სტატიაში პასუხი გავეცით ყველა იმ შეკითხვას, რომელიც დაისმის როზალინდ ფრანკლინის წვლილისა და დამსახურების თაობაზე. კვლევაში სრულყოფილადაა ასახული ყველა ის „არგუმენტი“, ფრანკლინის მოწინააღმდეგენი რომ იშველიებენ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას. გავაანალიზეთ და დაწვრილებით გავარჩიეთ ამ მეცნიერზე შეთხზული ყველა ის მითი, დნმ–ის სტრუქტურის აღმოჩენის შესახებ გაჩაღებული დებატებისას რომ იჩენს თავს. შესაბამისად, ნამდვილად გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ამომწურავი ანალიზი შევთავაზეთ მკითხველს.
ცხადია, დღემდე არ წყდება დავა ამ თემაზე. მეცნიერთა ნაწილი პლაგიატში ადანაშაულებს კრიკსა და უოტსონს; ზოგი „ფემინისტურ მითს“ უწოდებს ყოველივე ამას. როზალინდი იქცა სახე–სიმბოლოდ პატრიარქატს შეწირული მეცნიერი ქალებისა. სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპორტალებზე მიმოფანტულ ადამიანთა გარკვეული კატეგორია (გადაჭარბებული არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ისინი საერთოდ ვერ ერკვევიან საკითხში) გავეშებით ეწინააღმდეგება როზალინდის ღვაწლის აღიარებას; ისინი ამბობენ, რომ „არაფერი აღმოუჩენია“; რომ „მთელი წლის განმავლობაში ცხვირწინ ედო „51-ე“ ფოტო, მაგრამ ვერ მოახერხა სტრუქტურის ამოცნობა“; რომ ,,არავითარი ფაქტი არ ადასტურებს მეცნიერი ქალის მასალების უნებართვოდ გამოყენების მითს“; რომ „ფრანკლინი სულაც არ იყო სექსიზმის მსხვერპლი“; რომ ყოველივე ეს „ფემინისტური პროპაგანდაა“… ირონიულია, თუმცა, ეს ადამიანები, მსჯელობის ბოლოს, თავადვე ადასტურებენ საკუთარი მოსაზრებების სიმცდარეს. საპირისპირო ფაქტების წარმოდგენისას კი ან უკან იხევენ, ან „ისტორიულ რევიზიონიზმში“ ადანაშაულებენ სამეცნიერო ლიტერატურით შეიარაღებულ ოპონენტს. ამ ნაშრომში გავაქარწყლეთ უამრავი მითი, უცოდინრობიდან რომ იღებს სათავეს. მათ შორისაა ერთი ასეთი ლეგენდა: „სურათი მთელი წლის განმავლობაში თაროზე ჰქონდა შემოდებული, ხოლო კრიკმა და უოტსონმა ერთ დღეში გაშიფრეს სწორად“… ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად დავამტკიცეთ: ამ მითის გამავრცელებელთ ავიწყდებათ (ან საერთოდ არ იციან), რომ იმ ფოტოზე მხოლოდ ,,ბ“ ფორმაა გამოსახული, ხოლო ამ ფორმის ანალიზი როზალინდს არ დაუწყია 1953 წლის თებერვლამდე. როცა შეუდგა საქმეს, სულ რამდენიმე დღის შემდეგ იპოვა მისი ორმაგი სპირალი. მათ ავიწყდებათ, რომ ჯონ რენდალთან შეთანხმებისა და მოლაპარაკების შემდეგ, უილკინსმა და ფრანკლინმა მიაღწიეს კომპრომისს: ქალი „ა“ ფორმის ანალიზს შეუდგა, უილკინსი კი „ბ“ ფორმისას.
ეს ადამიანები ვერავითარი არგუმენტით ვერ ამტკიცებენ, რომ როზალინდის ღვაწლის აღიარება ,,ფემინისტური პროპაგანდაა“. პირიქით: არაერთი ფაქტი ცხადჰყოფს საპირისპიროს. აარონ კლუგი, რომლმაც ფასდაუდებელი შრომა გასწია ფრანკლინის ღვაწლის აღიარებისათვის და დაწვრილებით შეისწავლა მისი ნაშრომები, სულაც არ იცავს ფრანკლინს იმიტომ, რომ ქალი იყო. იმიტომ იცავს, რომ სიმართლის მხარესაა, ფაქტებისა და მოვლენათა თანმიმდევრობის ზედმიწევნითი სიზუსტით ასახვის „მხარეს“. კლუგის სტატიებს რომ შევეშვათ, ფრანკლინის ღვაწლს ყველაზე ნათლად ადასტურებს მისი ლაბორატორიის წიგნაკები, 1951 წლის ნოემბერში ჩატარებული სემინარის ჩანაწერები, იმავე წლის ბოლოს და აგრეთვე, 1952 წლის დეკემბერში დაწერილი დაწვრილებითი მოხსენებები. სწორედ ამ მასალების წყალობით გახდა შესაძლებელი დნმ–ის სტრუქტურის აგება (არ უნდა დაგვავიწყდეს ჯერი დონოჰიუს, ჯუნ ბრუმჰედის, ერვინ ჩარგაფის, უილიამ ასტბერის, ფლორენს ბელის, ჯონ მასონ გიულანდის, სვენ ფიურბერგისა და სხვების ღვაწლი).
