რატომ არ ხსნის სახელმწიფო ახალ უბნებს საზღვარგარეთ?
პირველ რიგში, ეს იმ მონაცემების გამოა, რომლებსაც ცესკო საგარეო საქმეთა სამინისტროსგან იღებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ელოდება, რა მონაცემებს მიაწვდის მას საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი მხოლოდ საკონსულო აღრიცხვიდან მიღებულ მონაცემებს უგზავნის.
თქვენ შეიძლება მაიამიში ცხოვრობდეთ, მაგრამ იძულებული იყოთ, ვაშინგტონში დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, რადგან თქვენს ქალაქში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობა არ ჰყავს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თქვენს საცხოვრებელ ადგილზე ინფორმაცია აქვს, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისას ის იგებს ფაქტობრივ მისამართს, თუმცა, როგორც „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი გიორგი მონიავა „პუბლიკასთან“ ამბობს, საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ჩანს, ცესკოს ამ მონაცემებს არ აწვდის.
„დღეს ცესკოში მიდის ინფორმაცია, რომ საფრანგეთში, ვთქვათ, თუ არის ერთი საკონსულო პარიზში, მაგალითისთვის ვამბობ, საფრანგეთში, პარიზის საკონსულოში აღრიცხვაზე დგას 2000 ადამიანი ეუბნება, 2000 ადამიანზე ერთი უბანი მოდის, ერთი უბნის გახსნაა საჭირო და ცესკო გახსნის ერთ უბანს. ცესკომ არ იცის ამ 2000 ადამიანის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, სად არის და სად სჭირდებათ უბანი.
თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს იცის, ვინაიდან, როდესაც მოქალაქეები დგებიან საკონსულო აღრიცხვაზე, ისინი საკონსულო რეგისტრაციას გადიან და ფაქტობრივ მისამართსაც უთითებენ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ იცის მათი ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი და მაგალითისთვის რაც ვთქვით, შეუძლიათ, ეს 2000 ადამიანი დაყონ ისე – 500-ებად ან 1000-ებად ან რამდენიც არის დაახლოებით იმ მისამართების მიხედვით, რომლებთანაც ახლო-მახლო გახსნის უბანს და ერთნაირ შესაძლებლობას მისცემს მათ, რომ მივიდნენ და მისცენ ხმა“, – ამბობს „პუბლიკასთან“ გიორგი მონიავა.
თავის მხრივ, როგორც ქეთი ბარბაქაძე ამბობს, ცესკოსაც შეუძლია, პროაქტიულად იმოქმედოს და თავად გამოითხოვოს მონაცემები, ცესკოს კანონმდებლობა არ ზღუდავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უფრო დეტალური ინფორმაცია მოითხოვოს. ის კი, როგორც ჩანს, პასიურ როლში დარჩენას ამჯობინებს.
„საბოლოო ჯამში, უბნების გახსნაზე პასუხისმგებელია ცენტრალური საარჩევნო კომისია. მაგალითად, ჩვეულებრივ სიებს, რომლითაც ჩვენ ვიღებთ საქართველოში მონაწილეობას, იუსტიციის სამინისტრო აწვდის ცესკოს. იმავე რეალობის წინაშე ვდგავართ, ჩვენ რომ გვითხრას, იცი რა, ჩემთვის ჯერ იუსტიციის სამინისტროს სიები არ გადმოუგზავნია და თქვენი უბნების გახსნა ცოტა ეჭვქვეშ არის.
აქ საგარეო საქმეთა სამინისტრო არაფერ შუაში არ არის. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უბრალოდ, უნდა უზრუნველყოს ადამიანების საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და მერე მიაწოდოს ეს ცესკოს.
ყველა სიას, რაც კი ცესკოს აქვს, ყველა სიას აწვდის რომელიღაც სახელმწიფო უწყება. მაგალითად, პრობაციონერების სიას უგზავნის პრობაციის სამსახური და არასოდეს ჩვენ არ მოგვისმენია, რომ იცი რა, მე ვერ მივაღებინებ პრობაციონერებს არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ, რომ ჯერ არ გადმოუგზავნიათ სია. ეს არის მოგონილი არგუმენტები. ნება თუ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან, ამის გაკეთებას არაფერი უდგას წინ, მაგრამ. სამწუხაროდ, ამ ნებას ვერ ვხედავთ“, – ამბობს „პუბლიკასთან“ ქეთი ბარბაქაძე.
