ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ზუსტად ისე მოულოდნელად დასრულდა, როგორც ვარაუდობდნენ – მოულოდნელი ფილმის გამარჯვებით.
ალბათ, ვერასოდეს ვერავინ მიხვდება, რატომ მიანიჭეს ჟიურის წევრებმა 24 თებერვალს, ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს დათვი“, ახალგაზრდა და უცნობი ფრანგი რეჟისორის, მატი დიოპის დოკუმენტურ ფილმს – Dahomey.
ფილმის წინაისტორია ასეთია: 2021 წლის ნოემბერში, საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა დღევანდელი ბენინის რესპუბლიკისათვის (ყოფილი დაჰომეის სამეფო ცენტრალურ აფრიკაში), პარიზის მუზეუმში დაცული 26 ისტორიული საგანძური დაებრუნებინა. ეს არტეფაქტები თავის დროზე, საფრანგეთის კოლონიალურმა ჯარმა 1892 წელს, უკანონოდ გაიტანა დაპყრობილი ქვეყნიდან და ცხადია, გარკვეული დროის შემდეგ, ეს საკითხი აქტუალური გახდა.
თუმცა როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ყოფილ მეტროპოლიას ყოფილი კოლონიის მიმართ, ყოველთვის იარსებს პრობლემა რატომ, როდის და რა ფორმით უნდა დააბრუნოს მან უკანონოდ გატანილი ისტორიულ-კულტურული ფასეულობანი. სწორედ ამ დებატებს ეძღვნება დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ქალაქ კატონუს და პორტო-ნოვოს უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რა კავშირი აქვს ამ სპეციფიკური თემით დაინტერესებული რეჟისორის დაინტერესებას ბერლინალეს ფესტივალის საკონკურსო პროგრამასთან? რატომ უნდა განიხილოს ჟიურიმ ის პოლიტიკური პერსპექტივიდან გამომდინარე, მხატვრული ფილმების კონკურსში?.. და თუ ეს შესაძლებელია, რატომ არ შეიტანეს მაგალითად, ლანა ღოღობერიძის ათჯერ უკეთესი ფილმი ძირითად კონკურსში და რატომ დატოვეს „ფორუმის“ პროგრამაში? სხვათა შორის, დაჯილდოების ცერემონიაზე, როდესაც წამყვანმა ფესტივალის ჯერ კიდევ მოქმედ დირექტორს, მარიეტ რისენბეკს დოკუმენტური ფილმების შესახებ ჰკითხა, პირველი სახელი და გვარი რაც მან დაასახელა, ლანა ღოღობერიძე იყო.
წლევანდელი ბერლინალე ცვლილებსაც აღნიშნავს, რადგან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები – კარლო ჩატრიანი და მარიეტ რისენბეკი მომავალი წლიდან თავიანთ თანამდებობას ტოვებენ და ამ ადგილს ლონდონის კინოფესტივალის დირექტორი, ტრიშა ტატლი დაიკავებს. ის დარბაზიდან ადევნებდა თვალს დაჯილდოების ცერემონიას.
ჟიურის კიდევ ერთი უჩვეულო გადაწყვეტილება ისევ და ისევ დოკუმენტურ ფილმს უკავშირდება: ეს არის ლათინურ ამერიკული და აფრიკული კოპროდუქცია, რომლისთვისაც რეჟისორმა ნელსონ კარლოს დე ლოს სანტოს არიასმა „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა საუკეთესო რეჟისურისთვის. ფილმში „პეპე“ დომინიკელი რეჟისორი გვყვება უცნაურ დოკუმენტურ ისტორიას, როგორ გადაყავთ ჰიპოპოტამები აფრიკიდან კოლუმბიამდე.
ერთადერთი, რაშიც ალბათ კრიტიკოსებს მაინც გაუმართლათ, არის ჟიურის დიდი პრიზით (მნიშვნელობით მეორე) სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ჰონ სანგსოს ფილმის აღნიშვნა. „მოგზაურის საჭიროებანი“, რომელშიც იზაბელ იუპერი მთავარ როლს ასრულებს, ჟიურიმ ალბათ, წმინდა ესთეტური მოსაზრებით დააფასა. თუმცა როდესაც სცენაზე გამოსულ, გამხდარ და წელში მოხრილ კლასიკოს რეჟისორს ჟიურის წევრმა, ალბერტ სერამ „ვერცხლის დათვი“ გადასცა, სანგსომ სერიოზულად თუ ირონიით იკითხა – „რატომ მაძლევთ პრიზს, თავად არ მესმის ჩემი ფილმი რის შესახებაა“.
პრინციპში, დანარჩენი „დათვებიც“ დიდი გაუგებრიობა იყო: ჟიურის სპეციალური პრიზი ბრუნო დიუმონს – ფილმისათვის „იმპერია“, „ვერცხლის დათვი“ მსახიობ სებასტიან სტენს – მთავარი როლისთვის („განსხვავებული კაცი“), ასევე „ვეცხლის დათვი“ საუკეთესო სცენარისათვის – მათიას გლასნერს („მოკვდი“) და „ვერცხლის დათვი“ მარტინ შლახტს – საუკეთესო არტისტული თანამშრომლობისთის ფილმისათვის „ეშმაკის აბანო“.
ერთადერთი რამაც „ბერლინალე პალასტის“ დარბაზში შეკრებილ პუბლიკას ემოცია მოჰგვარა, ემილი უტსონის გულწფელი და არტისტული სიტყვა იყო, რომელსაც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის „ვერცხლის დათვი“ გადაეცა (ტიმ მილანტსის ფილმი „ასეთი წვრილმანები“, რითაც ბერლინის წლევანდელი კინოფესტივალი გაიხსნა).