თინა მარგველაშვილის გახსენება
თინა მარგველაშვილი წლების წინათ იმ დროს გარდაიცვალა, როცა მე საქართველოში არ ვიყავი და ეს სამწუხარო ამბავი შორეული მოგზაურობისას შევიტყვე. ამით თითქოს უკანასკნელად იზრუნა ჩემზე და რაღაცნაირად გამიადვილა თავისი წასვლა, რადგან, რაკი დაკრძალვას არ დავსწრებივარ, დღემდე მგონია, რომ ისევ სუნთქავს ჩვენი ქალაქის რომელიღაც უბანში და მალე უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის კარსაც შემოაღებს.
არადა, ბოლო ათი წელიწადი შინიდან აღარ გამოსულა. მრავალწლიანმა უმძიმესმა შრომამ ერთბაშად გატეხა და გარდაცვალებამდე კარგა ხნით ადრე საწოლს მიაჯაჭვა. ამ ამბავს თითქოს ყველა ჩვენგანი მის აუცილებელ დასასრულთან უნდა შეეგუებინა, მაგრამ ქალბატონი თინა ბოლომდე სიცოცხლის ისეთ ხალისსა და გადამდებ ენერგიას ინარჩუნებდა, რომ გვეგონა, მალე ისევ ფეხზე დადგებოდა და ჩვეული გატაცებით მიუბრუნდებოდა საყვარელ საქმეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრაზე თითქმის ყველა თინა მარგველაშვილის მოწაფეები ვიყავით. ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ასწავლიდა არაბულ ენასა და ლიტერატურას და თუ დღემდე ეს დარგი ჩვენში მსოფლიო ავტორიტეტსა და მეცნიერულ დონეს ინარჩუნებს, ეს აკადემიკოს გიორგი წერეთლისა და პროფესორ ალექსანდრე ლეკიაშვილის შემდგომ, რა თქმა უნდა, თინა მარგველაშვილის უდიდესი დამსახურებაცაა.
გასაკვირია, რომ თინა მარგველაშვილს სადოქტორო დისერტაცია არ დაუცავს. მისი საკანდიდატო ნაშრომი „დაღესტნის არაბულენოვანი წარწერები“ თავის დროზე ნამდვილი მოვლენა იყო და დღესაც არ დაუკარგავს მეცნიერული ღირებულება და მნიშვნელობა. სადოქტოროზე კი არ უზრუნია და, ალბათ, იმ უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობის გამო, რაც დღევანდელ საქართველოში ასე უცნაურად გაგვიიშვიათდა. ქალბატონი თინა სხვა სკოლაგამოვლილი ადამიანი ბრძანდებოდა და ამიტომაც ნებისმიერ ადამიანს, უპირველესად კი თავის თავს განსხვავებულ, ძალზე მაღალ მოთხოვნებს უყენებდა. მაგრამ ეს არ იყო პრეტენზია. ეს იყო რწმენა ადამიანის შესაძლებლობებისა, რომელსაც კეთილსინდისიერი შრომითა და მეცადინეობით, ბევრი დაბრკოლების გადალახვა, უამრავი ღირებულის შექმნა შეუძლია. ამიტომაც ქებით არც შენ არასოდეს გაგანებივრებდა და თავის თავზე ხომ ყოვლად გამორიცხული იყო, სიტყვა დასცდენოდა.
სისადავეს პირველ რიგში ჩაცმით ამჟღავნებდა. სულ თალხი, უბრალო კაბით მახსოვს, გაცრეცილი ფეხსაცმლითა და შავი ფერის ჩანთით, რომელშიც სტუდენტთათვის მისაცემი წიგნები, საკონტროლო რვეულები და ათასფერი კალმები ეწყო. ერთი შეხედვით ვერც კი იფიქრებდით, თუ თქვენ წინ ქართული არაბისტიკის დედაბოძი იდგა.
