სამწუხაროდ, ჩვენში არასოდეს ექცეოდა ჯეროვანი ყურადღება საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის განვითარებას. თვითონ მწერლებიც კი ამ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეს თითქოს ცოტა ზედაპირულად უყურებდნენ და საბავშვო მწერლები რაღაცნაირად მეორე რანგისა თუ უფრო დაბალი კვალიფიკაციის თანამოკალმეებადაც კი მიაჩნდათ.
არადა, სრულიად ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რა მნიშვნელობა აქვს კარგ საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურას არამხოლოდ მწერლობის, არამედ საზოგადოების განვითარებისათვის.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, თუკი ობიექტურად ვიმსჯელებთ, ყველაზე უფრო ამ საქმის განვითარებისთვის სწორედ კომუნისტების პერიოდში ზრუნავდნენ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თითქმის 70 წლის განმავლობაში უწყვეტად გამოიცემოდა ერთი საბავშვო („დილა“) და ერთიც საყმაწვილო („პიონერი“, მოგვიანებით „ჯეჯილი“) ჟურნალი. ამას გარდა, ჯერ კვირაში ერთხელ, ხოლო შემდგომ კვირაში ორჯერაც გამოდიოდა მოსწავლეთა გაზეთი „ნორჩი ლენინელი“ (შემდგომში – „ნერგი“).
ვინმემ, ვინც სიღრმისეულად არ არის გარკვეული საბჭოთა ჟურნალისტიკის სპეციფიკაში, შესაძლოა, დღეს გაიცინოს ანდა ამრეზით შეხედოს აქ ხსენებულ გამოცემებს, თუნდაც მათი სახელწოდებების გამო.
რა თქმა უნდა, როგორც სხვა ყველაფერი, ეს გამოცემებიც უმკაცრესი საბჭოთა იდეოლოგიისა და მიზანდასახულობის ჟურნალ-გაზეთები იყო, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ხერხდებოდა, რეგულარულად დაბეჭდილიყო ნამდვილად ღირებული საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის ნიმუშები: ლექსები, მოთხრობები, ვრცელი მოთხრობებიც კი და ყველა ასაკის ბავშვს ჰქონოდა არჩევანი, მშობლიურ ენაზე წაეკითხა მისთვის საინტერესო ნაწარმოებები, განევითარებინა ფანტაზია და მხატვრული გემოვნება, რის კვალადაც შემდგომ ეგებ თვითონაც ეცადა კალამი.
ჩვენ მიერ ხსენებულ ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობდნენ მაშინდელი ქართული საბავშვო ლიტერატურის ნამდვილი ვარსკვლავები: მაყვალა მრევლიშვილი, გივი ჭიჭინაძე, ნოდარ დუმბაძე, არჩილ სულაკაური და მრავალი სხვა შესანიშნავი მწერალი, რომელსაც თავის მოვალეობად მიაჩნდა უფროსი ასაკის ლიტერატურის პარალელურად ზოგჯერ ბავშვებისთვისაც ეწერა არანაკლები მნიშვნელობის მხატვრული ტექსტები.
თუ ამ ყველაფერს იმასაც დავუმატებთ, რომ სრული დატვირთვით მუშაობდა საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის გამოცემაზე ორიენტირებული გამომცემლობა „ნაკადული“, ნათელი გახდება, რომ იმ დროისათვის არსებობდა საბავშვო მწერლობის განვითარებისათვის აუცილებელი თითქმის იდეალური პირობები.
ამის მიუხედავად, ჟანრის უაღრესად რთული სპეციფიკიდან გამომდინარე, ღირებული, როგორც ალბათ ყველა სფეროში, აქაც ძალიან ცოტა თუ იქმნებოდა.
