აქტუალური საკითხავი
წინათქმა ანუ წინაისტორია
არჩევნების გაყალბების თემა რომ ჯერ კიდევ სუპერაქტუალურია ჩვენს ქვეყანაში, ეს თავისთავად ქვეყანაზე კარგად არ მეტყველებს, მაგრამ ამ აქტუალობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, გაყალბების ტექნოლოგიებში გარკვევაც არ იქნება ზედმეტი. ცოდნა იმისა, თუ როგორ ხდება არჩევნების შედეგების სათავისოდ უზრუნველყოფა, სჭირდება როგორც სამოქალაქო სექტორს და სადამკვირვებლო მისიებს, ისე თავად პოლიტიკურ სუბიექტებს, რათა ყველამ კარგად გააცნობიეროს, თუ რა რეალობაში უწევთ მოქმედება და დასახონ შესაბამისი კონტრზომები. ვფიქრობ, ამომრჩევლისთვისაც საინტერესო იქნება იმის ცოდნა, თუ საიდან და როგორ ხდება ყალბი ხმების მობილიზება.
ჩვენთან ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არჩევნებს აზრი არა აქვს, რომ ბიძინა მაინც იმდენს დაიწერს, რამდენიც უნდა და ა. შ. ამიტომ თავიდანვე უნდა აღინიშნოს ერთი ნიშანდობლივი მომენტი: არჩევნების შედეგების გაყალბება არ სჭირდება მკაცრ ავტორიტარულ რეჟიმებს. ასეთ რეჟიმებში არჩევნები, უბრალოდ, არ ტარდება და ხელისუფლება წერს იმ ციფრებს, რაც უნდა. საქართველოში, მაგალითად, ასეთ „არჩევნებს“ მართავდა ასლან აბაშიძის რეჟიმი, აჭარის ავტონომიის მასშტაბით.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კი არჩევნებს ატარებს, ანუ ის არ წერს იმ ციფრებს, რაც მოეხასიათება, მაგრამ ცდილობს, სისტემურად უზრუნველყოს გამარჯვება სახელისუფლებო თუ კონტროლირებადი სტრუქტურების გამოყენებით. ასეთ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება რთულია, მაგრამ შესაძლებელი.
აქვე ისიც ვთქვათ, როდესაც არჩევნების გაყალბებაზეა ლაპარაკი, როგორც წესი, იგულისხმება ხელისუფლება, რადგან ამისთვის საჭირო ბერკეტები არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ გააჩნია. სერიოზული ლაპარაკი ჩანერგილებსა და ოპოზიციის მიერ ხელისუფლებაში შეგზავნილ აგენტებზე უკიდურესად არასერიოზული იქნებოდა და თუ ვინმეს მაინც ეჭვი ეპარება ამაში, ქვემოთ წარმოდგენილი მექანიზმების გაცნობის შემდეგ არა მგონია, ეს ეჭვები კიდევ დარჩეს.
არჩევნების გაყალბება, როგორც ასეთი, 90-იანი წლების შუახნების პირმშოა, როდესაც ხელისუფლებაში მყოფებმა მათდა გასაკვირად აღმოაჩინეს, რომ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შემთხვევაში თავისუფლადაა შესაძლებელი, ხელისუფლებიდან წასვლა მოუწიოთ. ამ პერიოდში დამკვიდრდა ამომრჩეველთან მუშაობის ისეთი ხერხები და მეთოდები, როგორიცაა უშიშროებისა და პოლიციის მეშვეობით ზეწოლა, ფქვილისა და კარტოფილის დარიგება, ბიულეტენების ჩაყრა, ე. წ. კარუსელები, ოქმების გადაწერა–გადაკეთებები და ა. შ. ბუნებრივია, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედაც სულ ხელისუფლებისთვის სანდო პირი ინიშნებოდა, თუმცა მას შემდეგ ცხოვრება წინ წავიდა და გაყალბების ტექნოლოგიებიც ძლიერ დაიხვეწა.
