როგორ დაეხმარება „სპიკერი“ მძიმე და ღრმა გონებრივი შეფერხების მქონე ადამიანებს

პუბლიკა

თვის ბოლოსთვის play story/google story-ში უკვე ხელმისაწვდომი იქნება ახალი აპლიკაცია სპიკერი/Speaker. აპლიკაცია კომუნიკაციაში დაეხმარება აუტისტური სპექტრის, მძიმე და ღრმა გონებრივი შეფერხების მქონე ადამიანებს.

სპიკერი/Speaker სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსის გამარჯვებული პროექტია. აპლიკაციის შექმნის იდეის ავტორები ელენე კობიძე და ნათია ჩაჩხიანი არიან.

ელენე კობიძე ჰყვება, რომ მათი გუნდი წარმოადგენს კოალიციას „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ და ორგანიზაცია „ხელი ხელს“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერ სხვადასხვა სერვისს ახორციელებს. საკუთარ სამუშაო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის ამბობს, რომ მუშაობის პროცესში ხშირად უწევდათ ურთიერთობა კომუნიკაციის სირთულეების მქონე ადამიანებთან და ის კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რომლებსაც კომუნიკაციის სირთულის მქონე ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

კომუნიკაციის უნარების სირთულეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში იწვევს საკუთარი ცხოვრების მართვის უნარებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის დაქვეითებას.

ელენე განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის, განსაკუთრებით, აუტისტური სპექტრის და ღრმა ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვების დიდ ნაწილს კომუნიკაციის დარღვევები აქვს, რაც გამოიხატება არამხოლოდ მეტყველებაში, არამედ ინფორმაციის აღქმის, გაგებისა და დამახსოვრების სირთულეში. მძიმე ექსპრესიულ-იმპრესიული მეტყველების დარღვევის დროს ბავშვთა 95%-ს უვითარდება ქცევის სირთულეები, რაც განაპირობებს მათ დარჩენას ფორმალური თუ არაფორმალური საგანმანათლებლო სისტემის გარეშე.

სწორედ ამიტომ, როგორც ელენე გვიყვება ამ ადამიანების დახმარების მიზნით, დაიწყეს ალტერნატიული საშუალებების ძიება. ის ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი დამხმარე საშუალებაა ჟესტების ენა – რომელიც, მისი შეფასებით, რთული დასასწავლია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გონებრივი განვითარების შეფერხება ან მოტორული უნარების შეზღუდვა აქვთ. ჟესტების ენის გაგება რთულია გარშემომყოფებისთვისაც.

კიდევ ერთი საშუალება, რომლის შესახებაც ელენე საუბრობს, დამხმარე მოწყობილობებია, რომლებიც აპრობირებულია ამერიკაში და რომლის ფასი დაახლოებით 5000 დოლარია.

ელენე გვიყვება სურათების გაცვლითი კომუნიკაციის სისტემაზეც (პექსი), რომლის ორი სახით გამოყენება არის შესაძლებელი, ეს არის წიგნი და აპლიკაცია. პექსი წიგნის ფორმით მოუხერხებელია სხვადასხვა სიტუაციაში გამოსაყენებლად, მარტივად ფუჭდება და მისი დამზადება საკმაოდ რთული და ძვირია. ამიტომ გადაწყვიტეს, გაეკეთებინათ სურათების გავლით კომუნიკაციის სისტემა ისეთი ფორმით, რომელიც გათვლილი იქნებოდა თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებაზე, სხვადასხვა გარემოში, კომუნიკაციის ნებისმიერი სირთულის მქონე ადამიანისთვის.

ელენეს თქმით, აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება პირველ ეტაპზე მთელი საქართველოს მასშტაბით როგორც ქართულენოვანი, ასევე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ადამიანებისთვის. საბოლოო ვერსიის დამზადების შემდეგ აპლიკაციაზე წვდომის საშუალება ექნება სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ კომუნიკაციის სირთულის მქონე ადამიანებს.

ელენე ფიქრობს, რომ მეტყველების დარღვევის მქონე ადამიანებს აპლიკაცია მისცემს შესაძლებლობას, გამოიყენონ ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებები გარშემომყოფებთან კომუნიკაციის დასამყარებლად, გამოხატონ ემოციები, დაიკმაყოფილონ საჭიროებები და ჰქონდეთ არჩევნის გაკეთების საშუალება, რაც დაეხმარება მათ დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და ღირსეული ცხოვრებით უზრუნველყოფაში.

თავის მხრივ, კომუნიკაციის უნარების განვითარება მოახდენს კომუნიკაციის არარსებობით გამოწვეული რთული ქცევის შემცირებასა და გაქრობას, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს შშმ ბავშვების მიმართ არსებული სტიგმას, ან მოახდენს მის პრევენციას.