ზემოთ ნახსენები მწერლების გარდა, ახლა სერიოზულად დავფიქრდი, რა დამამახსოვრდა იმ ასაკიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან პირადად მე, ხუთი წლიდან ამ გამოცემების ერთგული მკითხველი რომ ვიყავი:
რასაკვირველია, უპირველესად, რევაზ ინანიშვილის არაჩვეულებრივი მოთხრობები, თამაზ ბიბილურის „წელიწადის დრონი“ და ასევე მარიჯანის „ზურა ატმის ქალაქში“. მერე ლადო მრელაშვილის „იყალთოელი ბიჭები“ თუ გურამ პეტრიაშვილის შესანიშნავი ზღაპრები და ზღაპარ-ლექსები.
ახლა რომ ვინმემ მკითხოს, რატომ მაინცდამაინც ეს ყველაფერი და არა სხვა რამეებიო, რა თქმა უნდა, პასუხი ძალიან გამიჭირდება. რადგან ის, თუ რა და რატომ გვამახსოვრდება ბავშვობაში, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ბავშვის უაღრესად ფაქიზი სამყარო ზოგჯერ უფროსისათვის სრულიად მოულოდნელ რაღაცას მიიღებს და აღიბეჭდავს, ზოგჯერ კი ამ უფროსებისათვის ყოვლად სასურველ რამეს უარყოფს და უკუაგდებს. ასე ხდება ლიტერატურის შემთხვევაშიც და ამიტომ, საბავშვო მწერლობის შეფასებასაც ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
ის მწერალი კი, რომლის წიგნზეც დღეს უნდა ვილაპარაკოთ, შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროს არამხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ორი შვილის აღმოჩენა იყო, რომელთა შორისაც ასაკობრივი სხვაობა თითქმის 8 წელია და ამიტომ, ლამის სხვადასხვა თაობას ეკუთვნიან.
ვასილ გულეურის ბრწყინვალე საბავშვო ლექსების კრებული „ჩიტის მოტანილი ამბები“, რომლის გამოცემითაც თავის დროზე გამომცემლობა „დიოგენემ“ უდიდესი საქმე გააკეთა, ჩვენს ოჯახში ორჯერ დაიფურცლა: ჯერ ერთმა, ხოლო მერე ჩემმა მეორე შვილმა იმდენჯერ წაიკითხა, რომ სანამ ზეპირად ისწავლიდნენ, საკმაოდ კარგად და მყარად გამოცემული წიგნები ფურცელ-ფურცელ დაიშალა და მერე ამ ფურცლებს აგროვებდნენ და კინძავდნენ თვითონვე დიდი რუდუნებით.
ამის შემდეგ ვასილ გულეურმა კიდევ მრავალი წიგნი გამოსცა, მაგრამ ისეთი დიდი შთაბეჭდილება, როგორც ამ ჯადოსნურმა კრებულმა მოახდინა, თითქმის აღარცერთ გამოცემას აღარ დაუტოვებია, სანამ ახლახან გამომცემლობა „ქართულის“ მიერ დასტამბული მისი ოთხწიგნიანი ზღაპარი „მიკო და რეი“ არ წავიკითხე.
ამ ორი მხიარული პერსონაჟის გარშემო ცალკეულ წიგნებად გაერთიანებული ამბები ისეთი თავბრუდამხვევი კოლიზიებით ვითარდება, რომ მეც კი რამდენიმე საათით დამავიწყა ყველანაირი ლიტერატურული მომზადება და ბავშვობის იმ უბედნიერეს ხანაში გადამტყორცნა, როცა წიგნებს ლიტერატურული თეორიების ცოდნით აღჭურვილი კი არა, მთელი სულითა და გულით ვკითხულობდი, როცა მჯეროდა, რომ წიგნში აღწერილი ამბები იმაზე გაცილებით ნამდვილი იყო, რაც ცხოვრებაში ჩემ გარშემო ხდებოდა და როცა ამ წიგნის გმირებთან უფრო ვმეგობრობდი, ვიდრე საკუთარ თანატოლებთან, ანუ იმდენად რთული ბავშვი ვიყავი, რომ სწორედ ასეთმა გამოგონილმა ამბებმა გადამარჩინეს ბავშვის ისედაც აუტანელი მარტოობისაგან.