ფრანკლინის მოწინააღმდეგენი გვარწმუნებენ, რომ როზალინდი სულაც არ შესჩეხებია სექსისტურ აზროვნებას, მაგრამ მრავალი ფაქტი ადასტურებს ამ მსჯელობის სიცრუეს: მას უფრო ნაკლებს უხდიდნენ, ვიდრე მის თანამშრომელ კაცებს, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად იდენტური თანამდებობები ეჭირათ და ერთ საქმეს აკეთებდნენ ლაბორატორიაში; რომ ფრანკლინი „მუდამ აღშფოთებითა და გავეშებით აპროტესტებდა“ სქესთა უთანასწორობისა და უსამართლობის ყოველგვარ გამოვლინებას. გარდა ამისა, სწორედ ფრანკლინის ,,დემითოლოგიზაციის” მომხრენი ვერ არიდებენ თავს იმ გარემოებაზე საუბარს, რომ მხოლოდ ქალებს ეკრძალებოდათ კინგსის კოლეჯის ლაბორატორიის სასადილოში შესვლა. ეს სწორედ გენდერული დისკრიმინაციაა. როზალინდის მტრები ვერ ახერხებენ იმის უარყოფას, რომ უოტსონმა სექსისტური და დამამცირებელი ეპითეტებით შეამკო იგი თავის წიგნში, „ორმაგ სპირალში“; უწოდა უშნო ჰარპია, ლურჯწინდა, რომელსაც საკუთარი მასალების ინტერპრეტაციაც კი არ შეეძლო. როზალინდის სამეცნიერო წიგნაკი და შემაჯამებელი წლიური მოხსენებები სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. გარდა ამისა, უოტსონი მწვავედ გააკრიტიკეს (როზალინდის ასე დამდაბლების გამო) უილკინსმა, კრიკმა, პოლინგმა, ჩარგაფმა და სხვა მეცნიერებმა. მათ „ჰარვარდ იუნივერსითი პრესს“ გადააფიქრებინეს წიგნის გამოცემა. პროტესტის შედეგად, გამომცემლობამ უარი თქვა პროექტზე და ჩაშალა „ორმაგი სპირალის“ გამოქვეყნება. ამის შემდეგ, უოტსონმა სხვა გამომცემლობაში დაბეჭდა თავისი წიგნი.
ფრანკლინის მოწინააღმდეგენი ამბობენ: „რაკი როზალინდი ბირკბექის კოლეჯში გადასვლას აპირებდა, ამიტომაც, კინგსის კოლეჯის საკუთრება გახდა მისი ყველა ნამუშევარი, კვლევა და ჩანაწერი“. ეს „არგუმენტი“ ვერ გამოდგება ვერავის გასამართლებლად, რამეთუ მეცნიერის ყველა მასალა მისი ინტელექტუალური საკუთრებაა, რადგან იგია ავტორი. მისი ნაშრომების ფაქტობრივი ფლობისა და გამოყენების უფლება ჰქონდა სამეცნიერო დაწესებულებას (ციტირების შესაბამისი წესის დაცვით). ინტელექტუალური საკუთრება ავტორს რჩება, მიუხედავად იმისა, მიდის თუ არა იმ სასწავლებლიდან, ლაბორატორიიდან თუ კვლევითი ცენტრიდან, სადაც დაასრულა თავისი ნაშრომი. საავტორო უფლება არ იწყება და არ სრულდება კონკრეტულ დაწესებულებაში მუშაობის დაწყებითა და დამთავრებით, არც სხვა ლაბორატორიაში „გადაბარგებით“. შესაბამისად, წყაროს მითითება ხდება არა ასე: „წლიური მოხსენება, 1952 წელი, დეკემბერი, ავტორი: კინგსის კოლეჯი“, არამედ ასე: ,,წლიური მოხსენება, 1952 წელი, დეკემბერი, ავტორი: როზალინდ ფრანკლინი.“ ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველსაა მოკლებული იმის მტკიცება, რომ რაკი როზალინდმა სხვა კოლეჯში გადასვლა განიზრახა, ამიტომაც, ჩამოერთვა ინტელექტუალური საკუთრების უფლება თავის ნაშრომზე.
