ავტორი: მარიამ ვარადაშვილი
სექტემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ახალი სანქციები დაუწესა. შესაბამისად, გაიზარდა ხელისუფლების იმ წარმომადგენლების რაოდენობა, რომლებსაც ამერიკაში შესვლა ეკრძალებათ. აშშ-ში ვერ იმოგზაურებენ მათი ოჯახის წევრებიც. ამას გარდა, მაღალჩინოსნებს ფინანსური სანქციები დაუწესა სახაზინო დეპარტამენტმაც.
მოსალოდნელია, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლების სანქცირებას მომავალშიც გააგრძელებს. მოლოდინს ამერიკის სახელმწიფო მედიის „ამერიკის ხმის” მიერ გავრცელებული ინფორმაციაც აჩენს, რომელიც აცხადებს, რომ სანქციების პაკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც არის მომზადებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა ტიპის სანქციებს გამოიყენებს აშშ „ქართული ოცნების” დამფუძნებლის მიმართ, რომლის ქონებაც ბოლო ორ წელიწადში Forbes-ის მიხედვით 4.9 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი.
ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს ევროპარლამენტიც. 9 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს, პერსონალური სანქციები დაუწესონ „ქართული ოცნების” დამფუძნებელს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გაუარესებისა და რუსეთისთვის სასარგებლო ქმედებების გამო.
ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების მიზეზი დემოკრატიის ძირის გამომთხრელი საქმიანობაა: „შეშფოთებული ვართ ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით. გავაგრძელებთ დამატებითი საპასუხო ნაბიჯების განხილვას”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის 16 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს მაღალჩინოსნები კი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ქმედებების გამო დასანქცირდნენ. სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტის [OFAC] სანქციები სავიზო შეზღუდვებთან შედარებით ბევრად მძიმეა და აშშ-ში აქტივებისა და ქონების გაყინვას ითვალისწინებს, ასევე კომპანიებში წილების დაყადაღებას. ამას გარდა, სავიზო შეზღუდვებისგან განსხვავებით, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს და სანქცირებულ პირთა ვინაობა უცნობია, OFAC ამ ინფორმაციას ასაჯაროებს.
- ამ სტატიაში ვარკვევთ:
რას გულისხმობს ფინანსური სანქციები და რა რეალურად რა შეზღუდვები დაუწესდათ ქართველ მაღალჩინოსნებს.
შეიცვლება თუ არა სანქციები აშშ-ში მთავრობის ცვლილების შემთხვევაში.
შეასრულებენ ქართული ბანკები ხაზინის სანქციებს თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებას დაემორჩილებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ზვიად ხარებაშვილის, მილერი ლაგაზაურის, ასევე ალტინფოს ლიდერების კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის სანქციები ეფუძნება მაგნიტსკის აქტს, რომელსაც აშშ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დამრღვევთა და კორუფციაში ჩართული პირების მიმართ იყენებს. აქტი რუსეთის ციხეში დაღუპული სერგეი მაგნიტსკის სახელს ატარებს, რომელსაც საპატიმროში სცემდნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ.
„აშშ-ს სხვადასხვა ტიპის სანქციების რეჟიმი აქვს. მაგალითად, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სხვა რეჟიმისაა, მაგრამ ისიც მსგავსს შეზღუდვებს მოიცავს. მაგნიტსკის სიაში ძირითადად შეჰყავთ ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევი პირები და ის მოიცავს ფინანსურ სანქციებს. ამ სანქციებში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ მათ დოლარის გამოყენება ეზღუდებათ. ზოგადად, მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში დოლარის გამოყენებას აშშ აღიქვამს საკუთარ იურისდიქციად და მის ტრანზაქციებს სრულად აკონტროლებს”, – ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი და ამატებს, რომ ამ ტიპის სანქციებმა, ამერიკის გარდა, სანქცირებულებს შესაძლოა სხვა ქვეყნებშიც შეუქმნას პრობლემები.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთმა ბევრი რუსი ოლიგარქი დაასანქცირა, რომელთა შორისაა რომან აბრამოვიჩი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამდიდრებული აბრამოვიჩი ერთ-ერთ უმდიდრეს რუს ბიზნესმენად ითვლებოდა. ომის დაწყებამდე Forbes-ს მისი ქონება 14.5 მილიარდ დოლარად ჰქონდა შეფასებული. სანქციების გამო მას პრემიერ ლიგის კლუბის ჩელსის გაყიდვა მოუხდა. აბრამოვიჩს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა სხვადასხვა სახის სანქცია დაუწესეს, მათ შორის გაუყინეს ქონება. აშშ-მ დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების ორი კერძო თვითმფრინავი ექსპორტის კანონის დარღვევისთვის ჩამოართვა. რუსმა ოლიგარქმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები სასამართლოში გაასაჩივრა და კომპენსაციაც მოითხოვა, თუმცა მისი სარჩელი არ დააკმაყოფილეს.
