როგორი არის და როგორი უნდა იყოს შრომის მედიცინის ორგანიზება საქართველოში | კვლევა

პუბლიკა

როგორია შრომის (პროფესიული) მედიცინის ორგანიზება საქართველოში? – ამ საკითხზე „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ მიერ თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის – „ერთობა 2013“ – დაკვეთით მომზადდა კვლევა, რომელიც რამდენიმე ქვეყნის (პოლონეთი, ავსტრია, ავსტრალია, უკრაინა) გამოცდილებას ეფუძნება. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. კვლევაში ნაჩვენებია, რა საჭიროებები და გამოწვევებია ამ მხრივ საქართველოში.

კვლევის შესავალ ნაწილში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დათვლილი ზოგადი სტატისტიკური მონაცემებია მოყვანილი, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ, ძირითადად, განვითარებად ქვეყნებში (სადაც შედარებით დაბალი ცხოვრების დონე, განუვითარებელი ინდუსტრიული ბაზა და საშუალო ან დაბალი ჰუმანური განვითარების ინდექსია), ჯერ კიდევ აქტიურ სამუშაო ასაკში არაგადამდები დაავადებებით ყოველწლიურად 12,2 მილიონი ადამიანი იღუპება.

კვლევის ავტორები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ განვითარებად ქვეყნებში დასაქმებულთა დაახლოებით 70%-ს დაზღვევა არ აქვს, რომელიც პროფესიული დაავადებებითა და დაზიანებებით მიყენებული ზიანის კომპენსაციას უზრუნველყოფს.

ასევე, ამავე მონაცემებით ირკვევა, რომ სამუშაო ადგილზე შრომის მედიცინის ქმედითი სტანდარტების დანერგვამ, შესაძლოა ხელი შეუწყოს ავადობით გამოწვეული შვებულების 27%-ით შემცირებას, კომპანიებისთვის და სახელმწიფოსთვის კი – ჯანდაცვის ხარჯების 26%-ით შემცირებას.

ას ნიშნავსპროფესიული დაავადებადა როგორაა მოწყობილი საქართველოში შრომის მედიცინის დარგი?

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით, ტერმინი „პროფესიული დაავადება“ ან „სამუშაოსთან დაკავშირებული დაავადება“  მოიცავს ნებისმიერ დაავადებას, რომელიც, პირველ რიგში, სამუშაო საქმიანობიდან გამომდინარე რისკის ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ვითარდება. სამუშაოსთან დაკავშირებული დაავადებები მრავალი მიზეზითაა განპირობებული, სადაც სამუშაო გარემოს  ფაქტორებმა, გარემოს სხვა რისკფაქტორებთან ერთად, შეიძლება სერიოზული როლი შეასრულონ.

სამუშაოსთან დაკავშირებული დაავადებები მოიცავს მრავალფაქტორულ დაავადებებს, რომელთა შორისაა როგორც ქრონიკული არაგადამდები, ისე მწვავე გადამდები დაავადებები.

რა ვალდებულებები აქვს დამსაქმებელს დასაქმებულის დაავადების შემთხვევაში;  რა უნდა მოიმოქმედოს დამსაქმებელმა სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან ასაცილებლად… – ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, კვლევა საქართველოში შრომის მედიცინის კუთხით არსებულ მდგომარეობას საკანონმდებლო კუთხით მიმოიხილავს.

„ერთობა 2013-ის“ კვლევა ასევე ეხება პროფესიული დაავადებების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და პროფესიული დაავადების მოკვლევის წესებსაც.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ საქართველოში საკანონმდებლო ბაზა არეგულირებს პროფესიული დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ასევე დაზარალებული თანამშრომლების კომპენსაციის საკითხებს, თუმცა, მათი თქმით, ცხადი არაა, როგორ ასრულებენ დამსაქმებლები ამ ვალდებულებებს. მათივე შეფასებით, საჭიროა არსებული რეგულაციების ეფექტური აღსრულება.

გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ადგილზე დაზიანებებისა და დაავადებების შესახებ მონაცემების შეგროვება, ანალიზი. მათი თქმით, 2014 წლის შემდეგ საქართველოში დიაგნოსტირებული პროფესიული დაავადებების შესახებ ინფორმაციის არარსებობა ხაზს უსვამს მონიტორინგისა და ანგარიშგების უფრო ძლიერი მექანიზმის საჭიროებას.