ფრანკლინის მტრები ამბობენ, რომ უოტსონსა და კრიკს „ცუდი არაფერი ჩაუდენიათ“; რომ უილკინსსა და პერუცს „სრული უფლება ჰქონდათ, ფრანკლინის მასალები გადაეცათ მათთვის“; რომ „აქ სექსიზმი არაფერ შუაშია, რადგან ფრანკლინის ადგილას უილკინსი რომ ყოფილიყო, მაინც ასე მოექცეოდნენ“. ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს: „ცუდი“ ის ჩაიდინეს, რომ ისე გამოიყენეს მისი მასალები, ციტირების წესის დაცვითაც კი არ უხსენებიათ ესოდენ მნიშვნელოვანი კალკულაციებისა და აღმოჩენების ავტორი. დაირღვა წყაროს მითითების წესი. რბილად რომ ვთქვათ, ყოველგვარ აკადემიურ კულტურას მოკლებულია ის მოსაზრება, რომ ეს უბრალო ,,არაეთიკურობაა“. ესაა მძიმე დარღვევა და პლაგიატი. უილკინსის უკულტურობასა და პლაგიატორობაზე მეტყველებს ზემოხსენებული წერილიც, კრიკსა და უოტსონს რომ გაუგზავნა 1953 წლის თებერვალში (მას შემდეგ, რაც ქურდულად აჩვენა ფოტო უოტსონს) და დაჰპირდა, როზისგან მალულად ჩავიწერ ან დავიმახსოვრებ ყველაფერს, რასაც შევძლებო. რა არის ეს? სამი მეცნიერის შეთქმულება ერთის წინააღმდეგ. ეს არ არის კონსპირაციული თეორია, ,,რევიზიონიზმი’’ და „ისტორიის გადაწერა“. ესაა ფაქტი და განხორციელებული შეთქმულება, რომელსაც ნათლად ასაბუთებს უილკინსის ხელით დაწერილი წერილი. თუკი ესოდენ ბრწყინვალე მეცნიერი იყო უილკინსი, რატომ გააჩაღა ნადირობა ფრანკლინის ფრაზებსა და იდეებზე? რატომ იწერდა მის სიტყვებს ჩუმად? ხომ შეეძლო, საკუთარი თავიდან „ამოეღო“ ეს გენიალური იდეები და გაეგზავნა მეგობრებისათვის? რატომ ჩაუსაფრდა როზალინდს? რატომ დაჰპირდა თავის მეგობრებს, ყველაფერს შეგატყობინებთ, რასაც დავიმახსოვრებო? რასაკვირველია, ფრანკლინის ოპონენტები პასუხს ვერ სცემენ ამ შეკითხვას, მაგრამ მაინც დიდად აქტიურობენ სხვადასხვა ვებგვერდებზე, ფორუმებზე, პორტალებსა და სოციალურ ქსელებში. ,,არაეთიკურზე“ ბევრად უფრო მძიმე ზედსართავი მოეძებნება ამ საქციელს აკადემიურ სფეროში. წყაროს მითითებას მოითხოვს აკადემიური შრომის ელემენტარული სტანდარტი და ეთიკა; ესაა მეცნიერის პირდაპირი მოვალეობა, როცა სხვა მეცნიერის ნაშრომს იყენებს.
კრიკი, უილკინსი და უოტსონი ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით უცვლიდნენ ინფორმაციასა და მასალებს ერთმანეთს, რაც სრულიად ჩვეულებრივი ამბავია კოლეგიურ ურთიერთობებში, ხოლო ფრანკლინისთვის აზრი და ნებართვაც კი არ უკითხავთ, როცა მისი მოხსენება და მასალები გადასცეს კემბრიჯის ლაბორატორიაში მომუშავე კონკურენტებს. რა ძლიერაც არ უნდა სურდეთ ფრანკლინის მტრებს ფაქტების შეცვლა, ისტორიის გადაწერა, რევიზიონიზმი (რაშიც სხვებს ადანაშაულებენ) და აკადემიური წესების მოშლა–მორღვევა, არავითარი გამართლება არ მოეძებნება პლაგიატობას. სულ რომ თავისი ნებით გადაეცა ნაშრომები ფრანკლინს მათთვის, უოტსონსა და კრიკს არავითარი უფლება არ ჰქონდათ, საკუთარ მიგნებად გაესაღებინათ სხვისი აღმოჩენა. ის იყო ფრანკლინის წლიური მოხსენება და 5000 წლის შემდეგაც მისი მოხსენება იქნება. დრო ვერ შეცვლის ფაქტს.
რატომ არ აღნიშნეს (უფრო სწორად, არ აღიარეს) ფრანკლინის წვლილი? აარონ კლუგის აზრით, შეეშინდათ; შეეშინდათ, რომ ამ საიდუმლოს გამჟღავნება დააკინებდა მათს მიღწევას (Klug 2004). მეტიც: თავს იჩენდა სრულიად ლეგიტიმური ბრალდება პლაგიატის შესახებ.
მართალია, უილკინსმა ინანა თავისი არაეთიკური და უტაქტო საქციელი (Donohue 1976); (Sayre 2000), მაგრამ ვერაფერს შეცვლის ეს ნაგვიანევი მონანიება.
მაქს პერუცმა 50 წერილი მიიღო, როდესაც გამოაშკარავდა, რომ ფრანკლინის უნებართვოდ გადასცა მასალები კრიკსა და უოტსონს, მაგრამ მხოლოდ იმით იმართლა თავი, რომ გამოუცდელი და დაუდევარი (!) იყო და ვერ ერკვეოდა ადმინისტრაციულ საკითხებში. ჯერი დონოჰიუს შეფასებით, მეტისმეტად ბრიყვული და არადამაჯერებელი იყო მისი ახსნა–განმარტება (Donohue 1976). შეუძლებელია, არ დავეთანხმოთ დონოჰიუს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ იმართლა თავი პერუცმა. მხოლოდ ფაქტია მთავარი: ისე გამოიყენეს როზალინდის მოხსენება, არც კი ახსენეს მისი სახელი.
