მზია ბურჯანაძე
მთარგმნელი, ფილოლოგიის დოქტორი
ვისთვისაც ლიტერატურა მნიშვნელოვანია და ვინც საქართველოში თარგმანის განვითარებას ინტერესით ეკიდება, შეამჩნევდა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმოუდგენლად გაიზარდა უცხოური ენებიდან ქართულად თარგმნილი წიგნების რიცხვი და, რაც მთავარია, დაიხვეწა და გაუმჯობესდა თარგმანის ხარისხი.
თარგმანის რაოდენობისა და მისი ღირებულების ზრდის უშუალო საბუთად ის ფაქტიც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ლიტერატურული კონკურსების გრძელ თუ მოკლე სიებში თარგმანების ჩამონათვალი მუდამ ყველაზე გრძელი და შთამბეჭდავია და ისეც ხდება, რომ მათი მოკლე სია ცალკე, მოგვიანებით ცხადდება ხოლმე.
ხშირად მიფიქრია, ამდენი შესანიშნავი თარგმანის არსებობის პირობებში რამდენად მძიმე პასუხისმგებლობაა ლიტერატურული კონკურსების ჟიურის შემადგენლობაში ყოფნა. რაც არ უნდა გემოვნებიანი და მიუკერძოებელი იყოს ადამიანი, ამდენ კარგ და კიდევ უკეთეს თარგმანს შორის საუკეთესოს ამორჩევა ურთულესი ტვირთია. შემფასებლის საქმიანობა ერთი მხრივ სასიამოვნო, მეორე მხრივ კი უმძიმესი პროცესია: ძნელია შეუვალი, თუნდაც სამართლიანი არბიტრის როლში ყოფნა. ყველა წიგნს თავისი მკითხველი ჰყავს, ყველა წიგნის უკან მკითხველის პიროვნება, გემოვნება, ინტერესი და ამა თუ იმ ავტორისა და მთარგმენლის სიყვარული დგას და გამორიცხულია, თუნდაც ყველაზე ობიექტური, პროფესიონალი და არატენდენციური ჟიურის გადაწყვეტილება ყველასთვის ცალსახად მისაღები გახდეს.
და ვფიქრობ, ამ ვითარებაში, რთული გადაწყვეტილების უტყუარ საბუთად საკონკურსო ჟიურის ისეთი წიგნის გამორჩევა თუ მოევლინება, რომლის წონადობა უპირობოდ გაამართლებს მის განაჩენს ნებისმიერი მთარგმნელისა და მკითხველის თვალში. ყოველ შემთხვევაში, გონიერი მთარგმნელისა და მკითხველის თვალში.
არის წიგნები, რომელთა გარეშე მსოფლიო ლიტერატურა სრულქმნილებას დაკარგავდა. ასეთი წიგნების თარგმნა კულტურული ერებისთვის ღირსების საქმე უნდა იყოს. არავისთვისაა საიდუმლო, რომ თარგმანი ეროვნული ლიტერატურის ნაწილად აღიქმება და ამ ლიტერატურის ღირებულებას არა მარტო ამ ქვეყნის ენაზე შექმნილი, არამედ სხვა ენებიდან თარგმნილი ლიტერატურაც ამყარებს.
ერთი ასეთი წიგნი გახლავთ მეცამეტე საუკუნის სპარსელი მისტიკოსისა და პოეტის, ჯალალ-ედ-დინ მოჰამად იბნ ბალხის, იგივე ჯალალ-ედ-დინ რუმის, „მოულანას“ ექვსნაწილიანი (ექვსწიგნიანი) პოემა „მასნავი-ე მა’ნავი“ – „არსთა მესნევი“.
არაბულ-სპარსული ლექსწყობის სალექსო საზომის – მასნავის – ფორმით დაწერილი ეს პოემა არ გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ბრწყინვალე კლასიკური სპარსული პოეზიის ერთ-ერთი, თუნდაც გამორჩეული, ნიმუში. ამ პოემას, რომელშიც თავმოყრილია ისლამურ სამყაროში იმ დროისთვის არსებული ყველა სააზროვნო ტენდენცია, აღმოსავლური მისტიციზმის ენციკლოპედიასაც უწოდებენ. თავად ავტორი მიიჩნევდა, რომ ამ პოემით ის ყურანის დაფარულ არსს განმარტავდა.
ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ქართულ ლიტერატურას, რომელიც მუდამ იყო საყოველთაო ღირებულებების პატივისმცემელი და გამზიარებელი, მნიშვნელოვან ამბად მოევლინა გიორგი ლობჟანიძის მიერ ბრწყინვალედ თარგმნილი ეს დიდი წიგნი. წლების წინ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა აღმოსავლეთმცოდნის, პოეტისა და მთარგმნელის მიერ ყურანის თარგმნა უკვე იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ, რომ მისგან წლების შემდეგ „მასნავის“ თარგმანთან შერკინება გასაოცრად არ უნდა ჩანდეს, თუმცა უზომო პატივისცემას კი იმსახურებს.
