როგორია ლისის ტბის არეალის ლანდშაფტის კვლევის შედეგები, რა პრობლემები გამოიკვეთა კვლევისას და როგორ უნდა განვითარდეს ის? „პუბლიკა“ ესაუბრა ლისის არეალის ლანდშაფტის კვლევის ერთ-ერთ ავტორს, ჩეხ ექსპერტ მაიკლ ჰოზეკს.
2019 წელს, მაშინ როცა თბილისის მიწათსარგებლობის დოკუმენტი დამტკიცდა ლისის ტბის არეალს შეზღუდვა დაედო, რაც გულისხმობს იმას, რომ ლისის არეალის სამშენებლოდ განვითარება დაუშვებელი იყო მანამდე, სანამ თბილისის მერია არ შეიმუშავებდა ლისის განვითარების დეტალურ გეგმას.
თუმცა, მერიამ 2020 წლის ივლისში ამ არეალს შეზღუდვა მოუხსნა. მერიის წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ ლისის არეალს შეზღუდვა იმიტომ მოეხსნა, რომ იქ კვლევები ჩატარდა.
„პუბლიკამ“ ოქტომბერში გამოაქვეყნა სტატია სადაც, ლისის ტბის კვლევაში ჩართული ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ლისის არეალის კვლევის პროექტი არ დასრულებულა. მათი თქმით, პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მათ მხოლოდ არსებული სიტუაციის შესწავლა მოახერხეს, ხოლო ლისის ტბის არეალის განვითარების დაგეგმვის ეტაპზე გადასვლა ვერ შეძლეს. მათი თქმით, მერიამ განაცხადა, რომ მოპოვებული ინფორმაცია მუნიციპალიტეტისთვის საკმარისი იყო.
როგორც მაიკლ ჰოზეკი აცხადებს, ლისის არეალის ლანდშაფტის კვლევის შედეგები თბილისის მერიას 2020 წლის ივნისში ჩააბარა. „პუბლიკამ“ სექტემბერში გამოითხოვა ლისის არეალთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, თუმცა მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, მაიკლ ჰოზეკის კვლევის შედეგები არ იყო ასახული.
გთავაზობთ მაიკლ ჰოზეკთან ინტერვიუს:
მოგვიყევით თქვენი კვლევის შესახებ, რომელიც ლისის ტბის ტერიტორიას ეხება. რა იყო მისი მთავარი ფოკუსი? და რა მიგნებები გააკეთეთ?
კვლევა „ბაუ დიზაინმა“ დაგვიკვეთა, რათა ლისის ტბის მიმდებარედ ლანდშაფტის აღწერა და ზონირება გაგვეკეთებინა. ეს ნაშრომი მომავალში გენგეგმის შესადგენად იქნება გამოსადეგი. ამდენად, ჩვენი საბოლოო კლიენტი თბილისის მერიაა.
ტერიტორიის დელიმიტაცია შემდეგ რუკაზეა მოცემული:
საკვლევი სივრცე
კვლევის შედეგები 2020 წლის 17 ივნისს წარვადგინეთ. მათ მოკლედ მიმოვიხილავ.
ტერიტორიის ბოლოდროინდელი მდგომარეობა:
ტერიტორია ერთ-ერთი იშვიათი და საკმაოდ კარგად შენახული ბუნებრივი ადგილია დედაქალაქში, უფრო სწორად, მის შორიახლოს. ამდენად, დიდია მის მიმართ დეველოპერების ინტერესიც (განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ახლად გაჩენილი დასახლებები გვხვდება). საჭიროა, ტერიტორია შენარჩუნდეს, როგორც რეკრეაციული სივრცე, რადგან მას აქვს ბუნებრივი პოტენციალი, გახდეს დედაქალაქის პერიურბანული პარკი. მზარდი ურბანიზაციისა და სოფლიდან ქალაქში მიგრაციის ფონზე პერიურბანულ სივრცეებს დიდი როლი ენიჭებათ საცხოვრებელი გარემოს ბუნებასთან ჰარმონიულობაში. ეს გულისხმობს ქალაქებისა და მის გარშემო არსებული ტერიტორიების ეკოსისტემის მდგრად გამოყენებას. პერიურბანული პარკების ტექნიკურ დეტალებზე დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ „EUROPARC-ის ფედერაციის“ ვებგვერდზე.