მთელი ეს დავიდარაბა და კამათი გაჩაღდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გასარკვევად, რამდენად სამართლიანად და კანონის დაცვით გადასცა პერუცმა კრიკსა და უოტსონს ფრანკლინის მასალები, თუმცა, თითქმის არავის გახსენებია ერთი უმთავრესი საკითხი: არავითარი მნიშვნელობა არა აქვს დოკუმენტის კონფიდენციალობას ან „საჯაროობას“. ნებისმიერ შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს წყაროს ავტორი. დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ უოტსონსა და კრიკს სამართლიანად არ მოუპოვებიათ და კეთილსინდისიერად არ გამოუყენებიათ ფრანკლინის მასალები. სამართლიანად მოპოვებული ნაშრომი სამართლიანად გამოყენებას მოითხოვს, ჯეროვან ციტირებასა და სხვისი ღვაწლის საკადრისად დაფასებას. არც ერთ მეცნიერსა და მკვლევარს არა აქვს იმის უფლება, აღმოჩენის ერთადერთ ავტორად „შეასაღოს“ თავი საზოგადოებასა და ნობელის პრემიის კომიტეტს მაშინ, როცა ყველა ფაქტი საპირისპიროს ამტკიცებს. საავტორო უფლების უხეში დარღვევით გამოიყენეს მოულოდნელად ხელში ჩავარდნილი მოხსენება.
ერთადერთი მიზეზი აქვს ფრანკლინის ღვაწლის ამგვარ გაუფასურებას: ქურდულად და უღირსად ჩაიგდეს ხელში მისი მასალები. რაკი გადამწყვეტი აღმოჩნდა როზალინდის წლიური მოხსენება (ამას თავადვე აღიარებენ), ლოგიკური იქნებოდა, ცხადად აღენიშნათ ეს და, გარდა ამისა, ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზეც ეხსენებინათ ეს მეცნიერი; დაესახელებინათ ის, ვის ნაშრომსაც დაეყრდნენ; ესაუბრათ ესოდენ მნიშვნელოვან მკვლევარზე, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნბოდა აღმოჩენა. როცა მეცნიერი სხვის მასალას იყენებს (მით უმეტეს, ასეთ გადამწყვეტს), მაგრამ არ ციტირებს ავტორს, შეუძლებელია, პლაგიატორი არ ეწოდოს. არათუ ასეთი გარდამტეხი აღმოჩენა, არამედ ერთი წინადადებაც რომ „ისესხოს“ სხვისგან, ისიც უნდა დაიმოწმოს ნაშრომში შესაბამისი წესის დაცვით. რაც არ უნდა აღიარებული და დაფასებული მეცნიერი გახდეს, მაინც ვერ გათავისუფლდება აკადემიური შრომის ფუნდამენტური პრინციპებისაგან.
„სექსიზმი და პატრიარქატი არაფერ შუაშია“ – ეს მითიც ზემოხსენებული ლეგენდებისა და ზღაპრების დაუსრულებელი სერიის გაგრძელებაა. სექსიზმი სწორედაც რომ „შუაშია“, რამეთუ ფრანკლინი გამუდმებით აწყდებოდა პატრიარქალურ უსამართლობას; როგორც ქალს, უამრავი ბარიერის გადალახვა და ბრძოლის გადატანა მოუხდა, რათა მეცნიერთა სამყაროს (რომელშიც მამაკაცები დომინირებდნენ) საკადრისად დაეფასებინათ მისი, როგორც ქალი მეცნიერის, უდიდესი წვლილი. ამაზე მეტყველებს არაერთი წყარო და თვით ფრანკლინისადმი უარყოფითად განწყობილი უოტსონის მემუარების ეპილოგიც კი (Watson 1968). აღარაფერს ვამბობთ იმაზე, სქესის გამო რომ არ უშვებდნენ ლაბორატორიის სასადილოსა და „ბიჭების კლუბში.
,,ფრანკლინის ადგილას უილკინსი რომ ყოფილიყო, მაინც ასე მოექცეოდნენ“ – ძალზე სუსტი არგუმენტია, რომელსაც უამრავი ფაქტი აბათილებს: როცა კრიკმა და უოტსონმა მოიპოვეს ფრანკლინის მასალები, სწორედ უილკინსს შესთავაზეს, ისიც გამხდარიყო 1953 წლის 25 აპრილს გამოსაქვეყნებელი მათი ხმაურიანი სტატიის თანაავტორი (Wilkins 2005); (Watson 1968); (Maddox 2003); (Elkin 2003). უილკინსს შესთავაზეს და არა ფრანკლინს, რომელიც იყო ორიგინალური წყაროს ავტორი და ყოველგვარი ლოგიკის თანახმად, მისთვის უნდა მიემართათ ამ წინადადებით. შემდგომში, უილკინსმა ინანა, რომ არ დასთანხმდა კრიკსა და უოტსონს (Wilkins 2005), მერე კი ისიც ინანა, როზალინდისა და გოსლინგის რევოლუციური ფოტო რომ აჩვენა უოტსონს (Sayre 2000).
