მოზარდებში ალკოჰოლის მოხმარების პრევენცია | გერმანული გამოცდილება ქართველ კოლეგებს

ნათია ამირანაშვილი

როგორ ზრუნავენ გერმანიაში მოზარდებზე, რომლებსაც ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ? – ამ საკითხზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერითა და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ ორგანიზებით, პროფესიული გადამზადების სემინარი გაიმართა.

HaLT – Hart am LimiT (შეჩერდი – ზღვართან ახლოს) – ასე ჰქვია ალკოჰოლიზმის პრევენციის პროგრამას, რომელიც გერმანიაში 2002 წლიდან დაინერგა და ახლა უკვე 160 ქალაქში მოქმედებს.

HaLT-ის კონცეფცია შედგება ორი ნაწილისგან, რომლებიც ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს – ერთი ნაწილი ორიენტირებულია მოზარდებზე, რომლებიც ალკოჰოლური ინტოქსიკაციით კლინიკაში მოხვდნენ, მეორე კი მოზრდილებისთვის ძირითადად პრევენციული დანიშნულების საინფორმაციო აქტივობებს მოიცავს.

რა არის პრევენციული პროგრამის მიზანი, როგორ დანერგეს ის გერმანიაში და რა გამოცდილებას უზიარებენ ქართველ კოლეგებს – პრევენციულ პროგრამაზე უფრო დეტალურად „პუბლიკასთან“ ელენ ჰიპი და პიტერ აიხინი საუბრობენ.

„პუბლიკა“: ელენ, პიტერ, თავიდან საუბარი რომ დავიწყოთ ზოგადად პროგრამაზე, რას ეხება ეს პროგრამა და ვინ არის სამიზნე აუდიტორია? ვისთვის კეთდება ეს გერმანიაში?

პიტერი: პროგრამას ჰქვია HALT, რაც ინგლისურად ნიშნავს STOP – შეჩერდი. ეს არის ალკოჰოლის პრევენციის პროგრამა, განკუთვნილი თინეიჯერებისთვის, რომლებიც იწყებენ ალკოჰოლის მოხმარებას, პროგრამის ერთი ნაწილი კი მიმართულია ზრდასრულ ადამიანებზე, რომელთაც გარკვეული სახის კომუნიკაცია უწევთ მოზარდებთან, მაგალითად, არიან მასწავლებლები ან მუშაობენ სუპერმარკეტში, აორგანიზებენ ფესტივალებს, სადაც ალკოჰოლი იყიდება. ჩვენ ვცდილობთ, გავიგოთ, რა საჭიროებები აქვთ თინეიჯერებს და როგორ შეუძლიათ იმოქმედონ ზრდასრულებმა, რომ შეამცირონ რისკი, რომელიც ალკოჰოლის მოხმარებას სდევს თან.

„პუბლიკა“: როდის დაიწყეთ ეს პროგრამა გერმანიაში? როგორ მოახდინეთ პრობლემის იდენტიფიცირება და ორგანიზება?

ელენი: ეს ყველაფერი დაიწყო 2002 წელს, როდესაც ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომ ქვეყანაში პრობლემაა, თინეიჯერები სულ უფრო და უფრო მეტს სვამენ, ემართებათ ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და რა უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით.

ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა, ჰაიდი კუტლერი, ძალიან შეწუხდა ამ მდგომარეობის გამო და გადაწყვიტა, რაღაც გაეკეთებინა. ის დაუკავშირდა საავადმყოფოებს, სადაც ეს ბავშვები ალკოჰოლით მოწამვლის შემდეგ ხვდებოდნენ და გადაწყვიტა, დაეწყო პროცესი – მისულიყო საავადმყოფოში და გასაუბრებოდა ბავშვებს ინციდენტთან დაკავშირებით. ეს იყო დასაწყისი.

ცხადი გახდა, რომ ამ ბავშვებს ნამდვილად სჭირდებოდათ გარკვეული სახის დახმარება, ისევე, როგორც მათ მშობლებს. ასე დავიწყეთ ეს პროგრამა, უშუალოდ ჰოსპიტალში მივდიოდით ბავშვებთან და ვესაუბრებოდით. ვეუბნებოდით იმასაც, რომ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგაც შეეძლოთ ჩვენს ცენტრში მოსვლა, საუბრების გასაგრძელებლად.

„პუბლიკა“: ვახსენეთ, რომ პროგრამა ახლა უკვე 160 რეგიონს მოიცავს. როგორ მუშაობს სტრუქტურა? რა ინფრასტრუქტურაა? ვინ არის სერვისის მიმწოდებელი?