მისი სიმკაცრის ამბავი სტუდენტობის პირველივე დღეებიდან გავიგე. ჩემი სპარსულის მასწავლებელი, ბატონი კარლო ტაბატაძე, რომლის რჩევითაც, სხვათა შორის, საბუთები უნივერსიტეტში სემიტოლოგიის განყოფილებაზე შევიტანე, როცა ჩემი მოსწრებით დაინტერესდა, კარგად ვსწავლობ, მაქებენ-მეთქი, ამაყად ვუპასუხე. ბატონმა კარლომ თავისებურად, ორაზროვნად გამიღიმა და მითხრა: ქება ის იქნება, თუ თინა მარგველაშვილი შეგაქებს, მანამდე კი წიგნებს თავი დააკალი და ღრუბელივით შეისრუტე ყველაფერი, რასაც გასწავლიანო.
გარდა ამისა, სტუდენტებში მათი ლექტორების ამბავი საოცარი სისწრაფით ვრცელდება და ამიტომაც თინა მარგველაშვილის მიმართ ისეთი შიში და ზაფრა გამიჩნდა, რომ მესამე კურსზე, როცა ჩვენი ძირითადი მასწავლებელი გახდა, პირველ რამდენიმე ლექციაზე შესვლა ვერც გავბედე.
მერე კი ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი ხანა დაიწყო. არ ვიცი, რამდენად სწორად ვიტყვი ან რამდენად სწორად გამიგებენ იმას, რასაც ვამბობ, მაგრამ ძალზე ადრე აღმოვაჩინე ერთი კანონზომიერება, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში სასწაულის როლი ითამაშა. მშობლები ბავშვობაში გარდამეცვალა და ამ ტრაგედიას ვერაფრით გავუძლებდი, უფალს ჩემთვის უკეთილშობილესი ადამიანები რომ არ მოევლინა. თითქოს დანაკარგის საპირწონედ, ღმერთმა სულ ისეთ პიროვნებებთან ურთიერთობის საშუალება მომცა, ისეთი ხალხის სიყვარული მისაჩუქრა, რომ უფლება არ მქონდა, მომავალზე ხელი ჩამექნია.
თინა მაინც უფლის განსაკუთრებული საჩუქარი იყო. არ ვიცი, როგორ ახერხებდა, ყოფილიყო ერთდროულად ძალზე მკაცრიც და სიყვარულიანიც. დავალებაც საფუძვლიანად გამოეკითხა და არც შენი სულის მოძრაობა გამოჰპარვოდა.
ერთხანს ჩემს დასთან, რუსთავში ვცხოვრობდი და იქიდან სიარული ძალიან გამიჭირდა. რამდენიმე ლექციაზე რომ დავაგვიანე, ქალბატონმა თინამ მიზეზი მკითხა. აღარ უსაყვედურია. ცოტა ხანში დამიბარა და მითხრა: ჩვენ დიდი ბინა გვაქვს, გადმოდი და ჩვენთან იცხოვრე. ჩემი ვაჟის ოთახის გვერდით დაგაბინავებ და ლექციებსაც აღარ გააცდენო.
ქალბატონ თინასთან მაშინ საცხოვრებლად არ გადავსულვარ, მაგრამ ეს შემოთავაზებაც კი ჩემთვის ხელმწიფის პალატებში დაბინავებას უდრიდა. მალე ხაშურში ბინა გავყიდე და იმ ფულით ზუსტად მთაწმინდის ძირში ერთი პატარა ქოხი შევიძინე. ქალბატონი თინას სახლი კი იმ უმძიმეს წლებში ჩემი საიმედო სულიერი თავშესაფარი გახდა.
მეხუთე კურსზე ქუჩაში ვიღაცამ გადატეხილი აგური მთხლიშა. სიგარეტი მთხოვა, ჯიბეში არ აღმომაჩნდა. ის კი უკნიდან მომეპარა და თავში აგური ჩამარტყა. ხდებოდა ასეთი არალოგიკური და წარმოუდგენელი სისასტიკეები XX საუკუნის 90-იანი წლების მოჟამულ თბილისში.
მთელი თვე ვიწექი შინ მეგობრების ანაბარა, რომლებიც ღამით მორიგეობით რჩებოდნენ ჩემთან, მაგრამ დღისით, ბუნებრივია, ყველას თავ-თავისი საქმე ჰქონდა და მთელ დღეს მარტო ყოფნა მიწევდა.