ჩვენ რუკაზე დავიტანეთ ტერიტორიის ყველა ბუნებრივი და ნახევრადბუნებრივი გამწვანება და თბილისის მერიას ინფორმაცია GIS შრეების სახით მივაწოდეთ. ასე დეტალურად ჩანს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ეს ტერიტორია.
სივრცის აღწერისას გამოიკვეთა შემდეგი ზონები:
- სასოფლო-სამეურნეო ზონა;
- ტყის ზონა;
- ბუნებრივი ზონა;
- რეკრეაციული ზონა;
- ურბანული ზონა;
- წყლის დინებები.
სივრცის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად თბილისის მერიას ვთავაზობთ შემდეგნაირ ზონირებას:
- სასოფლო-სამეურნეო ზონა
როგორც წესი, ღია, ნახევრადბუნებრივი მიწის ნაკვეთები, რომლებიც ძირითადად, საძოვრებად იქნება გამოყენებული (მსხვილფეხა საქონლისა და ცხვრების მიერ). თავისი მახასიათებლით ეს ზონა ბუნებრივი ზონის მსგავსია. მასაც მსგავსი ნიშნები აქვს, მაგრამ ხშირად სხვადასხვა მდგომარეობაში გვხვდება.
არსებობს საფრთხე, რომ სასოფლო-სამეურნეო ზონა უკანონო ნაგავსაყრელად იქცევა, ან დეველოპერები აითვისებენ. გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ფერდობებზე ეროზიის რისკიც.
გამოყენების გზა და საზღვრები: სასოფლო-სამეურნეო ზონა მხოლოდ საძოვრის ფუნქციით უნდა იქნას გამოყენებული. მასზე სახნავ-სათესი საქმიანობა უნდა აიკრძალოს სივრცის ეკოლოგიური სისუსტის გამო, რასაც ემატება შესაძლო გავლენა ურბანიზებულ მონაკვეთებზე. სასოფლო-სამეურნეო ადგილებზე უნდა არსებობდეს მწვანე საფარი (ბალახი, მდელო, ბუჩქი, ზოგ ადგილას ცალკეული ხეებიც), რათა ამ ყველაფერმა სივრცისთვის დამხმარე, ეკოლოგიური სტაბილიზაციის ფუნქცია შეასრულოს. მსხვილფეხა საქონელს არ უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა ტერიტორიაზე გამავალ წყალთან. მათი სასმელით უზრუნველყოფისთვის სპეციალური ადგილები უნდა გამოიყოს, რათა საქონელმა წყლის დინებები და მათი სანაპიროები არ დააზიანოს.
- ტყის ზონა
ადგილზე ძირითადად წიწვოვანი ტყე გვხვდება, სადაც კოხის ფიჭვი დომინირებს. ფართოფოთლებიანი ჯიშები ნაკლებადაა გავრცელებული. ხეთა დგომის სიმჭიდროვე, როგორც წესი, 30%-ს აჭარბებს, მაგრამ 70%-ს იშვიათად აღემატება. ტყის თითქმის ყველა მონაკვეთი საძოვრად გამოიყენება, რაც შეუძლებელს ხდის მისი ბუნებრივი სახით აღდგენას. ტერიტორიაზე არსებული ხეების უმრავლესობა ხელოვნურად დარგულია. სხვა ვითარებაა ბუჩქების შემთხვევაში: მათი აღდგენა და გამრავლება შესაძლებელია, თუ საქონლის ზემოქმედებას თავიდან ავიცილებთ.
გამოყენების გზა და საზღვრები: ტყეები უნდა დარჩეს იმ სივრცეებში, რომლებშიც ამჟამად არსებობს. სივრცით გეგმაში ამისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე რეფორესტაცია უნდა მოხდეს ხეებისა და ბუჩქების შესაბამისი ჯიშებით.
ტყე მოცემული ტერიტორიის ეკოლოგიური სტაბილურობისა და კლიმატისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მათ რეკრეაციული ფუნქციაც აქვთ, რაც ტყეზე არსებით ნეგატიურ ზეგავლენას არ ახდენს.
- ბუნებრივი ზონა
ეს ისეთი მიწის ნაკვეთებია, რომლებზეც ბუნებრივი და ნახევრადბუნებრივი გამწვანება არსებობს და მათი გამოყენება საძოვრებადაც შესაძლებელია, მაგრამ მსუბუქად. ბუნებრივი ზონის მნიშვნელოვანი ნაწილებია წყლის დინებები და კალაპოტები, რომლებიც ტერიტორიის არსებით ეკოლოგიურ კავშირს უზრუნველყოფს. ბუნებრივი ზონების მნიშვნელობა მაღალია ისეთ ადგილებში, რომელთა გამოყენებაც ინტენსიურად არ უნდა მოხდეს, ანუ, ასეთ ზონებს ეროზიისგან დაცვის ან/და კლიმატთან მორგების ფუნქცია აქვს.