მე შემიძლია გითხრათ, რითაა საინტერესო ეს არაჩვეულებრივი ტექსტი ჩემი ასაკის ადამიანისათვის: პირველ რიგში იმ ძალიან დიდი უბრალოებითა და სისადავით, რითაც ეს ამბები არის მოყოლილი.
ვასო გულეური თითქოს სრულიად გაუცნობიერებლად ჰყვება უმთავრეს ამბავს, ტოვებს უამრავ დეტალს და მზერა ფოკუსირებული აქვს ძირითად კოლიზიაზე, რომელიც უაღრესად დინამიურად და ამავე დროს დიდი შინაგანი დრამატიზმით ვითარდება.
მონათხრობში არ არის არცერთი ზედმეტი სიტყვა, არცერთი ზედმეტი ეპითეტი და წინადადებები ისე მირაკრაკებს, თითქოს ნაკადული მიდიოდეს ტყისპირა ღელეში. მგონია, რომ ამას ბავშვიც აუცილებლად შეამჩნევს და დააფასებს
ოღონდ ის, რაც ბავშვმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს, მაგრამ მე ძალიან შემაწუხა, ბარემ აქვე უნდა აღინიშნოს: ზოგი წინადადება ამოვარდნილია ამ ბუნებრივი მდინარებიდან და თითქმის კალკის შთაბეჭდილებას ტოვებს.
მაგალითად, ჩემი აზრით, საოცრად უსიამოვნოა, როცა ასეთ ნაწარმოებში შეგხვდება ფრაზა „შედეგი დადგა“ ანდა: „როცა ერთი აზრის ადამიანები ცოტანი რჩებიან, ან არსებულ რეალობას ეგუებიან…“.
საერთოდ, სულაც არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვინც ლექსიკას „ სასურველ“ თუ არასასურველ“ ან პოეტურ თუ არაპოეტურ სიტყვებად ახარისხებს და ამის მიხედვით გამოიყენებს, მაგრამ საერთო სტილის შეგრძნება სრულიად აუცილებელია და, ვთქვათ, კანცელარიული ან საპოლიციო რეპორტაჟის ფრაზათა გამოყენება რაიმე მხატვრული ამოცანის გარეშე ზღაპარში დაუშვებლად მიმაჩნია.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ფრაზის საერთო მდინარებასაც, სინტაქსურ ბმებს, რომლებიც სწორედ საბავშვო ლიტერატურაში მშობლიური ენის ძალდაუტანებელი სილაღით უნდა საზრდოობდეს.
სხვაგვარად, ტექსტი თარგმანს ემსგავსება და, რა თქმა უნდა, ბავშვი ამასაც დიდი ინტერესით წაიკითხავს, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც ეგონება, რომ თარგმანს კითხულობს და გაუცნობიერებლად, ბავშვური გუმანით, ორი ტექსტის სტილისტიკას (პირობითად რომ ვთქვათ, ბუნებრივსა და ძალდატანებითს) თავისდაუნებურად გადაახარისხებს.
ეს უკეთეს შემთხვევაში, თორემ უარესი შედეგი ისაა, რომ არაბუნებრივად აგებული ფრაზა ყმაწვილის გონებაში ძალზე საშიშად ილექება და მისი ფსიქიკის ყველაზე სათუთ შრეებს ანგრევს.
ცხადია, ეს პრობლემა ასეთი სიმწვავით სწორედაც რომ არ დგას ვასილ გულეურის ნაწერებში, მაგრამ გამიკვირდა, რომ მასთანაც კი ალაგ-ალაგ შეიმჩნევა მსგავსი შემთხვევები და ძირითადად ეს ხდება მაშინ, როცა ავტორი ცდილობს თხრობა „გაათანამედროვოს“ ანდა სატელევიზიო (თუნდაც საბავშვო გადაცემების) ქართულს დაუახლოვოს. არადა, ვასილ გულეურის ნიჭიერება დიდწილად სწორედ მისი ქართულით არის დავალებული, ქართლის შუაგულის დაუძაბავი, ლაღი და ალალი მეტყველებით, რაც არაჩვეულებრივად მკაფიოდ ჩანდა ამ ავტორის ბრწყინვალე ლექსებში. პროზაში კი, რახან ამაზე ყურადღება გავამახვილეთ, მაინც საკმაოდ დაგროვდა „სასაყვედურო“ მაგალითები.