ერთხელაც ეზოს კარმა გაიჭრიალა. გიორგიო! – ვიღაცამ დამიძახა და მეც ოთახიდან შინაურულად გავეპასუხე, შემოდი-მეთქი, რადგან ჩემი რომელიმე მეგობარი მეგონა. რას წარმოვიდგენდი, რომ თინა მარგველაშვილი მოვიდოდა! ჩემი ამბავი ბავშვებს მისთვის უნივერსიტეტში უთქვამთ, რომ არ მენახე, გულმა აღარ მომისვენაო. არადა, იმ დროს უკვე ფეხები აწუხებდა და ყავარჯენზე დაყრდნობილს ჩემს სახლამდე აღმართი ძლივს-ძლივს ამოევლო. ცოტა ხანს დაისვენა, თან უნივერსიტეტის ამბებს მიყვებოდა და ჩემს გახალისებას ცდილობდა. წასვლისას იმ თავისი შავი, გაცრეცილი ჩანთიდან მურაბიანი ქილა ამოიღო. შინ მეტი არაფერი აღმომაჩნდაო, – მომიბოდიშასავით და დარცხვენილმა შემომხედა.
ვერ გეტყვით, მაშინ რა დამემართა. ჩემ თვალწინ ადამიანური სიკეთის სასწაული მოხდა და ამ სასწაულის ძალამ ძალიან მალე ფეხზე დამაყენა.
მერე და მერე, როცა ვიღაცები უნივერსიტეტში კორუფციის შესახებ გაჰყვიროდნენ, ამ ბრალდებებისა, მართალი გითხრათ, არასდროს მჯეროდა, რადგან ჩემთვის უნივერსიტეტი თინა მარგველაშვილი და მისი მსგავსი სპეტაკი ადამიანები იყო, მთელი მაშინდელი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სადაც შიმშილით რომ დახოცილიყვნენ, უღირსს მაინც არავინ არაფერს იკადრებდა. სადაც ლექტორს შინ ერთადერთი ქილა მურაბა რომ ჰქონოდა, იმასაც მშიერ სტუდენტს გაუნაწილებდა და ცოდნის გარდა, მისგან არაფერს მოითხოვდა.
ქალბატონ თინაზე კი წეღან რომ მოგახსენეთ, მკაცრი იყო-მეთქი, ამ სიმკაცრეს ძალზე თავისებურად ამჟღავნებდა. თუ სტუდენტს ადამიანური ურთიერთობის ანაბანისა რაიმე ესმოდა, შეუძლებელი გახლდათ, მის ლექციაზე მოუმზადებლად შესვლა გაებედა. ისეთს არაფერს გეტყოდა, ყველა ვითარებაში თავისი ჩვეული „დედიკოთი“ მოგმართავდა, მაგრამ ეს „დედიკო“ იმდენნაირი ელფერით ჟღერდა, რამდენი სტუდენტიც ჰყავდა და ვინც რა ნიუანსს დაიმსახურებდა. მაგალითად, მგონი, ერთადერთხელ, როცა ცოტა წავუცუღლუტე და ფონს გასვლას უკვე ნასწავლის მეშვეობით შევეცადე, მე, პირადად, ქალბატონი თინასგან ისეთი „დედიკო“ მოვისმინე, მერჩია, ერთი გემრიელი სილა შემოერტყა.
მაშინ იბნ ალ-მუკაფას „ქალილასა და დამანას“ გავდიოდით. ვინც არ იცის, რომ კლასიკური არაბული მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი ენაა, ხოლო ამ ენაზე შექმნილ ნიმუშებს შორის იბნ ალ-მუკაფას „ქილილა და დამანა“ სირთულით თითქმის ყველა ნიმუშს აღემატება, ძნელად წარმოიდგენს, რამხელა ცოდნა, გამოცდილება, ენის სტიქიის როგორი დამორჩილება სჭირდება მასწავლებელს, რომ მესამეკურსელი სტუდენტი ამ უდიდესი წიგნის უმშვენიერეს ხლართებში გაარკვიოს.
