როგორ დააზარალა პანდემიამ ბუკინისტების საქმიანობა - ჰამიდის ამბავი

წელიწადზე მეტია, ჰამიდ სადიკოვის ძველი წიგნებით სავსე, პატარა მაღაზია რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარეობს. პანდემიის გამო ჰამიდს რამდენიმე თვის განმავლობაში მაღაზიის დაკეტვა და საქმიანობის შეჩერება მოუხდა, ისევე როგორც მის ნაცნობ ბევრ სხვა ბუკინისტს, რომლებიც ძირითადად მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე ძველი წიგნებით ვაჭრობდნენ.

ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როცა მერიის მიერ თბილისში გარევაჭრობის აკრძალვა ბუკინისტებსაც შეეხო, ჰამიდის ბუკინისტ მეგობრებს ტრადიციული სამუშაო ადგილების დატოვება და  მყიდველისთვის უცნობ ადგილებზე გადაბარგება მოუხდათ. ჰამიდი მაშინ სტუდენტი იყო და ლექციებისგან თავისუფალ დროს ყოველთვის ბუკინისტებთან ატარებდა, ძველ წიგნებს აგროვებდა და მათი საქმიანობის დიდი გულშემატკივარიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა მეგობარ ბუკინისტებს როგორმე დახმარებოდა და მათთვის სოციალურ ქსელში კამპანიაც წამოიწყო – მათი ახალი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას აზიარებდა, რომ მკითხველები არ დაეკარგათ და საქმეს არ შეშვებოდნენ.

„ამ საქმეს თავისი მეორე მხარე აქვს, ძალიან საინტერესო მხარე, რომელსაც ხალხი ვერ ხედავს – როგორ გროვდება წიგნები, როგორ იმახსოვრებ ამ წიგნების სახელებს და ავტორებს, ტირაჟს, გამოცემის წელს… ძველი წიგნების ხიბლიც ეგაა, ყველგან ადვილად ვერ იპოვი, ამ საქმეში ყველაზე მეტად რაც მომწონს, ისაა, რომ ძებნა გიწევს და მერე პოვნა ძალიან გახარებს“,- გვეუბნება ჰამიდი და ფიქრობს, რომ სწორედ ამან განაპირობა თავადაც ბუკინისტი გამხდარიყო.

ჰამიდი გარდაბანში ცხოვრობს. სოფელ კალინინოს სკოლის მასწავლებელია. უკვე მეორე წელია დამხმარე მასწავლებლად მუშაობს, უფროსკლასელებს გეოგრაფიას ასწავლის. სანამ პანდემიის გამო მუშაობა შეჩერდებოდა, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ყოველდღე, თბილისში ბრუნდებოდა და თავისი წიგნების პატარა მაღაზიაში საქმიანობდა. მას შემდეგ კი, რაც შეზღუდვები დაწესდა და ტრანსპორტის მოძრაობაც აიკრძალა, თბილისში ვეღარ ჩამოდიოდა.

ჰამიდი გვიყვება, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებით მის მეგობარ ბუკინისტებს გაუჭირდათ, რადგან მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ყოველდღიურად გაყიდული წიგნები იყო.

„მე მასწავლებელიც ვარ და ფინანსურად ისე არ გამჭირვებია, როგორც მათ. თუმცა ჩემთვის ამ მიმართულებით შემოსავალი მთლიანად შეწყდა, რეგიონიდან ვერ ჩამოვდიოდი. ფეისბუქგვერდზე ადრე დაპოსტილ წიგნებს ხელახლა ვაზიარებდი, რომ იქნებ ვინმე დაინტერესებულიყო. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც სოლიდარობის მიზნით შერჩეული წიგნების საფასური წინასწარვე ჩარიცხეს და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოვიდნენ წიგნების წასაღებად“.

ჰამიდი ჰყვება, რომ პრობლემა შეექმნათ იმ ბუკინისტებსაც, რომლებსაც წიგნებისთვის მაღაზიები ჰქონდათ ნაქირავები, გაყიდვების შემცირების პერიოდში ქირის გადახდა მათთვის მძიმე ტვირთად იქცა. გვიყვება, რომ მაღაზიის მეპატრონემ მას შეღავათი გაუწია და პირველი ორი თვე ქირა არ გადაუხდია. ახლაც შედარებით ნაკლებს იხდის, რადგან წიგნის მყიდველების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ჰამიდი ამბობს, რომ ბუკინისტების წიგნებს ძირითადად ორი მყიდველი ჰყავდა – ტურისტები და სტუდენტები. ახლა, როცა ქვეყანაში ტურისტები აღარ არიან და უნივერსიტეტებში სწავლის შეჩერების გამო სტუდენტებიც იშვიათად აკითხავენ, გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა.

„ბუკინისტები წიგნებს ძირითადად ტურისტების ხარჯზე ყიდდნენ. ბუკინისტური ლიტერატურის დიდი ნაწილი რუსულ ან ინგლისურ ენებზეა. ტურისტები ძირითადად იძენდნენ წიგნებს საქართველოს შესახებ, ქართველი მხატვრების შესახებ, ძველ ბარათებს და ა.შ. ამიტომ გარემოვაჭრე ბუკინისტისთვის ტურისტების არყოფნა ძალიან დიდი დანაკლისია. მათ ძალიან გაუჭირდათ. ზოგი ყოველდღიურად ისე აწყობს და ალაგებს თაროდან წიგნებს, რომ დღის განმავლობაში ვერაფერს ყიდის. ახლა კიდევ ცოტა უფრო ამოძრავდა ხალხი“.

ჰამიდი ამბობს, რომ კომპენსაციის მიღების მიზნით, როგორც თვითდასაქმებულებმა, მთავრობას ბუკინისტებმაც მიმართეს. თუმცა, რაკი თვითონ მასწავლებლადაც მუშაობს და ანაზღაურება არ შეწყვეტია, ეს დახმარება ვერ მიიღო.

„ბევრჯერ გადავწყვიტე, ამ საქმეს თავს დავანებებ-მეთქი. მაგრამ ვხვდებოდი, რომ თავს ვერ დავანებებდი, ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, დავმეგობრდით. არ მინდა, ეს ურთიერთობა შეწყდეს. აქ ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვეცნობი, ერთია, როცა სადღაც მუშაობ და კოლეგებთან ურთიერთობ. აქ სხვა სიტუაციაა, ურთიერთობის სულ სხვა ფორმაა და ამის დათმობა არ მინდა“,- გვეუბნება ჰამიდი და შექმნილი კრიზისის მიუხედავად, ბუკინისტური საქმიანობისთვის თავის დანებებას არ აპირებს.

____________________________________________________________

გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.