ელენი: პირველ რიგში მინდა, აღვნიშნო, რომ თავიდან ჩვენ დავიწყეთ ერთი ლოკაციით, მაგრამ შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო დაგვეხმარა, მთელ ქვეყანაში გაგვევრცელებინა ეს სერვისი. პროფესიონალები შეიძლება აკეთებენ HALT-ის პროგრამასაც, და ამავდროულად შეიძლება მუშაობდნენ, მაგალითად, ნარკოტიკების პრევენციის ცენტრში, ანუ შეიძლება, დაკავებულები იყვნენ სხვადასხვა საქმითაც და ჩართულები იყვნენ HALT-ის პროგრამაშიც.

„პუბლიკა“: როგორ მოახერხეთ ის, რომ სახელმწიფო დონეზე მიგეღოთ ხელშეწყობა, თუნდაც რაც ახსენეთ, რომ სახელმწიფო დაგეხმარათ ქსელის გაფართოებაში?

ელენი: ჩვენ გაგვიმართლა. თავიდან გვქონდა ფონდის ფული და ეს დაგვეხმარა დაწყებაში, შემდეგ კი უკვე ჯანდაცვის სამინისტრო დაგვეხმარა დამატებითი თანხის მოპოვებაში. თანხას მოვიპოვებთ, ასევე, სადაზღვევო კომპანიებისგანაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სათემო დახმარებაც. თემი გვაწვდის თანხას პროგრამის განსახორციელებლად.

„პუბლიკა“: უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ HALT-რეაქტიულსა და HALTპროაქტიულზე. რას ითვალისწინებს პროგრამა, როდის მივდივართ მოზარდთან?

პიტერი: HALT-რეაქტიული არის ამ პროგრამის ერთი ნაწილი, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ 18 წლამდე მოზარდებთან, რომლებსაც აქვთ ალკოჰოლის ინტოქსიკაცია. მათი უმეტესობა ხვდება საავადმყოფოებში. შემდეგ ან საავადმყოფო გვირეკავს, ან ჩვენ ვურეკავთ მათ და ვეკითხებით, ინტოქსიკაციით ბავშვი ხომ არ არის შესული. თუ არის, მივდივართ და საავადმყოფოშივე ვახორციელებთ მოკლე ინტერვენციას. ამასთანავე, მაგალითად, ბავშვს ვეკითხებით, სად იყიდა ალკოჰოლი და თუ გვეუბნება, რომ შეიძინა სუპერმარკეტში, მათთანაც მივდივართ და ვესაუბრებით.

შეიძლება ბავშვი საავადმყოფოში არ მოხვდეს, მაგრამ დაგვირეკოს მშობელმა და გვითხრას, რომ ბავშვს ჰქონდა ალკოჰოლით ინტოქსიკაცია ან პოლიციამ დაინახოს ქუჩაში მთვრალი ბავშვები, ჩასვას მანქანაში, სახლში წაიყვანოს და შემდეგ უკვე მშობლებს ურჩიოს, რომ მიმართონ HALT-ის პროგრამას.

„პუბლიკა“: როგორც ითქვა, როდესაც ბავშვი ინტოქსიკაციით ხვდება კლინიკაში, იქ მიდის თქვენი წარმომადგენელი. თუ არის შესაძლებელი, საზოგადოებისთვის მოკლედ განიმარტოს, რა კუთხით ხდება ბავშვთან გასაუბრება? რაზე ვესაუბრებით ბავშვს?

ელენი: პირველად როცა ვესაუბრებით, ეს არის ძალიან მარტივი საუბარი და არა ვრცელი; ვეცნობით, ვუყვებით ჩვენი პროგრამის შესახებ, ვპატიჟებთ ჩვენთან ცენტრში, სადაც შევძლებთ, რომ გავესაუბროთ რისკის შემცველ ქცევაზე ალკოჰოლთან დაკავშირებით.

„პუბლიკა“: საინტერესოა, რამდენი მოდის ცენტრში?

პიტერი: ჰოსპიტალიზებული ბავშვების დაახლოებით 2/3 მოდის ჩვენს ცენტრში. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორ წარუდგენს ჩვენს პროგრამას ბავშვებს კლინიკის პერსონალი. გადატვირთული სამუშაო დღის გამო, შესაძლოა, მათ ეს სათანადოდ ვერ მოახერხონ.