დღეს საქართველოში გვაქვს არა იმდენად არჩევნების გაყალბების, არამედ არჩევნებში სასურველი შედეგის მიღების ტექნოლოგია. განსხვავება თითქოს ნიუანსურია, მაგრამ ეს არსებითად სხვა მიდგომაა. კერძოდ, ის გულისხმობს, რომ არჩევნების ბედი უნდა გადაწყდეს არა არჩევნების დღეს ან თუნდაც ხმების დათვლის შემდეგ, არამედ ჯერ კიდევ არჩევნებამდე. საინტერესოა, რომ ხმების მობილიზების დღევანდელი ტექნოლოგია არ არის გაყალბების ტექნოლოგიათა ევოლუციის შედეგი, არამედ სრულიად კონკრეტული ადამიანების მოფიქრებულია სრულიად კონკრეტულ რეალობაში.
მე, ცხადია, არა მაქვს პრეტენზია, რომ გაყალბების ტექნოლოგიების ყველა დეტალსა და ნიუანსში კარგად ვარ გარკვეული, მაგრამ რამდენადაც ჩემი პოლიტიკური პრაქტიკის განმავლობაში ხშირად მიწევდა შეჯახება ამ პრობლემასთან, რაღაც დონეზე მაინც ვარ ინფორმირებული და აქ, უბრალოდ, შევეცადე ერთგვარი სისტემატიზება მომეხდინა ამ ცოდნის. რა გამომივიდა აქედან, თავად განსაჯეთ.
სისტემის შექმნა
დღეს არჩევნების გაყალბების ყველასთვის ნაცნობი და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტრადიციული ხერხები (ჩაყრები, კარუსელები, ყალბი ოქმები) უმეტესწილად აღარ გამოიყენება ან, თუ გამოიყენება, მხოლოდ დამხმარე საშუალებად. ამ მხრივ, 90-იანების ერთგვარ ნაკრძალებად მხოლოდ რამდენიმე რეგიონი თუ შემორჩა (განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ადგილებში), სადაც, მაგალითად, შეიძლება, სულ ათი ადამიანი გამოცხადდეს საარჩევნო უბანში და ოქმში ჩაიწეროს, რომ ცხრაასი მოვიდა და აქედან რვაას ოთხმოცდაათმა ხელისუფლებას მისცა ხმა.
ძველი ტექნოლოგიების მთავარი პრობლემა ისაა, რომ გაყალბება ძირითადად ხდება არჩევნების დღეს, როდესაც ბევრი ქართველი და უცხოელი დამკვირვებელია ყველა უბანზე და დარღვევების აღრიცხვა შედარებით ადვილია. ამ დროს თუ საუბნო კომისიის ოპოზიციონერი წევრი ან/და დამკვირვებელი პრინციპულია, არ იყიდება და არ შედის გარიგებაში ხელისუფლებასთან, გაყალბების მცდელობები, როგორც წესი, ფიქსირდება. ასე მოხდა 2003 წლის ნოემბერში, როდესაც არჩევნები საერთაშორისო დონეზეც კი არალეგიტიმურად იქნა მიჩნეული და ასე მოხდა 2008 წლის იანვარშიც, როდესაც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა, ფაქტობრივად, ყველა კანონის დარღვევით გამოიწერა 50 პროცენტზე მეტი და თავი აარიდა მეორე ტურს.
შეიძლება ითქვას, რომ სწორედ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც იმდენად აშკარად გაყალბდა, რომ მისი დაფარვა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, გამოდგა ერთგვარი გარდამტეხი მომენტი. სწორედ მაშინ დაისახეს მიზნად არჩევნების მოგების ისეთი მექანიზმის შექმნა, სადაც მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი ცესკოს და საარჩევნო კომისიების როლი და სადაც ვერც ადგილობრივ და ვერც უცხოელ დამკვირვებელს ვერ უნდა აღმოეჩინა არსებითი ხასიათის დარღვევები. ასეთი მექანიზმის შემუშავება და განხორციელება კი თავის თავზე აიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც ქვეყნის ხერხემალმა და მთავარმა უწყებამ. შედეგად შეიქმნა ახალი, მოდერნიზებული სისტემა, რომელიც პირველად 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გამოიყენეს და ფრიად ეფექტიანადაც იმუშავა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღნიშნული სისტემის ყველა ბერკეტი და მექანიზმი ავტომატურად გადმოვიდა „ქართული ოცნების“ გამგებლობაში, თუმცა, სანამ ოცნების პოზიცია ისედაც ძლიერი იყო, მისი ამოქმედების საჭიროება არ დამდგარა დღის წესრიგში. ვითარება არსებითად შეიცვალა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, როცა ცხადი გახდა ახალი ხელისუფლების რეიტინგის საგრძნობი კლება. დღეს მერაბიშვილის უწყების მიერ შექმნილი სისტემა უკვე „ქართული ოცნების“ სამსახურშია. მცირეოდენ მოდიფიცირებული სახით, თუმცა არსი იგივეა.
