დღეს საქართველოში 78 ათასამდე მოსწავლეს ინტერნეტი არ აქვს. Covid-19-ის დროს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი უმრავლესობა საგანმანათლებლო პროცესიდან გამოთიშული იყო.
„ვერც კი წარმოვიდგენ, როგორ ვიმეცადინებდი პანდემიის დროს კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე. ვესწრებოდი ონლაინგაკვეთილებს, ვამზადებდი დავალებებს, ინფორმაციის მოძიება შემეძლო“, – მარიამი 16 წლისაა. ჩოხატაურის რაიონის სოფელ ვაზიანში ცხოვრობს. სოფელი პატარაა, ცოტა მოსახლით. მარიამის კლასშიც მხოლოდ სამნი არიან. მათგან მეათე კლასამდე სახლში ინტერნეტი მხოლოდ ერთ თანაკლასელს ჰქონდა.
მარიამსა და მის კლასელს ლეპტოპები შარშან, პროექტ `ჩართეს“ ფარგლებში აჩუქეს და ინტერნეტიც გაუყვანეს: „ამ დროს უკვე აქტიურად დავიწყე ფიქრი, სად მინდოდა ჩაბარება, რისი გაკეთება მსურდა, ამიტომ ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა, კარგად მომეძებნა ფაკულტეტები, უნივერსიტეტები და სწორი არჩევანი გამეკეთებინა“.
საბოლოოდ, გადაწყვიტა, ფსიქოლოგია შეისწავლოს. ინტერნეტი და ლეპტოპი ბევრ რამეში უადვილებს საქმეს. სხვადასხვა ონლაინსასწავლო კურსის პარალელურად, დაიწყო ინგლისური ენის ათვისება:„სწავლის გარდა, ძალიან მიყვარს დოკუმენტური ფილმების ყურება, აი, მაგალითად, უცნაურ ქალაქებზე, ადგილებზე…“.
დღეს საქართველოში 78 ათასამდე მოსწავლეს ინტერნეტი ჯერ კიდევ არ აქვს. მათი 95% ინტერნეტის დაფარვის ზონაში ცხოვრობს, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს საფასურის გადახდას. ეს იმ პირობებში, როცა COVID-19-ის დროს, სასწავლო პროცესი ინლაინრეჟიმში გადავიდა და სოციალურად დაუცველი ბავშვები, ვისაც ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებოდა, ფაქტობრივად, სასწავლო პროცესს გამოეთიშა.
რა არის „ჩართე“?
სანამ „ჩართეს“ იდეა გაჩნდებოდა, 2015 წელს საგანმანათლებლო ფონდი – Educare Georgia შეიქმნა. გუნდმა მიზნად დაისახა, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, ადამიანებს ჰქონოდათ შანსი, მიეღოთ მსოფლიო დონის განათლება.
ამისთვის, ქართულ ენაზე შეიქმნა ონლაინსაგანმანათლებლო რესურსი – Khan Academy, სადაც ითარგმნა 7 მილიონზე მეტი სიტყვა და მოსწავლეებისთვის გაჩნდა შესაძლებლობა, ესწავლათ ის, რაც სურდათ, რაშიც სკოლის გარეთ დახმარება და ხელშეწყობა სჭირდებოდათ. განსაკუთრებული ყურადღება საბუნებისმეტყველო საგნებს მიექცა, რადგან ამ მხრივ სკოლებშიც დაბალი აკადემიური მოსწრებაა.
მარი გელაშვილი, „ჩართეს“ საოპერაციო მენეჯერი იხსენებს, რომ ამ დროს მათ რეგიონებში სიარული და ფონდის საქმიანობის წარდგინება ხშირად უწევდათ:„და აღმოვაჩინეთ, რომ შეიძლებოდა მასალები გვევთარგმნა და ენის ბარიერი ცოდნის მიღებაში შეგვემცირებინა, მაგრამ მოსწავლეებს სახლში არ ჰქონდათ ინტერნეტი, არ ჰქონდათ ტექნოლოგიები იმისთვის, რომ ხანის აკადემიის რესურსი გამოეყენებინათ“.
ამიტომ, 2017 წელს დაიწყო პროექტი „ჩართე“. ესაა კერძო ინიციატივით შექმნილი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე 751 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს აქვს ლეპტოპი და მოიხმარს ინტერნეტს. თავდაპირველად მოიცვეს თბილისში მცხოვრები ბავშვები და დევნილთა დასახლებები. ნელ-ნელა, პროექტი გეოგრაფიულად გაფართოვდა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა, მათ შორის, მაღალმთიანი და კონფლიქტის ზონაში მდებარე საზღვრისპირა სოფლები.
ამისთვის, 2000-მდე ადამიანი ყოველთვე „ჩართეს“ გარკვეულ თანხას წირავს, ზოგი ლარს, ზოგი ხუთს, ზოგიც კი რამდენიმე ასეულს. დღეს, მთლიანი შემოწირული თანხა 338 000 ლარზე მეტია.
მარი გელაშვილი ამბობს, რომ მუდმივი შემოწირულობები, როგორც წესი, ხმარდება ინტერნეტის ჩართვას და ერთი წლის განმავლობაში, მოსწავლისთვის 20-ლარიანი პაკეტით უზრუნველყოფას. ლეპტოპებს კი, ხანდახან შემოწირული თანხებით ყიდულობენ, თუმცა, ხანდახან კერძო სექტორი ან ბანკი, ან უბრალოდ, ერთი ადამიანის ქველმოქმედებით ათეულობით ლეპტოპის დარიგება შეუძლიათ.