„პუბლიკა“: რეაქტიული პროგრამის ნაწილში მშობლებიც რომ მოვიცვათ. რა გამოწვევებს ხვდებით მშობლებთან კომუნიკაციის დროს და რა არის მთავარი, რასაც თქვენ მათ ასწავლით?

ელენი: ჩვენ საკმაოდ ხშირად ვეხმარებით მშობლებსაც. თავადაც მოდიან ხოლმე ჩვენთან და ვუწევთ მათ კონსულტაციას. ეს მშობლებს ძალიან ეხმარებათ, რადგან ინციდენტის შემდეგ შოკში არიან. ჩვენ მათ ვაწვდით ინფორმაციას და ძალიან უხარიათ, როდესაც იგებენ, რომ მხოლოდ ისინი არ არიან, რომელთა შვილებსაც ეს დაემართა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, რაც მთლიანად პროცესს ძალიან ეხმარება.

პიტერი: ხშირად გვაქვს ხოლმე სკოლებში საღამოობით მშობლებთან შეხვედრები. მაგალითად, რომელიღაცა კლასის ყველა მშობელს ვიწვევთ შეხვედრაზე, რომელზეც ვაცნობთ ამ პროგრამას, ვესაუბრებით. ძალიან ხშირად მშობლები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას. ზოგჯერ შეხვედრებს ონლაინფორმატითაც ვაწყობთ.

„პუბლიკა“: სტიგმის ფაქტორი არ იგრძნობა? მაგალითად, საქართველოში მშობელს შეიძლება, არ ესიამოვნოს, სხვა მშობელმა რომ გაიგოს მისი შვილის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შესახებ

პიტერი: დიახ, ეს სტიგმა არის გერმანიაშიც, მაგრამ ასეთი შეხვედრები არ ემსახურება მიზანს, რომ მოდი და შენი შვილის ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრე. ეს არის უფრო ზოგადი შეხვედრები, ვსაუბრობთ, ზოგადად, ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ამა თუ ამ ასაკში რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს და ა.შ.

„პუბლიკა: საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, გამოწვევაა პოლინარკომანიის კუთხით, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ერთდროულად ალკოჰოლსაც მოიხმარდეს მოზარდი და ნარკოტიკულ საშუალებებსაც. ამ შემთხვევაში როგორ მოქმედებს HALT-ის პროგრამა?

ელენი: როდესაც ვითარება იცვლება, ვცდილობთ, მოვერგოთ და ადაპტაცია გავიაროთ. ამ პრობლემასთან დაკავშირებით შევქმენით ახალი მოდული, რომელიც შერეულ მოხმარებაზეა მიმართული და განკუთვნილია 18-21 წლამდე ახალგაზრდებისათვის. გადავამზადეთ ჩვენი პროფესიონალებიც და იციან, როგორ და რანაირად მოიქცნენ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

„პუბლიკა“: რაც შეეხება HALT-პროაქტიულს, რას მოიცავს ის და ვისთან მუშაობთ ამ ნაწილში?

პიტერი: HALT-პროაქტიული ფოკუსირებულია მხოლოდ ალკოჰოლზე, რათა მოვიცვათ ამ პროცესში მონაწილე ზრდასრულები. მაგალითად, სუპერმარკეტებში ვასწავლით, როგორ გაყიდონ ალკოჰოლი. ხშირად თინეიჯერები ალკოჰოლის საყიდლად იყენებენ სხვადასხვა ხერხს, მაგალითად – „ID სახლში დამრჩა, მაგრამ მაქვს მანქანის გასაღები და მართვის მოწმობა, იქნებ მომყიდოთ ალკოჰოლი“ ან ფესტივალზე შეიძლება გამყიდველი არასრულწლოვანი იყოს და თავისუფლად მიჰყიდოს თავის მეგობარს სასმელი. ვთანამშრომლობთ, ასევე, სპორტულ კლუბებთან. ინფორმაციის მიწოდება და სწორად სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია…

„პუბლიკა“: როგორ ხდება პროგრამის შედეგების კვლევა? ხარისხის კონტროლი?

ელენი: ჩვენ ვმუშაობთ მეცნიერებთან ერთად; მეცნიერები გვყავს ამ პროცესში ჩართული. ასევე, მიმდინარეობს შეფასება. ძალიან ბევრი ლოკაციიდან მოდიოდა [ინფორმაცია]; გვაქვს ბაზა, სადაც ხდება ამ ინფორმაციის ჩატვირთვა. შეგვიძლია, ჩავხედოთ ამ ბაზას და გავიგოთ, რამდენი მოკლე ინტერვენცია ჩატარდა, რამდენ მოზარდს ან ბავშვს შეხვდნენ და გაესაუბრნენ ჩვენს პროგრამაში ჩართული პროფესიონალები და ა.შ. ასევე, მივმართავთ მონიტორინგსაც, გარკვეული პერიოდულობით და სხვადასხვა წყაროდან ვიღებთ შედეგებს.

