„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის – „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ – ფარგლებში ხორციელდება, ქალთა ფონდის მიერ საქართველოში. „ფემინსტრიმის“ მედიაპარტნიორია Publika.ge
ავტორი: მარიამ დარბაიძე
მახსოვს, როგორი გაოცებული ვიყავი, როდესაც უცხოეთში დავესწარი სმენადაქვეითებული ახალგაზრდების საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ სასწავლო სესიას, რადგან სესიის მიმდინარეობისას ჩვენი საუბარი ეკრანზე იწერებოდა. ამ ყველაფერს უზრუნველყოფდნენ palantypist-ები. სამწუხაროდ, ამ სიტყვის ქართული შესატყვისი არ ვიცი, ამიტომ ასე გამოვიყენებ. ეს პროფესია სპეციალურად სმენადაქვეითებული ადამიანების მხარდასაჭერად შეიქმნა, რადგან როდესაც გაიმართებოდა სასწავლო სესიები, საზაფხულო ბანაკები, ტრენინგები ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, ისინი მათთვის მაქსიმალურად მისაწვდომი ყოფილიყო. ვინერვიულე, სანამ უცხოეთში წავიდოდი, რადგან ზოგჯერ ქართულად მიჭირს ყველაფრის გაგონება და უცხო ენაზე, უცხო ქვეყანაში ყველაფრის აღქმა, გაგება კიდევ უფრო რთულად წარმომედგინა. რომ მცოდნოდა, რომ იქნებოდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ძალიან კარგი სმენა აქვთ და სმენადაქვეითებულების მეტყველების აღქმა შეეძლებოდათ, ჩვენს საუბარს დაწერდნენ, დიდ სტრესს ავირიდებდი თავიდან. სასწავლო სესია აბსოლუტურად მისაწვდომი იყო ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, რადგან palantypist-ებთან ერთად ჟესტური ენის თარჯიმნებიც იღებდნენ მონაწილეობას. საქართველოში palantypist-ების მომსახურება არ გვაქვს, არადა, ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნებოდა.
ზოგჯერ ადამიანები სმენის პრობლემას ისე მწვავედ არ აღიქვამენ, როგორც სხვა შეზღუდულ შესაძლებლობებს, რადგან ჩვენ გვაქვს ხელები, ფეხები, ჰგონიათ, რომ არა უშავს, თუ სმენა არ გაქვს, ამის გარეშეც იცხოვრებ, არ ფიქრობენ, რომ შეიძლება სმენის არქონამ ფიზიკურ გარემოში ორიენტაციაშიც ხელი შეგიშალოს. ჩვენთვის, სმენის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის, პრიორიტეტულია, რომ ბევრი ვიზუალური ნიშანი იყოს ქუჩებში, ავტობუსის გაჩერებებზე, აეროპორტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტებში. მახსოვს შემთხვევა, როდესაც მეტროს ერთ-ერთ სადგურზე ორი ვაგონი მოვიდა ერთდროულად, მე ერთ-ერთ მათგანში შევედი, მაგრამ თან გავიგონე, მეორე ვაგონში რომ აცხადებდნენ, თუ რომელ მიმართულებაზე მიდიოდა, მე მეგონა, ჩემს ვაგონში ისმოდა ხმა და გამოვედი. შემეშალა. ზოგჯერ მიჭირს იმის აღქმა, საიდან მოდის ხმა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მეტროებში ვიზუალური ნიშნები იყოს. მეტროს იმ ვაგონში რომ ყოფილიყო ტაბლოზე წარწერა, თუ სად მიდიოდა, წავიკითხავდი და აღარ გამოვიდოდი. ზოგიერთ ვაგონში არის ასეთი ტაბლოები, მაგრამ ზოგჯერ გათიშულია, ზოგჯერ არასწორად უთითებს მიმართულებას. ადგილობრივებსაც არ უნდა სჭირდებოდეთ ეს, მაგრამ როდესაც არ არის ტაბლოები ან არ ფუნქციონირებს, ზოგჯერ თითებით ითვლიან სადგურებს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა შშმ პირი არ არის ინტეგრირებული საზოგადოებასა თუ ფიზიკურ გარემოში და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება წლები ცხოვრობდეს ადამიანი ქალაქში, შესაძლებელია მაინც არ იცოდეს საკუთარი ქალაქის მეტროს სადგურები. ასევე, მყავს სმენადაქვეითებული ნაცნობები სხვა ქალაქებიდან, რომლებიც თბილისში ჩამოდიან ხოლმე და მათთვის რთულია ასეთ დროს ორიენტაცია, რადგან არ იციან თბილისი კარგად.
