როცა ბავშვი მუდმივად გაღიზიანებული, სევდიანი ან აგრესიულია – რას მოიცავს ემოციური რეგულაცია

ნათია ამირანაშვილი

მტკიცებულება გვიჩვენებს, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, ბავშვობის ასაკიდან (ფაქტობრივად, დაბადებიდან) ვიზრუნოთ ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ამგვარ უნარ-ჩვევებს შორის ემოციური რეგულაცია ერთ-ერთი საკვანძოა.

რა არის ემოციური რეგულაცია და რა როლი აქვს მას მოზარდის განვითარებაში? როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს ქცევის კონტროლში? და რა სირთულეებს წააწყდება ის, თუ არ აღვჭურავთ შესაბამისი უნარებით – მაგალითად, როგორ უნდა გაუმკლავდეს ბრაზს, სევდასა თუ იმედგაცრუებას.

ჩვენ მიერ ზემოთ წამოჭრილ საკითხებზე ფსიქოთერაპევტი ქეთი ფილაური გვესაუბრება, გვიზიარებს გამოცდილებასა და რჩევებს, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი შვილებისთვის.

– ტერმინი – „ემოციური რეგულაცია“ შესაძლოა, ბევრისთვის დამაბნეველი და გაუგებარი იყოს. თავდაპირველად რომ განგვიმარტოთ, რას ვგულისხმობთ, როცა ემოციურ რეგულაციას ვახსენებთ?

ემოციური რეგულაცია არის ერთ-ერთი ბაზისური უნარ-ჩვევა, ღერძი, რაზეც ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა დგას. ფსიქიკური ჯანმრთელობა კი ჩვენი სრულფასოვანი, ხარისხიანი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

ემოცია ფსიქიკური პროცესია, რომელიც ჩვენს ქცევას არეგულირებს. მუშაობს როგორც ე.წ. სასიგნალო სისტემა, ანუ ემოცია ქცევის ერთ-ერთი მარეგულირებელია, რომელიც მიგვანიშნებს გარემოში მიმდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვან მოვლენებზე და გვაძლევს მიმართულებას.

ბავშვის განვითარების კონტექსტში რომ შევხედოთ, ემოციური რეგულაცია არის უნარ-ჩვევა, ისეთივე როგორც მაგალითად, წერა-კითხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ უნარით არ ვიბადებით. ეს არის უნარი, რომელსაც ბავშვი განვითარების პროცესში თანდათანობით შეიძენს და გაამრავალფეროვნებს ასაკისა და გარემოს მოთხოვნებიდან გამომდინარე. ეს პროცესი კი დიდწილად დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებთანაც განვითარების პროცესში ბავშვს ურთიერთობა აქვს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ წერა-კითხვის უნარის განვითარება, დაახლოებით, დაწყებით კლასებში უნდა დასრულდეს, ემოციური რეგულაცია კი დროში ბევრად უფრო ხანგრძლივი პროცესია. ვინაიდან დამოკიდებულია ნერვული სისტემის მომწიფების თავისებურებებზე. შესაბამისად, იწყება, ფაქტობრივად, დაბადებიდან და გრძელდება 20-22 წლამდე, თუმცა ამ უნარის განვითარება მერეც შესაძლებელია.

– რა შემთხვევაში ვსაუბრობთ ემოციური რეგულაციის დარღვევაზე? რა მოიაზრება ამაში?

ემოციურ დისრეგულაციაში [Emotional dysregulation / ემოციური რეგულაციის დარღვევები, სირთულეები] მოვიაზრებთ ემოციური რეაგირების ისეთ ფორმებს, რომლებიც შეუსაბამოა კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტული ადამიანისთვის. ის სცდება მოსალოდნელი რეაქციების მრავალფეროვნებას და რეაგირების ეს ფორმა მეტ-ნაკლებად სტაბილური სიხშირისაა. მაგალითად, ბავშვს აღენიშნება ბრაზთან, ფრუსტრაციასთან გამკლავების სირთულეები და ეს მუდმივ ხასიათს ატარებს. ტიპურ შემთხვევაში მოზარდისთვის დამახასიათებელია გაბრაზება და მალევე დამშვიდება, ისე, რომ შეიძლება, აღარც ახსოვდეს მომხდარი და კარგ ხასიათზე დადგეს. საყურადღებო კი არის შემთხვევები, როდესაც მოზარდი მუდმივად გაბრაზებულია, მუდმივად სევდიანია, ე.წ. ნეგატიური ემოციები ჭარბობს მის შემთხვევაში და ეს სევდიანობა ხანგრძლივია.

