მარიამ ვარადაშვილი
საქართველოს სავალუტო რეზერვები ბოლო ერთ წელიწადში 1.03 მილიარდი დოლარით შემცირდა, ოქტომბერში კი – 627 მლნ დოლარით, რაც ყველაზე მსხვილი ერთთვიანი კლებაა. წლიური კლების ყველაზე დიდი წილი ოქტომბერზე მოდის, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ეროვნულმა ბანკმა 200 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა ღია აუქციონზე. ეროვნული ბანკი დოლარს ასევე ყიდის/ყიდულობს Bmatch პლატფორმის მეშვეობით, თუმცა ინფორმაცია გაყიდული დოლარის რაოდენობის შესახებ მხოლოდ შემდეგი თვის ბოლოს საჯაროვდება, შესაბამისად, 25 ნოემბერს ზუსტად გვეცოდინება, რამდენი მლნ დოლარი გაყიდა სებ-მა წინასაარჩევნოდ.
რა მოცულობის რეზერვი დარჩა ქვეყანას?
ამ დროისთვის ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობა 4.08 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული, აქედან თითქმის 3.5 მილიარდი დოლარი ფინანსურ აქტივებშია განთავსებული, 627 მლნ დოლარზე მეტი კი მონეტარულ ოქროში, რომელიც ეროვნულმა ბანკმა წელს პირველად შეიძინა. ექსპერტების ნაწილმა მაშინ 7 ტონა ოქროს შეძენა სანქციებისგან თავდაცვას დაუკავშირა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი [IMF] ჯერ კიდევ მაისში, როცა საერთაშორისო რეზერვები 5 მილიარდ დოლარამდე იყო, წერდა, რომ ის ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა.
საარჩევნოდ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად
„პრობლემა ის კი არ არის, რომ ეროვნულმა ბანკმა ვალუტა გაყიდა და ლარი კატასტროფული გაუფასურებისგან იხსნა, არამედ პრობლემა ის გახლავთ, რომ ეროვნული ბანკი მალავდა მიზეზს, რატომ მოუწია ჩვენი რეზერვების ასე უმოწყალოდ გაფლანგვა. ამბობდა, რომ ეს რაღაც ერთჯერადი ტრანზაქციების საკითხია, თუმცა სინამდვილეში ხელს აფარებდა „ქართული ოცნების” დანაშაულებრივ საარჩევნო კამპანიას”, – გვეუბნება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.
მისივე თქმით, მთელი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა მყარ ლარს, თუმცა სექტემბერში „ქართული ოცნებისა” და მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურმა კამპანიამ ნათლად აჩვენა, რომ მთავრობა დასავლეთისკენ არ მიდიოდა. ამან კი საზოგადოებას და ბიზნესს უარყოფითი მოლოდინები შეუქმნა, რაც შემდეგ უკვე ლარის კურსზე აისახა.
„მთავრობის საარჩევნო კამპანიამ რეზერვები ლამის განადგურების ზღვრამდე მიიყვანა”, – გვეუბნება გოცირიძე და ამატებს, რომ რეზერვების მოცულობა 5.4 მილიარდ დოლარს [აქამდე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ნიშნულს] რომ დაუბრუნდეს, ამას მრავალი წელი დასჭირდება.
„ერთადერთი პერიოდი, როდესაც ეროვნულმა ბანკმა უფრო მეტი [დოლარი] იყიდა, ვიდრე გაყიდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგი პერიოდი [2022-2023 წლები] იყო. დაახლოებით 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა რეზერვები, მაგრამ ეს არ იყო ეკონომიკიდან შემოსული ფული, არამედ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შედეგი, რომლებმაც ჩამოიტანეს ან გადმორიცხეს აქ ფული”, – ამბობს რომან გოცირიძე.
ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონები არჩევნების წინ ასე გამოიყურებოდა:
- 8 ოქტომბერი – 48. 5 მლნ დოლარი
- 16 ოქტომბერი – 64.9 მლნ დოლარი
- 23 ოქტომბერი – 60 მლნ დოლარი
- 25 ოქტომბერი – 40 მლნ დოლარი
ეროვნული ბანკის წარმომადგენელი წინასაარჩევნოდ სავალუტო ინტერვენციების აუცილებლობაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ მომდევნო თვეებში რეზერვებს კვლავ შეავსებდნენ.