გარდა ამისა, ავტორები განმარტავენ, რომ პროფესიული დაავადებების კვლევის პროცესზე სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებში რამდენიმე ბუნდოვანი და პრობლემური საკითხია.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხია მოკვლევაში ჩართული სპეციალისტების შერჩევა და დამოუკიდებლობა. წესი არ იძლევა მკაფიო მითითებებს იმის შესახებ, ვინ უნდა იყოს მოწვეული და როგორ იქნება უზრუნველყოფილი მათი დამოუკიდებლობა და სანდოობა. ასევე გაუგებარია, ვინ უნდა დაფაროს სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის ხარჯები და როგორ უნდა ჩატარდეს სამედიცინო გამოკვლევები.

შრომის მედიცინის კანონმდებლობით, კერძოდ პროფესიული დაავადებების შესახებ ჩანაწერებში არ არის გათვალისწინებული ნ. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი, რომელიც სინამდვილეში უკვე წლებია დიდ გამოცდილებასა და ცოდნას ინახავს, თუმცა მისი გამოყენება სახელმწიფოს მიერ სათანადოდ არ ხდება.

გარდა ამისა, წესი არ აკონკრეტებს, როგორ შეიძლება გასაჩივრდეს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეიძლება იყოს პრობლემური, თუ თანამშრომელი ან დამსაქმებელი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას. წესი არ ეხება თანამშრომლების ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმების საკითხს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები იმის დადგენაში, არის თუ არა დაავადება პროფესიული“, – წერია კვლევაში.

ასევე, მათი შეფასებით, არ არსებობს სპეციალიზებული კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში მოხდებოდა პაციენტის მკურნალობა/რეაბილიტაცია.

კვლევის ავტორები საუბრობენ როგორც აღსრულების პრობლემაზე, ასევე საკანონმდებლო ბუნდოვანებაზე, მიუთითებენ საკანონმდებლო ბაზის დახვეწის საჭიროებაზეც. მათი თქმით, ბუნდოვანია მკურნალობისა და კომპენსაციის მოცულობის განსაზღვრისა და ხანგრძლივობის მექანიზმები, როგორც დროებით შრომის უუნარობის, ისე შრომისუუნარობის დადგომის შემთხვევაში. ასევე, მათი ინფორმაციით, მკაფიოდ განსაზღვრული სანქციების არარსებობის გამო სამუშაო ადგილზე შრომის მედიცინის განხორციელება დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, ავტორები აღნიშნავენ იმასაც, რომ სისტემა არ არის პრევენციაზე ორიენტირებული. მათი თქმით, არცერთი ზომის საწარმოში არ არსებობს მედპუნქტის არსებობის ვალდებულება, და რადგან თანამშრომლის სამუშაოზე მიღებამდე მისი ჯანმრთელობის შემოწმება არ ხდება, ვერ მოხდება იმის დადგენა, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს დაავადების გამომწვევ მიზეზად სამუშაო ადგილი ან სამუშაო პროცესი.

ერთობა 2013-მა“ შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციებიც, რა უნდა გაკეთდეს/შეიცვალოს როგორც შრომის მედიცინის დარგის მოწყობის მხრივ, ასევე საკანონმდებლო დონეზე:

1. პოლიტიკის შემუშავება – შრომის მედიცინის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში, გარდა ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტისა, მონაწილეობას უნდა იღებდნენ სამმხრივი კომისია და შრომის მედიცინის სპეციალისტები.

2. აღსრულება, აღრიცხვა, სტატისტიკა, ანგარიშის მომზადება – უნდა მოხდეს შრომის ინსპექციაში შრომის მედიცინის სპეციალისტების ინტეგრირება, რათა ადგილზევე მოხდეს ჯანმრთელობისთვის საშიში პირობების იდენტიფიცირება. გარდა ამისა, შრომის ინსპექციამ უნდა შეამოწმოს საწარმოში დასაქმებული, ან გარედან მოყვანილი შრომის მედიცინის სპეციალისტის მიერ დაწერილი შემოწმების აქტების ხარისხი და სიხშირე კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. შრომის მედიცინის განხორციელებაზე ზედამხედველობა ანგარიშის მოსმენა უნდა განახორციელოს პარლამენტმა.

