როდის დაინერგება უფასო კვების პროგრამა სკოლებში

პუბლიკა

საქართველოს საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვის საკითხი ბუნდოვანია. კვლავ უცნობია, არსებობს თუ არა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილი იქნება პროგრამის იმპლემენტაციისთვის საჭირო ნაბიჯები და მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი სამსახურები.

საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რაც მინისტრმა ამილახვარმა 19 მაისს საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა.

მან თქვა, რომ სამინისტრო „ინტენსიურად“ მუშაობს და არსებობს „პოლიტიკური ნებაც“, მაგრამ პროგრამის დანერგვას ინფრასტრუქტურის, სურსათის უვნებლობის საკითხისა და ბიზნესოპერატორების ქსელის განვითარების გარეშე ვერ დაიწყებენ.

 „სამინისტრო სკოლების ინფრასტრუქტურული მზადყფნის საკითხს იმიზეზებს“

„განათლების მინისტრმა, სულ ბოლოს, როცა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იყო, ასეთი რამ თქვა: 3-4 წელიწადში, მას შემდეგ, რაც დასრულდება სასკოლო ინფრასტრუქტურის მომზადება, სასკოლო კვებაზე ფიქრი შეიძლება დავიწყოთო.

ის ფაქტი, რომ საქართველოში მოქმედი სკოლების 75%-ს არ აქვს ფუნქციური ბუფეტი, ჩვენ ვიცოდით 2 წლის წინაც. ის, რომ სკოლები მზად არ არიან საკვების ადგილზე მოსამზადებლად, ამაში ახალი არაფერია.

სამინისტრო სკოლების ინფრასტრუქტურული მზადყოფნის საკითხს იმიზეზებს. არსებობს სასკოლო კვების სხვადასხვა მოდელი, მათ შორის – დამზადებული საკვების ადგილზე მიტანის. ასე ბევრ ქვეყანაში აკეთებენ. ამიტომ, იმ არგუმენტს, რომ სკოლაში საკვები აუცილებლად ადგილზე უნდა მომზადდეს და აუცილებელია ფუნქციური ბუფეტი, ვერ გავიზიარებთ ვერცერთ შემთხვევაში.

თუ სკოლაში გამზადებული სადილი ყუთებით მივა, რისთვის არის საჭირო 6 წელი მიმწოდებლების მომზადება? საკვების უსაფრთხოებაზე კანონმდებლობა უკვე გვაქვს. სტანდარტები დადგენილია. ასევე, საბავშვო ბაღებში არსებობს საკვები პროდუქტების მომარაგების სისტემა. ამიტომ ამ მიზეზებს ვუყურებთ, როგორც ხელოვნურს.

ვინაიდან საჯარო დღის წესრიგში ისევ დგას სასკოლო კვების საკითხი, სამინისტრო ვერ უარყოფს, რომ ბავშვები შიმშილობენ, ვერ უარყოფს საჭიროებას. ამიტომ ასეთი პოზიცია შეიმუშავა: საჭიროებას არ უარყოფს, მაგრამ პროექტის განხორციელებაზე „ფიქრის დაწყებას“ გვპირდება 3-4 წლის შემდეგ. სასკოლო ინფრასტრუქტურის პროექტი, გეგმის მიხედვით 3-4 წელიწადშიც არ მთავრდება და გეგმის მიხედვითაც რომ მთავრდებოდეს, ვიცით, თითოეულ სკოლას, სადაც დაწყებულია რეაბილიტაცია, რამდენი დრო სჭირდება.“ – ამბობს მოძრაობა „ხმის“ წარმომადგენელი ვაკო ნაცვლიშვილი.

მოძრაობა „ხმამ“ 2022 წელს გამოაქვეყნა საორიენტაციო ბიუჯეტი, თუ რა ეღირება უფასო სასკოლო კვება საქართველოში. სასკოლო კვების პროგრამას  წელიწადში, დაახლოებით, 200 მილიონი სჭირდება.