გამოყენების გზა: ზონა ბუნებრივ მდგომარეობაში უნდა დარჩეს, როდესაც პრიორიტეტი ეკოლოგიური სტაბილურობაა (ციცაბო ფერდობები და ეროზიისაგან და დატბორვისაგან თავის დასაცავად განკუთვნილი სივრცეები, მაგალითად, სეზონური წყლის რეზერვუარები).
- რეკრეაციული ზონა
რეკრეაცია სივრცის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმაა. სივრცის მდებარეობა ქალაქის კიდეში იდეალურია რეკრეაციისთვის, რაც ქვაკუთხედი უნდა იყოს მისი შემდგომი გამოყენებისას. რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ბუნების დაცვა, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები და ტყეები, ისევე როგორც ურბანული განვითარება.
რეკრეაციულ ზონას უკვე აქვს ურბანული პარკის დანიშნულება შესაბამისი სპორტული და დასასვენებელი სივრცეებით. შესაძლებელია მისი ამჟამინდელი ზომის გაფართოება ლანდშაფტის მახასიათებლების დაზიანების გარეშე.
გამოყენების ფორმა: ზონა ორ ქვეზონად იყოფა:
- ძირითადი დასასვენებელი ქვეზონა თავისი მრავალნაირი (მათ შორის, კაპიტალური) ობიექტით. ეს ქვეზონა ვიზიტორთა თავშეყრისა და დასვენების ძირითადი ადგილია;
- ლანდშაფტური რეკრეაციული ქვეზონა მდებარეობს ლისის ტბის დასავლეთით. მას ეკოლოგიურ-სტაბილიზატორული ფუნქცია აქვს, რადგან მდებარეობს წყლის დინებების გასწვრივ, ბუნებრივ და სასოფლო-სამეურნეო ზონებთან. ამ ქვეზონის დანიშნულებაა, შეავსოს ძირითადი ქვეზონა, რითაც ერთობლიობაში იქმნება ტურისტული ინფრასტრუქტურა. ეს საშუალებას აძლევს ტურისტებს, განიტვირთონ არა მხოლოდ ძირითად ქვეზონაში, არამედ გადავიდნენ ლანდშაფტურ ზონაშიც, რაც მათ განსხვავებულ პერსპექტივას აძლევს.
აუცილებელია სარეკრეაციო ზონის მუდმივი მოვლა. მისით სარგებლობის წესების დაცვა უნდა უზრუნველყოს თბილისის მერიის მიერ განსაზღვრულმა ორგანომ.
- ურბანული ზონა
ურბანული ზონა შედგება სოფელ თხინვალისგან და ახალი ურბანული დასახლებებისგან. სამწუხაროდ, ამ ტერიტორიაზე არ მოქმედებს არქიტექტურული ან სივრცითი წესები, რაც ითარგმნება ნაკლებ ხარისხსა და მიმზიდველობაში.
გამოყენების გზა: ამ ზონის ძირითადი ნაწილი უნდა განისაზღვროს საცხოვრებელ ტერიტორიად და მხოლოდ ლისის ტბის სიახლოვეს, ძირითადი გზის მიმდებარე მიწის ნაკვეთები (ტბის სამხრეთით) უნდა იქნას გამოყენებული ინდუსტრიული მიზნებისთვის, ან ტრადიციულ სახლებზე მაღალი შენობების ასაგებად. არქიტექტურული წესებით უნდა შენარჩუნდეს სახლების ტრადიციული ფორმები, როცა კი ეს შესაძლებელია.
- წყლის დინებები
ლისის ტბის ზედაპირი და ძირითადად სეზონური დინებები წარმოადგენენ ტერიტორიის მნიშვნელოვან ეკოლოგიურ და ლანდშაფტურ მახასიათებლებს (ამჟამად ეს ძირითადად მხოლოდ ტბას ეხება, მაგრამ მომავალში დინენებსაც შეუძლიათ არსებითი როლის თამაში). ლისის ტბა ჩვენს შეთავაზებაში შესულია, როგორც აღნიშნული სივრცის მნიშვნელოვანი ელემენტი (ნიშანსვეტი).