„ბავშვებს გაუჩნდებათ თანატოლებთან თანასწორი ურთიერთობის შესაძლებლობა“, – ამბობს ელენე და განმარტავს, რომ  თერაპევტებს, მშობლებს, სკოლისა და ბაღის პედაგოგებს გაუმარტივდებათ ბავშვის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა და ფუნქციური უნარ-ჩვევების სწავლება.

რა ფუნქციები ექნება აპლიკაციას?

აპლიკაციის ინსტრუქცია ხელმისაწვდომი იქნება ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ , რუსულ და ინგლისურ ენებზე.

აპლიკაციას ექნება გახმოვანების ფუნქცია, რასაც ელენე კონკრეტული მაგალითის მეშვეობით აღგვიწერს: როდესაც მომხმარებელი აპლიკაციაში შეიტანს სასურველ სურათს, თითოეული სურათისთვის ჩაიწერს დასახელებას (მაგალითად, ქართველი მომხმარებელი შეიტანს ვაშლის სურათს და ჩაწერს ხმას „ვაშლი“, ინგლისურენოვანი მომხმარებელი იმავე სურათზე ჩაწერს ხმას „Apple” და ასე შემდეგ თითოეული სურათისთვის სასურველ ენაზე), თუ მომხმარებლისთვის სასურველი საგანი იქნება ვაშლი, აირჩევს ვაშლის სურათს და აპლიკაცია გაახმოვანებს მის სურვილს. ეს ფუნქცია აპლიკაციას ხდის უნიკალურს, გამოიყენონ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებმა.

მომხმარებელს ექნება საშუალება, დაამატოს მისთვის სასურველი ნებისმიერი სურათი, ნებისმიერი რაოდენობით. ელენე ამბობს, რომ სურათების არჩევისა და გადაღების ფუნქცია მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებლებს აპლიკაციაში ექნებათ საკუთარი ნივთების, სასურველი ადამიანებისა და ადგილების სურათები, რაც მათ კომუნიკაციას გაუმარტივებს.

მომხმარებელს ექნება საშუალება, კატეგორიზება გაუკეთოს სურათებს, მაგალითად, საკვები, სათამაშოები, ტექნიკა და სხვა.

აპლიკაციას ექნება არსებითი სახელების, ზედსართავისა და ზმნების გამოყენების შესაძლებლობა.

ასევე, აპლიკაციას ექნება, ე.წ. დაფა, სადაც მომხმარებელი შეძლებს ერთდროულად რამდენიმე სურათის გამოტანასა და ერთად გახმოვანებას. მაგალითად, „ვაშლი“ და „წვენი“, „მანქანა“ და „მაკდონალდსი“, „მე მინდა“ „შოკოლადი“ და „ნაყინი“. არსებული სურათებით შეიძლება აიწყოს წინადადება „მე მაკდონალდსში მანქანით წასვლა მინდა“.

ელენე ამბობს, რომ მომხმარებელს საშუალება ექნება, დაამატოს ემოციების გამომხატველი ვიდეოები და სურათები, რაც ჩაანაცვლებს რთულ ქცევას. მაგალითად, გაბრაზების დროს რთული ქცევის ნაცვლად ვიდეოთი ან ფოტოთი გააზიაროს საკუთარი ემოცია.

ელენე გვიყვება, რომ აპლიკაციის დამზადების სამუშაოს დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. პირველადი ვერსიის დამზადების შემდეგ კონკრეტული ბავშვებისთვის აეწყო ბაზისური ვერსიები და მოხდა მათი პილოტირება. პილოტირებისას გამოიკვეთა ახალი საჭიროებები, რომლის შესწორებაც ახლა მიმდინარეობს. მისივე თქმით, იგეგმება ტრენინგების პროფესიონალებისა და მშობლებისთვის, როგორ გამოიყენონ აპლიკაცია კომუნიკაციის სირთულეების დასაძლევად.

სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსი წარმოადგენს სოციალური ინოვაციების პლატფორმის ერთ-ერთი კომპონენტს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სამეწარმეო იდეების წახალისებასა და განვითარებას, საზოგადოებრივი გამოწვევების საპასუხოდ.

კონკურსის მიზანია ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა, თავიანთი ინიციატივების განხორციელებისა და განვითარების კუთხით. თავის მხრივ, აღნიშნული იდეები უნდა უკავშირდებოდეს სოციალურ საკითხებს, იყოს მდგრადი და გავლენის მქონე პრობლემების გადაჭრაზე. კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია: განათლება; სიღარიბის დაძლევა; ადგილობრივი თემის გაძლიერება; გარემოს დაცვა.