„ითქვა, რომ ფინანსები პრობლემა არაა, მაგრამ პრობლემაა სხვა საკითხები – ლოჯისტიკური, ინფრასტრუქტურის საკითხები. სადაც ინფრასტრუქტურა არსებობს, შეგვიძლია, დავიწყოთ, სადაც არ არსებობს, იქ რა გავაკეთოთო?! ამაზე ჩვენ პასუხი გვქონდა. არსებობს სხვადასხვა მოდელი, თუ როგორ დაიწყო. პასუხი იყო, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად დავიწყებთ მუშაობას კვების სტანდარტსა და სტრატეგიაზე და შემდეგ დავიწყებთ მუშაობას, რომ დაინერგოს 2024-2027 წლებში“. – იხსენებს „განათლების კოალიციასთან“ მინისტრ ამილახვრის შეხვედრას გიორგი ჭანტურია. მისი თქმით, სამინისტროს სასკოლო კვების გლობალური კოალიციის მიზნები გააცნეს და კოალიციაში შესვლაზეც დაისვა შეკითხვები. ჭანტურია ამბობს, რომ სასკოლო კვების გლობალურ კოალიციაში შესული ქვეყნები სკოლებში უფასო კვების დანერგვის კუთხით ვალდებულებებსაც იღებენ, თუმცა მინისტრს ინტერესი ამ კოალიციაში ქვეყნის გაერთიანებაზე არ გამოუხატავს.

მაგიდა ისევ აყირავდა

2022 წელს, ჩხენკელის მინისტრობის პერიოდში, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ამ თემაზე გამართული შეხვედრების გამო გაჩნდა განცდა, რომ სახელმწიფო რეალურად ფიქრობდა უფასო კვების პროექტის დანერგვის დაწყებაზე.

„განათლების კოალიციის“ წარმომადგენლის, გიორგი ჭანტურიას თქმით, მიხეილ ჩხენკელის მინისტრობის პერიოდში შეხვედრები „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მონაწილეობით მიმდინარეობდა.

მათ შეისწავლეს სხვა ქვეყნების პრაქტიკა და ეს ინფორმაცია გაუზიარეს სამინისტროს. ასევე, იმსჯელეს საქართველოში სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის შესაძლო მოდელებზე. ჭანტურიას თქმით, შემდეგ ეს პროცესი რაღაც ეტაპზე გაჩერდა და გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად სამინისტრო სხვა რეჟიმში განაგრძობდა მუშაობს, სადაც კოალიცია აღარ მონაწილეობდა.

გიორგი ჭანტურია გამჭვირვალობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაზე ვიცით მხოლოდ განცხადებები, მაგრამ ეს გეგმა ფორმალიზებული არაა. მისი თქმით, უფასო კვებაზე არაფერი წერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტშიც. აღნიშნული სტრატეგია განათლების სისტემაში 2022-2030 წლების სტრატეგიულ მიზნებს და გეგმას მოიცავს.

„მაგიდა ისევ აყირავდა“ – ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი სასკოლო კვებაზე  ხელისუფლების საჯარო განცხადებებისა და შეხვედრების შეფასებისას.

„წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზი სახელდებოდა. ჯერ ამბობდნენ, რომ იკვლევდნენ; შარშან, წლის დასაწყისში, მთავრობაში მიმდინარე პროცესის მონაწილეები (მაგალითად, გაეროს ბავშვთა პროგრამის წარმომადგენელი) ამბობდნენ, რომ შეთანხმდნენ საკვანძო საკითხებზე და მალე დაიწყებოდა სასკოლო კვების პროგრამა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაგიდა ისევ აყირავდა. დაახლოებით ერთი თვის წინ მოვითხოვე ყველა კვლევა უფასო სასკოლო კვებაზე, რომელზეც, როგორც თავად ამბობდნენ, განათლების სამინისტრო მუშაობდა, მაგრამ ჯერ არ მიმიღია. ისიც არ ვიცით, რა კვლევა ჩატარდა და ჩატარდა თუ არა საერთოდ.“ – ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი.

სასკოლო კვების პროექტის დანერგვაზე სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ დავუსვით შეკითხვა გაეროს ბავშვთა ფონდს. ფონდიდან მიღებულ პასუხს უცვლელად გთავაზობთ.