სისტემის ანატომია
ძალიან მოკლედ, აღნიშნული სისტემის არსი შეიძლება გამოიხატოს ორი სიტყვით: აღრიცხვა და კონტროლი.
აღრიცხვა არის პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ყველა შემდგომი ქმედება სწორედ ამ პირველი ეტაპის შედეგებზე დაყრდნობით ხდება.
კერძოდ, თავდაპირველად ხდება თითოეული ოჯახის აღრიცხვა, პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით. მონაცემების შეგროვებაში მონაწილეობენ უბნის ინსპექტორები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, პარტიის კოორდინატორები, ამხანაგობათა თავმჯდომარეები და სოფლის მამასახლისები. შემდეგ ეს მონაცემები იგზავნება მმართველი პარტიის შტაბში, უფრო ზუსტად, უშიშროების სამსახურში, რომელიც არჩევნების დროს ასევე ითავსებს შტაბის ფუნქციას.
სხვანაირად რომ ვთქვა, მთელი სახელმწიფო მანქანა ატარებს ერთგვარ კარდაკარ გამოკითხვას, რის შედეგადაც ხელისუფლებას აქვს საკმაოდ ზუსტი ინფორმაცია საზოგადოების პოლიტიკური პრეფერენციების შესახებ თითოეულ საარჩევნო უბანზე: ვინ რომელი პარტიის მომხრეა, ვინ ჩამოყალიბებულია თავის არჩევანში, ვინ ყოყმანობს და ა. შ.
თუ სურათი დამაკმაყოფილებელია, ანუ, თუ არსებული მოცემულობით მმართველი ძალა იგებს არჩევნებს, მაშინ ხელისუფლებამ საკმარისია, უზრუნველყოს სარჩევნო უბანზე თავისი ამომრჩევლის მიყვანა, რისი ორგანიზებაც, სახელისუფლებო რესურსებიდან გამომდინარე, საკმაოდ ადვილია, მაგრამ, თუ სურათი არ არის დამაკმაყოფილებელი და არსებული განწყობების მიხედვით, ხელისუფლება ვერ იმარჯვებს, მაშინ მხოლოდ თავისი ამომრჩევლის მობილიზება საკმარისი არაა. საჭიროა დამატებითი ღონისძიებები.
ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა ოპოზიციურ უბნებზე ხელისუფლების მომხრე ამომრჩევლების გადარეგისტრირება იმ უბნებიდან, სადაც ხელისუფლებას ჭარბი უპირატესობა აქვს. აი, უცებ რომ აღმოაჩენ, რომ შენს მისამართზე კიდევ ათი სულია რეგისტრირებული და აზრზე არა ხარ, ეგ ამბავია. ასევე, ხდებოდა ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება, რის მეშვეობითაც ერთი აქტივისტი რამდენიმე უბანში აძლევდა ხმას, მაგრამ ეს ცოტა სარისკო ამბავია, რადგან უკვე არსებობს პრეცედენტი ამის გამო კონკრეტული პირების გასამართლებისა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი გავრცელდა ხმა, რომ ყალბი მოწმობები იბეჭდებოდა, მაგრამ პროკურატურამ ეს ხმები უარყო, ხოლო სხვა ტიპის გამოძიება არ ჩატარებულა.
თუმცა შესაძლოა, ასეთი მანიპულაციები არ აღმოჩნდეს საკმარისი და ამ დროს ხდება გადართვა არასახელისუფლებო ამომრჩეველზე.
არასახელისუფლებო ამომრჩეველი იყოფა რამდენიმე კატეგორიად, ესენია:
- ა) მტკიცედ ჩამოყალიბებული ოპოზიციონერები. რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები;
- ბ) ოპოზიციურად განწყობილები, რომელთაც მკაფიო პარტიული ორიენტირი არა აქვთ;
- გ) მოყოყმანეები და ჩამოუყალიბებლები;
- დ) აპოლიტიკურები.