ფრანკლინის ოპონენტები გვარწმუნებენ: „როზალინდს არასოდეს უსაყვედურია კრიკისათვის“; „ერთხელაც კი არ უთქვამს მისთვის, რატომ გამოიყენეთ ჩემი მასალებიო“. ირონულია, რომ მისი წვლილის დაკნინების მოსურნეთ ავიწყდებათ ერთი მთავარი ფაქტი: მან არ იცოდა, მოდელის აწყობამდე რომ შეამოწმეს როგორც მისი უმნიშვნელოვანესი მოხსენება (რომელიც გახდა სტრუქტურის გაშიფრვის საფუძველი), ასევე, ,,51-ე ფოტო“. ცხადია, ფრანკლინი ვერ შეედავებოდა იმაზე, რაც არ იცოდა; იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ წამოჭრიდა ამ საკითხს, რომ არასოდეს მისულა მის ყურამდე ის ამბავი, როგორ აჩვენა პერუცმა მისი ფუძემდებლური მასალა კრიკსა და უოტსონს. ლოგიკურია, ვერ დაუწყებდა კამათს ამაზე. თავად კრიკი და უოტსონიც კი აღიარებენ, რომ არასოდეს გაუმხელიათ ეს საიდუმლო როზალინდისათვის. უოტსონმა ისიც კი აღნიშნა ფრანკლინის ბიოგრაფთან ჩაწერილ ინტერვიუში, შეცდომა დავუშვით, ეს რომ არ ვუთხარითო.
ფრანკლინის მოწინააღმდეგენი თავადვე ადასტურებენ მასალების უნებართვოდ გადაცემის და, რაც მთავარია, ციტირების გარეშე გამოყენების ფაქტს, თუმცა, ამბობენ, რომ მათ „ცუდი არაფერი ჩაუდენიათ“. პლაგიატი „ცუდზე“ ბევრად უარესი ზედსართავით მოიხსენიება ინტელექტუალურ სფეროში.
ფრანკლინის მტრები ამბობენ, რომ კინგსის კოლეჯში ,,ქალებს და კაცებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც თანასწორთ“. თუკი ეს სიმართლეა, რატომ არსებობდა ქალთა და მამაკაცთა ხელფასების უთანასწორობა? ფრანკლინი ზუსტად იმ სამუშაოს ასრულებდა, რასაც მისი კაცი კოლეგები, თუმცა, ბევრად ნაკლებს უხდიდნენ. მუდამ ჩიოდა ამის გამო (Maddox 2003). გენდერული სეგრეგაცია აშკარაა, რადგან ქალებს არ უშვებდნენ ლაბორატორიის სასადილოში. ფრანკლინმა გაამასხარავა კოლეგა კაცები, რომლებიც შეაშფოთა პირველი ლექტორი ქალის (დოროთი გაროდის) დანიშვნამ კემბრიჯის უნივერსიტეტში; დასცინა მათს დრომოჭმულ, პატრიარქალურ და შეზღუდულ აზროვნებას (Maddox 2003). უცნაური და გაუგებარია, რატომ არ მიაჩნიათ ყოველივე ზემოჩამოთვლილი ქალთა დისკრიმინაციად ფრანკლინის მტრებს.
მთელი ირონია ისაა, რომ სხვებს ადანაშაულებენ „ისტორიულ რევიზიონიზმში“, თუმცა, თავად ქმნიან მითებს, ადასტურებენ ამ უცხადეს გენდერულ დისკრიმინაციას (ხელფასების უთანასწორობა კინგსის კოლეჯში, მხოლოდ კაცებისათვის განკუთვნილი სასადილო დარბაზი, ქალთათვის დაწესებული აკრძალვები და ა.შ..), ან კიდევ თვალს არიდებენ ამ ფაქტებს, რამეთუ ყოვლად შეუძლებელია მათი უარყოფა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა: როზალინდი სწორედ მამაკაცთა სამყაროში მებრძოლი მეცნიერი ქალის სახე–ხატია; ფემინისტური სიმბოლო, რამეთუ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იმ ეპოქაში, როცა ქალებს არ ჰქონდათ სამოქალაქო უფლებები; მეცნიერება და ინტელექტუალური შრომა მათთვის შეუფერებლად მიიჩნეოდა; გაბატონებული იყო ინსტიტუციონალიზებული სექსიზმი, დისკრიმინაცია და ა.შ.. როგორც როზალინდის მეგობარი იხსენებს, იგი ხშირად ბრაზობდა იმის გამო, რომ ამრეზით უყურებდნენ ქალებს და არ მიიჩნევდნენ სერიოზულ მეცნიერებად (McGrayne 1998, 318). ამას აღიარებს თავად უოტსონიც კი (Watson 1968). არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ: კემბრიჯის უნივერსიტეტმა (რომელიც დაამთავრდა როზალინდმა) მხოლოდ 1938 წელს გაუღო კარი პირველ ქალ ლექტორს (დიდი დავიდარაბის, აურზაურის, მასკულინური პროტესტისა და პერიპეტიების ფასად). ამ სასწავლებელმა მხოლოდ და მხოლოდ 1948 წელს აღიარა ქალები სრულუფლებიან წევრებად. მათ მრავალი წლის განმავლობაში არ ჰქონდათ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართვის უფლება.
