„ქართულმა ოცნებამ“ ცენზურის დამწესებელი, დისკრიმინაციული კანონი მეორე მოსმენით მიიღო. კანონის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში სხვა შეზღუდვებთან ერთად საუბარია საგანმანათლებლო დაწესებულებებში ლგბტქი+ თემთან დაკავშირებული საკითხების სწავლების შეზღუდვაზე.
„დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტქი+ პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“, – ნათქვამია კანონპროექტში, რომელიც ცენზურის დაკანონებას ცდილობს როგორ საჯარო სივრცეში, ისე მედიასა და სკოლებში.
როგორც კანონპროექტიდან ჩანს, პროპაგანდასთან ბრძოლის საბაბით ამ კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ხელისუფლება საგანმანათლებლო დაწესებულებში, სავარაუდოდ, სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარს შეზღუდავს და ლგბტქი+ თემთან დაკავშირებულ მონაკვეთებს არ დაუშვებს სწავლების პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს საჯარო სკოლებში, ზოგადად, სექსუალობასთან დაკავშირებული ცოდნის მისაღებად ცალკე პროგრამა ან საგანი ისედაც არ არსებობს და გარკვეული საკითხები სხვადასხვა საგანშია გაბნეული.
ამავდროულად, ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი მაინც შვილებს ისეთ სკოლაში ასწავლიან, რომელსაც ვრცელი პროგრამა აქვს სექსუალობის შესახებ განათლების მისაღებად, მათ შორის ლგბტქი+ საკითხებთან დაკავშირებით.
როგორც „პუბლიკას“ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, ასეთია, მაგალითად, „კავკასიის ფრანგული სკოლა“, რომელშიც სხვა ბავშვებთან ერთად „ქართული ოცნების“ წევრების შვილები სწავლობენ – პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის; კულტურის მინისტრ თეა წულუკიანისა და თბილისის მერის, კახა კალაძის.
ასევე წყაროს თქმით, მათ ამ დრომდე არ გამოუთქვამთ პროტესტი ან წუხილი, რომ მათმა შვილებმა მიიღონ განათლება ამ თემებზე.
„კავკასიის ფრანგული სკოლის“ ყველა სასწავლო პროგრამა ექვემდებარება საფრანგეთის განათლების სამინისტროს და მოსწავლეები იღებენ ორ ატესტატს – ქართულსა და ფრანგულს.
საფრანგეთის საელჩო კი სკოლასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ დაწესებულებამ ახალი ავტორიზაციისას საქართველოს განათლების სამინისტროსგან „ძალიან დადებითი შეფასება“ მიიღო.
„სკოლაში სწავლა მიმდინარეობს საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული პროგრამების შესაბამისად. დასახული მიზნების მისაღწევად არაფრანგულენოვანი მოსწავლეების ინტეგრაციისთვის, სკოლა სთავაზობს ფრანგულის როგორც უცხო ენის გაკვეთილებს საბავშვო ბაღის საშუალო ჯგუფიდან. ქართველ მოსწავლეებს ქართული ენის გაკვეთილები უტარდებათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აღიარებული პროგრამების შესაბამისად.
სკოლამ ძალიან დადებითი შეფასება მიიღო საქართველოს სამინისტროს ახალი ავტორიზაციისას. კომისიის დადასტურებისას მაგალითისთვის მისი სწავლება და ორგანიზაცია მოჰყავდათ“, – წერს საელჩო „კავკასიის ფრანგული სკოლის“ შესახებ.
რაც შეეხება განათლებას სექსუალობის შესახებ, „პუბლიკისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლას აქვს პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს სქესობრივ საკითხებსა და სექსუალობაზე აძლევს შეკითხვების დასმისა და განათლების მიღების საშუალებას. „განათლება სექსუალობის შესახებ“ – ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებს კომპლექსურად აცნობს, მათ შორის, ჰომოსექსუალობასა და ტრანსიდენტობას.
როგორც წყარო ეუბნება „პუბლიკას“, ეს პროგრამა მოსწავლეებს აქტუალურ და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. თანაც ის მთლიანადაა აგებული ბავშვების მოთხოვნებზე, სწორედ ისინი სვამენ შეკითხვებს, რომელთა შესახებაც პასუხების მიღება სურთ.