პირველ კატეგორიას, ანუ ამომრჩეველთა იმ ნაწილს, რომლის ოპოზიციური განწყობაც მტკიცეა, საერთოდ არ ეხებიან. მათ არც ქრთამს სთავაზობენ და არც ემუქრებიან, რადგან ერთიცა და მეორეც მტკიცე ოპოზიციონერის შემთხვევაში არაეფექტიანია.
ყველა სხვა კატეგორიის ამომრჩევლის მიმართ კი, კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი: ვიღაცას ჰპირდებიან ხმის სანაცვლოდ ოჯახის წევრი პატიმრის გათავისუფლებას, ვიღაცას – ბანკის ვალის გადავადებას, ვიღაცას – სახლის გადახურვას, ვიღაცას ემუქრებიან სამსახურის დაკარგვით, ვიღაცას – ხულიგანი შვილის დაჭერით, ვიღაცას აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების გამომზეურებით და ა. შ. როდესაც ამომრჩეველზე ზემოქმედებაში მონაწილეობს მთელი სახელმწიფო მანქანა, როგორც დაშინების, ისე მოქრთამვის მეთოდების დეფიციტი ნამდვილად არ არის.
მოთხოვნებიც სხვადასხვაგვარია: ვიღაცას სთხოვენ ხელისუფლებისთვის ხმის მიცემას, ვიღაცას კიდევ რამდენიმე ხმის მოგროვებას საახლობლო-სამეგობროში, ხოლო ვის კეთილსაიმედოობაშიც მაინც არ არიან ბოლომდე დარწმუნებულები, შეიძლება სთხოვონ, რომ უბრალოდ არ წავიდეს არჩევნებზე. მთავარია, რომ არასახელისუფლებო ამომრჩეველთან მუშაობის შედეგები აღირიცხება და იგზავნება ცენტრალურ შტაბში, სადაც მხარდამჭერთა ახალი მონაცემები ემატება ძველს და ასე გრძელდება, სანამ ხელისუფლების ხმები არ გადააჭარბებს ოპოზიციურს.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, აგრეთვე, შემოიღეს კიდევ ერთი ნოვაცია, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ იყენებს ფრიად წარმატებით. ესაა კრიმინალური სამყაროს ორგანიზებული ჩართვა საარჩევნო პროცესში. უბნის ძველბიჭობას ევალება არა მარტო იმ კონტიგენტის ორგანიზება და გადმობირება, რომელზეც გავლენა აქვთ, არამედ იმის კონტროლიც, თუ ვინ შეასრულა პირობა და მივიდა არჩევნებზე. ამიტომაც ბირჟაობენ ხოლმე საარჩევნო უბნებზე პარტიის კოორდინატორებთან ერთად, თან რა იცი, რა ხდება? ხომ შეიძლება, რომელიმე ოპოზიციონერი აქტივისტის მიკაჩავება გახდეს საჭირო?
ამგვარი მომსახურების სანაცვლოდ კრიმინალური სამყარო იღებს გარკვეულ ბენეფიტებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, იქნება ეს ფული, ნარკოტიკი თუ კონკრეტული პერსონების გამოშვება ციხიდან. იმავდროულად, კრიმინალურ სამყაროს ძალიან მკაფიოდ განემარტება ხოლმე, რომ ეს მხოლოდ დროებითი კონტრაქტია და არჩევნების შემდეგ ცხოვრება ძველებურად გაგრძელდება მომავალ არჩევნებამდე.
ცალკე თემაა ე. წ. ადმინისტრაციული რესურსის: სახელმწიფო უწყებების, სსიპებისა და აიპების, მერიებისა და გამგეობების პერსონალის მობილიზება და დამუშავება, რომელთაც საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ სახელისუფლებო ხმების მოპოვებაში. თუმცა ეს ნოვაცია არ არის. ეს ყოველთვის ასე იყო.
ასე და ამგვარად ხდება არჩევნების წინ ხმების მოკრება და აღრიცხვა. კონკრეტულად არჩევნების დღეს კი სახელისუფლებო სტრუქტურებს, პარტიის კოორდინატორებსა და უბნის ძველბიჭობას ევალება ამომრჩეველთა საარჩევნო უბნებზე გამოცხადების გაკონტროლება: ვინ დროზე მოდის, ვინმე ხომ არ აგვიანებს და ა. შ.
