როგორ მუშაობს სოციალური დახმარების სისტემა საქართველოში და რატომ რჩება უამრავი ადამიანი ყურადღების მიღმა

ნინო ჩიმაკაძე

საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ყოველი მესამე კი სოციალურ შემწეობას ითხოვს. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები და რეალობა, რაც 30-წლიანი დამოუკიდებლობისა და 3 მთავრობის ცვლილების პერიოდში მომხდარმა მოვლენებმა და პოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა გადაწყვეტილებებმა მოგვიტანა.

სიღარიბე დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და ჯერჯერობით გადაუჭრელ პრობლემად რჩება ქვეყანაში. მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზაში მილიონ ორასი ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, რაც ქვეყნის მოსახლეობის 32%-ს შეადგენს. თუმცა, ეს კიდევ არ არის სრული სურათი, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო, საჭიროების მქონე ყველა ადამიანი ბაზაშიც კი არ არის რეგისტრირებული.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შემდეგ საქართველოს მთავრობა მთლიანი შიდა პროდუქტის სწრაფი ზრდით იწონებს თავს, როგორც ჩანს, ეს ცვლილება მოსახლეობის დიდ ნაწილზე არ აისახება და მას ისევ საარსებო მინიმუმისთვის უწევს ბრძოლა. ასეთ სიტუაციაში ამ ადამიანების გადარჩენის ერთადერთ გზად სახელმწიფოს მიერ გაცემული სოციალური შემწეობა რჩება, რომელიც ასევე მინიმალურია, თუმცა, პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გარკვეულ ბაზისს მაინც წარმოადგენს.

საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყანაში, მიზნობრივი სოციალური შემწეობის სისტემა მოქმედებს, რომლის შექმნაც 2004 წლიდან დაიწყო. პროგრამა სიღარიბის ზღვარს მიღმა  მყოფი ადამიანებისთვის რეგულარულ ფულად დახმარებას გულისხმობს. წლების განმავლობაში მის ფუნქციონირებაზე გამოყოფილი დაფინანსება თანდათან იზრდებოდა. მაგალითად, თუ 2012 წელს ბიუჯეტიდან ამისთვის 135 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2022 წელს ამ თანხამ  620 მილიონზე მეტი შეადგინა. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით კი სოციალური დახმარებისთვის უკვე 343 858 417 ლარია დახარჯული. ეს გამომდინარეობს როგორც სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდით, ისე გარკვეულწილად დახმარების გაზრდითაც. თუმცა, საჭიროების მქონე მოსახლეობის ყველა ჯგუფის მოცვას პროგრამა დღემდე ვერ ახერხებს და უამრავი ადამიანი ამ ისედაც მცირედი შემწეობის გარეშეა დარჩენილი. ამის ერთ-ერთი მიზეზი შინამეურნეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში არსებული ხარვეზები და ფორმულაა, რომლის მიხედვითაც ამ ადამიანებისთვის ქულების მინიჭება ხდება.

ცოტა ხნის წინ არასამთავრობო  ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ამ თემაზე კვლევა გამოაქვეყნა, სადაც სოციალური დაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა და პრობლემებია აღწერილი. კვლევის ავტორების მიზანი სისტემაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის რეკომენდაციების შემუშავება იყო. მონაცემები ეყრდნობა საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე არსებულ სტანდარტებსა და სხვადასხვა აქტორის მიერ წლების განმავლობაში გაკეთებულ შეფასებებს.

საქართველოს კანონმდებლობით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების იდენტიფიცირება სოციალურ-ეკონომიკური შეფასების პროცედურის საშუალებით ხდება, რა დროსაც მოწმდება ადამიანების დასაქმების სტატუსი და შემოსავლები, საცხოვრებლისა თუ სხვა უძრავი ქონების არსებობის საკითხი; კომუნალური გადასახადები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა. 