„ბავშვები წერენ შეკითხვებს ანონიმურად. ერთ კვირას იღებს მასწავლებელი, რომ ეს საკითხები დაამუშაოს და შემდეგ გეგმავს აქტივობებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბავშვების მიერ ანონიმურად დასმული შეკითხვები უმრავლეს შემთხვევაში ჰომოსექსუალობასა და ტრანსიდენტობას ეხება. მასწავლებელიც აქედან გამომდინარე ემზადება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას“, – ამბობს წყარო „პუბლიკასთან“.
პროგრამა ისწავლება დაწყებითი საფეხურიდან ბოლო კლასამდე, თუმცა განსხვავდება საკითხები ასაკის მიხედვით. მაგალითად, დაწყებით კლასებში ასწავლიან ქცევის წესებს, სხვების პატივისცემას, აკეთებენ აქცენტს ცნობიერების ამაღლებაზე.
მაღალ კლასებში იცვლება საკითხები. მეექვსე კლასიდან იღებენ ინფორმაციას საჯარო და პირადი სივრცის გაყოფის შესახებ, მათ შორის, სწავლობენ სოციალურ ქსელებში პირადი ინფორმაციის კონტროლს, თავიანთი ინტიმურობის დაცვას. ასევე, სწავლობენ, რა სტერეოტიპებია გოგოებისა და ბიჭებისთვის მიკუთვნებული.
„მეთოდოლოგია არის უფრო მეტად ინტერაქციული, აქცენტს სვამს იმ საკითხებზე, რაც თავად ბავშვებს აინტერესებთ. აქ არ არის გაწერილი სახელმძღვანელო და სტრუქტურირებული პროგრამა. ბავშვებისგან უნდა წამოვიდეს ის საკითხები, რაც მათ აინტერესებთ. შესაბამისად, ხდება შემდეგ ამ საკითხების დამუშავება და მათთვის ახსნა“, – ამბობს წყარო „პუბლიკასთან“.
სექსუალობის შესახებ განათლება სამ ძირითად ასპექტს ითვალისწინებს: პირველია ბიოლოგიური ასპექტი, რომელსაც ბიოლოგიის საგანი ფარავს. ამასთან ერთად არის ფსიქოემოციური და სოციალური ასპექტებიც, რომლებსაც სწორედ ამ ცალკე შემუშავებული პროგრამით ასწავლიან.
„შესაბამისად, ხდება საკითხების, აქტივობების დაყოფაც, მაგალითად, თუ ქორწინებაზე ვსაუბრობთ, განვიხილავთ სოციალურ ასპექტში, თუ სიყვარულზე – ფსიქოემოციურ ასპექტში და ა.შ.
ეს არ არის პროპაგანდა, იქ უბრალოდ უხსნიან, ინფორმაციის აწვდიან ბავშვებს მნიშვნელოვან საკითხებზე.
მთავარი პრინციპიც, რაც ამ სწავლების დროს აქვთ – არ დაარწმუნო, უბრალოდ ინფორმაცია მიაწოდე. და არაერთი მაგალითია, არაერთხელ გამოჩენილა, რომ თავად ბავშვებს აქვთ მაღალი ინტერესი, სურთ კარგად ერკვეოდნენ იმ საკითხებში რაც მათ ან გარშემომყოფებს ეხებათ. მათ შორის ლგბტქი+ თემთან დაკავშირებით.
ეს არის განათლება, ცოდნა, რომელსაც ბავშვები იღებენ თავიანთი შეკითხვებიდან გამომდინარე. ამ კანონის მიხედვით კი ისე გამოდის, თითქოს ეს პროპაგანდაა და ზეწოლა ბავშვებზე“, – ამბობს წყარო „პუბლიკასთან“.
როგორია სექსუალობის შესახებ განათლების კურიკულუმი, რომელსაც „კავკასიის ფრანგული სკოლა“ იყენებს?
საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, სექსუალობის შესახებ პროგრამა 6 კლასიდან მე-9 კლასის ჩათვლით საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს. მეექვსე კლასში საუბარია გოგოებსა და ბიჭებს შორის სხვაობასა და გენდერულ სტერეოტიპებზე, პუბერტატთან დაკავშირებულ ანატომიურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებზე.
