როგორი რეგულაციებია საქართველოში მარიხუანაზე

ნათია ამირანაშვილი

სტატიაში მოცემულია ინფორმაცია, როგორი რეგულაციები მოქმედებს დღეს საქართველოში მარიხუანის ფლობაზე, მის მოხმარებასა თუ მოყვანაზე.

ჩვენი კანონმდებლობა დღეს არ ითვალისწინებს მარიხუანის შეძენის ლეგალურ გზას. სხვადასხვა სიმკაცრის ჯარიმაა გათვალისწინებული მარიხუანის ფლობაზეც:

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანის მცირე ოდენობით ფლობისთვის 500 ლარის ჯარიმაა გათვალისწინებული.

კანონმდებლობით, გამომშრალი მარიხუანის მცირე ოდენობა 5 გრამია. ანუ თუ 5 გრამის ჩათვლით გამომშრალ მარიხუანას ფლობთ, თქვენ შეიძლება დაჯარიმდეთ 500 ლარით. ეს ჯარიმა გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

იმ შემთხვევაში თუ პირი ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედებას ჩაიდენს, ანუ თუ მცირე ოდენობის ფლობის გამო დააჯარიმებენ და ერთი წლის განმავლობაში იმავე ოდენობას კვლავ აღმოუჩენენ, მაშინ ის უკვე სისხლის სამართლის წესით დაისჯება – სასჯელის სახით კი გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ამ შემთხვევაში ჯარიმა 1 500 ლარზე ნაკლები არ იქნება.

რა მოხდება 5 გრამზე მეტი გამომშრალი მარიხუანის ფლობის შემთხვევაში – ჩვენი კანონმდებლობის მიდგომით, ეს პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია.

სისხლის სამართლის დანაშაულში არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ციხის სასჯელი, სისხლის სამართლის წესით მოქალაქე შეიძლება დაჯარიმდეს კიდეც; და ახლაც ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

5 გრამიდან 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება მინიმუმ 2000 ლარით ან დაეკისრება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

მარიხუანის მოხმარება:

თუ დადასტურდა, რომ პირს მარიხუანა აქვს მოხმარებული, ეს ჩვენი კანონმდებლობთ დასჯადი აღარ არის. ანუ მას არც სისხლის სამართლის წესით და არც ადმინისტრაციულად პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

თუმცა მარიხუანის მოხმარება საჯარო სივრცეში ან არასრულწლოვანის თანდასწრებით კვლავაც სამართალდარღვევაა.

კერძოდ, მარიხუანის მოხმარება დასჯადია  ქუჩაში, სკვერში, პარკში, სტადიონზე, კაფეში, რესტორანში, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ჯარიმდება 800 ლარიდან – 1 200 ლარამდე.

მარიხუანის მოხმარება ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვანის თანდასწრებით (მათ შორის, პირად სივრცეში) ჯარიმდება 1 000 ლარიდან – 1 500 ლარამდე;

მარიხუანის მოხმარება ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას – ჯარიმდება 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე.

მარიხუანის მოყვანა:

ჩვენი კანონმდებლობით ლეგალური/დასაშვები არ არის პირადი მოხმარების მიზნით 1 ძირი კანაფის მოყვანაც კი.

151 გრამამდე კანაფის მოყვანა არ იწვევს საპატიმრო სასჯელს, მაგრამ შეიძლება დაისაჯოს ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან სხვა სახის არასაპატიმრო სანქციით.

რას ამბობს სტატისტიკა?

შსს-ის სტატისტიკით, მცირე ოდენობით მარიხუანის ფლობისთვის 2023 წელს 1643 პირის მიმართ შედგა სამართალდარღვევის აქტი. მარიხუანის მოხმარება/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის მუხლებით კი 40 პირი.

სისხლის სამართლის კოდექსში მარიხუანის მუხლზე (2731) კი სისხლის სამართლებრივი დევნა 994 პირის მიმართ დაიწყო. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებაზე კი 873 პირის მიმართ.


სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „ზრუნვა, პრევენცია, უფლებები“ (პროექტი CPR) ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „პუბლიკა” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.