რაში რამდენ დროს ხარჯავენ ადამიანები დღის განმავლობაში? – ამ კითხვას პასუხობს გამოკვლევა, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა და მოქალაქეების მიერ დროის გამოყენებას ეხება.
მაგალითად, მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. საქართველოში დედების 80%-ია ჩართული ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებულ აქტივობებში, რაც ორჯერ აღემატება მამების მონაწილეობის დონეს.
კვლევა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოამზადა, ბევრ საინტერესო მონაცემს აგროვებს.
როგორ და რაში იყენებენ საქართველოში დროს?
მოკვლევა აჩვენებს, რომ ზოგადად, საქართველოს მოსახლეობა დროის 49%-ს ხარჯავს აუცილებლობასთან დაკავშირებულ აქტივობებზე (ფიზიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილება, ძილი, კვება, პირადი ჰიგიენა და ა.შ.), 16%-ს – ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ აქტივობებზე (ანაზღაურებადი სამუშაო, რეგულარულ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა და ა.შ.), დროის 12%-ს ვალდებულებებთან დაკავშირებულ აქტივობებზე (აუნაზღაურებელი საოჯახო და ზრუნვის მომსახურება, მოხალისეობრივი საქმიანობა და ა.შ.) და 23%-ს თავისუფალ დროსთან დაკავშირებულ აქტივობებზე (დასვენება, სოციალიზაცია და ა.შ.).
მაგალითად, ვალდებულებებთან დაკავშირებულ აქტივობებზე ქალები კაცებზე დაახლოებით ოთხჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ხოლო ხელშეკრულებებთან და თავისუფალ დროსთან დაკავშირებულ აქტივობებზე უფრო მეტ დროს კაცები ხარჯავენ. ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ აქტივობებზე კაცების მიერ დახარჯული დრო თითქმის ორჯერ აღემატება ქალების მიერ დახარჯულ დროს.
დასაქმებასთან დაკავშირებულ აქტივობებში მონაწილეობის დონე ყველაზე მაღალი თბილისსა და სხვა ქალაქებშია. ყველა ტიპის დასახლებაში, დასაქმებასთან დაკავშირებულ აქტივობებში კაცების მონაწილეობის დონე (41%) 1.7-ჯერ აღემატება ქალების იმავე მაჩვენებელს (24%).
დასაქმებასთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩართული მოსახლეობისათვის, ამ აქტივობებზე დახარჯული საშუალო დრო 8.2 საათს შეადგენს. ეს მაჩვენებელი თბილისში 9.1 საათია, სხვა ქალაქებში – 8.6 საათი, ხოლო სოფლებში – 7.0 საათი. ყველა ტიპის დასახლებაში, კაცები, ქალებთან შედარებით დაახლოებით ერთი საათით მეტს ხარჯავენ დასაქმებასთან დაკავშირებულ აქტივობებზე.
სწავლასთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩართულია ქალების 6.3% და კაცების 5.8%. მონაწილეობის დონე უფრო მაღალია თბილისსა და სხვა ქალაქებში (7.9 პროცენტი და 6.0 პროცენტი, შესაბამისად), ვიდრე სოფლებში (4.8 პროცენტი).
ქალებშიც და კაცებშიც მონაწილეობის დონე და სწავლაზე დახარჯული დრო საგრძნობლად იკლებს 24 წლის ასაკის შემდეგ. უფრო ახალგაზრდა ასაკის (15-24 წლის) ქალები და კაცები სწავლაზე ხარჯავენ დღეში 2.3 საათს და 1.9 საათს, შესაბამისად. თბილისსა და სხვა ქალაქებში, 15-24 წლის ქალები, ამავე ასაკობრივი ჯგუფის კაცებთან შედარებით, მეტ დროს ხარჯავენ სწავლასთან დაკავშირებულ აქტივობებზე. სოფლებში კი სურათი საპირისპიროა.