მეშვიდე კლასში ყურადღება ეთმობა ადამიანის სექსუალობის შესწავლას, მოლოდინის მართვას სხვებთან შეხვედრისას, მოზარდობისას ემოციების გამოხატვას და ადამიანების განსხვავებული განვითარების პატივისცემას. სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ საკითხებს.
მერვე კლასში მოსწავლეები ინფორმაციას იღებენ გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებზე, კონტრაცეფციაზე, კანონმდებლობაზე.
მეცხრე კლასში უკვე ყურადღება ეთმობა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე ინფორმაციის მიწოდებას, სგგდ-ის შესახებ მოსწავლეების მოსაზრებებისა და წარმოდგენების გაზიარებასა და შემდეგ მათთვის მეცნიერულად დადასტურებული ცოდნის გაზიარებას. აქვე, პროგრამის ბოლოს, შეტანილია საკითხი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებაც.
რა ინფორმაციას იღებენ მოსწავლეები სკოლისთვის განსაზღვრული კურიკულუმით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ?
კურიკულუმით, მაგალითად, განსაზღვრულია, რომ მოსწავლეებს მიაწოდონ ინფორმაცია, რას გულისხმობს ბიოლოგიური სექსი და ისაუბრონ მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რა არის გენდერული იდენტობა, განიმარტება ცისგენდერის, არაბინარული და ტრანსიდენტობის ცნებები. საუბარია გენდერულ ექსპრესიასა და მის მიმართებაზე გენდერულ იდენტობასთან.
ამ პროგრამაში ყურადღება ეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სქესსა და გენდერთან დაკავშირებული სტერეოტიპები; ცალკე თავები ეთმობა სექსუალურ ორიენტაციას, მათ შორის ჰომოსექსუალობას. მაგალითისთვის, სექსუალურ ორიენტაციაში გამორკვევა მოზარდებისთვის ასე არის განმარტებული:
„ჰომოსექსუალიზმზე საუბარი ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში ძლიერ რეაქციას იწვევს. მოზარდებს უჩნდებათ შეკითხვები: „ნორმალურია თუ არა ეს“, „არის თუ არა ხილული“ და „რატომ ვხდებით ჩვენ ასეთები“.
ნორმალურია თუ არა ჰომოსექსუალობა? სოციალური თუ მორალური კუთხით, ჰომოსექსუალიზმი ყოველთვის არსებობდა, იმისდა მიუხედავად, იყო ის მიღებული თუ რეპრესირებული, არსებობდა, მიუხედავად ქვეყნებისა, ისტორიისა და კულტურის განსხვავებულობისა. რა არის ჰომოსექსუალობის მიზეზები? მრავალი კვლევის მიუხედავად, ამჟამად არ არსებობს პასუხი, არც ბიოლოგიური, არც გენეტიკური და არც ანალიტიკური. ამასთან, არასდროს დასმულა ჰეტეროსექსუალობის წარმოშობის საკითხი“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც სექსუალობის შესახებ პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს მოიცავს.
სექსუალობის შესახებ განათლება ვრცლად ეხება დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმას, იქნება ეს სექსიზმი თუ ჰომოფობია. განიხილავს გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს. პროგრამა ასევე ეხება ადამიანების სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, კონტრაცეფციასა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს.
კურიკულუმის მიხედვით, სექსუალობის შესახებ განათლების მიღებისას მოსწავლეები ისეთივე აქტივობებით კავდებიან, როგორც სხვა საგნებში. კურიკულუმით გაწერილია გონებრივი იერიში და დისკუსია, კვლევითი დავალებები, ჯგუფური სამუშაოები და სიტუაციების გათამაშება.
როგორც წყარო „პუბლიკას“ ეუბნება, პროგრამის მიზანი ნათელი და მარტივია, ახალგაზრდებისთვის მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავება და განსხვავებული ადამიანების ჩაგვრის აღმოფხვრა.