გამოყენების გზა: ლისის ტბის გამოყენება შესაძლებელია სპორტული და დასვენების აქტივობებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება შენარჩუნება იმ გარემოსდაცვითი სტანდარტებისა, რომლებიც უზრუნველყოფს წყლის ხარისხს. წყლის დინებებს რაც შეეხება, ეკოლოგიური გადმოსახედიდან, ისინი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლანდშაფტურ ელემენტს წარმოადგენენ. ამდენად, უნდა მოხდეს მათი დაცვა, კალაპოტების ჩათვლით. მათი სხვა მიზნით გამოყენება მხოლოდ რეკრეაციული ზონის (ლანდშაფტური რეკრეაციული ქვეზონის) ფარგლებში შეიძლება.
როგორც ვხედავთ, ჩვენი შეთავაზება გულისხმობს ტერიტორიის დაბალანსებულ გამოყენებას: ურბანიზაციის დღევანდელ დონეზე შენარჩუნებას და მის მცირე ზრდას მთავარი გზის გარშემო, ხოლო დანარჩენი ტერიტორიის ეკოლოგიური და რეკრეაციული პოტენციალის გაზრდას ეკოლოგიური კორიდორებისა და მსუბუქი ტურისტული ინფრასტრუქტურით. აღნიშნულის კომბინირება იოლია ბუნებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე.
თბილისის მოსახლეობა ლისის ტბის ტერიტორიას რეკრეაციული მიზნით იყენებს. მუნიციპალური მთავრობის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა შეშფოთება გამოიწვია ექსპერტებში, აქტივისტებსა და საზოგადოებაში…
ჩემი დასკვნა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს ემთხვევა. სივრცეს რეკრეაციული დანიშნულება უნდა ჰქონდეს და ამისათვის ის პერიურბანულ პარკად უნდა გამოცხადდეს. სამწუხაროდ, მერიის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს არ ვიცნობ. კოვიდის გამო თქვენს ქვეყანაში ისე ხშირად ვეღარ ჩამოვდივარ, როგორც უწინ.
რა არის თქვენი რეკომენდაციები? როგორ ხედავთ ამ სივრცის განვითარებას? რა არის თქვენი კონკრეტული რჩევა მუნიციპალიტეტისადმი?
ჩვენი ზოგადი რეკომენდაციები იყო შემდეგი:
სივრცის გამოყენება ბალანსის დაცვით უნდა მოხდეს, ანუ, უნდა შეჯერდეს შემდეგი პრიორიტეტები (დალაგებულია მნიშვნელობის მიხედვით):
- რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცეები;
- ეკოლოგიური სტაბილურობა და წყლის ადეკვატური რეჟიმი;
- მდგრადი ურბანული განვითარება;
- სოფლის მეურნეობა და ტყეები.
ყურადღება უნდა მიექცეს სივრცეში უკანონო აქტივობების აღკვეთას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ნაგავსაყრელებია (მათ შორის, სამშენებლო ნაგვის). ვვარაუდობთ, რომ ისინი უკანონოა, რადგან ტერიტორიაზე არ არსებობს შესაბამისი მიწის ნაკვეთი უსაფრთხო ნაგავსაყრელის ფუნქციით. რადგან მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელს უამრავი ნეგატიური ასპექტი აქვს, მესაკუთრეების მიერ მიწის ნაკვეთებიდან ნაგვის გატანა პრიორიტეტი უნდა იყოს. აღნიშნულის პრაქტიკაში დანერგვა წინასწარი, მოსამზადებელი სამუშაოების გარეშეა შესაძლებელი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დეტალური სივრცითი ან გენერალური გეგმის შემუშავება კონკრეტულად ამ ტერიტორიისთვის. დღეს არსებული დაგეგმარების დოკუმენტები ზედაპირულია და, სამწუხაროდ, მათი აღსრულება კარგად არ ხდება.
მესამე ზოგადი რეკომენდაციაა, ტერიტორიის პერიურბანულ პარკად გამოცხადება. განვიხილოთ ასეთი გადაწყვეტილების დადებითი შედეგები.