საქართველოს მოსახლეობის 66% ჩართულია აუნაზღაურებელ საოჯახო საქმიანობაში. ეს მაჩვენებელი მკვეთრად განსხვავდება ქალებისა (88.3%) და კაცებისათვის (39.6%). მონაწილეობის დონე ყველაზე მაღალია სოფლად მცხოვრებ ქალებში (90.3%).
კვლევა აჩვენებს, რომ საშუალოდ, საქართველოს მოსახლეობა დღეში 2.1 საათს ხარჯავს აუნაზღაურებელ საოჯახო საქმიანობაზე, თუმცა, გენდერული სხვაობა საკმაოდ დიდია. ყველა ტიპის დასახლებაში კაცები ამ აქტივობებზე დღეში 0.7 საათს ხარჯავენ, ხოლო ქალების მიერ დახარჯული დრო 5-ჯერ მეტია სოფლებში (3.6 საათი დღეში) და 4.7ჯერ მეტია თბილისსა და სხვა ქალაქებში (3.2 საათი დღეში).
სრული დროით დასაქმებული ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო საქმიანობაზე ხარჯავენ დღეში 2.7 საათს. ეს მაჩვენებელი 5-ჯერ აღემატება სრული დროით დასაქმებული კაცების შესაბამის მაჩვენებელს (0.5 საათი დღეში).
ყველა ტიპის დასახლებაში ქალების მიერ აუნაზღაურებელ საოჯახო საქმიანობაზე დახარჯული დრო იზრდება ასაკის მატებასთან ერთად 64 წლამდე და შემდეგ იწყებს კლებას. ისეთი საოჯახო მოწყობილობები, როგორებიცაა სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ღუმელი და ჭურჭლის სარეცხი მანქანა, არ ცვლის აუნაზღაურებელ საოჯახო საქმიანობაზე კაცების მიერ დახარჯულ დროს, მაგრამ ამცირებს ქალებისათვის.
მოხალისეობრივ და სხვა სახის აუნაზღაურებელ საქმიანობებზე საქართველოს მოსახლეობა ძალიან ცოტა დროს ხარჯავს (0.1 საათი დღეში). ამ აქტივობებში ჩართულია მოსახლეობის მხოლოდ 2.6%. ამასთან, კაცების მონაწილეობის დონე (3.0%) უფრო მაღალია, ვიდრე ქალების (2.3%).
სოციალიზაციასთან დაკავშირებულ აქტივობებში მოსახლეობის 59.0%-ია ჩართული. ამასთან, ქალებისა და კაცების მონაწილეობის დონე მსგავსია. დასახლების ტიპის მიხედვით, მონაწილეობის დონე უფრო მაღალია თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვიდრე სოფლებში. ასაკის ზრდასთან ერთად მცირდება ამ აქტივობებში ჩართულობის დონე – 74.2%-დან 53.3%-მდე. სამივე ტიპის დასახლებაში ამ აქტივობებს კაცები უფრო მეტ დროს უთმობენ (2.8 საათი დღეში), ვიდრე ქალები (2.1 საათი დღეში).
დასვენებასთან დაკავშირებულ აქტივობებზე საქართველოს მოსახლეობა დღეში საშუალოდ 4.2 საათს ხარჯავს. კაცები საშუალოდ 4.7 საათს ხარჯავენ, რაც 0.8 საათით აღემატება ქალების ამავე მაჩვენებელს (3.9 საათი დღეში). ყველა ტიპის დასახლებაში, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ამ აქტივობებზე კაცები უფრო მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე ქალები.
საკუთარ თავზე ზრუნვასთან დაკავშირებული აქტივობებიდან ყველაზე მეტი დრო ძილზე იხარჯება. საშუალოდ, საქართველოს მოსახლეობა დღეში-ღამეში ძილს 9.1 საათს უთმობს, ჭამას და სმას – 1.5 საათს, ხოლო პირად ჰიგიენას და თავის მოვლას – 1.0 საათს. დასახლების ტიპის და სქესის მიხედვით, ამ მაჩვენებლების მნიშვნელობებს შორის მკვეთრი განსხვავება არ შეინიშნება.