საკუთრივ საარჩევნო კომისიებისა და ცესკოს როლი ამ სტრატეგიაში უმნიშვნელოა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე რეგიონს, ჯერ კიდევ 90-იანებში რომ არიან ჩარჩენილები. საბოლოო ჯამში მთავარია არა ის, თუ რამდენი ადამიანი გიჭერს მხარს, არამედ ის, თუ ხმას რამდენი გაძლევს. არსებული სისტემის ერთგვარი ცინიზმი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აქ ხელისუფლებისთვის მიცემული (და არა მიწერილი) ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი იმათია, ვისაც ეს ხელისუფლება სულაც არ ეხატება გულზე.
სისტემის შოკი
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს სისტემა თითქმის იდეალურია და მისი სრულფასოვნად ამოქმედების შემთხვევაში, ხელისუფლების დამარცხება თითქმის შეუძლებელია. არჩევნების დღეს, როდესაც ხდება ხმის მიცემა და რასაც აკვირდება ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მთელი არმია, ხელისუფლებას უკვე აქვს დაბევებული მისთვის სასურველი შედეგი, მაგრამ აქ მთავარი სიტყვაა „თითქმის“.
საქმე ისაა, რომ ეს თითქმის იდეალური სისტემა დგას ხელისუფლების უალტერნატივობის რწმენაზე. თუ საზოგადოება ვერ ხედავს არსებული ხელისუფლების რეალურ ალტერნატივას, მაშინ სისტემა მუშაობს იდეალურად, მაგრამ თუ უკმაყოფილო ამომრჩეველმა მიიჩნია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია და უფრო უკეთესი არჩევანი აქვს, მაშინ საბოლოო შედეგი ხელისუფლებისთვის შესაძლოა სრულიად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდეს. ამ დროს არასახელისუფლებო ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი წინასწარ კი ჰპირდება ხელისუფლებას მხარდაჭერას, უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ საარჩევნო ყუთთან მისული სულ სხვა არჩევანს აკეთებს და დამდგარი შედეგი არსებითად განსხვავებულია დაგეგმილისგან.
ასე მოხდა, მაგალითად, 2012 წლის ოქტომბერში, როდესაც ძალიან ბევრმა ამომრჩეველმა სწორედ საარჩევნო ურნასთან დაარღვია პირობა და ხუთის ნაცვლად ორმოცდაერთი შემოხაზა. მაშინ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოხდა ამომრჩევლის მიერ ხელისუფლების მასობრივი გადაგდება და ხელისუფლებაც იძულებული გახდა, შეგუებოდა ბედს.
ამ სისტემამ თითქოს ასევე არ იმუშავა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ აქ ცოტა სხვა ამბავი იყო. მაშინ მმართველმა ძალამ მაინცდამაინც არ გამოიდო თავი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის პირველ ეტაპზე და, ფაქტობრივად, მიუშვა პროცესი. ამიტომაც სახელისუფლებო კანდიდატმა კინაღამ წააგო პირველივე ტურში. მეორე ტურში ხელისუფლება დაფაცურდა, ხმათა მობილიზების სისტემა ჩართო და სასურველი შედეგიც უზრუნველყო.
სისტემას სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც, რაც, ჩემი სუბიექტური აზრით, ოპოზიციამ ვერ გამოიყენა. მაშინ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ყველა გამოკითხვაში ხელისუფლების უპირატესობა იყო ძალიან დიდი. მთავრობას და პირადად გიორგი გახარიას ჰქონდა პანდემიასთან წარმატებული მებრძოლის იმიჯი. ამიტომაც ხელისუფლებაში მიიჩნიეს, რომ განსაკუთრებული მანიპულაციების გარეშეც იოლად მოიგებდნენ, მაგრამ აქ მოხდა სრულიად გაუთვალისწინებელი ამბავი: არჩევნებამდე ორი კვირით ადრე პანდემიამ იფეთქა, საავადმყოფოები გადაიტვირთა და მკვეთრად იმატა გარდაცვლილთა რაოდენობამ. ამან ხელისუფლების წარმატებული იმიჯი, ფაქტობრივად, გააცამტვერა და გაზარდა საპროტესტო განწყობა. ამიტომაც იყო, რომ ხელისუფლებამ მაშინ საზეიმოდ გამოცხადებული 60 პროცენტის ნაცვლად 46 ძლივს დააგროვა და ისიც მარნეულის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონებში ტრადიციული გაყალბების მეთოდების ხარჯზე, როდესაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში 80 პროცენტზე მეტი აიღო.