„გაეროს ბავშვთა ფონდი კვლავაც მზადაა მხარი დაუჭიროს მთავრობას სასკოლო კვების პროგრამის განხორციელებაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა გააანალიზა სასკოლო კვების სხვადასხვა მოდელი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. კვება მნიშვნელოვანი ფაქტორია სწავლის პროცესში, თუმცა ის მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია განათლების, რომელიც ასევე ითვალისწინებს თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან და ინკლუზიურ სკოლამდელ, დაწყებით და საშუალო განათლების სერვისებზე ბავშვების სრული განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.“

რატომ უფასო კვება?

სკოლებში მოსწავლეთა კვების უზრუნველყოფა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის ნაცნობი და გამოცდილი პრაქტიკაა, რაც ერთ-ერთ ეფექტიან გზად განიხილება ბავშვებისა და მათი ოჯახების სოციალური დაცვისთვის.

უკვე წლებია, საერთაშორისო და ეროვნული შეფასებების მიხედვით, საქართველოში მოსწავლეთა მიღწევებზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ფაქტორი მათი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური სტატუსია.

2019 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში თითქმის ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოში სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის 189 690 ბავშვია, რაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 20%-ია.

ერთ-ერთი ეროვნული შეფასების მიხედვით, ქვეყანაში გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისას ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე.

„საქართველოში ბოლო კვლევებით, სკოლაში ბავშვები შიმშილობენ. არ ვგულისხმობ გაეროს ბავშვთა პროგრამის კვლევას, 10-დან 7 მოსწავლე ყოველდღე და ან კვირაში რამდენიმე დღე მშიერია. ეს ახდენს გავლენას მოსწავლეების არა მხოლოდ სოციალურ დაცვაზე, არამედ განათლების ხარისხზე. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი მოსწავლეები ჩვენს რეგიონშიც კი ჩამორჩებიან სწავლის შედეგებით თანატოლებს. როცა ვსაუბრობ სწავლის ხარისხზე, ბევრი მიზეზი სახელდება, ხოლმე, რატომ ჩამორჩებიან. მიზეზები კომპლექსურია, თუმცა მიზეზებს შორის არასდროს არ სახელდება ის, რომ მოსწავლეები გაკვეთილებზე მშივრები არიან. მშივრები რადგან არიან, გაკვეთილებზე კონცენტრაცია უჭირთ. მასწავლებლები ჩვენს კვლევაში ჰყვებიან, რომ მოსწავლეები ხშირად იმიზეზებენ სხვადასხვა ტკივილს, რაც მასწავლებელთა დაკვირვებით განპირობებულია შიმშილით.“ – ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი.

საქართველოში მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგადი განათლების საფეხურს ასრულებს მინიმალური საბაზო კომპეტენციებით, რაც მათ ხელს უშლით 21-ე საუკუნის პროფესიებისა და ადგილობრივი თუ გლობალური შრომის ბაზრისთვის მომზადებაში.“ – ვკითხულობთ განათლების სტრატეგიაში, რომელიც განათლების სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტია.

საერთაშორისო შედარებითი კვლევები: მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS), წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS) და მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA), აგრეთვე სახელმწიფო შეფასებები მათემატიკაში (2016; 2018) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (2018) აჩვენებენ, რომ საქართველოში სკოლის მოსწავლეები სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნების თანატოლებთან შედარებით უფრო დაბალ ქულებს იღებენ და სამივე მიმართულებით მიღწევების უფრო დაბალი მაჩვენებლები აქვთ (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2020). მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2018 წლის შედეგების მიხედვით, 78 მონაწილე ქვეყანას შორის, საქართველოში 15 წლის მოზარდებმა მათემატიკაში 67-ე, კითხვაში 71-ე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 74-ე ადგილი დაიკავეს.

მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულების კოეფიციენტი მაღალია ‒ 88%, მაშინ, როცა უღარიბესი მოსწავლეების მხოლოდ 43% ახერხებს საშუალო საფეხურის დასრულებას (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2021)“.