კვლევის მიხედვით, აქტივობების განაწილების ტენდენციები 24 საათის განმავლობაში აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა დასაქმებასთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩართულია დილის 6 საათიდან და ღამის 12 საათამდე, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა 9 საათიდან 6 საათამდე მუშაობს. აუნაზღაურებელი ზრუნვის და საოჯახო საქმიანობები დილიდან იწყება, თუმცა პიკს 11 საათზე აღწევს და დღის ბოლომდე გრძელდება.
როგორ იყენებენ დროს სხვადასხვა ასაკში
როგორც ზემოთად აღვნიშნეთ, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში დედების 80%-ია პროცენტი ჩართული ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებულ აქტივობებში, რაც ორჯერ აღემატება მამების მონაწილეობის დონეს (37.6%). დედები ბავშვზე ზრუნვაზე კვირაში საშუალოდ 20.4 საათს ხარჯავენ, მამები – 3.9 საათს.
დედების შემთხვევაში, მათ მიერ დახარჯული დროის ნახევარზე მეტი (10.5 საათი) შვილებზე ფიზიკურ და ემოციურ ზრუნვას ეთმობა. მამების მიერ დახარჯული დროის ნახევარზე მეტი (2.2 საათი) ეთმობა შვილებთან თამაშს, კითხვასა და საუბარს. როგორც დედების, ასევე მამების შემთხვევაში, ყველა ტიპის დასახლებაში, ბავშვზე ზრუნვაზე დახარჯული დრო მცირდება ყველაზე უმცროსი შვილის ასაკის მატებასთან ერთად.
რაც შეეხება ასაკობრივ განსხვავებებს, კვლევა აჩვენებს, რომ ახალგაზრდების (15-24 წლის) დროის განაწილება სხვადასხვა აქტივობაზე განსხვავებულია უფროსი ასაკის პირებთან შედარებით – მათ მეტი სძინავთ და მეტ დროს ხარჯავენ სწავლასთან დაკავშრებულ აქტივობებზე, მაგრამ ბევრად ნაკლებ დროს უთმობენ აუნაზღაურებელ ზრუნვის და საოჯახო საქმიანობას.
ოჯახთან ერთად მცხოვრები ახალგაზრდები ყველაზე მეტ დროს შემდეგ აქტივობებზე ხარჯავენ: საკუთარ თავზე ზრუნვა და თავის მოვლა (51.0%), დასვენება და გართობა (17.0%), სოციალიზაცია (10.2%) და სწავლა (8.7%). ახალგაზრდა კაცებთან შედარებით, ახალგაზრდა ქალები ნაკლებ დროს ხარჯავენ ჩამოთვლილთაგან პირველ სამ აქტივობაზე, მაგრამ მეტ დროს უთმობენ სწავლასა და აუნაზღაურებელ ზრუნვისა და საოჯახო საქმიანობას.
65 წლის და უფროსი ასაკის ქალები და კაცები, დასახლების ტიპის მიუხედავად, დროს მსგავსად ანაწილებენ. ისინი ძირითად დროს საკუთარ თავზე ზრუნვასა და თავის მოვლას, ასევე – დასვენებასა და გართობას უთმობენ.
გენდერული განსხვავებები აღინიშნება შემდეგ აქტივობებში: ანაზღაურებად საქმიანობაზე კაცები უფრო მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე ქალები (3.3 საათი და 1.6 საათი, შესაბამისად); აუნაზღაურებელ საოჯახო საქმიანობაზე ქალები უფრო მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები (3.2 საათი და 1.0 საათი, შესაბამისად); გართობასა და დასვენებაზე კაცები უფრო მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე ქალები (6.4 საათი და 5.4 საათი, შესაბამისად). როგორც კაცებში, ასევე ქალებში, დასვენება და გართობა ძირითადად მასმედიის გამოყენებას უკავშირდება.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და კაცების მონაწილეობა დასაქმებასა და სწავლასთან დაკავშირებულ აქტივობებში იკლებს შეზღუდვების მატებასთან ერთად. სხვა აქტივობების შემთხვევაში საპირისპირო ტენდენციებია. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და კაცები, სხვებთან შედარებით, საშუალოდ ნაკლებ დროს ხარჯავენ დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე, ხოლო საკუთარი საჭიროებებისთვის პროდუქციის წარმოებას, პირიქით – მეტ დროს უთმობენ.