– ალბათ გააჩნია ხომ მიზეზსაც, რის გამოც ბავშვი ნეგატიურ ემოციებშია და აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა იმის განსაზღვრისთვის, როგორი უნდა იყოს ჩვენი, მოზრდილთა ჩართულობა ამ დროს?

დიახ, ცხადია. თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, მაგალითად, რაიმე დანაკარგი – სკოლის ცვლილება, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, მშობლების განქორწინება და ამაზე საპასუხოდ ბავშვს აქვს ასეთი რეაქცია, რა თქმა უნდა, ამ დროს არ ვსაუბრობთ ემოციურ დისრეგულაციაზე. პირიქით, ეს ადეკვატური რეაქციაა იმ ცვლილებაზე, იმ დანაკარგზე, რომელიც ბავშვის ცხოვრებაში დადგა, ანუ როცა რეაქცია სიტუაციის შესაბამისი და თანაზომიერია.

ჩვენ დისრეგულაციაზე ვსაუბრობთ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი თვალსაჩინო მნიშვნელოვანი მიზეზები არ არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნო რაღაცებიც ხდება ბავშვის ცხოვრებაში, მის ემოციურ ცხოვრებას მრავალფეროვნება აკლია – ის მაინც სევდიანია, სულ გაბრაზებულია ან მუდმივად მტრული განწყობით გამოირჩევა. მაგალითად, პატარა წაკამათებაზე დაკარგა ქცევაზე კონტროლი და გადაიზარდა აგრესიულ ქმედებაში და ა.შ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ დისრეგულაციაზე.

– სად შეიძლება პოვოს გამოვლინება ემოციების დისრეგულაციამ და განსხვავდება თუ არა ის ასაკის მიხედვით?

ეს ყველგან შეიძლება გამოვლინდეს, სადაც ბავშვია და გავლენა მოახდინოს სოციალიზაციის პროცესზე თანატოლებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობაზე, აკადემიურ მიღწევებზე, ასაკის ზრდასთან ერთად, რა ამოცანებსაც სოციუმი წაუყენებს მას, იქნება ეს პირადი თუ სამსახურებრივი ურთიერთობები.

განვითარების ჭრილში რომ შევხედოთ, დაწყებითი კლასის მოსწავლე განსხვავდება მოზარდისგან, თუნდაც იმით, რომ დაწყებით კლასში ადვილია, იტირო. ესეც ხომ ემოციური რეგულაციაა – რაღაც მეწყინა, ვიტირე და ეს ტირილი არის მინიშნება მეორისთვის, რომ მე მხარდაჭერა მჭირდება. როცა ვტირი, ვიღაცა მოდის – მშობელი, მასწავლებელი, თანაკლასელი, თანაგრძნობას ვიღებ და ამ პროცესში ემოციას ვარეგულირებ.

მოზარდისთვის კი ტირილი უკვე აღარ არის მისაღები, მან რაღაც სხვა უნდა მოიფიქროს და ეს განსხვავდება, მათ შორის, სქესისა და კულტურების მიხედვითაც – გოგოები სხვანაირად არეგულირებენ ემოციას, ბიჭები სხვანაირად. ჩვენს კულტურაში ვიცით, რომ „ბიჭები არ ტირიან“. შესაბამისად, მათი ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ეს არ ნიშნავს, რომ არ ეტირება, უბრალოდ, საზოგადოებისგან არ არის „ნებადართული“, რომ ემოცია ასე გამოხატოს. ისევე როგორც, მაგალითად, „გოგოები არ ბრაზობენ“, არ აქვთ ლეგიტიმაცია, ბრაზი ღიად გამოხატონ ან მაგალითად, ფიზიკურად დაიცვან თავი.

– ახლა რომ ვისაუბროთ მშობლების, ან ზოგადად, მოზრდილთა საპასუხო დამოკიდებულებაზე, ჩართულობაზე ბავშვის ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს, რა ფაქტორებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და შემდეგ უკვე, რა იქნება ადეკვატური დახმარება ბავშვის მიმართ, რა შესაძლებლობები გვაქვს?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფროსები დაინტერესდნენ და შეძლონ ბავშვის ემოციის არსის გაგება – რატომ ბრაზდება ის, რის გამო ბრაზობს. მნიშვნელოვანია დიალოგის სივრცის არსებობა. და ეს სივრცე არაა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე – „რატომ ბრაზობ, რა არის ამაში გასაბრაზებელი, რატომ ხარ მოწყენილი, რატომ ხარ უკმაყოფილო, მე ხომ ამდენი რამ გაგიკეთე, შენ მაინც უკმაყოფილო ხარ“ – დიდი შანსია, რომ ასეთი ფორმით რეაგირება, ბავშვმა მიიღოს, როგორც შენიშვნა ან მინიშნება, რომ რასაც გრძნობს- არასწორია.

აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ემოცია, როგორც შინაგანი, სუბიექტური მდგომარეობა და ამ მდგომარეობის გარეთ გამოხატვა ანუ ქცევა. ჩვენ შეიძლება ბავშვებს დავუკორექტიროთ ქცევა, თუ ის არ არის სიტუაციის შესაბამისი – „შენ შეიძლება გაბრაზდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა იყვირო, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დაარტყა“. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ჩვენ არ ვირჩევთ, რას ვგრძნობდეთ, გავბრაზდეთ თუ გვეწყინოს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია – რომ გვეწყინება, გავბრაზდებით თუ გაგვიხარდება – ავირჩიოთ, როგორ მოვიქცეთ, როგორ გამოვხატოთ ეს ემოცია.

– თუ შეიძლება, განვავრცოთ, „ამაზე არ უნდა გაბრაზებულიყავი“ – რა გზავნილია ეს ფრაზა ბავშვისთვის?

„ამაზე არ უნდა გაბრაზებულიყავი“ – ეს მესიჯი, პირველ რიგში ნიშნავს, რომ „რასაც შენ გრძნობ, სწორი არ არის, ამას არ უნდა გრძნობდე“ – ასეთი მიდგომა კი ბავშვს არ ეხმარება. ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს, ეხმარებათ, როცა ვიღაც მათი ემოციით ინტერესდება და ტოვებს სივრცეს ამის გამოსარკვევად – „მე ვხედავ, რომ გაბრაზებული ხარ, მომიყევი რა მოხდა, რატომ არის ეს შენთვის მნიშვნელოვანი“. ამ პროცესში ბავშვი რას სწავლობს? – პირველი, რომ მშობლისთვის, მასწავლებლისთვის მისაღებია, მე რომ გაბრაზებული ვარ და ამ პროცესში ჩემი ემოცია, ჩემთვისაც მისაღები ხდება. გარდა იმისა, რომ მისაღები ხდება, ეს შეკითხვები დამეხმარება, რომ ჩემი ემოცია ჩემთვისაც გასაგები გახდეს.

მესამე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რაც ამ პროცესში გავიგე არის ის, რომ ნებისმიერი ემოცია, რაც არ უნდა მტკივნეული და აუტანელი იყოს, დროებითია. 5 წუთის წინ ხომ ვიყავი გაბრაზებული და ამ ადამიანთან კომუნიკაციის პროცესში, რომელმაც დაინახა ჩემი ემოცია, მიიღო და არ მითხრა, რომ ასე არ უნდა ვგრძნობდე თავს, ეს ემოცია გავიდა.

შემდგომში, როდესაც იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდები, მე უკვე მეცოდინება, რის გამო გავბრაზდი, ისიც ვიცი, რა უნდა გავაკეთო – აი, უფროსი, რომელიც მზად არის, მომისმინოს და გაიგოს ჩემ შესახებ. მსგავსი განმეორებითი გამოცდილებების შემდეგ კი, უფროსის ქცევა – ყურადღებისა და ინტერესის გამოხატვა, შეკითხვების დასმა და ა.შ. ინტერნალიზდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი შემდეგ უკვე თავად შეძლებს საკუთარი ემოციის დარეგულირებას; ანუ მომავალში მე თვითონ მოვექცევი ჩემს თავს ისე, როგორც უფროსი მომექცა. საკუთარ თავში დავაინტეგრირებ ამ უნარს, რომ მოვუსმინო ჩემს თავს, კითხვა დავუსვა და ვიყო ჩემს თავთან, როცა გაბრაზებული ვარ და აღარ მჭირდება ამ ემოციის მაინცდამაინც ქცევაში გადმოტანა – მუშტის მოქნევა, შეგინება და ა.შ.

– ემოციური დისრეგულაცია და ადიქცია – როდის იჩენს ეს რისკფაქტორი თავს?

