როგორ დაეხმარა Ck-12-ის პლატფორმა სკოლებს სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გაზრდაში

პუბლიკა

კოვიდ-19-ის გავრცელებით გამოწვეულმა პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სექტორი ისეთი სირთულეების წინაშე დააყენა, როგორიცაა გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება და მაღალი ხარისხის ციფრული რესურსების ნაკლებობა. ამ სირთულეების აღმოსაფხვრელად, გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივითა და მხარდაჭერით შედგა თანამშრომლობა CK-12-ის საერთაშორისო ფონდისა და განათლების კოალიციას შორის.

კერძოდ, ქართველი მოსწავლეებისთვის მშობლიურ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა CK-12-ის პლატფორმაზე განთავსებული ციფრული საგანმანათლებლო რესურსები.

Ck-12-ის პლატფორმის გამოყენება საქართველოში 2020 წელს დაიწყო რესურსების ადაპტირებით და შემდგომ სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების ფართო ქსელის შექმნას შეუწყო ხელი. ქსელის მიზანია სკოლების ბაზაზე მასწავლებლების მხარდაჭერა სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გაზრდაში, როგორც საბუნებისმეტყველო საგნების, ასევე ინტეგრირებული სწავლების მიმართულებით.

დღეს ქართულენოვანი ვებგვერდი – www.ck12.edu.ge აერთიანებს STEM საგნების 15 ადაპტირებულ ციფრულ წიგნზე წვდომას საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელშიც ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების 150-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა. კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის გავრცელების გამოცდილების შეჯამებას და  Ck-12 სკოლების ქსელის მუშაობის კარგი პრაქტიკის გაზიარებას.

„CK-12-ის სასწავლო რესურსების თარგმნის იდეას ბიძგი მისცა კოვიდპანდემიამ და ონლაინსწავლების პერიოდში ელექტრონული სასწავლო რესურსების დიდმა საჭიროებამ. შემდგომ, როცა მასწავლებლებმა პრაქტიკაში მისი გამოყენება დაიწყეს, უკვე კარგად დავინახეთ, რომ ეს პლატფორმა ძალიან სასარგებლო იყო არა მხოლოდ ონლაინ, არამედ სასკოლო სწავლების პროცესშიც“, – ამბობს „განათლების კოალიციის“ გამგეობის თავმჯდომარე, ირინა ხანთაძე და განმარტავს, რომ ის საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, მეტი ინტერაქციით უფრო შედეგიანი და სახალისო გახადონ სწავლების პროცესი.

მისივე თქმით, ჯამში, 2022-23 წლებში CK-12-ის სკოლების ქსელმა 75 საჯარო სკოლა, 359 მასწავლებელი და 13 000-ზე მეტი მოსწავლე გააერთიანა.

„ასევე ამ გამოცდილებამ თვალნათლივ გვაჩვენა, რომ სკოლებში მოსწავლეთა ციფრულ ტექნოლოგიებზე შეზღუდული წვდომა ერთ-ერთი საკვანძო სისტემური პრობლემაა და მისი გადაწყვეტის გარეშე რთული იქნება სწავლა-სწავლების ხარისხის მდგრადი განვითარება“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის, ემი ქლენსის თქმით, ფონდი მხარს უჭერს ციფრული სწავლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გაძლიერებას საქართველოში. აღნიშნული პროგრამის მიზანი კი საჯარო სკოლებში ინოვაციური სწავლებისა და სწავლის მეთოდების ხელშეწყობა, სახელმძღვანელოების და მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის განკუთვნილი ციფრული რესურსების გამდიდრებაა.

„ამ პროექტის მეშვეობით, ჩვენ მასწავლებელს ვაძლევთ პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესების საშუალებას, რაც აუცილებელია მუდმივი პროფესიული ზრდის უზრუნველსაყოფად.“

2022 წელს შეიქმნა „საგანმანათლებლო პლატფორმა ck-12-ის სკოლების ქსელი“. ქსელის მიზანი CK-12-ის რესურსების პოპულარიზაცია და ინტეგრირებაა სწავლა-სწავლების პროცესში. ამ მიზნის მისაღწევად სკოლებსა და მასწავლებლებთან 2022 წელს ჩართული იყო 20 კონსულტანტ-მასწავლებელი, რომლებიც სასწავლო პროცესში საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის რესურსების სწორად გამოყენებასა და სასწავლო პროცესში CK-12-ის დანერგვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს უზიარებდნენ კოლეგებს. ჯამში, 2022-23 წლების განმავლობაში CK-12-ის სკოლების ქსელმა 75 საჯარო სკოლა, 359 მასწავლებელი და 13 705 მოსწავლე გააერთიანა.

საგულისხმოა, რომ CK-12-ის ქართული რესურსების გამოყენების 5000-მდე ინციდენტი დაფიქსირდა (პლიქსები; ინტერაქტივები; რემედიაციის მიზნებისთვის; გაკვეთილის დასაგეგმად; ონლაინგაკვეთილზე; შებრუნებული გაკვეთილის სახით; ინტეგრირებული გაკვეთილის მიზნებისთვის; საშინაო დავალებისთვის; კომპლექსური დავალების შესადგენად). ამასთან, პარტნიორი სკოლებისა და კონსულტანტების თანამშრომლობით 50-მდე განსხვავებული ფორმატის კონფერენცია, სამუშაო შეხვედრა და სასკოლო პროექტი ჩატარდა.