უნდა ვთქვა, რომ ამ წიგნის არათუ თარგმნა, არამედ სრულფასოვნად წაკითხვაც კი სერიოზული შემეცნებით-შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ურთულესი მისტიკურ-პოეტური სამყაროს შორეულ ნაცნობობას მაინც მოითხოვს. და ამ რეალობაში, ცხადია, მხოლოდ სანდო და გამოცდილ მეგზურს ხელეწიფება მკითხველისთვის უღელტეხილიანი გზის გაიოლება. ასეთ მეგზურად კი კვალიფიციური, პროფესიონალი მთარგმნელი უნდა იქცეს, რომელიც ერთდროულად ასოკირკიტა მკვლევარიც არის და ზეგარდმო პოეტიც.
რაც მე პროზაულად მოგახსენეთ, გ. ლობჟანიძეს პოეტურად გამოუთქვამს თარგმანის წინათქმაში: „მესნევის“ წაკითხვა საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას ნიშნავს. ეს კი იმდენად მტკივნეული პროცესია, რომ ადამიანს კითხვით მოგვრილ სიამოვნებას ავიწყებს. ტექსტის მრავალშრიანობა ისედაც დაძაბულობისკენ გიბიძგებს, აქ ხომ ფარდის გადაწევისას ხვდები, რომ მის მიღმა კიდევ ერთი, სულ სხვაგვარად მოხატული ფარდა ფრიალებს“.
პოემის თარგმანი უხვადაა აღჭურვილი ფილოლოგიური, ჰერმენევტიკული, თეოლოგიური, პოეტიკური ხასიათის კომენტარებით, რომელთა გარეშე მთარგმნელს მინდობილი მკითხველი მისტიციზმის სიღრმეებს თავს ვერც გაართმევს.
ასეთ წიგნებს, როგორც წესი, მთელი კოლექტივები თარგმნიან. წინამდებარე თარგმანის პირველი ნაწილის წინასიტყვაობაში წიგნის რედაქტორი, ქალბატონი თეა შურღაია, წერს კიდეც: „ამ სირთულეების გამო, რომლებთან გამკლავებაც ძალიან ძნელია, „მასნავი’ე მა’ნავის“ რუსულ თარგმანს მთარგმნელთა მთელმა კოლექტივმა მოჰკიდა ხელი. კოლექტივის გასაკეთებელ საქმეს კი ჩვენთან გიორგი ლობჟანიძე მარტო შეეჭიდა“.
ამ წიგნის თარგმნა გიორგი ლობჟანიძეს თითქოს ბედისწერამ შესთავაზა, ღვთივ ბოძებული ნიჭისა და მრავალმხრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით. ეს გახლავთ არაბული, სპარსული და ქართული ენების სიღრმისეული ცოდნა, მუსლიმურ თეოლოგიაში და მისტიციზმის საკითხებში განსწავლულობა, მეცნიერ-მკვლევრის კირკიტა კეთილსინდისიერება და პოეტური სულის სილაღე.
ჯალალ-ედ დინ რუმი, პირველ რიგში, პოეტი იყო და მის სრულყოფილად გაგებას და სწორ განმარტებას მხოლოდ მკვლევრის პროფესიონალიზმი, თეოლოგიისა და მეცნიერების დარგების ცოდნა ვერ შეიძლებდა. მის თარგმნას, ამ ყველაფერთან ერთად, ისეთი კაცი სჭირდებოდა, რომელიც „ხედავს სიზმრებს არათქვენებურს“. ვინც გიორგი ლობჟანიძის პოეზიას იცნობს, დამეთანხმება, რომ მის პოეტურ სიზმრებში ულოგიკო ნამსხვრევებიც მთლიანდება. სწორედ ასეთი კაცი შეძლებდა ჯალალ-ედ-დინ რუმის პოეტური ენციკლოპედიის ინტერპრეტირებას და ქართულად გარდმოთქმას.