ადიქცია რა არის: ქცევა, რომელსაც შეუძლია მომიტანოს დროებითი შვება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში არის ზიანის შემცველი. ბავშვი, როდესაც ის სევდიანია, (სევდასაც რეგულაცია სჭირდება) და არ იცის, როგორ იყოს ამ სევდასთან, „კარგი საშუალებაა“ აიღოს ტელეფონი და გადაერთოს სასიამოვნო რაღაცაზე, „სქროლოს“, ვიდეოთამაშებში ჩაერთოს, ტოტალიზატორში ითამაშოს და ა.შ. მოზარდი, თუ ის მოჭარბებულად შფოთავს სოციალურ სიტუაციებში და შეამჩნია, რომ ალკოჰოლი შფოთვას უქვეითებს, მაღალი ალბათობით, გაიმეორებს ამ ქცევას. ანუ მე თუ არ შემიძლია ამ ემოციასთან გაჩერება/გამკლავება, მაშინ ამ ემოციისგან გაქცევის საშუალებას ვეძებ. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც მინდება, რომ მე, როგორც ბავშვს, ეს დრო შევსებული მქონდეს, მაგალითად, ეკრანით – ეკრანი ავსებს დროს და არ მაძლევს საშუალებას, რომ ჩემს მტკივნეულ ემოციებთან დავრჩე, იმიტომ, რომ არ ვიცი ამასთან გამკლავება, არავის უსწავლებია ეს ჩემთვის. ნებისმიერ დამოკიდებულებას ერთი მექანიზმი აქვს და რა თქმა უნდა, მშობლის, უფროსის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ემოციური რეგულაცია, როგორც აღვნიშნეთ, არის უნარ-ჩვევა, რომელიც ეტაპობრივად უნდა განგვივითარდეს – მე უნდა ვნახო, სხვა როგორ არეგულირებს ამას, უნდა გამოვცადო, სხვა როგორ დამეხმარა ჩემი ემოციის რეგულაციაში, რომ მერე ეს მე დამოუკიდებლად გავაკეთო. ანუ ვიღაცამ ეს უნდა მასწავლოს, სხვაგვარად მე ამას ვერ ვისწავლი. ეს არ არის თანდაყოლილი უნარი. ამას ბავშვი მხოლოდ უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობის პროცესში სწავლობს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აგრეთვე საზოგადოების მოდელი. ბავშვი უყურებს, როგორ უმკლავდებიან ემოციას სხვა ადამიანები, მისი ნაცნობები თუ უცნობები, ზრდასრულები თუ თანატოლები. მაგალითად, თუ სკოლაში, ოჯახში, თემში ხედავს, რომ ის, ვინც ბრაზობს, ჩხუბობს, ყვირის, აგრესიულია და თავისას მაინც იღებს, მაშინ დიდია შანსი, რომ მანაც გადაიღოს ეს ქცევა და პრობლემებს თავადაც ასე გაუმკლავდეს. ამიტომ, აქ ჩნდება შეკითხვა – მე, უფროსი თავად როგორ ვარეგულირებ ემოციას.

მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბავშვები უფრო მეტად სწავლობენ არა იმით, რას ვეუბნებით, არამედ იმით, რას ვაჩვენებთ. ეს მათთვის ბევრად უფრო ინფორმაციულია. ვერბალური ინფორმაცია ცოტა გვიან გადამუშავდება ბავშვებისთვის, გამოცდილებითი ცოდნა კი უფრო მნიშვნელოვანია. ბავშვს შეიძლება არაფერი ვუთხრა, უბრალოდ მოვუსმინო და მან იცოდეს, რომ მე მის გვერდზე ვარ, რათა მან მხარდაჭერის გამოცდილება მიიღოს.

– მთავარი მესიჯი, რაც ამ ინტერვიუთი უნდა მიიღონ მშობლებმა:

მთავარი გზავნილი, რაც შეიძლება დღეს მშობლებმა, უფროსებმა მიიღონ, არის ის, რომ ემოცია არის რეაქცია, რომელსაც ბავშვი არ ირჩევს და რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ბავშვის შესახებ. ბავშვი არ ირჩევს ემოციას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მას დავეხმაროთ იმაში, რომ ემოცია მისაღები ქცევით გამოხატოს. უფროსებს შეგვიძლია ბავშვების დახმარება არა შენიშვნით და ჭკუის დარიგებით, არამედ მოსმენით, ინტერესის გამოხატვით და მაგალითის მიცემით.


სტატია მომზადებულია „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტის „ნივთიერებადამოკიდებულებისა და აზარტული თამაშების მავნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია სამიზნე მოსახლეობაში“ ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაკვეთით. კომპონენტის განმახორციელებელია ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“.