ამ არჩევნების შემდგომ პერიოდში ოპოზიციამ მთელი თავისი პროტესტი მიმართა დაუბალანსებელ ოქმებზე. რაც უფრო არაკვალიფიციურობისა და თავმოუბმელობის შედეგი იყო, ვიდრე მიზანმიმართული მანიპულაცია. ეს სადღაც გასაგებიცაა, რადგან ასეთი ქაოსი და არევ-დარევა ციფრებისა, როცა მეოთხე ჩასწორების ოქმშიც ვერ ხერხდებოდა ხმების სწორად დაჯამება, 90-იანების შემდეგ პირველად მოხდა, მაგრამ ამ საპროტესტო ორომტრიალში ოპოზიციას გამორჩა ყველაზე მთავარი: ხელისუფლება სულაც არ იყო კმაყოფილი არჩევნების შედეგებით. აქედან გამომდინარე, იმის ნაცვლად რომ გამარჯვებულის პოზიციიდან ელაპარაკათ, ოპოზიციამ ხელისუფლებას მიაწერა ზედმეტი ძალა, თითქოს ისინი როგორც უნდოდათ ისე ატრიალებდნენ ციფრებს, რაც უნდოდათ, იმას წერდნენ და ა. შ. მოკლედ, ეს არითმეტიკის უცოდინარი ოქმის შემდგენლები ლამის აბსოლუტური ძალაუფლების მპყრობელებად წარმოაჩინეს, რამაც გვარიანად დამფრთხალ ხელისუფლებას სულის მოთქმისა და საკუთარი ძალების რწმენაში განმტკიცების საშუალება მისცა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბოიკოტის კამპანიით, ოპოზიციამ დაკარგა დასავლეთის მხარდაჭერა, რაც ისეთი ტიპის ხელისუფლებასთან დაპირისპირებისას, როგორიც ჩვენ გვყავს, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
საერთოდ, ხელისუფლებას ყოველთვის აქვს სერიოზული ფორა ადმინისტრაციული რესურსის სახით, თუმცა, თუ ჩნდება რეალური ალტერნატივა, მაშინ ეს რესურსიც აღარაა საიმედო. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლების მომხრეთა რაოდენობა არაა მუდმივი და ექვემდებარება ცვლილებას, რასაც თავად ხელისუფლება ყოველთვის თვალს ვერ მიადევნებს. ამას ადასტურებს წარსულის გამოცდილებაც. ფაქტია, რომ არჩევნების მოგების ეს თითქმის იდეალური სისტემა სულაც არ არის იდეალური და გარკვეულ პირობებში ხელისუფლების საწინააღმდეგოდაც კი შეიძლება იმუშაოს.
ბოლოთქმა
ახლა კი, როგორ იტყვიან, პირველივე სიტყვასა მოვიდეთ და კიდევ ერთხელ ვიკითხოთ: აქვს თუ არა არჩევნების საშუალებით ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლას აზრი?
პასუხი ამ კითხვაზე, ჩემი ღრმა რწმენით, ერთმნიშვნელოვანია: რასაკვირველია, აქვს. მართალია, ის მექანიზმები, რომლის მოკლე აღწერასაც ზემოთ შევეცადე, ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში გამოიყენება, მაგრამ გაყალბებას და იძულებას აქვს თავისი ჭერი, რის ზემოთაც სისტემა ითიშება და ვეღარ მუშაობს. ჩვენ არ გვყავს ის ხელისუფლება, რომელიც გამართავს პატიოსან არჩევნებს (ასე რომ იქცეოდეს, უკვე აღარ იქნებოდა ხელისუფლება), მაგრამ ჩვენ არც ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც, რასაც უნდა, იმას დაწერს და ბოლომდე დაიკიდებს საზოგადოებრივ აზრს თუ დასავლეთის დამოკიდებულებას. ვერ დაიკიდებს.
ამ ვითარებაში, თუ ეს ვითარება კარგადაა გაცნობიერებული, სწორი სტრატეგიითა და ტაქტიკით ხელისუფლების დამარცხება სავსებით შესაძლებელია, თუმცა ეს ცალკე თემაა და სულ სხვა ადგილას განსახილველი.