მისაწვდომობის ხარისხის გასაზრდელად მიზანშეწონილია, რომ რესტორნებში მაგიდებთან იდოს მოწყობილობები, რომელზე თითით დაჭერისას მიმტანი მაგიდასთან მოვა, მუზეუმებში ექსპონატებს ჰქონდეთ გვერდით წარწერები, აუდიო მასალები წერილობით სახითაც იქნეს წარმოდგენილი, თუ ვიდეოები გადის, თან ახლდეს სუბტიტრები, შესაძლებელი უნდა იყოს ჟესტური ენის თარჯიმნის ყოლა, თუ სურდოთარჯიმნების საჭირო რაოდენობა არ არის ქვეყანაში, მოხდეს თანამშრომლების გადამზადება, ან თვეში რამდენიმე დღე იყოს ამ სერვისის მიღების შესაძლებლობა, იგივე მომსახურების მიღება თეატრებში უნდა შეიძლებოდეს. კინოებში საჭიროა სუბტიტრები. თქვენ წარმოიდგინეთ, კონცერტებიც კი შეიძლება პარალელურ რეჟიმში ჟესტურ ენაზე ითარგმნოს და მათ ყრუ და სმენადაქვეითებული პირები დაესწრებიან. უმწვავესი საკითხია სუბტიტრების არქონა ტელევიზიებში, ჟესტური ენით ნათარგმნი ახალი ამბები მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, ისიც ყოველთვის არა. ამ მხრივ, ონლაინმედია ტელევიზიებს ბევრად სჯობს.
განვითარებულ ქვეყნებს აქვთ ინდუქციური მოწყობილობების პრაქტიკა, ინგლისურად induction loop-ს ეძახიან, ქართულად შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც ინდუქციური მარყუჟი. ის გამოიყენება ხმაურიან ადგილებში, როგორებიცაა ეკლესია, აეროპორტი, თეატრი. როდესაც დაწესებულებას ეს მოწყობილობა აქვს, შენობას, როგორც წესი, შესაბამისი ვიზუალური ნიშანიც აკრავს ხოლმე. როდესაც რომელიმე ადგილას ეს მოწყობილობაა, ადამიანმა სმენის აპარატი სპეციალურ პროგრამაზე უნდა დააყენოს და ინდუქციური მარყუჟის მეშვეობით გაიგონებს ინდუქციურად ხმას, ეს მოწყობილობა გამოიყენება ხმაურიან ადგილებში, რომ დაიბლოკოს სხვა, გარეშე ხმები და სმენადაქვეითებული ადამიანი კონცენტრირდეს ერთ კონკრეტულ ხმაზე. მე ეს არ გამომიცდია საქართველოში, არც შემინიშნავს სადმე, რომ იყოს, მაგრამ ჩემი უცხოელი მეგობრების გამოცდილებიდან ვიცი და თან უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ინდუქციური მარყუჟები მათთან.
ასევე, სასწავლო დაწესებულებებისთვის არსებობს FM სისტემის მოწყობილობა, რომელსაც მასწავლებელი, ან ლექტორი კისერზე ჩამოიკიდებს და რასაც ისაუბრებს, მოსწავლე ან სტუდენტი თავისი ციფრული სმენის დამხმარე მოწყობილობით ყველაფერს გაიგონებს. ეს მის სასწავლო სივრცეში ჩართულობის ხარისხს ნამდვილად გაზრდის.
პოდკასტის დაწყებისას ვახსენე palantypist-ები, რომლებიც ჩვენ არ გვყავს, მაგრამ შესაძლებელია, რომ ღონისძიების ორგანიზების დროს, იყოს პროექტორი, რომლის მეშვეობითაც ეკრანზე გამოჩნდება ის მსჯელობა, რაზეც საუბარი მიდის. ამისთვის საჭირო იქნება ადამიანი, რომელსაც კარგი სმენა აქვს და სხვებთან შედარებით სწრაფად ბეჭდავს.
გასათვალისწინებელია, ადამიანებმაც იცოდნენ, როგორ იურთიერთონ სმენადაქვეითებულ პირებთან. როდესაც ოთახში ხარ, იქ უნდა იყოს კარგი განათება, რადგან ზოგი სმენადაქვეითებული ტუჩებიდან კითხულობს და მნიშვნელოვანია, რომ ხედავდეს სახის მოძრაობას, მიმიკებს, რომ კონტექსტით მაინც მიხვდეს საუბრის აზრს. თუ რამე გაუგებარი იქნება, შესაძლებელია დაუწეროს ფურცელზე.