სოციალური შემწეობის დანიშვნის პროცესი ხუთსაფეხურიანია. პირველ ეტაპზე, ოჯახის წარმომადგენელი საარსებო შემწეობის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს, ანუ რეგისტრირდება ბაზაში. ამის შემდეგ, სააგენტო ერთი თვის განმავლობაში ადგილზე შეფასებისათვის აგზავნის სოციალურ აგენტს. აგენტი აგროვებს ინფორმაციას, შეჰყავს კომპიუტერულ პროგრამაში და ხდება მონაცემების გადამოწმება შესაბამის ბაზებში. ამის შედეგად ოჯახს ენიჭება სარეიტინგო ქულა, რომლის მიხედვითაც მიიღება გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის შესახებ და ხდება ოჯახთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.

დღეისთვის დადგენილი ზღვრული ქულა, რომლის ქვემოთაც ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს, არის 65 001. იმ ოჯახებისათვის კი, რომლის წევრიც 16 წლამდე არასრულწლოვანია, ეს ქულა 120 001-ით განისაზღვრება. ოჯახის/შინამეურნეობის თითოეულ წევრზე გათვალისწინებული ფულადი გასაცემელი სარეიტინგო ქულას უკავშირდება და თვეში 30-60 ლარამდე მერყეობს, 16 წლამდე არასრულწლოვანისთვის გასაცემი თანხა კი მიმდინარე წლის ივლისიდან 150-დან  200 ლარამდე გაიზარდა.

კვლევაზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა მოსახლეობის სამი ძირითადი ჯგუფი, რომლებიც, როგორც წესი,  ყველაზე ხშირად რჩებიან სოციალური შემწეობის სისტემის გარეთ, ან სისტემაში მოხვედრის შემთხვევაში მათი საჭიროებები ყველაზე ნაკლებად შეიძლება იყოს გათვალისწინებული. ესენი არიან: უსახლკარო პირები, შშმ პირები და ხანდაზმულები.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მკვლევარი, იურისტი მარიამ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ამ ადამიანების საჭიროებების განსაზღვრა ხშირად არასწორად ხდება, რაც ზოგჯერ ტექნიკურ დეტალებთან არის დაკავშირებული, რიგ შემთხვევებში კი მიდგომის და  მეთოდოლოგიის ფუნდამენტურ ცვლილებას საჭიროებს.

უსახლკაროები

უსახლკარო პირები საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ და  სისტემისთვის უჩინარ ჯგუფს წარმოადგენენ. საცხოვრებლის არარსებობის/არასათანადოობისა და სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, უსახლკარო პირები კიდევ არაერთი უფლებისა და თავისუფლების დარღვევის წინაშე დგებიან. 

ყველაზე მოწყვლადი უსახლკარო ჯგუფი – ქუჩაში მცხოვრები, მიუსაფარი ადამიანები არიან, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშიც ვერ რეგისტრირდებიან, რადგან მისამართი არ აქვთ. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან დახმარებასაც ვერ იღებენ.

რეგისტრაციისა და ქულის მინიჭებაზე უარის თქმა ამ ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი სხვა სერვისებიდან ექსკლუზიას გულისხმობს, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს მათ. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წლების წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა იმ ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით, რომელიც ქუჩაში მყოფ პირებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას უკრძალავდა. 2017 წლის თებერვალში სასამართლომ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. ზეპირი მოსმენა დასრულდა, თუმცა, წლების განმავლობაში გადაწყვეტილება არ გამოუტანია.

შშმ პირები

შშმ პირები საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად რჩებიან. საზოგადოებაში არსებული ბარიერების გათვალისწინებით, ხშირად შეზღუდული შესაძლებლობა და რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ერთმანეთს მნიშვნელოვნად უკავშირდება. 

სახელმწიფოს არაეფექტიანობის შემთხვევაში, ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ერთმევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და წვდომა ჰქონდეთ მათთვის აუცილებელ სერვისებზე. დღეის მონაცემებით, შშმ პირთა მნიშვნელოვანი ნაწილის სტაბილურ შემოსავალს მხოლოდ სოციალური პაკეტი წარმოადგენს, თუმცა პაკეტს თემის ნაწილი ვერ იღებს. მაგალითად, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც ბავშვობიდან არ აქვთ შშმ პირის სტატუსი, ასევე, ასაკით პენსიის მიმღები შშმ პირები. 

კვლევის ერთ-ერთი რესპონდენტი გამოხატული შშმ პირის სტატუსის მქონე ქალია. იგი 2013 წლიდან იღებს სოციალურ შემწეობას, თუმცა, სისტემას უარყოფითად აფასებს და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ აღრიცხვის მექანიზმი უსამართლოა და ვერ ხედავს სხვადასხვა ჯგუფის რეალურ საჭიროებებს. მას ჰქონდა სოციალური შემწეობის ქულის მომატებისა და შემწეობის შეწყვეტის მძიმე გამოცდილება, რადგან ამ დროს ყველა მნიშვნელოვანი დახმარება მოეხსნა, მათ შორის შინმოვლის სერვისიც, რაც ორმაგად დიდი დარტყმა იყო. 

იყო დღეები, როცა საკვებიც კი არ მქონდა.  რადგან ქულების გასაჩივრების პროცესიც ხანგრძლივი აღმოჩნდა,  ბანკისა და საპენსიო სესხების აღება დამჭირდა, რომ თავი გადამერჩინა“, – იხსენებს ის და ამბობს, რომ ადამიანებს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა ჰქონდეთ დახმარება და მუდმივი შიშის ქვეშ არ უნდა უწევდეთ ცხოვრება, რომ ქულის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება შეუწყდება.

ხანდაზმულები

შშმ პირების მსგავსად, ხანდაზმულებიც არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან და სახელმწიფოსგან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. სიღარიბე და სოციალური პრობლემები მათ ავტონომიაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს და მათ სოციალურ იზოლაციას იწვევს. 

საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ამ ჯგუფის წარმომადგენელთა რეალურ საჭიროებებს არ ითვალისწინებს და ვერ სთავაზობს მექანიზმებს ღირსეული ცხოვრებისათვის. ომბუდსმენი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მუნიციპალიტეტები საკუთარ ტერიტორიაზე არ ეწევიან სათანადო სოციალურ მუშაობას, მათ შორის, ხანდაზმული პირების საჭიროებების იდენტიფიცირებას, შესაბამისი სერვისების დანერგვასა და განხორციელებას.

ეს ბენეფიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ჯგუფებისათვის, როგორიცაა, მაგალითად, ქალები, სოფლად მცხოვრები და მომუშავე ადამიანები, არაფორმალურად დასაქმებულები.

ქულების დათვლის მექანიზმი და ამ ქულებზე მნიშვნელოვანი სერვისების მიბმა დღემდე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სოციალური დაცვის სისტემაში. 

წლების განმავლობაში ქულებს ოჯახებს იმის მიხედვით ანიჭებდნენ, თუ რა ჰქონდათ სახლში. მაგალითად, ტელევიზორი, მაცივარი და კომპიუტერი კეთილდღეობის განმსაზღვრელად მიიჩნეოდა. არავინ იკვლევდა, როდის, როგორ და რა პირობებში ჰქონდათ მათ ეს ნივთები შეძენილი და როგორი იყო დღეს ოჯახის რეალური მდგომარეობა. ბოლო წლებში ეს პრაქტიკა შეიცვალა, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსგავსი მეთოდოლოგია ვერ იქნებოდა ოჯახის ეკონომიკური სიტუაციის სწორი ინდიკატორი. თუმცა, როგორც მარიამ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ შემოვიდა სხვა, დამატებითი ინდიკატორები, რომლითაც განისაზღვრება ქულები და რომელიც ასევე  არ არის ბოლომდე სამართლიანი, რადგან სისტემამ შეიძლება ვერ დაინახოს ადამიანის საჭიროებები.

„ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ყველაზე ხშირად უთქვამთ ადამიანებს, არის კომუნალური გადასახადები. ქულის დათვლისას დიდი ყურადღება ექცევა შეფასებამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში არსებულ კომუნალურ გადასახადებს. თუ მოხმარება და გადასახადი მაღალია, ეს, სახელმწიფოს აზრით, უდრის მაღალ შემოსავალს. ამ დროს,  ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანს უთქვამს, ვისესხე ეს ფული და ისე გადავიხადეო, ან სხვა რაღაცების მოკლების ხარჯზე მოიხმარა მეტი ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია ოჯახმა, მაგრამ სისტემამ ეს ყველაფერი ცხადია, ვერ დაინახა და მაღალი ქულა მიანიჭა. ამის გამო, ზოგი იმასაც ამბობს, რომ იძულებული არიან, სიცივეში იყვნენ, რომ ზედმეტი ელექტროენერგია ან ბუნებრივი აირი არ დახარჯო და  მაღალი ქულა არ მიიღონ“.

კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც შესაძლოა პირს მაღალი ქულა მიანიჭონ, არის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამისგან შემოსავალი ადამიანს, შეუძლია თუ არა მათი დამუშავება ან მისგან სარგებლის მიღება, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა რამის გამო, ეს მაინც მიიჩნევა კეთილდღეობის ერთ-ერთ განმსაზღვრელად. დეტალებს როგორც წესი, არავინ ეძიება ხოლმე.

ანუ, არსებული შეფასების სისტემით, გამოდის, რომ თუ ადამიანს ფორმულის გამო მაღალი ქულა მოუვიდა, რეალურად კი დახმარების სერიოზული საჭიროება აქვს,  ის  მაინც შემწეობის მიღმა რჩება. ამ შემთხვევაში კიდევ ერთი გზა სააგენტოსთვის ხელახალი მიმართვაა თუ პირი არ ეთანხმება მინიჭებულ ქულას და ფიქრობს, რომ დათვლა არაობიექტურად მოხდა, მას შეუძლია ხელახალი შეფასების მოთხოვნით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუმცა, უწყებას უფლება აქვს, 1 წლის განმავლობაში შეამოწმოს ოჯახის მდგომარეობა. მანამდე ეს ადამიანები ასევე დახმარების გარეშე რჩებიან. 

ჩვენი რესპონდენტი, 77 წლის პენსიონერი ქალი, შვილის გარდაცვალების შემდეგ არასრულწლოვანს ძირითადად მარტო ზრდის და მისი პენსია და ბავშვის კომპენსაცია მხოლოდ მინიმალურ საჭიროებებზე ჰყოფნის. ამის გამო მან სოციალური დახარება მოითხოვა, თუმცა, შემოწმების შემდეგ ოჯახმა დადგენილზე მაღალი ქულები მიიღო და შემწეობაზე უარი ეთქვა. „არ ვიცი, რის გამო გვითხრეს უარი, შეიძლება სახლში არსებული პირობები რომ დაინახეს, ერთი შეხედვით მოეჩვენათ, რომ რადგან სახლი ნორმალურ მდგომარეობაშია, ყველა აუცილებელი ნივთი გვაქვს და კომუნალურებსაც ვიხდით, დახმარების საჭიროება არ გვაქვს. თუმცა, იმას არ კითხულობენ, როდის და ვინ შეიძინა ყველაფერი, ან რა ხარჯის გაწევა მოუხდა ოჯახს ბოლო წლებში და როგორ ვიხდით დღეს აუცილებელ გადასახადებს“, – აღნიშნავს ის.

მარიამ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს დაზღვევის მექანიზმი და მხარდაჭერის სერვისი უნდა არსებობდეს და ადამიანებს არ უნდა უწევდეთ უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნა, იმის გამო, რომ სისტემაში ჯერ ვერ ჩაერთნენ, ან სათანადო ქულა ვერ მიიღეს. „მუნიციპალიტეტების როლი და აქტიურობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია და მუნიციპალურ დონეზე ეს ქულა არ უნდა იყოს აუცილებელი მოთხოვნა სერვისებში ჩასართველად. სანამ რეფორმის დიდ პროცესს დაიწყებენ, ეს ბარიერი მაინც მოუხსნან მოქალაქეებს, რომ მათ შეძლონ ელემენტარული სერვისებით სარგებლობა: მაგალითად, სასადილოებით, მედიკამენტის დაფინანსებით, შინ მოვლით და ა.შ.“.