ქალბატონი თინას ლექციები ცოდნის, პროფესიონალიზმის, საქმის სიყვარულისა და პატიოსნების იშვიათი ნიმუში იყო და ამ ლექციებზე იგი ბოლომდე და დაუნანებლად იხარჯებოდა.
საერთოდ, უშურველობა ყველა ურთიერთობისას გამოარჩევდა. მით უმეტეს, ცოდნის გაზიარებისას თავს არ დაიზოგავდა, რომ განსაკუთრებულად რთული წესი ათასნაირად „დაეღეჭა“ და შენამდე ოპტიმალური ფორმით მოეტანა.
პედაგოგიური გამოცდილების ადამიანებს მშვენივრად მოეხსენებათ, რომ რაიმეს საფუძვლიანად ცოდნა საგნის ასევე საფუძვლიანად სწავლების უნარს სრულებით არ გულისხმობს. შეიძლება, ადამიანმა შესანიშნავად იცოდეს რაღაც დარგი, მაგრამ სხვებთან თავისი ცოდნის გაზიარებისას სავსებით უილაჯო აღმოჩნდეს. ერთი სიტყვით, მასწავლებლადაც ისევე უნდა დაიბადო, როგორც პოეტად ან მეცნიერად; გამოცდილება კი ღვთითბოძებულ ნიჭს მხოლოდ გააღრმავებს, თორემ ეს ნიჭი გამოცდილებით თავისთავად ვერ შეიძინება.
თინა მარგველაშვილი მასწავლებლად იყო დაბადებული. მასალის იშვიათი წვდომის უნარი გადმოცემის ასეთივე იშვიათ უნარს ერწყმოდა და ეს ყველაფერი სტუდენტის უდიდეს სიყვარულს ეფუძნებოდა.
თინა მარგველაშვილი ასევე დაბადებული იყო დიდ მთარგმნელად. ეს რომ ლიტონი განაცხადი არაა, მის მიერ ქალბატონ ნანა ფურცელაძესთან ერთად კონგენიალურად თარგმნილი „ათას ერთი ღამეც“ დაგვარწმუნებს. ორივე მთარგმნელისაგან ხშირად მსმენია, რომ „ათას ერთი ღამის“ ქართული თარგმანის წარმატება ტექსტში მათი მასწავლებლის, ბატონ გიორგი წერეთლის აქტიურმა ჩარევამ განაპირობა. ეს განცხადება, მე პირადად, უფრო მადლიერი მოწაფეების კეთილშობილური ჟესტი მგონია, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ბატონმა გიორგიმ შესანიშნავად იცოდა, ვისთვის რა დაევალებინა; ვინ როგორ ტვირთს ასწევდა და გაუძლებდა.
თინა მარგველაშვილისა და ნანა ფურცელაძის მიერ თარგმნილი „ათას ერთი ღამე“ არა უბრალოდ ქართული მთარგმნელობითი ხელოვნების შენაძენად წარმოგვიდგება, არამედ ამ ძეგლით პრაქტიკულად განისაზღვრა არაბული ლიტერატურის ქართულად თარგმნის ზოგადი სტილისტიკა. ამ სტილისტიკაში შემოქმედებითადაა ათვისებული შუა საუკუნეების თარგმანის ტრადიცია, რომელიც სათარგმნი მასალისადმი მეცნიერულ, მეთოდურ მიდგომას სრულიად ახალ რეგისტრში გადაჰყავს.
ამ რამდენიმე წლის წინათ, როცა „ათას ერთი ღამის“ ქართულ თარგმანს საგანგებო წერილი მივუძღვენი, სკრუპულოზურად შევუდარე ერთმანეთს დედნისა და თარგმანის მოზრდილი ნაწილები და გამაოცა, ერთი მხრივ, დედნისადმი ასეთმა ერთგულებამ, მეორე მხრივ კი, სილაღემ, რითაც ამ თარგმანის ქართულია აღბეჭდილი.
ამბობენ, თარგმანი ქალივითაა: ან უშნოა და ერთგული, ან ლამაზია და მოღალატე. ქართული „ათას ერთი ღამე“ სხვა რამეში გვარწმუნებს: თურმე, ქალებიც და თარგმანებიც შეიძლება ერთდროულად ლამაზებიც იყვნენ და ერთგულებიც.
სხვათა შორის, სიზუსტესთან დაკავშირებით ქალბატონი თინას ნაამბობიც გამახსენდა. გიორგი წერეთელი, თურმე, მისგან და ნანა ფურცელაძისაგან ტექსტთან მაქსიმალურ სიახლოვეს მოითხოვდა და ყველა ფრაზის თითქმის სიტყვა-სიტყვით გადმოტანას უბეჯითებდა. კუპიურებით თარგმნაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მაგრამ ერთხელ, როცა ქალბატონმა თინამ თავის მასწავლებელს სარედაქტოროდ წიგნის მორიგი ტომი მიუტანა, რომელშიც ამ ძეგლისათვის ჩვეული სკაბრეზი უჩვეულოდ უხვად იყო წარმოდგენილი, თვით გიორგი წერეთელიც შეწუხებულა და უთქვამს: ეგების, ეს ფრაგმენტები ცოტა შეგვერბილებინა ან საერთოდაც ამოგვეღოო. ქალბატონ თინას გაუპროტესტებია: რას ბრძანებთ, ბატონო გიორგი, ყველაზე უკეთ მაგ ადგილების თარგმანი გამომდისო! მერე იხსენებდა: ბატონმა გიორგიმ ამ სიტყვებზე ისე შემომხედა, მერეღა მივხვდი, რა იაღლიშიც მომივიდა და მთელი ცხოვრება განვიცდიდი, ამის თქმა როგორ გავუბედე-მეთქიო.
ასეა იყო თუ ისე, „ათას ერთი ღამის“ ქართული თარგმანი იმ უმკაცრესი ცენზურის წლებში კუპიურების გარეშე დაიბეჭდა და ესეც პროფესიონალთათვის დამახასიათებელი პატიოსნების გამო, თორემ ან თინა მარგველაშვილის, ან ნანა ფურცელაძისაგან მცირედი უხამსობის წარმოდგანაც კი ისევე გაჭირდება, როგორც, ვთქვათ, იმავე „ათას ერთი ღამის“ წარმოდგენა სკაბრეზის გარეშე. თარგმნილისა და მთარგმნელის ეს პოლარული განსხვავებანი მეგობრების წრეში სახუმარო თემად იყო ქცეული და ვახუშტი კოტეტიშვილი თინა მარგველაშვილის სადღეგრძელოს ასე იტყოდა: „გაუმარჯოს საქართველოში პორნოგრაფიული ლიტერატურის დედამთავარსა და გამავრცელებელსო!“
ხუმრობის მთელი „მარილი“ რომ უკეთ გავიაზროთ, ქალბატონი ნანა ფურცელაძის ამ ცოტა ხნისწინანდელი „აღსარებაც“ მინდა გაგიმხილოთ: მთელი „ათას ერთი ღამე“ ისე ვთარგმნე, რომ წარმოდგენაც არ მქონდა, რა იყო ჰომოსექსუალიზმი და ასეთი პერსონაჟები, უბრალოდ, პრანჭია კაცები მეგონაო.
თინა კი ასეთ „იდეურ მოუმზადებლობას“ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუშვებდა. ღდინამდე ჩასდევდა თარგმანის თითოეულ პასაჟს და თვით გიორგი წერეთელთანაც კი შეეძლო თამამად დაეჩემებინა: ყველაზე უფრო ამ მონაკვეთების თარგმნა მეხალისებაო.