გასათვალისწინებელია, რომ შენობების აშენების დროს ყურადღება მიაქციონ ოთახების აკუსტიკას, ზოგ შენობაში ისეთი აკუსტიკაა, რომ სმენადობას აუარესებს. ზოგ ოთახში ექოდ ისმის ხმები და ვერ ხვდები, შენ გესაუბრებიან, თუ სხვა ესაუბრება კიდევ სხვა პირს. აუცილებელია, რომ სმენადაქვეითებულ ადამიანებს გვესაუბრებოდნენ პირისპირ, ჩვენ გვიყურებდნენ და არა მაგალითად ჟესტური ენის თარჯიმანს, მშობელს, ან თანმხლებ პირს. ერთი მხრივ, ეს ჩვენ მიმართ პატივისცემას გამოხატავს, მეორე მხრივ კი, ასე უფრო მარტივად აღსაქმელია კომუნიკაცია. უმჯობესია, ადამიანი წინ იდგეს საუბრის დროს და არ იყვიროს, ეს არ არის გამოსავალი. ისაუბროს მშვიდად, გარკვევით. ზოგჯერ შეიძლება გამეორება დასჭირდეს და ესეც ჩვეულებრივია, იცოდნენ, რომ ზოგჯერ შეიძლება რომელიმე კითხვაზე არაადეკვატურად ვუპასუხოთ, რადგან ხანდახან არასწორად გვესმის, ან არ გვესმის, მაგრამ უხერხულობის თავიდან არიდებას ვცდილობთ პასუხით. მე ამის გამო ხშირად ვყოფილვარ უხერხულ და კომიკურ სიტუაციებში. ზოგჯერ ადამიანებს უჭკუოც ვგონებივარ, რადგან რაღაც ვერ გამიგონია, ეს ადამიანების თვალში ასე ჩანს, არ ფიქრობენ, რომ შეიძლება სმენის პრობლემა გქონდეს. მართალია, სმენის აპარატებს ვიყენებ მე პირადად, რომელიც ძალიან დიდი მხარდაჭერაა ჩემთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისევე მესმის, როგორც სმენიან ადამიანს. არის შემთხვევები, როდესაც მიჭირს გაგონება, მაგალითად, კორონავირუსის პანდემიის პირობებში პირბადეების ტარებამ შესამჩნევად გამიუარესა სმენადობა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები განიცდიან ამ შემთხვევაშიც ორმაგ დისკრიმინაციას, რადგან ჩვენ ვართ ქალები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ამრიგად, ჩვენ უფრო მეტად გვემუქრება გენდერული ძალადობა, სექსუალური ძალადობა, უგულებელყოფა, არასათანადო მოპყრობისა და ექსპლუატაციის რისკი (UN, 2020).
ჩემი რესპონდენტების მაგალითებს მოვიყვან. ერთმა მშობელმა ჩემთან საუბრისას ახსენა, რომ მის არასრულწლოვან შვილს ტელეფონის SIM ბარათით აკონტროლებდა, ანუ ყოველთვის იცოდა, სად და ვისთან ერთად იყო მისი სმენადაქვეითებული შვილი. ამის შესახებ მის ქალიშვილს ინფორმაცია არ აქვს. ამ ქალს სხვა შვილიც ჰყავს, მაგრამ მასთან მსგავსად არ იქცევა. როგორც თავად ამბობს, კონტროლის ამ მექანიზმს სმენადაქვეითებული შვილის უსაფრთხოების მიზნით მიმართავს. გარემო რომ უფრო მისაწვდომი და უსაფრთხო იყოს, შეიძლება, ამ მეთოდისთვის არც მიემართა.
მახსენდება მეორე შემთხვევა, ჩემი ასაკის ყრუ გოგო მარტო დამოუკიდებლად არ გადის გარეთ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ცხოვრობს უკვე წლებია, მაგრამ ოჯახის წევრებს ეშინიათ, რომ შეიძლება ორიენტირება ვერ შეძლოს და სადმე დაიკარგოს, ამიტომ ურჩევნიათ, სულ თან გაყვნენ. ამ შემთხვევაში ალბათ კარგი იქნებოდა პერსონალური ასისტენტის მომსახურება ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვისაც, რადგან ზოგჯერ შეიძლება ადამიანს არ უნდოდეს ყველგან ოჯახის წევრის გაყოლა, ან მის ოჯახის წევრებს არ ეცალოთ.