ეთნიკურად ქართველი ქალები და კაცები შედარებით მეტ დროს ხარჯავენ ანაზღაურებად სამუშაოზე (დასაქმება და პროდუქციის წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის), ვიდრე ქვეყანაში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ეთნიკურად ქართველ ქალებთან შედარებით სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო საქმიანობაზე დღეში საშუალოდ 0.6 საათით მეტ დროს ხარჯავენ.
როგორია დროის გამოყენების სოციალური და პერსონალური განზომილებები
საქართველოს მოსახლეობის 37.9%-ის შეფასებით სამუშაო დღეები (ორშაბათი-პარასკევი) სასიამოვნოა, ხოლო 55.5%-ის შეფასებით, არც სასიამოვნოა და არც უსიამოვნო. უქმე დღეებს (შაბათ-კვირა) მოსახლეობის უფრო დიდი წილი (43.0 პროცენტი) აფასებს სასიამოვნოდ.
ზოგადად, უფრო დადებითია ქალების და ახალგაზრდების (15-24 წლის) შეფასება, ვიდრე კაცების და უფროსი ასაკის წარმომადგენელების. როგორც სამუშაო, ისე უქმე დღეებში, ყველაზე სასიამოვნო აქტივობებად სახელდება: (1) რეფლექსიასთან და დასვენებასთან დაკავშრებული აქტივობები; (2) სოციალიზაციასთან და შეკრებასთან დაკავშრებული აქტივობები; (3) ტელევიზიის/ვიდეოს ყურება/მოსმენა; (4) საკვების მიღება; (5) კოლექტიურ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა; (6) საუბარი, კომუნიკაცია; (7) სკოლაში/ უნივერსიტეტში სიარული; (8) ბავშვებთან თამაში და სპორტი.
მთლიანობაში, დროის ზეწოლას (ფიქრობს, რომ ყოველთვის ჩქარობს) უფრო მეტი ქალი განიცდის, ვიდრე კაცი (32.6% და 25.1%, შესაბამისად). აღნიშნული გენდერული განსხვავება შეინიშნება ყველა ტიპის დასახლებაში. გარდა ამისა, ქალებიც და კაცებიც, დროის სიმცირეს თბილისში უფრო გრძნობენ, ვიდრე სხვა ქალაქებში და სოფლებში. ასევე, სამუშაო ძალის სტატუსის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია სრული დროით დასაქმებული პირების შემთხვევაში.
მუშაობა-დასვენების ბალანსი ქალებისთვის უფრო ნაკლებია, ვიდრე კაცებისთვის. ქალების სამუშაო დრო საშუალოდ 1.8-ჯერ აღემატება დასვენების დროს. კაცებში ეს მაჩვენებელი 1.2-ს შეადგენს (გენდერული თანაფარდობა – 1.5). ასაკის მიხედვით, მუშაობა-დასვენების ბალანსი ყველაზე ნაკლებია 25-34 და 35-44 ასაკობრივ ჯგუფებში. ამასთან, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში ყველაზე მაღალია გენდერული თანაფარდობა. 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვის დედები საშუალოდ 3.7-ჯერ მეტს მუშაობენ, ვიდრე ისვენებენ, მამები კი – 2.2-ჯერ მეტს.
დროის გამოყენების გამოკვლევა საქართველოში (GTUS) პირველად ჩატარდა. გამოკვლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტექნიკური მხარდაჭერით განახორციელა. გამოკვლევის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყანაში მცხოვრები ქალებისა და კაცების მიერ დროის გამოყენების შესახებ მაღალი ხარისხის მონაცემების მიღება და ანალიზი.
გამოკვლევა ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფლაგმანი პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე.