როგორ შეიძლება დაიწყოს უფასო სასკოლო კვება 2024 წელსვე | მოძრაობა „ხმის“ ხედვა

პუბლიკა

როგორ არის შესაძლებელი უფასო სასკოლო კვების 2024 წელს დაწყება, ვის უნდა შეეხოს და როგორ უნდა იქნას გამოყენებული უფასო სასკოლო კვება არა მხოლოდ მოსწავლეების შიმშილისგან დაცვისთვის, არამედ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის – ამ საკითხებთან დაკავშირებით მოძრაობა „ხმამ“ ხედვა წარმოადგინა.

მოძრაობა ორ წელზე მეტია უფასო სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას მოითხოვს, თუმცა მათი თქმით, მთავრობა ისევ სხვადასხვა საბაბს იმიზეზებს, რომ საყოველთაო უფასო კვების დაწყება გადადოს, ამ მიზეზებს შორისაა, სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობა.

„ხმა” მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურის სრულად განახლებას წლები დასჭირდება და ამიტომ შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა მოდელით დაიწყოს მოსწავლეების გამოკვება.

გთავაზობთ მოძრაობა „ხმის” ხედვას უფასო სასკოლო კვებასთან დაკავშირებით:

უფასო სასკოლო კვება საყოველთაო უნდა იყოს

უფასო სასკოლო კვება საყოველთაო უნდა იყოს. ის უნდა მიწვდეს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა. მოძრაობას მიაჩნია, რომ უფასო კვების პოლიტიკით საჯარო სკოლის ყველა მოსწავლის დაფარვა სკოლაში შექმნის თანასწორ გარემოს, სადაც მოსწავლეები ერთმანეთისგან არ განირჩევიან. მათ ამ მიდგომის გასამყარებლად 5 ძირითადი არგუმენტი მოჰყავთ, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე;

სკოლებში, სადაც არსებობს ფუნქციური ბუფეტი, საკვები ადგილზე უნდა დამზადდეს

სასკოლო ულუფა ჯანსაღი და დაბალანსებული უნდა იყოს. სასკოლო საკვები ადგილზე, სკოლებში დამზადდეს – ისე, როგორც საქართველოს საჯარო ბაღების შემთხვევაშია. თუმცა, რადგან საქართველოში სასკოლო ინფრასტრუქტურა ამისთვის მზად არ არის, საჭიროა – დროებით – უფასო სასკოლო კვება შერეული მოდელით დაიწყოს. მოძრაობა „ხმა“ მიიჩნევს, რომ სადაც ფუნქციური ბუფეტი არ არის, საკვები მზა სადილის ყუთის სახით უნდა მივიდეს.

მოძრაობის ინფორმაციით, საჯარო სკოლების მხოლოდ 22%-ს აქვს ფუნქციური ბუფეტი; სკოლების თითქმის 4%-შია გამოყოფილი „რაღაც სივრცე“ ბუფეტისთვის; სკოლების 74%-ს ბუფეტი საერთოდ არ აქვს. პრობლემაა უწყვეტი წყალმომარაგებაც და სუფთა, სასმელად ვარგისი წყლის არსებობაც, მაგრამ, კვლევის მიხედვით, მაგალითად, სოფლად მდებარე 420 სკოლაში წყლის სისტემის გასამართად 2000 ლარზე ნაკლებია საჭირო.

არსებობს მოსაზრება, რომ უფასო სასკოლო კვება არ უნდა დაიწყოს მანამ, სანამ საჯარო სკოლებს საკვების ადგილზე დამზადების ინფრასტრუქტურა არ ექნებათ. ეს მოსაზრება სასკოლო კვების არდაწყების საბაბია, რადგან ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას წლები, შესაძლოა, ათწლეული დასჭირდეს; კვლევის მიხედვით, საჯარო სკოლების სრულ განახლებას მილიარდ 600 მლნ ლარი ჭირდება. საბაბია, მათ შორის, იმიტომ, რომ შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა მოდელით დაიწყოს მოსწავლეების გამოკვება:

  • სკოლებში, სადაც არსებობს ფუნქციური ბუფეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საკვები უნდა დამზადდეს ადგილზე, როგორც ეს, მაგალითად, ინდოეთში ხდება;
  • სკოლებში, სადაც არ არის ფუნქციური ბუფეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, უნდა მივიდეს გამზადებული საკვები ე.წ. სადილის ყუთის სახით, როგორც ეს, მაგალითად, პოლონეთში ხდება.