ლისის ტბის ტერიტორია, როგორც პერიურბანული პარკი
ტერიტორია თავისი სპეციფიკური ელემენტებით არსობრივად კომპაქტური ლანდშაფტია. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ლანდშაფტი დედაქალაქის ერთ-ერთ ნიშანსვეტად გამოვაცხადოთ და პერიურბანულ პარკად ვაქციოთ. პერიურბანული პარკები ბევრი ევროპული ქალაქის განუყოფელი ნაწილია, მაგალითად, მილანის იტალიაში, ლისაბონის პორტუგალიაში, სტრასბურგისა და ლიონის საფრანგეთში, ბარსელონის ესპანეთში და პრაღის, სადაც ის ახლა ყალიბდება. ყველა ამ შემთხვევაში პერიურბანულ პარკებს მარკეტინგული ფუნქციაც აქვთ. თუმცა, მათი მთავარი არსი შესაბამისი პირების მონაწილეობით ტერიტორიის ეფექტური მართვაა.
ლისის ტბის ტერიტორიას აქვს აშკარა პოტენციალი, გადაიქცეს თბილისის პერიურბანულ პარკად. ეს შექმნიდა მდგრადი განვითარების შესაძლებლობას და პოპულარიზებას გაუწევდა ეკოსისტემისა და რეკრეაციული სივრცეების დაცვას, რასაც ასეთ ურბანიზებულ რეგიონში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
თბილისის მერია, თუ ასე გადაწყვეტს, შეუძლია, ლისის ტბას მისცეს ბუნებრივი პარკის ფორმა. მსგავსი მაგალითი არსებობს ბარსელონაში – სერა-დე-კოლსეროლას ბუნებრივი პარკი. სერა-დე-კოლსეროლას პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული საკუთარი ადმინისტრაცია ჰყავს, რომელიც ტერიტორიას ემსახურება. თბილისისთვის სარგებელი ნათელია: თუკი სივრცეს განსაკუთრებული მზრუნველობით მოვუვლით, ე.ი. შევინარჩუნებთ კარგ მდგომარეობაში და დავნერგავთ საჭირო მიდგომებს, ეს გაზრდის არა მხოლოდ თბილისის ხიბლს უცხოელი სტუმრების თვალში, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონესაც.
აქ მთავარი რა არის: რეკრეაციული ქვეზონა მხოლოდ არაკაპიტალური ობიექტებისთვისაა და უნდა შეიქმნას ტყის, მდელოსა და ალევიური მცენარეული საფარის გამოყენებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი შეთავაზების პრაქტიკაში დანერგვის შემთხვევაში ეკოლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად უნდა გაუმჯობესდეს. ურბანული ზონა სამხრეთით უნდა დარჩეს და ისიც მხოლოდ გზის გარშემო.
დავამატებდი, რომ მერიასთან გვქონდა ორი ონლაინშეხვედრა, რა დროსაც წარვადგინეთ ჩვენი შედეგები და შეთავაზებები. ორივე შემთხვევაში მერიის წარმომადგენლებმა მათ მხარი დაუჭირეს. სამწუხაროდ, მათი სახელები არ მახსოვს.
მაიკლ ჰოზეკი „ინტეგრა ჯგუფის“ (www.integracons.com) თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორია. კომპანიაში იგი კოორდინაციას უწევს ევროკავშირში, კანდიდატ და ასოცირებულ ქვეყნებში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და შესაძლებლობების განვითარების პროექტებს.
ჰოზეკი მუშაობდა ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროში ბუნების კონსერვაციის გენერალურ დირექტორად და იყო დირექტორატის ხელმძღვანელი ბუნებისა და ლანდშაფტის დაცვის სფეროში 2013-2014 წლებში.
ჰოზეკი აგრეთვე არის „EUROPARC-ის ფედერაციის“ ვიცეპრეზიდენტი და საბჭოს წევრი. ამ უკანასკნელ პოზიციას იკავებს „საერთაშორისო გაერთიანება ბუნების კონსერვაციისათვის“ (IUCN) საბჭოშიც.
ის საქართველოში კოორდინაციას უწევდა ბუნების კონსერვაციის პროექტებს თუშეთის დაცულ ტერიტორიებში 2012-2018 წლებში. 2018-2019 წლებში კი აჭარის მთავრობასთან ერთად მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაარსებაზე მუშაობდა. ბოლო პერიოდში, 2018 წლიდან ხელმძღვანელობს პროექტს არაგვის მიმდებარედ დაცული ლანდშაფტის დაარსებისთვის.
*„პუბლიკა“ სტატიას ლისის არეალის შესახებ მალე შემოგთავაზებთ