მუნიციპალიტეტებში სოციალური პროგრამებისთვის მილიონობით ლარია გამოყოფილი, მაგრამ ვინაიდან მათ ნაწილში ჩართვისათვის განმსაზღვრელი აქაც ქულებია, დახმარების მომლოდინე, რთულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი ადამიანი ამ შემთხვევაშიც შემწეობის გარეშე  რჩება. ამ დროს, სწორედ მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანების დახმარების განსაკუთრებული მანდატი, რადგან ლოკალურ დონეზე სიტუაციის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილია და ნაკლებ ბიუროკრატიას მოითხოვს. 

მარიამ ჯანიაშვილის თქმით, ბოლო წლებში მუნიციპალიტეტების ფოკუსირება გარკვეულწილად გაიზარდა როგორც ხანდაზმულების, ისე სხვა ჯგუფებისთვის გამოყოფილი დახმარებისა და სერვისების კუთხით. თუმცა, ისევ პრობლემურია საჭიროების მქონე ადამიანების სწორად იდენტიფიცირება და დიდი ჯგუფის მოცვა და სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია: „არსებული რეალობა გვაჩვენებს, რომ მაინც უამრავი ადამიანი რჩება სერვისებს მიღმა. ამიტომ, საჭიროა ამ ადამიანების დამატებითი მხარდაჭერა და სისტემის რეფორმის დაწყება. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ქულა აღარ უნდა იყოს განმსაზღვრელი და მუნიციპალურ დონეზე მაინც უნდა მოიხსნას ეს ბარიერი. გარდა ამისა, შესაძლებელია რაღაც ჯგუფებთან მაინც გაკეთდეს უნივერსალური სოციალური დახმარების სისტემა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვას ამ მინიმალურმა პაკეტმა, რომელიც ქვეყანაშია. მაგალითად, შეიძლება ეს მოხდეს შშმ პირებისთვის, ბავშვებისთვის. 

ვინაიდან სისტემა, შეფასების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე ვერ ხედავს საჭიროების მქონე ყველა ადამიანს და ვერ უზრუნველყოფს მათზე საარსებო შემწეობის გაცემას, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში შესაძლოა ბევრად აღემატებოდეს სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვს. გარდა იმისა, რომ სისტემამ შესაძლოა ის პირები დატოვოს შემწეობის გარეშე, რომელთაც სახელმწიფოს მიმართეს, გაეროს ბავშვთა ფონდის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები პირების 33%  სოციალური მომსახურების სააგენტოს არც მიმართავს, რაც სისტემის მიმართ ნდობის, შემწეობის დანიშვნის მოლოდინის ნაკლებობით, ინფორმაციის არარსებობითა და სხვა რელევანტური ფაქტორებითაა გამოწვეული. დახმარების საჭიროების მქონე მოსახლეობის მაქსიმალური მოცვა, ცენტრის წარმომადგენლების აზრით, სოციალური დაცვის სისტემის ძირეულ რეფორმას საჭიროებს. თუმცა, გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიღწევა იმ ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებითაც შესაძლებელია, რომლებსაც ისინი კვლევის ფარგლებში გასცემენ და რომელიც ასე გამოიყურება:

ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე სერვისებში ჩართვის წინაპირობა იყოს არა ბლანკეტური ქულა, არამედ მოსახლეობის რეალური საჭიროებები;

სახელმწიფომ შეისწავლოს და გააანალიზოს ის ბარიერები, რომლის წინაშეც მოქალაქეები დგანან; შეიმუშაოს სისტემური ხედვის დოკუმენტი და უზრუნველყოს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისთვის მხარდაჭერის მექანიზმების მიწოდება;

შემცირდეს მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ვადები და ამ მიზნით, მოხდეს ცვლილებები რელევანტურ საკანონმდებლო აქტებში;

გაუქმდეს საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს ართმევს შესაძლებლობას, რეგისტრირებულნი იყვნენ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მიიღონ საარსებო შემწეობა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტები. 

სტატია ეყრდნობა სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევას, რომელიც ჩატარდა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელიაპუბლიკა“. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.