„მაგალითად, გავრცელებულია, რომ ნორმაა მონოგამიური ჰეტეროსექსუალური ურთიერთობა, მაგრამ იმის მიღმაც არსებობს ურთიერთობები და ვუხსნით, რომ თუ ადამიანებს აქვთ თანხმობა, მათ აქვთ არჩევანი იყვნენ იმ ტიპის ურთიერთობაში, როგორსაც გადაწყვეტენ და ეს არ არის ნორმაზე ან არანორმატიულობაზე. მთავარია, თანხმობა.
ასე რომ, კი არ საუბრობენ იმაზე, თუ რა არის ნორმა, არამედ უხსნიან, რომ განსხვავებული იყოს მისაღები. მართლაც, ძირითადად, რაც აქვთ გაგონილი, დასწავლილი სტერეოტიპები, როცა ელაპარაკებიან და უხსნიან, განსხვავებულთა ჩაგვრის სურვილიც იკლებს“, – ამბობს წყარო „პუბლიკასთან“.
მისი თქმით, ყველაზე მეტად კი სამწუხარო ისაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი გამოთქვამს სურვილს შეზღუდოს სხვებისთვის ის, რასაც თავიანთ ოჯახებს არ უზღუდავს.
„შენ შენ შვილებს აძლევ ამის უფლებას და ამ დროს სხვებს უკრძალავ, თუ ცუდია, რატომ ასწავლი შენს შვილებს სკოლაში, სადაც ამ საკითხების შესახებ ინფორმირებულობას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ?
ეს არის მანიპულაცია ისევე, როგორც დასავლეთის კრიტიკა, როცა იქ ასწავლიან თავიანთ შვილებს. ცდილობენ დაგვაჯერონ ის, რისიც თავად არ სჯერათ.“
შეიძლება თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ ახალმა კანონპროექტმა მოსწავლეების განათლებას შეუშალოს ხელი?
„ქართული ოცნების“ ამ კანონპროექტიდან მკაფიოდ არ ჩანს, კონკრეტულად რომელ საკითხებს შეზღუდავს ის არსებულ სახელმძღვანელოებში ან რისი შეტანა აიკრძალება მათში სამომავლოდ. როგორც ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა „პუბლიკასთან“ ამბობს, ქართული განათლების სისტემა მხოლოდ შემწყნარებლობას ეხება, მოზარდებისთვის კი მნიშვნელოვანია, მიიღონ მეტი ინფორმაცია სხვადასხვა თემის შესახებ, იმუშაონ მათი ცნობიერების ამაღლებაზე და მოზარდებში ძალადობა არ წაახალისონ.
„ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებს ესაუბრონ დისკრიმინაციაზე, დაუცველ ჯგუფებზე, უმცირესობებზე და ეს უმცირესობები მრავალფეროვანია. დავუშვათ, თუ ვესაუბრებით იმაზე, რომ არ უნდა დაჩაგრონ განსხვავებული, ეს იქნება გენდერული ნიშნით, რასისა თუ ეთნიკური კუთვნილების გამო და ამ კონტექსტში იქნება განხილული სექსუალური ორიენტაცია, მე მაქვს კითხვის ნიშანი: – ასეთი სწავლება შეიძლება მიუღებელი იყოს განათლების რომელიმე სისტემაში და რატომ შეიძლება ეს ჩაითვალოს პროპაგანდად? როცა ადამიანებს მოუწოდებ, რომ არ იძალადონ, იყვნენ ტოლერანტულები, შემწყნარებლები განსხვავებულის მიმართ.
მოზარდებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობს ასეთი თემი, რომლის მიმართაც უნდა იყვნენ ტოლერანტულები. ამ საკითხებზე საუბრისგან თავის შეკავებამ კი შეიძლება ძალადობა წაახალისოს. თუ ვინმე იქნება არაჰეტერონორმატიული გარეგნობის, ექნება გამოხატვის ასეთი ფორმა, შეიძლება იქცეს ბულინგის მსხვერპლად, ძალიან მარტივად გახდეს სამიზნე.
ამიტომ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენი განათლების სისტემა უარს ამბობს სამოქალაქო განათლების სწავლებაზე? აღარ ვესაუბრებით უმცირესობებზე და არ ვცდილობთ დისკრიმინაციული დამოკიდებულებების აღმოფხვრას? ამას გულისხმობენ?“ – ამბობს მაია ცირამუა „პუბლიკასთან“.