შერონ მაქგრეინი თავის საავტორო წიგნში წერს, რომ 1956 წელს ფრანკლინი საშინლად წაეჩხუბა იმ ადამიანს, რომელსაც ევალებოდა კვლევის დამფინანსებელი სააგენტოს მართვა. „განრისხებული, გამწარებული და ცრემლმორეული დაბრუნდა გადამწყვეტი შეხვედრიდან. ჩიოდა, ეს სააგენტო არ უჭერს მხარს არც ერთ კვლევით პროექტს, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობსო!“-იხსენებს როზალინდის მეგობარი (McGrayne 1998, 327).
კრიკმაც კი აღიარა მაქგრეინისათვის მიცემულ ინტერვიუში: „მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ვშიშობ, ჩვენ მუდამ “patronizing” დამოკიდებულებას ვიჩენდით მისდამი“ (McGrayne 1998, 318). განგებ არ ვთარგმნეთ კრიკის ეს სიტყვა, რათა კარგად განგვემარტა მისი მნიშვნელობა. „Patronizing“ ის ტიპური პატრიარქალური დამოკიდებულებაა, კაცი რომ ამჟღავნებს ქალისადმი, რადგან მასზე უპირატესად, აღმატებულად მიაჩნია თავი. კრიკის თქმით, ეს „patronizing“ დამოკიდებულება (ასე ნათლად და ცხადად რომ ვლინდება უოტსონის „ორმაგ სპირალში“) სარკესავით აირეკლავდა მეცნიერ ქალებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს. ასეთი იყო უნივერსიტეტებისა და აკადემიების სამყარო და მთელი სოციალური სტრუქტურა.
ყველა ეს უმნიშვნელოვანესი დეტალი ცხადჰყოფს: ფრანკლინის მოწინააღმდეგენი ამაოდ ცდილობენ გენდერული საფუძვლის „გამოცლას“. ისტორიული კონტექსტის გაუთვალისწინებლად მსჯელობა ისტორიული რევიზიონიზმია (რასაც სხვებს აბრალებენ ხოლმე სოციალურ ქსელებში). ერთი მხრივ, ამბობენ, რომ არაა საჭირო სექსიზმზე ხაზგასმა, თუმცა, მეორე მხრივ, ყველა სამეცნიერო წყარო ერთხმად ადასტურებს: ფრანკლინი გამუდმებით აწყდებოდა სექსისტურ დამოკიდებულებას, ხშირად გამოხატავდა აღშფოთებას დისკრიმინაციის გამო და ილაშქრებდა პატრიარქალური უსამართლობის წინააღმდეგ.
ფრანკლინის მტრები ამბობენ: „რაკი უილკინსი და ფრანკლინი ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს და მწვავე უთანხმოება ჰქონდათ, კრიკი ვერ მოიხსენიებდა ფრანკლინს ასე გამორჩეულად“; „ვერ გაუსვამდა ხაზს მის ღვაწლს“; „უილკინსის მოერიდა“ და ა.შ..
ამ „არგუმენტებით“ კიდევ ერთხელ, უნებურად ადასტურებენ, რომ კრიკი და უოტსონი პლაგიატები იყვნენ და მიისაკუთრეს სხვისი ნაშრომები. ეს არათუ ამსუბუქებს, არამედ ამძიმებს მათს დანაშაულს, რამეთუ, მათივე თქმით, სხვისი „ხათრით“ არ აღნიშნეს ორიგინალი მასალების ავტორი. რატომ შეუშალა ხელი კრიკს (მით უმეტეს, უოტსონს) ფრანკლინისა და უილკინსის პირადმა კონფლიქტმა? სრული აბსურდია ეს ჰიპოთეზა. ეს ვერანაირად ვერ გამოდგება მის გასამართლებლად. წყარო ეკუთვნოდა როზალინდს და, შესაბამისად, ყოველგვარი ლოგიკის თანახმად, მისი ღვაწლისთვის უნდა გაესვათ ხაზი კრიკსა და უოტსონს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარებს დასკვნა, რომ განგებ არ მიუთითეს წყარო, რადგან მასალები გადასცეს მალულად, როზალინდის უნებართვოდ.
ფრანკლინის ოპონენტები ამბობენ, რომ კრიკი უილკინსს „მოერიდა“ და ამიტომ არ აღნიშნა როზალინდის წლიური მოხსენება, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, როცა „აღარ განიცდიდა უილკინსის ზეწოლას“, გულწრფელად აღიარა, რომ ფრანკლინის მასალების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მათი სტრუქტურის ფორმულირება. უცნაურია, რა ზეწოლაზეა საუბარი. არავითარი წყარო არ არსებობს ამის დასადასტურებლად. პირიქით: ახლო მეგობრები იყვნენ, შესანიშნავი ურთიერთობა და “male camaraderie“ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, რომც მომხდარიყო მსგავსი ფაქტი, პროფესიული ეთიკა და აკადემიური შრომის ელემენტარული სტანდარტი ავალებდა კრიკს (უოტსონსაც) ფრანკლინის ციტირებას.