ასეთ შემთხვევაში, ალბათ, სულ ცოტა დაფიქრება აგვარიდებდა უხერხულობას და ტექსტიც ბოლომდე მოწესრიგებული იქნებოდა.
კიდევ უფრო სერიოზული შენიშვნა კი პერსონაჟების სახელებს და გამოგონილი ქალაქებისა თუ დასახლებული ადგილების სახელწოდებებთან დაკავშირებით გამიჩნდა.
არ ვიცი, ეგებ საკამათო იყოს, ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ მაინც მგონია, რომ როცა ასეთ დასამახსოვრებელ პერსონაჟებს ქართველი ავტორი ქმნის, სახელებიც ქართული უნდა შეურჩიოს.
გასაგებია, რომ ზღაპრული ქალაქებისა და პერსონაჟების უცხოური სახელები გაუცხოების ეფექტის შესაქმნელად არის გამოყენებული, მაგრამ, ვთქვათ, რით უშლის ხელს პერსონაჟებისათვის „სალამურას“ ან „ბაიას“ დარქმევა ასეთივე ჯადოსნური სამყაროს შექმნას ქართველი მოზარდისთვის?
მგონია, რომ სულაც პირიქით: ხაზგასმულად ქართველი პერსონაჟები განსაკუთრებულ ხიბლს შესძენდა ამ ტექსტს სწორედ იმათთვის, ვისთვისაც ეს მხატვრული ხერხი შეიძლება იყოს გამიზნული: ვგულისხმობ უცხოელ მკითხველს, თუკი, რა თქმა უნდა, ეს საშუალება წიგნის ევროპულ ენებზე სათარგმნელად წამახალისებელ მარკეტინგულ საშუალებად არ არის ნაგულისხმევი.
სხვა შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია ავტორის პოზიცია, თორემ ისეთი უშრეტი ფანტაზიის პატრონს, როგორიც ვასილ გულეური ბრძანდება, რა უნდა გასჭირვებოდა საიმისო, რომ თავისი წიგნის გმირებისათვის ქართული სახელები არ დაერქმია?
სხვათა შორის, ამ შენიშვნამ გამახსენა ის უმწვავესი პოლემიკა, რომელიც გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ გამოცემისას სწორედ ამავე საკითხზე წამოიჭრა.
მაშინ იმ წიგნს, რომელზეც დღეს თითქმის ყველა ქართველი (იმის მიუხედავად, აქვს თუ არა აქვს წაკითხული) სიამაყით გეტყვით, რომ მისი საყვარელი თანამედროვე ნაწარმოები „სამოსელი პირველია“, ქართველი გემოვნებიანი ლიტერატორები სერიოზულ ნაკლოვანებად უთვლიდნენ იმას, რომ პერსონაჟებისა და ქალაქების სახელები, არაქართული, იტალიურის ყაიდაზე შეთხზული იყო.
და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მე თვითონ იმ კრიტიკოსების მხარეს ვიყავი, როგორც ვხედავთ, ამ ფაქტს არც გურამ დოჩანაშვილის ბრწყინვალე წიგნისათვის შეუშლია ხელი იმაში, რომ ქართველების უსაყვარლეს ნაწარმოებადაც ქცეულიყო და უცხო ენებზეც ძალიან დიდი წარმატებით გადათარგმნილიყო.
ამის გათვალისწინებით, ახლა არც იმაში ვარ დარწმუნებული, რამდენად სწორი დამოკიდებულება მაქვს ამ თვალსაზრისით ვასილ გულეურის ბრწყინვალე საბავშვო ნაწარმოებისადმი, მაგრამ ზოგადად საკითხი, ვფიქრობ, სერიოზულია და მსჯელობას ნამდვილად იმსახურებს.