და კიდევ, რაც მინდა დავამატო – ჩვენ ვმუშაობთ ძალიან დიდ ქსელში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადამიანებთან საუბარი. ხშირად ვესაუბრებით კოლეგებს და ამ პროგრამაში ჩართულ ადამიანებს და როდესაც გვეუბნებიან, მაგალითად, რომ სიტუაცია შეიცვალა და ეს აღარ მუშაობს ან ეს შესაცვლელია და ა.შ. მაქსიმალურად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ. ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ხარისხის შესანარჩუნებლად.

„პუბლიკა“: ბოლოს განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა ქვეყნის კულტურულ მოცემულობას, მახასიათებელს. ჩვენთან, საქართველოში ყოველთვის პოპულარიზაციას უწევენ, რომ ვართ ღვინის ქვეყანა, ალკოჰოლის მოხმარება არ არის დისკრედიტებული, როგორც ნარკოტიკის; ერთი კვირის წინ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა ღვინის ფესტივალი. რით უნდა დავიწყოთ, რას ურჩევთ, რომ თუნდაც მშობლებმა, მასწავლებლებმა გააცნობიერონ, რომ ალკოჰოლის მოხმარება მოზარდებში გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული? ბავშვობიდან გვასწავლიან: „ჭიქა მოგვიჭახუნე“ – როგორ უნდა მოვარგოთ პრევენციის მოდული ჩვენს კონტექსტს?

პიტერი: კარგი შეკითხვაა და გასაგებია ეს კულტურული მომენტი. რეალურად, გერმანიაშიც დიდი კულტურაა ამის; ჩვენც ვსვამთ ღვინოს; განსაკუთრებით, ბევრ ლუდს ვსვამთ და ეს საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს გერმანიის ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვცდილობთ ამ საკითხის მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის გაზრდას, ვინაიდან ისინი უნდა იყვნენ როლური მოდელები მოზარდების. ვასწავლით, როგორ ესაუბრონ მოზარდებს ამ საკითხებზე. ძალიან ხშირად მოზარდებს არ აქვთ ხოლმე ინფორმაცია ალკოჰოლის შესახებ. არ ვცდილობთ, კულტურა სრულად შევცვალოთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია შეკითხვების დასმა – მაგალითად, როდესაც საჩუქრად მიაქვთ ალკოჰოლი, შეკითხვას ვსვამთ, რა აუცილებელია, საჩუქარი იყოს ალკოჰოლი? ბავშვებსა და მოზარდებთან მიმართებითაც ვეკითხებით, აუცილებელია, ამდენი დალიო? ასეთი გზებით მიიღო ალკოჰოლი? ხშირია, როცა დღის განმავლობაში მიმდინარე ოფიციალურ შეხვედრებზე ალკოჰოლია წარმოდგენილი. ჩვენ ვსვამთ შეკითხვას, აუცილებელია ეს?

ჩვენ მგრძნობელობის გაზრდას ვცდილობთ იმ მიმართულებით, რომ ადამიანებმა არ დალიონ ბევრი და არ გამოიყენონ ალკოჰოლი, როგორც პრობლემებთან გამკლავების საშუალება, რომ არ მივიდნენ სიმთვრალის მდგომარეობამდე.

„პუბლიკა“: უშუალოდ, ეს ტრენინგი რა მიზანს ემსახურება, რა ინფორმაციას უზიარებთ ქართველ სპეციალისტებს?

პიტერი: ტრენინგზე წარვადგენთ HALT-ის მიდგომას და ვაზიარებთ ჩვენს პოზიტიურ გამოცდილებებს. გერმანიის 160 რეგიონში ხორციელდება პროგრამა და მასში ჩართული პროფესიონალები მუდმივად ხვდებიან და უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას, გამოცდილებას. დაინტერესებულები ვართ, ქართველებსაც გავაცნოთ ეს და მოვსინჯოთ ვითარება, რამდენად შესაძლებელია, HALT საქართველოშიც დაინერგოს, რამდენად შესაძლებელია, რომ ქართულ საჭიროებას მოერგოს ეს პროგრამა.


პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.