როდესაც სმენის პრობლემა გაქვს, მეტი შანსია, რომ ქუჩებში ვერ შენიშნო მანქანის სიგნალი, სასწრაფოს ან პოლიციის სირენების ხმა, სახანძრო-სამაშველოს მოახლოება. თითოეული მათგანი იმისთვის არის, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაუწყოს, ზოგჯერ კი შეიძლება უბრალოდ ვერ გაიგონო და თავი საფრთხის შემცველ გარემოში ამოყო (Atlanta Hearing Associates, 2015). სმენის პრობლემა ზრდის რისკს, რომ ადამიანი სადმე დაეცემა. როდესაც ადამიანს კარგად არ ესმის, კონცენტირებულია, რომ გაარჩიოს სხვისი საუბარი, ნაკლები გონებრივი რესურსი რჩება ბალანსისითვის. სმენის დაქვეითება დაკავშირებულია გუნება-განწყობილებასთანაც, ის ზრდის შფოთვისა და დეპრესიის რისკს, ესენი კი ადამიანს კონცენტრაციასა და ბალანსის შენარჩუნებაში უშლის ხელს (Healthy hearing, 2021). განსაკუთრებით მწვავეა ეს საკითხი, როდესაც ადამიანს სმენა მოუგვარებელი აქვს და არ ხმარობს შესაბამის სმენის აპარატებს, არ არის მისი სმენის სიხშირეზე მორგებული, ამიტომ სმენის პრობლემა არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ რაღაც არ გესმის, ეს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას.
ამერიკაში გაუპატიურების მსხვერპლი ყრუ პირების 5% ატყობინებს პოლიციას ამ დანაშაულის შესახებ, მათგან მხოლოდ 5% იღებს მხარდააჭერას გაუპატიურების მსხვერპლთა კრიზის ცენტრებისგან, რაც გამოწვეულია კომუნიკაციის ბარიერებით, ასეთ ცენტრებს მხოლოდ სმენიან ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვთ, ხშირ შემთხვევაში (Fisher, Cullen, Turner, 2000). ბევრი ყრუ პირი მიიჩნევს, რომ ჟესტური ენის თარჯიმნების მიერ მათი გამოცდილება სწორად არ არის წარმოდგენილი, რის გამოც ზოგჯერ იკავებენ თავს, რომ ფართო საზოგადოებას გაუზიარონ ძალადობის ფაქტების შესახებ (Obinna, Krueger, Osterbaan, Sadusky, DeVore, 2006). ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვებში 25%-ზე მეტია უგულებელყოფის, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემთხვევები, ვიდრე მათ სმენიან თანატოლებში (Rochester Institute of Technology, 2011). რთულია პოლიციელებთან კომუნიკაციაც, რადგან ზოგჯერ ისინი არასწორ წარმოდგენებს იქმნიან ყრუ პირებზე, რომ ისინი არიან მენტალურად ავად, მთვრალნი, ან როდესაც ყრუ ადამიანი ცდილობს მიახლოვდეს, რადგან საუბარი ტუჩებით ამოიკითხონ, ამას აგრესიად აღიქვამენ (Taylor, Gaskin-Laniyan, 2007)
განათლებისა და ინფორმაციის მისაწვდომობა არის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხი, რის გამოც ყრუ და სმენადაქვეითებულ ქალებს ზოგჯერ ინფორმაცია არ აქვთ შობადობის კონტროლის, დედობის, ოჯახური უფლებების შესახებ. არაინფომრირებულობა საფრთხეს უქმნის მათ, რომ კრიზისული სიტუაციებისთვის ადეკვატურად იყვნენ მზად, მაგალითად, ავადმყოფობის, განქორწინების, საშინაო დავების დროს (Becker and Jauregui. 1985). სხვა ქალებთან შედარებით ყრუ და სმენადაქვეითებულ ქალებს აქვთ ორსულობისა და მშობიარობის გართულებების მაღალი რისკი, როგორიცაა დიაბეტი, არტერიული წნევის დარღვევა, უფრო ხშირად უჩნდებათ ბავშვები ნაადრევად, დამაკმაყოფილებელ ნორმაზე ნაკლები წონით. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს სწორედ კომუნიკაციის პრობლემით არის გამოწვეული, რაც იწვევს ჯანსაღი ქცევის შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობას და პაციენტის მიერ საკუთარი თავის არასათანადო დაცვას (NIH, 2021). კომუნიკაციის პრობლემის გარდა, რადგან შშმ ქალები „უმანკოებად“ და ასექსუალებად მიიჩნევიან, ხშირად სექსუალურ და რეპროდუქციულ საკითხებზე ინფორმაციას არ აწვდიან მათ. 2019 წლის შშმ ახალგაზრდებსა და ქალებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებების და ბარიერების კვლევაში ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ თავდაცვის საშუალებებზე ინფორმაცია არ ჰქონდა, რის გამოც დაორსულდა და შეყვარებულის ოჯახმა აიძულა, რომ აბორტი გაეკეთებინა. ზოგჯერ ორსულობა სტიგმის გამოც წყდება, რომ შშმ ქალს აუცილებლად შშმ შვილი უნდა შეეძინოს. ინტერნეტში ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება და რაც სარწმუნო ინფორმაციაა, ზოგჯერ ისიც არ არის გასაგები შშმ პირებისთვის, რადგან რთულ ენაზე წერია. მნიშვნელოვანია, რომ სანდო ინფორმაცია ადაპტირებული იყოს და არსებობდეს გამარტივებული ვერსიები თუნდაც სექსუალურ და რეპროდუქციულ საკითხებზე, რომ მათ შორის ყრუ და სმენადაქვეითებულმა ქალებმა და გოგონებმაც ბევრად უკეთ გაიაზრონ (ქოქოსაძე, ლორთქიფანიძე, კვიციანი, რობაქიძე, 2019).
მწვავე საკითხია ექიმებთან ვიზიტი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სექსუალურ და რეპროდუქციულ საკითხებს ეხება. პრობლემა ტელეფონზე დარეკვით იწყება, ბევრ კლინიკას არ აქვს წერილობით მიმართვის შესაძლებლობა და იქნებ, ვერ ვხმარობ ტელეფონს და არც მინდა, რომ სხვას დავარეკინო და გავაგებინო, რომ ექიმთან წასვლას ვაპირებ. ვიცი სმენადაქვეითებული ადამიანები, რომლებიც თავს იკავებენ ექიმებთან მისვლისგან, რადგან მათთვის არ არის მარტივი, როდესაც რაღაც კარგად არ ესმით, ექიმებმაც არ იციან, ასეთ დროს, როგორ იურთიერთონ სმენადაქვეითებულ ადამიანებთან და ზოგი ოჯახის წევრებთან ერთად მიდის, მაგრამ ყველას არ ჰყავს ასეთი მხარდამჭერი ადამიანი ირგვლივ. სხვა ადამიანთან ერთად წასვლაც დროში გაწელილი პროცესია, რადგან გჭირდება, რომ სხვას შეუთანხმო დრო, რაც არაკომფორტულია. პრობლემაა კონფიდენციალურობის საკითხი ყრუ ადამიანებისთვის, რადგან მათ თან უნდა ახლდეთ ჟესტური ენის თარჯიმანი და იძულებულები არიან, რომ ექიმის გარდა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმის კურსში ჩააყენონ სხვაც, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჟესტური ენის თარჯიმანი ყრუ პირის ნათესავია და ესეც პრობლემური საკითხია კონფიდენციალურობის გამო. ჟესტური ენის თარჯიმნების დეფიციტია ქვეყანაში, ამიტომ გოგონებს ზოგჯერ ლოდინიც უწევთ ყველა ზემოთ აღნიშნულთა ერთად.
ამრიგად, ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევები მრავალფეროვანია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებობს მხარდაჭერითი მოწყობილობები კოხლეარული იმპლანტისა და სმენის აპარატების სახით, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტექნოლოგიის მომხმარებელია ან ვინც მოიხმარს, მას სირთულეები არ გააჩნია. მნიშვნელოვანია, რომ გარემო იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული, მისაწვდომი, უსაფრთხო, რომ ყველა საჭიროების მქონე ადამიანი თავს დაცულად გრძნობდეს, ინფორმაციის მიღმა კი არავინ არ უნდა რჩებოდეს. ასეთ პირობებში შშმ პირების ცხოვრება ბევრად ლაღი და თავისუფალი იქნება. არ არის საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება, ჩვენ უბრალოდ სხვა ქვეყნის გამოცდილებები უნდა გავიზიაროთ და დავნერგოთ ჩვენთან. არის რაღაცები, რასაც კოლოსალური თანხებიც არ სჭირდება, რომც სჭირდებოდეს, ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ვართ და გვაქვს უფლება, რომ გარემო ჩვენთვის მისაწვდომი და ადაპტირებული იყოს.