„ეს არის წინასაარჩევნო პერიოდთან, მოლოდინების ფაქტორებთან დაკავშირებული ზეწოლა სავალუტო ბაზარზე. ასეთ ვითარებაში ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყენება მიზანშეწონილია ბაზარზე არსებული დროებითი დისბალანსის დასაკომპენსირებლად. როგორც გამოცდილება აჩვენებს, აჟიოტაჟური ეპიზოდის გადავლისა და უარყოფითი მოლოდინების მილევის შემდეგ ბაზრის მოთამაშეები ჭარბად შეძენილ უცხოურ ვალუტას უკან აბრუნებენ”, – აცხადებდა 24 ოქტომბერს სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი.
რა ამყარებს ლარს?
ლარი დოლართან რომ არ გაუფასურდეს, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათგან მნიშვნელოვანია ე.წ. საგარეო შემოდინებები. მარტივად რომ თქვათ, საქართველოში დოლარის შემოდინების წყაროები, აქედან ძირითადია ექსპორტი, ფულადი გზავნილები, რომელსაც საზღვარგარეთ დასაქმებული ქართველები ოჯახებს უგზავნიან; ტურიზმი და ინვესტიციები. ინვესტიციების წილი მცირეა, რადგან, როგორც წესი, საქართველოში ბევრი უცხოური ინვესტიცია არ შემოდის. თუ ეს მაჩვენებლები იზრდება, არსებობს მოლოდინი, რომ ლარი დოლართან/ევროსთან მიმართებით გამყარდება.
„ვალუტის დეფიციტს ავსებს ექსპორტი, ტურიზმი და გადმორიცხვები. ჩვენი ემიგრანტები ინახავენ ფინანსურ სისტემას და მათ გადმორიცხვებზეა დამოკიდებული ლარის სტაბილურობა. როცა საგარეო ხარჯები მეტი გვაქვს, ვიდრე შემოდინებები, ასეთ დროს ერთვება ეროვნული ბანკი და ყიდის რეზერვებს, რათა ლარის სტაბილურობა შეინარჩუნოს. ფაქტობრივად ეს რესურსი უკვე ამოწურულია”, – გვეუბნება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი ირწმუნება, რომ ეროვნული ბანკი რეზერვების ხელახლა შევსებას მალე დაიწყებს.
„ხან საჭიროა რეზერვების დახარჯვა, შემდეგ ხდება ხოლმე ამ რეზერვების შევსება. ძალიან მალე გადავალთ იმ ეტაპზე, როცა რეზერვების შევსება მოხდება”, – ამბობს კობახიძე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ შექმნილი აჟიოტაჟის პირობებში ლარის გასამყარებლად ინტერვენციები იყო საჭირო.
„რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მერწმუნეთ მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა ჩვენს მოსახლეობას საბოლოო ჯამში, გააღარიბებდა ბიზნესს, შეარყევდა ლარის მიმართ ესოდენ დიდი ძალისხმევით ნაგროვებ და განმტკიცებულ ნდობას”, – ამბობს თურნავა.
რატომ არის ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვანი?
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები საქართველოს ეროვნული ბანკის ყველაზე მსხვილი აქტივია. ცენტრალური ბანკები სავალუტო რეზერვებს სხვადასხვა უცხოურ ვალუტაში ან ძვირფას მეტალში ინახავენ, ჩვენს შემთხვევაში ეს არის ოქრო, იხდიან საგარეო ვალს და აზღვევენ ფინანსურ სტაბილურობას. სავალუტო რეზერვებს ასევე იყენებენ ვალუტის კურსის გასამყარებლად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს და კურსი ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებამ უნდა დაადგინოს, ეროვნული ბანკი მაინც იყენებს რეზერვებს, როცა ხედავს, რომ ლარი უფასურდება. ამას გარდა, სავალუტო რეზერვები ერთგვარ ბუფერის როლს ასრულებს საგარეო შოკების დროს.
„საგარეო კრიზისი რომ იყოს, ეროვნულ ბანკს ლარის „გადასარჩენი” ფული უკვე აღარ აქვს”, – ამბობს გოცირიძე.
ბოლო ორი წელია, საქართველოს ცენტრალური ბანკი სავალუტო რეზერვებს აქტიურად ზრდიდა და გასული წლის აგვისტოში რეკორდულ მაჩვენებელს 5.4 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ორი გზით ყიდის და ყიდულობს: სავალუტო აუქციონზე და სავალუტო აუქციონის გარეშე, Batch პლატფორმაზე. აუქციონის შემთხვევაში ინტერვენციების შესახებ იმ დღესვე ვიგებთ, Bmatch-ის შესახებ ინფორმაციას კი ეროვნული ბანკი მომდევნო თვის ბოლოს აქვეყნებს.