საარჩევნო სიებთან დაკავშირებით „პუბლიკამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც მიმართა. როგორც ცესკოში აცხადებენ, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ისინი დამოკიდებულნი არიან საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ მონაცემებზე.
სახელმწიფოს რომ შეუძლია იმუშაოს თავისი ამომრჩევლის აქტივობის გაზრდაზე, მათ შორის, საზღვარგარეთ, ამის მაგალითს მოლდოვაც გვაძლევს. 2020 წელს მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეისწავლა, სად იყო მათი მოქალაქეების კონცენტრაციის ადგილები და საზღვარგარეთ იმ ქალაქებში ახალი საარჩევნო უბნებიც გახსნა. საინტერესოა, რომ მაშინ მოლდოვის არჩევნების ბედი, დიდწილად, სწორედ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმებმა გადაწყვიტა.
2020 წელს განსხვავებული შედეგით დასრულდა არჩევნები საქართველოშიც ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ. საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში „ქართულმა ოცნებამ“ 30%-ზე ნაკლები აიღო და მეორე ადგილზე გავიდა.
„ეს გვინდოდა ჩვენც, რომ ცესკოს გაეთვალისწინებინა მოსახლეობის მოთხოვნა. უბანი დაემატებინა არა ყველა ქალაქში, სადაც ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე, არა, ამაზე არ ყოფილა საუბარი, უბრალოდ, შეიძლებოდა, რამდენიმე ათეული უბანი და,მატებულიყო იმ ქალაქებში, სადაც არ გვაქვს საკონსულოები, თუმცა კომპაქტურად არიან ჩვენი მოქალაქეები ჩასახლებულები“, – დასძენს მონიავა.
საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით პრობლემას ქმნის არსებული პრაქტიკაც – რომ ისინი მხოლოდ საკონსულოებში იყოს. საკონსულო კი საქართველოს ბევრ ქალაქში არ აქვს.
საჭიროა თუ არა საკონსულოები უბნების გასახსნელად?
ქეთი ბარბაქაძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნის გახსნა საკონსულოს გარეშეც შეიძლება და კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა.
„არსად არ წერია ეგ, რომ მაინცდამაინც საკონსულოს შენობაში უნდა გაიხსნას უბანი. თუ სახელმწიფოს აქვს ნება, რომ გახსნას უბანი, შეუძლია მიმართოს მასპინძელ ქვეყანას, რა მიზნით სჭირდება შენობა და რა დროით. მხოლოდ ეს უნდა განუმარტოს და ამ დროით ითვლება მის საკონსულო წარმომადგენლობად. ამას არეგულირებს ვენის კონვენცია. ამისი იურიდიული ჩარჩო არსებობს და მოთხოვნის შემთხვევაში ეს არის უპრობლემოდ გადასაჭრელი საკითხი. უბრალოდ, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ნება არ აქვს ამისი“, – ამბობს ქეთი ბარბაქაძე.
დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა უკვე არსებული საკონსულოს ოლქის იურისდიქციაშიც დაემატოს ახალი სუბიექტი – ვიცე-საკონსულო ან საკონსულო სააგენტო, მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის.
„სამართლიანი არჩევნების“ იურისტი გიორგი მონიავა ამბობს, რომ არ არის აუცილებელი, საკონსულო სრული დატვირთვით მუშაობდეს, ეს უფრო იაფი და მარტივი გზა იქნება, თუმცა ის ახალი საკონსულოების გახსნასაც გამართლებულად მიიჩნევს, რადგან ისინი საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების გარდა, ისედაც სჭირდებათ.
„თუნდაც რომ კანონი ავალდებულებდეს მათ საკონსულოების გახსნას, შეიძლებოდა, რომ დაემატებინათ საკონსულოები იმ ადგილებში, სადაც საჭირო იყო და მოქალაქეები მოითხოვდნენ და შემდეგ გაეხსნათ იქ უბნები.
იყო ბარის მაგალითი – იტალიაშია ქალაქი ბარი, სადაც ასევე საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ცხოვრობდა 2020 წლის არჩევნების დროს და ხელისუფლებამ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა, გახსნა საკონსულო და საკონსულოში გაიხსნა საარჩევნო უბანი.
ზუსტად ანალოგიურად შეიძლებოდა, დამატებოდა რამდენიმე საკონსულო მაინც იქ, სადაც ყველაზე დიდი არის კონცენტრაცია საქართველოს მოქალაქეების და მათთვის დაემატებინათ საარჩევნო უბნები, თუმცა ეს ჩვენ, ფაქტობრივად, ვერ ვნახეთ წელს და ახლა უკვე გვიანია.