3. განათლება და კვლევა – სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უნდა აღდგეს შრომის მედიცინის კათედრა, მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინის ინსტიტუტს უნდა დაევალოს არა მხოლოდ არსებული პათოლოგიების კვლევა, არამედ ტექნოლოგიურ გადაიარაღებასთან დაკავშირებული ახალი ტიპის პროფესიული დაავადებების დადგენა.

4. მკურნალობა, რეაბილიტაცია – განსაკუთრებულ შემთხვევებში პაციენტის გადაყვანა უნდა მოხდეს შრომის მედიცინის სპეციალიზებულ კლინიკაში, ან ჯანდაცვის დაწესებულების სპეციალურ განყოფილებაში, სადაც პაციენტი იქნება შრომის მედიცინის სპეციალისტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.

5. დაზღვევა, კომპენსაცია – რადგან საქართველოში ჯანდაცვის დაფინანსება ხდება არა სოციალური შენატანების საფუძველზე, არამედ პირდაპირ ბიუჯეტიდან, მშრომელების პროფესიულ დაავადებებთან დაკავშირებული სადაზღვევო ხარჯები უნდა დაფაროს დამსაქმებელმა. წინააღმდეგ შემთხვევაში დამსაქმებლის დაუდევრობით გამოწვეული დაავადების მკურნალობისა და შრომის უუნარობის დადგომის შემთხვევაში კომპენსაციის ტვირთი დააწვება მშრომელს ან სახელმწიფო ბიუჯეტს, რაც უსამართლობაა. დამზღვევი უნდა იყოს კერძო სადაზღვევო კომპანია, რადგან ჩვენი სოციალური პოლიტიკიდან გამომდინარე სახელმწიფო სადაზღვევო ორგანიზაცია არ არსებობს.

სადაზღვევო პაკეტების მოცულობა და ფასი უნდა განისაზღვროს სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე. ჯანდაცვის სამინისტროს ზედამხედველობით უკლებლივ ყველა დასაქმებული ვალდებულია, დააზღვიოს საკუთარი თანამშრომლის უბედური შემთხვევა, პროფესიული დაავადება, დროებითი შრომისუუნარობა და ხანგრძლივი შრომისუუნარობა. დაზღვევა ითვალისწინებს მკურნალობას, რეაბილიტაციასა და კომპენსაციას. კომპენსაცია დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს მშრომელის საშუალო შემოსავლის 90%-ით, ხოლო ხანგრძლივი შრომის უუნარობის შემთხვევაში სიცოცხლის ბოლომდე – 70%-ით.

6. შრომის მედიცინა საწარმოო დონეზე – ყველა კომპანიაში, სადაც 10-ზე მეტი დასაქმებულია, უნდა შეიქმნას შრომის მედიცინის კომისია. დამსაქმებელი ვალდებულია, ჩაუტაროს თანამშრომელს სავალდებულო სამედიცინო შემოწმება სამსახურში აყვანამდე. კომპანია, სადაც 200-ზე მეტი დასაქმებულია, დამსაქმებელი პრევენციის მიზნით ქმნის მედპუნქტს, დაკომპლექტებულს შრომის მედიცინის სპეციალისტით, რომელიც ახორციელებს პერიოდულ შემოწმებას.

საწარმოში, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 200-ზე ნაკლებია, დამსაქმებელს მედპუნქტის ნაცვლად, შეუძლია იქირაოს შესაბამისი სერტიფიცირებისა და კვალიფიკაციის შრომის მედიცინის სპეციალისტი, რომელიც დაეხმარება მას შრომის მედიცინის ორგანიზებაში და ჩაატარებს პერიოდულ შემოწმებას.

დასასრულ, კვლევაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს გამოცდილების, სოციო-ეკონომიკური მდგომარეობისა და სისტემის გათვალისწინებით, საწყის ეტაპზე, უპრიანი იქნებოდა შედარებით მოქნილი და ნაკლებად ბიუროკრატიული შრომის მედიცინის სისტემის დანერგვა სახელმწიფოს ძლიერი აღმასრულებელი ფუნქციით, სადაც პასუხისმგებლობები განაწილდებოდა როგორც კერძო, ისე საჯარო ორგანიზაციებზე“.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.