„ეს სია საჯაროა. ასეთ ადამიანებს მსოფლიოში ნებისმიერი ნორმალური ბანკი ან სხვა ტიპის ორგანიზაცია ავტომატურად რისკის შეფასების სისტემაში სვამს, ამიტომ ძალიან ბევრი სახის წინაღობა შეიძლება შეექმნათ, მაგალითად, სხვადასხვა ქვეყანაში უძრავი ქონების ყიდვისას, ბიზნესის დაფუძნების ან გარიგებების დადებისას”.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს წარმომადგენელი გამორიცხავს, რომ აშშ-ის შემდეგმა მთავრობებმა სანქცირებულ პირებს შეზღუდვები მოუხსნან.
„სანქციების დაწესებას სჭირდება სხვადასხვა უწყების, ამ შემთხვევაში ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა დონეზე ფართო კონსენსუსი. ჩვენი მთავრობის წევრები ხშირად ამბობენ – „სად არის მტკიცებულებები?“. იმას ვერ ხვდებიან, რომ ამერიკის ხაზინა, რომელიც სანქციებს აწესებს, ასე ვერ მოიქცევა საკმარისი მტკიცებულებების გარეშე; იმ დონის მტკიცებულებების, რომ ამერიკის სასამართლოში შეძლონ საკუთარი სიმართლის დამტკიცება, განსაკუთრებით როცა საქმე მაგნიტსკის სიას ეხება, რომელიც ყველაზე მძიმეა და მისი უკან წაღება შეუძლებელია”.
ხაზინის დეპარტამენტის სანქციები ევროში გადარიცხვებს არ ეხება, თუმცა ქევხიშვილი არ გამორიცხავს, რომ „მაგნიტსკის სიაში” მყოფ ქართველ მაღალჩინოსნებს ევროპულ ბანკებთანაც შეექმნათ პრობლემა.
„ევროპულმა ბანკმა, რომელიც ევროში გადარიცხვებს ემსახურება, თუ ნახა, რომ [ეს პროცესები ავტომატიზებულია], მაგალითად, გადმომრიცხავი ზვიად ხარაზიშვილია, მაშინ ამ ბანკისთვის მნიშვნელობა არ ექნება სანქცირებული პირი დოლარში რიცხავს თუ სხვა ვალუტაში, შესაძლოა, საერთოდ გააჩეროს ტრანზაქცია”.
შეასრულებენ თუ არა ბანკები ფინანსურ სანქციებს?
მაღალჩინოსნების სანქცირების პროცესი, რომელიც სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება, საფრთხეს შეიცავს ქართული საფინანსო სექტორისთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სანქციების აღსრულების წესი შეცვალა.
დღეს საქართველოში 17 კომერციული ბანკია. მათგან 13-ის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალია. ეს ნიშნავს, რომ ამ ბანკებს უცხოელი ინვესტორები ჰყავთ. მათი ჯამური აქტივების ღირებულება კი 88 მილიარდ ლარს აჭარბებს. აქედან ორი უმსხვილესი ბანკის [თიბისი და საქართველოს ბანკი] აქციებით ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობენ. მათზე რუსული კანონის მიღება მყისიერად აისახა და მაისში აქციებზე ფასი დაეცა. მაშინ ვარდნა ინვესტორების გაუარესებულ მოლოდინს დაუკავშირეს. ორი უმსხვილესი ბანკის აქციების ფასი რუსული კანონის მიღებამდე ნიშნულს ჯერაც არ დაჰბრუნებია. არადა, საფინანსო სექტორი, როგორც წესი, ყველაზე მეტ ინვესტიციას იზიდავს, შარშან სექტორში ჯამში 630 მლნ დოლარის [ჯამური ინვესტიციების 39%] ინვესტიცია ჩაიდო.