1962 წელს, როცა ნობელის პრემია მიიღეს, საზეიმო ცერემონიაზე კრიკსა და უოტსონს ერთი სიტყვითაც კი არ უხსენებიათ როზალინდის უდიდესი დამსახურება, არც მისი დასკვნითი მოხსენება, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა. მხოლოდ უილკინსმა (!) მოიხსენია ფრანკლინი და მაშინაც კი გაკვრით, ერთობ ,,ზერელედ“ აღნიშნა მისი წვლილი. საინტერესოა: მაშინაც უილკინსმა (!) დაუშალა კრიკს (!) ფრანკლინის ხსენება, როცა თავად (!) მოიხსენია იგი? რამ შეუშალა ხელი კრიკს? ყოველგვარ საღ აზრსაა მოკლებული ეს ვარაუდი. უილკინსისადი კეთილგანწყობა და მეგობრული სიახლოვე კრიკს (და უოტსონს) არ ათავისუფლებდა უმთავრესი სამეცნიერო და აკადემიური მოვალეობისაგან – მიეთითებინა როზალინდის კვლევა. მეგობრობასა და პირად ურთიერთობას არავითარი კავშირი არა აქვს სამეცნიერო მუშაობის სტანდარტთან.
კრიკისა და უოტსონის რევოლუციური სტატიის ბოლოში წერია მეტისმეტად სიტყვაძუნწი წინადადება, რომელიც რიგიან მადლობადაც კი ვერ ჩაითვლება. თუკი გავითვალისწინებთ, რაოდენ გადამწყვეტი აღმოჩნდა ფრანკლინის წლიური მოხსენება და დიფრაქციული ფოტო მათთვის, ლოგიკურია, სულ სხვაგვარად უნდა დაემოწმებინათ მისი ნაშრომები. ამ მტკიცებას რომ შევეშვათ და არსებულ ფორმულირებას დავუბრუნდეთ, აღმოვაჩენთ: ავტორებმა ჯერ უილკინსს გადაუხადეს მადლობა, მერე კი ფრანკლინს. მაინც მათი მეგობარი დააყენეს წინ, მიუხედავად იმისა, რომ რეალური მასალა ეკუთვნოდა როზალინდს და მისგან იყვნენ დავალებულნი. ცხადია, ის კაცი დააყენეს წინ, რომელმაც ქურდულად აჩვენა სხვისი მასალა და იმასაც შეჰპირდა, ყველაფერს ჩავიწერ როზისგან და გაცნობებთო.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ უოტსონისა და კრიკის სტატიის შესავალში წერია: „დნმ–ის სტრუქტურა უკვე შემოგვთავაზეს პოლინგმა და ქორეიმ. მათ კეთილ–ინებეს, თავაზიანობა გამოიჩინეს და მოგვაწოდეს თავიანთი ხელნაწერი ჩვენი სტატიის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე“. ამ წინადადების შემდეგ ავტორები გვიხსნიან, რატომაა მცდარი მათი მოდელი. თუკი ასე ექსპლიციტურად, ყოველგვარი ბუნდოვანი ფორმულირებების გარეშე დაიმოწმეს ის ნაშრომი, რომელიც მცდარ სტრუქტურას ეხებოდა, ლოგიკურია, არაფერი შეუშლიდა ხელს არც კრიკს და არც უოტსონს, ასე გასაგებად და ცხადად დაესახელებინა ფრანკლინის წლიური მოხსენება, რომელიც სწორი მოდელის საფუძველი გახდა, თუმცა, როგორც უკვე ითქვა, წყაროს დასახელების შემთხვევაში, სრულიად ლეგიტიმური პროტესტის ტალღა აგორდებოდა და პლაგიატობაში დასდებდნენ ბრალს.
როზალინდის მტრების საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ არაფერ შუაშია „შეთქმულების თეორია“. მხოლოდ ღვაწლის საკადრისად დაფასება, ფუნდამენტური პრინციპების განუხრელად დაცვა, წყაროს ჯეროვნად მითითება და ავტორის დასახელებაა საჭირო. რაც შეეხება აჟიოტაჟსა და დავიდარაბას, ეს ყოველივე საჭირო კი არა, აუცილებელიცაა, როცა ასეთ საკითხზე (სხვისი ნაშრომის მითვისებასა და წყაროს მითითების გარეშე გამოყენებაზე) გაჩაღდება კამათი. არ არსებობს არავითარი საფუძველი მეცნიერის ესოდენ მნიშვნელოვანი მიღწევების დაკნინებისა და მიჩქმალვისა.
უილკინსმა აღიარა ფრანკლინის გადამწყვეტი როლი, როცა უთხრა ჯონ რენდალს: „ჩვენ მოყვარულები ვიყავით, როზალინდი – პროფესიონალი“ (Elkin 2003).
უილკინსთან გაჩაღებული პიროვნული კონფლიქტი ერთ–ერთ დაბრკოლებად გადაეღობა როზალინდს, თუმცა, მისი, როგორც ქალის სტატუსი, კიდევ უფრო ამძიმებდა და ართულებდა ვითარებას. „დღესაც ასეა. ჩემი ბევრი კოლეგა ქალი მიიჩნევს, რომ კაცისაგან გამოვლენილი აგრესიული თავდაჯერება მხოლოდ და მხოლოდ გამაღიზიანებელია, მაგრამ ქალის ეს თვისება სრულებით მიუღებელია!“ – წერს ლინ ელკინი (Elkin 2003).