იუმორისა და იმპროვიზაციის უზღვავი ნიჭი ჰქონდა და ეს ყველაფერთან დამოკიდებულებაში მჟღავნდებოდა. ერთხელ თავისი „ლექსიკური გრამატიკული კომენტარები“ მათხოვა, რომელიც თავის დროზე შვილებისათვის ესახსოვრებინა და ყდაზე წაეწერა: „ჩემს მერაბს და დათოს მათი მრავალტანჯული დედისაგან“. წლების შემდეგ მიძღვნისათვის ახალი წარწერა დაერთო: „ტანჯვა შენ მერე ნახე!“
თავიდან ამ სახალისო „მრავალტანჯულს“ მეორე წარწერა ნამდვილად ტრაგიკულ შეფერილობას აძლევდა, რადგან ის „მერე“ ქალბატონი თინასთვის უფროსი ვაჟის, მერაბის გარეშე ცხოვრებას გულისხმობდა.
მერაბზე ლაპარაკს საგანგებოდ გაურბოდა. მხოლოდ ერთადერთხელ, როცა რაღაც ძალიან გამიჭირდა და რჩევისათვის ქალბატონ თინას მივაკითხე, მიამბო: მერაბის გარდაცვალების შემდეგ ყველაფრის ხალისი დამეკარგა, შინიდან წლები გარეთ ვეღარ გამოვედი და ვერც ვეღარავის ვეკონტაქტებოდი.
ბოლოს უნივერსიტეტიდან თავისი გაიტანეს და ლექციების გაგრძელებაზე დამიყოლიეს. ჩავიცვი, წასასვლელად მოვემზადე, მაგრამ ბინიდან გასასვლელ კარს ვეღარ მივაგენი. უმწეოდ დავბორიალებ და საკუთარ გულს ვაწყდები. ბოლოს ჩემს თავს ვუთხარი: თინა, თუ ახლა ისევ სრულ ჭკუაზე ხარ, დაჯდები და კროსვორდს ამოხსნი. მართლაც, დავჯექი და კროსვორდი ამოვხსენი.
არ ვიცი, ეგზისტენციალისტებს ამაზე მარჯვედ გამოუხატავთ თუ არა ადამიანის სასოწარკვეთა და მარტოობა, ქალბატონი თინა კი მიმტკიცებდა, ცხოვრებაში ლექსი არასოდეს დამიწერიაო. „ლექსში“ ალბათ რიტმით გაწყობილ რითმას გულისხმობდა, თორემ მასზე პოეტური ადამიანი იშვიათად შეგხვდებოდათ; ადამიანი, ვისაც ასე ესმოდა ლექსი. თინას შენიშვნა ყოველთვის ზუსტი იყო, რადგან კანით გრძნობდა, სად ფეთქავდა ნამდვილი პოეზია და ერთიბეწო სიყალბესაც გამოარჩევდა. ამიტომაც სტუდენტობაში ჩემს ლექსებს პირველად ქალბატონ თინას ვაკითხებდი. მასთან ურთიერთობა კი თავისთავად იყო მაღალი რეგისტრის პოეზია. ნაცნობობის დასაწყისიდანვე მიბეჯითებდა: დედიკო, შენ უნდა თარგმნო „ქილილა და დამანა“. ამისთვის საგანგებოდ მამზადებდა. წამაკითხა უამრავი წიგნი, დამამუშავებინა თითქმის ყველა ავტორი, ვინც კი ასე თუ ისე შეჰხებოდა ამ უნიკალურ ტექსტს და მომასინჯვინა თარგმანის რამდენიმე ვარიანტი. ხოლო, როცა საბოლოოდ ჩავუჯექი თარგმნას თეირანში, შესრულებულ სამუშაოს ნაწილ-ნაწილ ვუგზავნიდი ქალბატონ თინას, რომელიც ტექსტს საგულდაგულოდ ასწორებდა და დედანს უდარებდა. ალაგ-ალაგ, როცა რამე არ მოეწონებოდა, წითელი კალმით საგანგებოდ შემომიხაზავდა, მიაწერდა: კიდევ იფიქრეო და ზოგჯერ საკუთარ ვარიანტსაც მთავაზობდა. საბოლოოდ კი, მგონი, ჩემზე მეტად უხაროდა, რომ თარგმანი გამოვიდა.