„ზოგადად ინვესტორები უკვე არსებულ სიტუაციაზე კი არ რეაგირებენ, არამედ – მოლოდინებზე. მათი აქციების ფასი იმიტომ კი არ დაეცა, რომ ქართულ ბანკებს უკვე გაუუარესდათ ფინანსური მდგომარეობა, არამედ იმიტომ, რომ ინვესტორების გარკვეულმა ნაწილმა დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ ბანკებს ოპერაციები შეუჩერდებათ”, – გვეუბნება ფინანსისტი გიგა ბედინიეშვილი.
საბანკო სისტემა საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ბანკები ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი დამფინანსებლები არიან. აგვისტოს მდგომარეობით მათ თითქმის 58 მილიარდი ლარი აქვთ გასესხებული, შესაბამისად ბანკების სანქცირება ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება.
„მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილი იყვნენ, რათა არ გაუჭირდეთ როგორც ფულის მოზიდვა, ასევე საკუთარი კლიენტებისთვის სხვადასხვა მომსახურების შეთავაზება. ამიტომ, ბანკების ინტერესია, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების შესრულებას ანიჭებდნენ უპირატესობას და არა ეროვნული ბანკის ორაზროვანი და, ვიტყოდი, მკვდრადშობილი ბრძანების”, – ამბობს „საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე.
საბანკო ასოციაცია, რომელიც საქართველოში მოქმედ ბანკებს აერთიანებს, ირწმუნება, რომ სანქციებს დაიცავენ. სანქციების აღსრულების საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას 2023 წლის ბრძანება ართულებს. თურნავამ საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესი მას შემდეგ შეცვალა, რაც აშშ-მ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. თურნავას გადაწყვეტილებას ქვეყნის ცენტრალურ ბანკში კრიზისი მოჰყვა და ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა.
ხაზინის დეპარტამენტის გადაწყვეტილების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბანკები სანქციებს იცავენ, თუმცა იქვე ნახსენებია თურნავას ბრძანებაც. „საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორის ცალკეული მონაწილის მხრიდან როგორც საერთაშორისო სანქციების აღსრულების, ისე საკუთარი რეგულაციებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესრულების პროცესს”, – ვკითხულობთ სებ-ის განცხადებაში.
„თუ ბანკები სანქცირებულ პირებს მოემსახურებიან, მინიმუმ საკორესპონდენტო ბანკებთან შეექმნებათ პრობლემა, რაც გამოიწვევს იმას, რომ შემდეგ უკვე მათ კლიენტებს უცხოეთში გადარიცხვებზე შეექმნებათ პრობლემა”, – გვეუბნება კეპულაძე.
საკორესპონდენტო ბანკები სხვადასხვა ქვეყნების ბანკებს გადარიცხვებში ეხმარებიან. მარტივად რომ ვთქვათ, შუამავლის როლს ასრულებენ უცხოური ვალუტით განხორციელებულ ტრანზაქციებში. ასე, მაგალითად, თიბისი ბანკის ერთ-ერთი საკორესპონდენტო ბანკი JPMorgan ამერიკის უმსხვილესი ბანკია. საკორესპონდენტო ბანკები ამ მომსახურებაში გარკვეულ თანხას კი იღებენ, მაგრამ როგორც ბედინეიშვილი ამბობს, მათთვის საქართველოს ბაზარი იმდენად პატარაა, რომ რისკზე წასვლა არ უღირთ და თუ გაიგებენ, რომ საქართველოში სანქცირებულ პირს ემსახურებიან, ქართულ ბანკებთან ურთიერთობას შეწყვეტენ. ეს კი უკვე მოქალაქეებისთვის გადარიცხვებს გაართულებს, თუმცა ბედინეიშვილი ფიქრობს, რომ ასე მხოლოდ ყველაზე უარესი სცენარით მოხდება.
„თავად ამერიკის ხაზინა, რომელიც ამ სანქციების აღსრულებას აკონტროლებს და თან საკმაოდ მკაცრად, თუ დაინახავს, რომ სანქცირებულ პირს რომელიმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ემსახურება, შესაძლებელია, რომ მეორადი სანქციები გამოიყენოს. როდესაც შს მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ ხელფასს მაინც ვურიცხავთ, აქ შეიძლება სხვა ორგანიზაციების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს”, – ამბობს კეპულაძე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ქართული ბანკები სანქციებს აღასრულებენ: „ეროვნულმა ბანკმა რაც არ უნდა წესი შემოიღოს, ორი მთავარი ბანკი უბრალოდ არ დათანხმდება, არ დაკარგავს იმ საერთაშორისო ბაზარს, სადაც გასული არიან, და თავს მეორადი სანქციების რისკის ქვეშ არ დააყენებენ”.