ისიც კარგად მესმის, რომ ბავშვი ამას არავითარ ყურადღებას არ მიაქცევს. მას ისე გაიტაცებს ამ ოთხ შესანიშნავ წიგნში აღწერილი ამბების კითხვა, რომ ზედმეტი ფიქრისათვის ნამდვილად არ ეცლება.
ვასო გულეურს უშრეტი ფანტაზია აქვს და ეს ფანტაზია ისე საზეიმოდ იფრქვევა ამ ოთხი წიგნის თითოეულ გვერდზე, რომ ნახატებიც კი შეიძლებოდა ხელისშემშლელი აღმოჩენილიყო, ასე ბრწყინვალედ რომ არ იყოს დასურათებული ნანა გიგოლაშვილის მიერ. ნამდვილად ცალკე აღსანიშნავია მხატვრის საოცარი ნამუშევარი, რომელიც ისე ორგანულად ერწყმის ტექსტს, რომ მე პირადად წინააღმდეგობის გრძნობა არსად გამჩენია, იმის მიუხედავად, რომ წიგნის თითქმის ყველა პერსონაჟი, ვიდრე ამ ილუსტრაციებს დავუკვირდებოდი, გონებაში მე თვითონ განსხვავებულად მყავდა წარმოდგენილი და განსხეულებული.
ტექსტი ისედაც უაღრესად კინემატოგრაფიულია, უფრო სწორად მულტიპლიკაციური და ეს საქმე ცოტათი მაინც რომ იდგეს ფეხზე საქართველოში, ვასილ გულეურის ამ შესანიშნავ სერიალს ხელიდან არცერთი სერიოზული რეჟისორი-მულტიპლიკატორი არ გაუშვებდა. ამით კი ნამდვილად დიდი საქმე გაკეთდებოდა, რადგან ჩვენს სატელევიზიო სივრცეში, ძირითადად, უხეიროდ თარგმნილი უცხოური საბავშვო ნახატი ფილმების გვერდით გვექნებოდა შესანიშნავად ამეტყველებული ქართული საყმაწვილო სერიალი. ამ სერიალს კი ნანა გიგოლაშვილის მულტიპლიკაცია, როგორც იტყვიან, ნამდვილად „დახატავდა“.
რაც შეეხება შინაარსს, აქ, ცხადია, მის მოყოლას არ ვაპირებ, მაგრამ ერთი კი უნდა ითქვას, რომ ქართულ საბავშვო ლიტერატურაში სულ რამდენიმე მეგულება კომპოზიციურად ასეთი გამართული, ამდენი შენაკადით მდიდარი და ერთ წერტილში ოსტატურად თავმოყრილი ამდენი ამბავი, რომლის ღერძიც სიკეთის უძლეველობის რწმენაა, ვითომ ზღაპრული და ამავე დროს უაღრესად ცხოვრებისეული მაგალითებით, ძალიან თანამდროვე ფაქტურით დასურათხატებული.
დინამიურად მოთხრობილმა ამ ამბებმა კი არა მხოლოდ ყმაწვილები, არამედ ყველა ასაკის მკითხველი შეიძლება ერთნაირად გაიტაცოს. ეს საერთოდ ახასიათებს ვასილ გულეურის მთელ შემოქმედებას, ზოგი მისი ლექსი კი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს საბავშვო, თორემ პრობლემატიკა, რასაც არც თუ იშვიათად ეს ლექსები წამოჭრის, ბევრ „სადიდო“ მწერალს არც დაესიზმრება.
გულეურის ამ ტიპის ლექსები ირონიულ-პაროდიული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშებია, რომლებშიც ყველა ასაკის მკითხველი სათავისო საზრდოს აღმოაჩენს.
დაახლოებით იგივე ვითარება გვაქვს „მიკოსა და რეის“ არაჩვეულებრივი მოთხრობების ციკლშიც. და ეს წიგნები, სწორედ იმ პრინციპით არის დაწერილი, რომელსაც საბავშვო მწერალი უნდა მიჰყვებოდეს: ბავშვებისათვის ისე წეროს, როგორც დიდებისთვის, ოღონდ ცოტა უკეთესად.