ასევე ქალბატონი თინას დაჟინებით შემიყვანეს მესამეკურსელი სტუდენტი ყურანის მთარგმნელთა იმ ხუთ თუ ექვსკაციან სამუშაო ჯგუფში, რომელიც 1993 წელს სემიტოლოგიის კათედრაზე ჩამოყალიბდა. მაშინ ბევრი ჩვენი კოლეგა მესამეკურსელის ცოდნასა და შესაძლებლობებს უნდობლად უყურებდა და თავიდან კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ ამ ჯგუფში მემუშავა, მაგრამ თინამ თავისი გაიტანა და, როცა ჯგუფურად თარგმნა არ გამოვიდა, მერე მუდმივად მახსენებდა: ახლა ქართული ყურანიც შენზეა! ადრე თუ გვიან, ვიცი, აუცილებლად გააკეთებ!
ამას ახლა ერთადერთი მიზეზით ვიხსენებ: სულაც არ მინდა, ჩემი პატარა წერილი თენგიზ ჩანტლაძის ცნობილ მინიატურას „მე და სამსუნს“ დაემსგავსოს. ვის, ვის და ქალბატონი თინას ხსოვნას ასეთ რამეს ნამდვილად არ ვაკადრებ, მაგრამ ამ დეტალებში, მგონი, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ არაჩვეულებრივად სახიერად ცხადდება მასწავლებლის დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ. სტუდენტებთან ურთიერთობისას თინა მარგველაშვილის მაქსიმალიზმიც სწორედ იმით იყო მოტივირებული, რომ მასწავლებელი თავის შეგირდებს სრულფასოვან კოლეგებად აღიქვამდა და ამით სამომავლო პროფესიული ზრდისათვის სტიმულს აძლევდა. მას ჰქონდა უდიდესი უნარი, რომ სტუდენტთა ხშირად უმწიფარ ცოდნასა თუ ნააზრევში პერსპექტივა დაენახა და საარაკო მოთმინებით ეზრუნა კარგის გასავითარებლად.
ამიტომაც აქ მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორი სტუდენტი ვიყავი მე, არამედ როგორი მასწავლებელი იყო თინა მარგველაშვილი და ეჭვი არ მეპარება, რომ ამ წერილს ხელს ქალბატონი თინას ყველა ნასტუდენტარი მოაწერდა, რადგან ყველას თავისი თინა მარგველაშვილი ჰყავდა: ერთგული, მოსიყვარულე, საიმედო.
თინა მარგველაშვილს შეგეძლო, ყველა სიტუაციაში თამამად დაყრდნობოდი, რადგან მოდასა და გავრცელებულ აზრს კი არ ასდევდა, საკუთარ მყარად შემუშავებულ, ცხოვრებით გამობრძმედილ და დადასტურებულ შეხედულებას. ამიტომაც, ვისაც ერთხელ მიიღებდა და შეითვისებდა, მერე მუდმივად მის ერთგულ დამფასებლად და გულშემატკივრად რჩებოდა. მას შეეძლო სიცოცხლის რისკის ფასად ჰყვარებოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მთელი დარჩენილი წლები ეგლოვა მისი ტრაგიკული ბედი და, ამავე დროს, არც საღად შეფასების კრიტერიუმები დაეკარგა.
მას, თვითონ ლოგინად ჩავარდნილსა და უსასოოს, შეეძლო ყოველ პარასკევს წერილი ეგზავნა უცხო ქვეყნად მყოფი სტუდენტისათვის და ახალ-ახალი ანეგდოტებით გაემხნევებინა.
მას შეეძლო, ერთი შეხედვით ყოვლად უინტერესო ლექცია არაბულ გრამატიკაში ფიქრის, აზროვნებისა და გრძნობის ნამდვილ ზეიმად ექცია.
მერე კი, საღამოობით ურთულეს არაბულ ტექსტებს ჩასჯდომოდა და არაჩვეულებრივი ქართულით ეთარგმნა მაკარი ანტიოქიელის ცნობები საქართველოს შესახებ, შუა საუკუნეთა არაბული პოეზია და ჩვენი მთარგმნელობითი სკოლის ერთ-ერთი მწვერვალი „ათას ერთი ღამე“.
იმიტომ, რომ იგი თინა მარგველაშვილი იყო – რჩეული წვეულთა შორის.