არადა, იყო პერიოდი, როცა ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა, ჩემი აზრით. უბრალოდ, რაც საჭირო იყო საამისოდ, არის პოლიტიკური ნება“, – ამბობს „პუბლიკასთან“ გიორგი მონიავა.
არადა, არჩევნებში მონაწილეობა არა პრივილეგია, არამედ მოქალაქეების უფლებაა, უფლება, რომელსაც განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუციით, ყოველ სრულწლოვან მოქალაქეს აქვს აქტიური საარჩევნო უფლება, ანუ უფლება, მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმსა და არჩევნებში.
კონსტიტუცია ასევე ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნავდეს. ასე რომ, როგორც გიორგი მონიავა გვიყვება, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში ჩართვის დაბრკოლება კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა, თუ არჩევნების დღეს საქართველოში არ იქნებით?
ამ დაბრკოლებების მიუხედავად, როგორც ქეთი ბარბაქაძე ამბობს, საზღვარგარეთ მცხოვრები ბევრი მოქალაქე ხმის მიცემას გეგმავს. სოციალურ ქსელებში მოქალაქეებმა თვითორგანიზების კამპანიაც წამოიწყეს, რომ დაეხმარონ სხვებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაში ან ერთმანეთის დახმარებით თუნდაც სხვა ქალაქში ჩავიდნენ და შორს მდებარე საარჩევნო უბანში მისცენ ხმა.
თუმცა საარჩევნო უბნამდე საჭიროა დარეგისტრირება. საამისოდ კი ორი გზა არსებობს.
პირველ შემთხვევაში საკონსულო აღრიცხვაზე უნდა დადგეთ. ეს შეგიძლიათ როგორც საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში ფიზიკურად მისვლით, ასევე დისტანციურად. თან როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, ეს მარტივი პროცედურაა და დიდი დრო არ სჭირდება.
რეგისტრაციის წესებსა და ბმულს ოფიციალურ პლატფორმაზე – Geocouncul-ზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
მეგი გურგენიძე, რომელიც ნიდერლანდებში მუშაობს, ხმის მიცემას ჰააგაში აპირებს, ის ჰყვება როგორ დადგა აღრიცხვაზე.
„საკონსულოს საიტზე ჯერ შევამოწმე ვარ თუ არა უკვე აღრიცხვაზე. ამის შემდეგ მარტივ პირად ინფორმაციას ითხოვენ, როგორიცაა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ქვეყანა, ბიომეტრიული ფოტო. ჩემს შემთხვევაში 2 დღეში დამირეკეს საკონსულოდან და მითხრეს, რომ ბიომეტრიული ფოტო თავიდან უნდა გამეგზავნა მალევე. გავაგზავნე ფოტო და უკვე 1-2 სამუშაო დღეში დამადასტურებელი მეილი მომივიდა. საერთო ჯამში, დაახლოებით 4 სამუშაო დღეზე იყო ჩემს შემთხვევაში საუბარი“, – ჰყვება მეგი გურგენიძე „პუბლიკასთან“.
მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ როცა ონლაინ რეგისტრირდებით, საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად იმ ქვეყანაში უნდა იმყოფებოდეთ, რომელ საკონსულოშიც დგებით აღრიცხვაზე. სახელმწიფო რეგისტაციის დროს IP მისამართებს ამოწმებს.
და თუკი შიშობთ, რომ დარეგისტრირებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ, არსებობს სამოქალაქო ინიციატივებიც, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაში ეხმარებიან.
ასეთია, მაგალითად, პლატფორმა „თაობები ქვეყნისთვის“. ეს, ზოგადად, ფართო ინიციატივაა, თუმცა მისი ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ემიგრაციაში მყოფთათვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაში დახმარებაა.
რევაზ ბეროზაშვილი, რომელიც პლატფორმა „თაობები ქვეყნისთვის“ დამფუძნებელია, ამბობს, რომ მოქალაქეებს ხანდახან პრობლემა ექმნებათ ტექნიკური მოთხოვნების გამო. აღრიცხვაზე დადგომა ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა გარკვეული წესების, მაგალითად, ფოტოსურათისთვის დაწესებული კრიტერიუმების გამო ბეროზაშვილის თქმით, მოქალაქეების ნაწილმა რეგისტრაცია წარმატებით ვერ დაასრულა.
„აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარება ემიგრანტებისთვის. მართალია, იქ სულ ხუთიოდე ველია შესავსები, მაგრამ ზოგი სახელის ველში წერს გვარს ან პირიქით, პირადი ნომრის ნაცვლად მიუთითებენ პასპორტის ნომერს და ა.შ. ყველაზე ხშირად კი ფოტოსურათის გამო შეიძლება დახარვეზდეს განცხადებები, ჩვენ რომ არ ვაჩერებდეთ და არ ვაცვლევინებდეთ მოთხოვნილი კრიტერიუმების შესაბამისად.
ვურეკავთ ხოლმე – ცხელი ხაზი შევქმენით და „ფიდბექი“ გვაქვს. ვეხმარებით, როგორც შეგვიძლია. ათასობით ადამიანს გავუწიეთ დახმარება და დავარეგისტრირეთ“, – ამბობს რევაზ ბეროზაშვილი.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის შემდეგ ისევ Geocouncul-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ არა მხოლოდ ის, ხარ თუ არა რეგისტრირებული რომელიმე საკონსულოში, არამედ ასევე გაიგოთ, თუ რა მისამართზე მისცემთ ხმას.
ასევე, კარგი იქნება, პერიოდულად შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა აქტიური სტატუსი. არსებობს რამდენიმე პირობა, რის გამოც შეიძლება სტატუსი შეგიჩერონ და ამ დროს, აღრიცხვაზე თავიდან უნდა დადგეთ.
არჩევნების დღეს კი თქვენს საკონსულოს იურისდიქციაში არსებულ საარჩევნო უბანზე მიხვალთ. უბანი, სავარაუდოდ, დიპლომატიურ დაწესებულებაში – საელჩოში ან საკონსულოში იქნება გახსნილი.
ახლა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა. თუმცა არჩევნებში მონაწილეობას შეძლებთ, თუკი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას 7 ოქტომბრის ჩათვლით მოასწრებთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ უმჯობესია 7 ოქტომბრამდე.
და გაქვთ თუ არა ხმის მიცემის უფლება იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ გსურთ?
დიახ, საარჩევნო კანონმდებლობა ამის საშუალებასაც იძლევა. ამ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ცესკო საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს გახსნის, ხმის მისაცემად რეგისტრაცია უნდა გაიარო იმ სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, რომლის იურისდიქციაშიც ხარ.
მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, რომ საკონსულო აღრიცხვისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, იქ ფიზიკურად მისვლაა საჭირო და ონლაინ ვერ შეძლებთ. დარეგისტრირების ბოლო ვადა აქაც 7 ოქტომბერია.
და კიდევ ერთი რამ, შესაძლებელია თუ არა, მისცეთ ხმა, თუ იმ ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებით?
დიახ, ამისი უფლება გაქვთ. რეგისტრაციის არც ერთი ეს ფორმა არ ნიშნავს, რომ რაიმე პრობლემა შეგექმნებათ იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობთ. მაგალითად, ეს უკვე საჯაროდ დაადასტურა ბელგიამ.
როგორც რევაზ ბეროზაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისას თქვენ მიერ შეყვანილი მონაცემები პირადი ინფორმაციაა. ამ ინფორმაციის როგორც გაცემის, ასევე გამოყენების შემთხვევაში შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი წესით.
მთავარი დაბრკოლება, რაზეც ემიგრანტები ჩივიან, მაინც მათთან ახლომდებარე ქალაქებში საარჩევნო უბნების არარსებობაა. მაგალითად, მეგი ამსტერდამში ცხოვრობს და როგორც ამბობს, იქ საარჩევნო უბანი არ გაიხსნება. ხმის მისაცემად კი ჰააგაში მოუწევს წასვლა.
თუმცა, როგორც მეგი ამბობს, წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჰგონია, რომ მისი ხმა არ დაიკარგოს. ამიტომ ამ გზის გავლაზეც არ წუხს, მით უმეტეს, მისი თქმით, ბევრი ემიგრანტი გაცილებით შორსაც აპირებს წასვლას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
„სამწუხაროდ, უნდა ვთქვა ის, რომ ბევრი წელია, საქართველოში არ ვცხოვრობ და ახლა პირველად უნდა მივცე ხმა. უბრალოდ, ზუსტად ამ არჩევნების დროს გავიაზრე თავიდან ბოლომდე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი ერთი ხმაც ისეთი ევროპული საქართველოს შესაქმნელად, როგორიც წარმოდგენილი მაქვს“, – დასძენს მეგი გურგენიძე „პუბლიკასთან“.