„ხმა“ მიიჩნევს, რომ სკოლებში, რომლებიც სეზონურად მიუვალია და მზა სადილის ყუთის მიტანა ზედმეტად გართულებული ან შეუძლებელია, შეიძლება, ის ჩანაცვლდეს ე.წ. ფორტიფიცირებული საკვებით. სხვადასხვა ფაქტორის (სკოლის არეალში არის დიდთოვლობის მაღალი ან საშუალო რისკი და მისასვლელი გზა არის ცუდ ან სარემონტო მდგომარეობაში) ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ასეთი შეიძლება იყოს 472 სკოლა, რომელთა უმრავლესობა მდებარეობს აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამცხე-ჯავახეთში.

ფორტიფიცირებული საკვები, როგორც წესი, არის ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრებული ორცხობილა, რომელიც გამოიყენება საკვებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის დროს და რომელიც ჯანსაღი და ენერგეტიკულად დაბალანსებულია.

უფასო სასკოლო კვება მიბმული უნდა იყოს ადგილობრივ წარმოებაზე 

​როგორც მოძრაობა „ხმა“ წერს, საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების პოლიტიკას აქვს პოტენციალი, გახდეს სოფლის მეურნეობის განვითარების რეალური ბერკეტი, თუ ის მაქსიმალურად იქნება მიბმული ადგილობრივ წარმოებაზე. მათი ინფორმაციით, უფასო სასკოლო კვება აჩენს გარანტირებულ, 150 მლნ ლარამდე წლიური ღირებულების მოთხოვნას საკვებზე, 500 000-ზე მეტი მოსწავლის გამოსაკვებად.

„ხმის“ ცნობით, სასკოლო კვება ბევრ ქვეყანაშია მიბმული ადგილობრივ წარმოებას. მაგალითად, 2009 წლიდან ბრაზილიაში სავალდებულო გახდა, სკოლებისთვის საჭირო საკვების არანაკლებ 30%  ადგილობრივი წვრილი ფერმებისგან იყოს შესყიდული.

უფასო სასკოლო კვება ქვეყნის ბიუჯეტით უნდა დაფინანსდეს

​მოძრაობა „ხმა“ მიიჩნევს, რომ უფასო სასკოლო კვების პოლიტიკა ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტით უნდა დაფინანსდეს.

მათი გამოთვლით დგინდება, რომ 2022 წელს უფასო სასკოლო კვება სახელმწიფოს 198 მილიონი ლარი დაუჯდებოდა. ამ ოდენობის დაფარვა არსებული ბიუჯეტითაც შესაძლებელია, მაგრამ პროგრესული საგადასახადო სისტემის ამოქმედების შემთხვევაში, სხვადასხვა სცენარის მიხედვით, სახელმწიფოს, დამატებით, საშუალოდ, 460 მლნ ლარის მობილიზება შეეძლო, მაგალითად, 2018 წელს. ეს ოდენობა ახლა გაცილებით მეტია.

„ხმა“ ამბობს, რომ პროგრამის შემუშავება განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს და საჭიროა, ცენტრალურ დონეზე განისაზღვროს უფასო სასკოლო კვების სტანდარტებიც, რომელიც გაითვალისწინებს თითოეული მუნიციპალიტეტის სპეციფიკას (მაგ. საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უმრავლესობა რელიგიური მოსაზრებების გამო არ ჭამს სხვადასხვა საკვებს); უშუალოდ პროგრამის განხორციელება კი ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ.

მათი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობებს, საჯარო ბაღების მაგალითზე, უკვე აქვთ კვების პროგრამების მართვის გამოცდილება და ამისთვის, როგორც წესი, დაფუძნებული აქვთ არაკომერციული ორგანიზაციები, რომელთა გაფართოების და გაძლიერების შემთხვევაში, ისინი შეძლებენ სასკოლო საკვების ჯაჭვის მართვას. ადგილობრივ თვითმმართველობებს, კანონმდებლობის მიხედვით, ასევე შეუძლიათ რეგიონული თანამშრომლობა და ერთიანი ორგანიზაციების დაფუძნება, რაც უფასო სასკოლო კვების პროგრამის მართვას გაამარტივებს.

მოძრაობა მიიჩნევს, რომ პროგრამის ზედამხედველობა, სკოლის დონეზე, ყველაზე უკეთ მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეებისგან შემდგარი ჯგუფებს შეუძლიათ. მასწავლებლებს კი ამისთვის დამატებითი ანაზღაურება უნდა მიეცეთ.

მარში შიმშილის წინააღმდეგმოძრაობა „ხმა“ 23 დეკემბერს, 15:00 საათზე, I კლასიკურ გიმნაზიასთან უფასო სასკოლო კვების დანერგვის მოთხოვნით მარშს გეგმავს.