მე არ შევუდგები მთარგმნელის ტიტანური შრომის მარცვალ-მარცვალ ამოკინძვას და ზუსტ აღნუსხვას. არ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა გარჯაა ჩადებული თითოეული ბეითისა და მონაკვეთის ინტერპრეტაციის პროცესში. ვიტყვი მხოლოდ, რომ თარგმანის კონკრეტულმა – სამეცნიერო – დანიშნულებამ განაპირობა კომენტარების უზარმაზარი კორპუსის შექმნა; არ ჩავუღრმავდები, თუ რამდენი ხელნაწერის ვარიანტულობა, რამდენი კრიტიკული გამოცემა და რამდენი მეცნიერის კომენტარებია ერთმანეთთან შეჯერებული, მათი შეჯერების საფუძველზე კი რამდენ ფასეულ დაკვირვებას გვთავაზობს მთარგმნელი. ვიტყვი მხოლოდ, რომ ესაა, პრაქტიკულად, რუმის „მესნევის“ კრიტიკული გამოცემების შეჯერების შედეგად შესრულებული აკადემიური თარგმანი.
„მესნევის“ წინამდებარე, მეორე, წიგნის შესავალში მთარგმნელი აღნიშნავს, რომ „ამგვარი „მარადიული“ ნაწარმოებები არასდროსაა სტატიკური და მუდამ დინამიკურ, ჰერმენევტიკულად ღირებულ, მოქნილ და ამოუწურავ მასალას წარმოადგენს“. მთარგმნელი, ამ მოსაზრების გასამყარებლად, ამოცანას ნებაყოფლობით ირთულებს და კომენტარებში ამბების, ე.წ. ნარატიული ნაწილების, წყაროებისა და მათი ნასესხობების კვლევასაც გვთავაზობს.
საინტერესო და განსაკუთრებით ფასეულია მისი დაკვირვებები იმ ასპექტებთან დაკავშირებით, რომლებიც სხვა მკვლევრებთან არ გვხვდება.
ურთულეს სამუშაოს გულისხმობს ტესტში უხვად გამოყენებული ალუზიებისა და პერიფრაზების თარგმანში გადმოტანა და მათი კომენტირება. ამის შესაძლებლობას მხოლოდ დიდი ცოდნა და ძიების განსაკუთრებული ალღო და ტალანტი იძლევა, გულმოდგინება და კეთილსინდისიერება. და ზრახვა, რომ საქმე მკითხველისთვის „სარგებლით“ დასრულდეს.
ვფიქრობ, მთარგმნელს საქმეს ურთულებდა არა მხოლოდ ტექსტის არსობრივი პლურალიზმი, არამედ წაკითხვის ორაზროვნებაც – გახმოვანების ვარიანტულობა, რამდენადაც ეს საკითხიც სხვადასხვა გაგების საფუძველს ქმნის და ინტერპრეტატორისთვის სახიფათო წყალქვეშა რიფებს წარმოადგენს.
ურთულესი იქნებოდა, ასევე, ენობრივი თამაშის თარგმანში გადმოტანა. სიტყვის თამაში საზოგადოდ ძალიან რთული გადასატანია თარგმანში, მით უფრო, თუ საქმე ისეთ მრავალშრიან თხზულებას ეხება, როგორიც ჯალალ-ედ დინ რუმის „არსთა მესნევია“.
წინამდებარე თარგმანთან დაკავშირებით მთარგმნელი წინასიტყვაობაში წერს: „ეს არის ტექსტის ფილოლოგიური თარგმანი… მაქსიმალური სიახლოვე ტექსტთან, ფრაზული, შეძლებისდაგვარად, სიტყვასიტყვითი თარგმანი.. რაც შედარებით უნდა შეამსუბუქოს მკაცრად ორგანიზებულმა რიტმმა… კარგად გვესმოდა, რომ ასეთი პოზიცია მთარგმენლისთვის ერთგვარად წამგებიანია. მით უმეტეს, რომ ქართველ მკითხველს, თუნდაც ამავე „არსთა მესნევის“ მთარგმნელისა და მისი წინამორბედი არაჩვეულებრივი მთარგმნელების წყალობით, ყური სულ სხვა აღმოსავლურ ჰანგზე და სულ სხვა ჯალალ ედ-დინ რუმიზე აქვს გაჩვეული“.
იქნებ ოდესმე გიორგი ლობჟანიძემ დაივიწყოს ის სიმძიმილი და ჭირ-ვარამი, რაც მის ტიტანურ შრომას მოუშორებლად თან სდევდა. იქნებ მოუბრუნდეს ამ დიდი პოემის პოეტურ თარგმანს, რათა სხვა აღმოსავლურ ჰანგს მიჩვეული ქართველის ყური მეტად დაატკბოს…
დღეს კი ვულოცავ მთარგმნელს იმ დიდ მოვლენას, რომელსაც ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევის“ კიდევ ერთი ქართულად გაწყობილი დავთრის გამოცემა ჰქვია.
რაც მთავარია, ვულოცავ ქართველ მკითხველს, რომ ამ გამორჩეული წიგნის კიდევ ერთი ნაწილის ბრწყინვალე თარგმანის მშობლიურ ენაზე გაცნობა შეუძლია.