ხათუნა კაპანაძე 2 წელია, კონსულტანტ-მასწავლებელია. ის გელათის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგია.

„სახელმძღვანელოები, რომლებიც შემოგვთავაზეს და შემდგომ, როგორც კონსულტანტმა, ჩემს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებთან ერთად დავამუშავე, არის მეთოდურად საოცრად გამართული და მარტივიდან რთულისკენ მეცნიერებაში შესასვლელ კარსაც უხსნის მოსწავლეს“, – ამბობს ხათუნა კაპანაძე და ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც რესურსების გამოყენება იძლევა, ბავშვებში მოტივაციის გაჩენაა.

„როცა ჩვენ მოსწავლეს ვერ დავაინტერესებთ და იქ სხვა გზა, ფაქტობრივად, მოჭრილია, რომ საგანი ისწავლოს, ეს რესურსები მნიშვნელოვანი და ეფექტიანი საშუალებაა იმდენად, რამდენადაც მაქსიმალურად არის მსუბუქი სასაუბრო ენა; არ არის დატვირთული; თან ახლავს თვალსაჩინოებები; ვიდეორესურსები თემატურად ჩაშენებულია და თავმოყრილია თემის შესაჯამებლად საჭირო ყველა მასალა; საძებარი არ გვაქვს მასწავლებლებს“, – ამბობს ხათუნა კაპანაძე.

კონსულტანტ-მასწავლებელი ხათუნა ნოზაძე ფიქრობს, რომ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი სასკოლო თემის გაერთიანება და აქტიური სკოლების ქსელის უზრუნველყოფაა, რომლებიც ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

„პლატფორმის გამოყენებით სკოლებმა შექმნეს აქტიური სასკოლო საზოგადოებრივი ცხოვრება, რაც ყველაზე მეტად დღეს სჭირდებათ ბავშვებს, მოსწავლეებს. ზუსტად ეს აქტიური საგაკვეთილო ცხოვრება აისახა თითოეული მოსწავლის შედეგზე.

ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მაგალითზე სკოლამ გამართა კონფერენციები, გაძლიერდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებები, შეიქმნა საინტერესო სასწავლო სამაგიდო თამაშები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლის მშობელმა, რადგან თავისსავე შვილზე გამოცადა, რამდენად შედეგიანი იყო რესურსების გამოყენება, შეხვედრა მოაწყო სხვა მშობლებთან და მათაც გააცნო ის დადებითი შედეგები, რომლითაც შესაძლოა ისარგებლონ რესურსების გამოყენებისას.

პროცესში ჩართულები იყვნენ სტუდენტები, რომლებიც სასწავლო პრაქტიკით იმყოფებოდნენ სკოლაში, კვლევას აწარმოებდნენ. ამგვარად თავად სკოლა აღმოჩნდა მენტორი სხვა სკოლებისთვის. კონსულტაციები გაუწიეს რეგიონში არსებულ სხვა სკოლებს.“

კონსულტანტ-მასწავლებელი დიმიტრი პოპოვი ფიქრობს, რომ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი მოსწავლეებში დამოუკიდებლად სწავლის უნარების განვითარების ხელშეწყობაა.

„რესურსმა კიდევ უფრო მეტი საშუალება მისცა სკოლებს მეტი აქტივობა განეხორციელებინათ. მაგალითად, ერთ-ერთი აქცენტი იყო მოსწავლეებში თვით სწავლის კომპონენტის გაძლიერებაზე. ეს ითვალისწინებდა მშობლების ჩართულობასაც.

მასწავლებლები სასკოლო გარემოში პროექტების სახით მუშაობდნენ. კომპლექსურ დავალებებს მოსწავლეები დამოუკიდებლად ამუშავებდნენ და კვლევა-ძიების პროცესში ახალ ცოდნას იძენდნენ. ვფიქრობ, პროექტის მთავარი შედეგი ეს იყო – სასწავლო პროცესში უფრო მეტად დამოუკიდებელი ბავშვების ჩამოყალიბება“, – ამბობს დიმიტრი პოპოვი.

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი შედეგი იყო მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის, როლის გაძლიერება – მასწავლებელი, რომელიც  გზას უჩვენებს მოსწავლეებს, მოსწავლეები კი კვლევა-ძიებით, მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოყენებით თავად აგროვებენ ცოდნას.

CK-12-ის შესახებ

CK-12 პლატფორმის მისიაა, უზრუნველყოს თავისუფალი წვდომა ღია რესურსებზე, რომლებიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, გააუმჯობესონ სწავლის პროცესი; ექსპერიმენტულად მიუდგნენ სწავლების სხვადასხვა სტილს, მეთოდს, რესურსსა და გარემოს, რომელშიც სწავლობენ და ასწავლიან. საქართველოშიც პლატფორმისა და შემუშავებული რესურსების გავრცელება ამავე მიზანს ემსახურება.

საგულისხმოა, რომ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ კონტექსტში, CK-12 პლატფორმის გამოყენებას აქვს პირდაპირი პოზიტიური გავლენა როგორც სწავლა-სწავლების პროცესზე, ასევე მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, სასკოლო და პროფესიულ საზოგადოებაზე.