პანდემიის პირობებში კი, სპეციალურად Covid-19-ის ინტერნეტის ფონდის ანგარიში შეიქმნა და პროექტმა რეგიონებში მცხოვრებ 300-მდე ბავშვს ჩაუტანა ლეპტოპი და ჩაურთო ინტერნეტი.
„ყოველ ჯერზე გვემატება დონორები, განსაკუთრებით პანდემიის დროს, როცა, ფაქტობრივად, სკოლა ონლაინსწავლებამ ჩაანაცვლა, ადამიანებმა მეტად დაინახეს ამის საჭიროება. ალბათ, ხანდახან რაღაც ბიძგიცაა საჭირო, რომ მივხვდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ ინტერნეტთან წვდომა“, – ამბობს „ჩართეს“ საოპერაციო მენეჯერი.
Covid-19-ის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, ერთ-ერთი რეგიონი კახეთი იყო, სადაც აპრილში კორპორაციული დონორების მხარდაჭერით, „ჩართეს“ გუნდმა კიდევ 49 ოჯახს გადასცა ლეპტოპი, შემოწირულობებით კი – ჩაურთო ინტერნეტი.
მარიამ მჭედლიშვილი პროექტის გუნდის ერთ-ერთი წევრია. მას ძირითადად, სკოლებთან ევალება კომუნიკაცია. სწორედ სკოლების დახმარებით ეძებენ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ინტერნეტი არ აქვთ. თუმცა, იქამდე მთავარი პირობაა, რომ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდეს და მათი ქულა 70 000-ზე მეტი არ იყოს. შემდეგ იწყება სკოლებისა და ადგილობრივი წარმომადგენლების დახმარებით ოჯახების გადამოწმება. თუმცა, პანდემიის დროს, მოსწავლეებთან ხშირად მიმოსვლისგან თავს იკავებდნენ, ამიტომ მარიამი ადგილზევე წყვეტდა, ვისთვის გადაეცათ კომპიუტერი.
ძმებს, სულოსა და გიორგის კახეთის სოფელ ართანაში სწორედ პანდემიის დროს შევხვდით. მოსწავლეებმა წინასწარ თითქმის არასდროს იციან, რომ მათთან „ჩართე“ მიდის, ამიტომ, ხანდახან რთულია იმის თქმა, რას გრძნობენ, როცა საჩუქრად ლეპტოპებს იღებენ. სულოსა და გიორგისაც გაუჭირდათ ემოციების გამოხატვა, როცა მარიამმა გადამოწმების შემდეგ გადაწყვიტა, რომ მათთვის ლეპტოპი გადაეცა. თუმცა, წამოსვლისას, მათ ნაცვლად დედამ გვითხრა, რომ წლებია ბავშვები კომპიუტერის ყიდვას სთხოვენ, თუმცა, ოჯახს ამის საშუალება არასდროს ჰქონია.
მას შემდეგ, რაც ბავშვებს ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა უჩნდებათ, „ჩართე“ აქტიურად აგრძელებს მათთან კომუნიკაციასა და საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით მომარაგებას. პროექტისვე ფარგლებში მოსწავლეებს უტარდებათ ტრენინგი, რომელიც რამდენიმე საკითხს მოიცავს:
ესაა, ბაზისური ცოდნის გაზიარება ტექნოლოგიების შესახებ: როგორ მოიხმარონ ინტერნეტი, საძიებელი სისტემები; ასევე ტრენიგებში ჩადებულია მედიაწიგნიერების მოდული – როგორ გაარჩიონ სწორი ინფორმაცია ყალბისგან და ჰქონდეთ კრიტიკული ანალიზის შესაძლებლობა; ამასთან, მოსწავლეებს საშუალება აქვთ, მოისმინონ, როგორ შეიძლება ბიუჯეტის მართვა.
„მომავალი სტუდენტები არიან, ამიტომ შეზღუდული რესურსების პირობებში მოუწევთ ცხოვრება და მგონია, რომ მნიშვნელოვანია, იცოდნენ, როგორ მართონ თავიანთი მცირე ბიუჯეტი“, – ამბობს მარი გელაშვილი, პროექტის ოპერაციული მენეჯერი. მისივე ინფორმაციით, აკვირდებიან მოსწავლეების აქტივობებს, მუდმივად ეძებენ დონორებს და მოსწავლეებს საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან აკავშირებენ.
„ერთ-ერთმა ფრანგულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ შარშან გურიის სოფლიდან 4 მოსწავლე საფრანგეთში, ბანაკში წაიყვანა და მათ ძალიან საინტერესო გამოცდილება და ცოდნა მიიღეს“.
პროექტი გრძელდება და მისი ბედი დონორებისა და კერძო ინიციატივების ანაბარა რჩება. თუმცა, მარი გელაშვილი ამბობს, რომ წლიდან წლამდე იზრდება შემომწირველთა რაოდენობა. ამიტომ ეს ფაქტი იმედს უტოვებს, რომ საქართველოში ნელ-ნელა ყველა ბავშვს ექნება შანსი, ჰქონდეს ინტერნეტი და განვითარების მეტი შესაძლებლობა:„წარმოიდგინეთ, სოფელში მათი მსოფლმხედველობა შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანით, ვისაც ისინი ყოველდღე ხედავენ. ინტერნეტი მათ ცოდნის გარდა, ამ მსოფლმხედველობის გაფართოების შანსებს უათმაგებს. მეტი სურვილი, მეტი ოცნება და, რა თქმა უნდა, მეტი შესაძლებლობა ჩნდება, იცხოვრონ ისე, როგორც თავად სურთ“.
მასალა მომზადდა CTC-ისა და „პუბლიკის” ერთობლივი პროექტის -„Covid-19 და საზოგადოებრივი ინციატივების” ფარგლებში.