სერ აარონ კლუგი აღნიშნავს: „ზოგჯერ, მართლაც რთული იყო მასთან ურთიერთობა; მიზანსწრაფული ქალი გახლდათ; ამბობდა იმას, რისიც სჯეროდა. შეიძლებოდა, მართლაც ანჩხლ და ხისტ ადამიანად მოსჩვენებოდა ვინმეს. კაცი რომ ყოფილიყო, ვერავინ შეამჩნევდა მის ასეთ ზნე–ხასიათს“.
კაცის ეს თვისებები ძლიერი ხასიათისა და მტკიცე ნებისყოფის ნიშნად მიიჩნევა, ქალისა – ნაკლად. ცხადია, ფრანკლინი არ ფიქრობდა, რომ კაცებს ჩამოუვარდებოდა. მისი აზრით, მხოლოდ სოციალური ბარიერები უშლიდა ხელს წარმატების მიღწევაში, ისევე, როგორც აბსურდული სექსისტური ცრურწმენა უკრძალავდა ლაბორატორიის იმ სასადილო ოთახში შესვლას, მხოლოდ მამაკაცებისთვის რომ იყო განკუთვნილი.
ანდრეი სტასიაკის თქმით, ფრანკლინის ამბავი ნათელს ჰფენს ბრიტანეთის განათლების სისტემასა და სამეცნიერო სფეროში ფესვგადგმულ, შოკისმომგვრელ გენდერულ უთანასწორობასა და თავაშვებულ სექსიზმს. „ეს გარკვეულწილად შეიცვალა კიდეც, თუმცა, როზალინდ ფრანკლინი ნამდვილად იმსახურებს იმას, ყველას მოვუყვეთ მისი ცხოვრების ამბავი და ვამცნოთ, რაოდენ დიდი წვლილი შეიტანა დნმ–ის სტრუქტურის აღმოჩენაში!“ (Stasiak 2001). „როცა სტუდენტი ვიყავი, უოტსონი ჩემი გმირი იყო: მოტივირებულ, ჭკვიან, ახალგაზრდა კაცად მიმაჩნდა (…), თუმცა, გამოხდა ხანი და დავკარგე ჩემი სტუდენტობისდროინდელი გმირი. ჩავანაცვლე ახალი გმირით (ფრანკლინით), უფრო ადამიანურითა და უფრო ტრაგიკულით!“ – აღნიშნავს ანდრეი სტასიაკი (Stasiak 2001). მისი თქმით, ყველამ ვიცით, როგორ დასრულდა ეს ამბავი (დნმ–ის გაშიფრვა), მაგრამ ბევრი ჩვენგანი ვერ აცნობიერებს, რაოდენ დიდი აღიარება უნდა ხვდომოდა წილად ფრანკლინს. უოტსონმა და კრიკმა არ აღიარეს მისი გადამწყვეტი როლი და არ აღირსეს (სრულიად დამსახურებული) დიდება. მეტიც: რამდენიმე წლის შემდეგ, უოტსონმა დიდწილად დააკნინა როზალინდის ღვაწლი თავის წიგნში (Stasiak 2001).
აუცილებელია, ზედმიწევნითი სიზუსტითა და აკურატულობით აღვწეროთ ფაქტებისა და მოვლენების თანამიმდევრობა.
ათწლეულების განმავლობაში, მხოლოდ მეცნიერთა ვიწრო წრემ იცოდა, რაოდენ დიდი წვლილი შეიტანა ფრანკლინმა დნმ–ის სტრუქტურის აღმოჩენაში. ამიტომაც, აარონ კლუგმა ითავა ერთი მძიმე საქმე – დეტალურად შეისწავლა მისი ლაბორატორიის წიგნაკები, სტატიები, ნაშრომები, წლიური მოხსენებები და ფართო საზოგადოებას ამცნო, რაოდენ გარდამტეხ აღმოჩენებამდე მივიდა ახალგაზრდა მეცნიერი.
როზალინდი ისე ჩავიდა საფლავში, ვერ გაიგო, რაოდენ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი ფოტო და მეტადრე, წლიური მოხსენება კრიკისა და უოტსონისათვის (Maddox 2003); (Elkin 2003); (Sayre 2000); (Klug 2004). ფრანკლინის ძმისწული იხსენებს: „ჩემი მამიდა დნმ–ის პიონერი იყო. მის სიცოცხლეში, ჩვენმა ოჯახმა არ იცოდა, ესოდენ მნიშვნელოვანი საქმე რომ გააკეთა; არ იცოდა, გადამწყვეტი წვლილი რომ მიუძღოდა დნმ–ის შესწავლაში“ (Maddox 2003).
აი, ასეთ ეპიტაფიას ამოიკითხავთ ნაადრევად გარდაცვლილი მეცნიერის საფლავის ქვაზე: „მისი კვლევები და აღმოჩენები ვირუსების სტრუქტურის შესახებ სამარადისო სიკეთედ დარჩება კაცობრიობას“ (Maddox 2003). თავს იჩენს შეკითხვა: რატომ მხოლოდ ვირუსები? სადაა ნახშირი, გრაფიტი და რაც მთავარია, დნმ?
თუკი გავითვალისწინებთ მის ხასიათსა და ტემპერამენტს, ნათელი გახდება: საშინლად განრისხდებოდა, თუკი შეიტყობდა, რომ უოტსონმა და კრიკმა გამოიყენეს მისი მასალები. ამ მოსაზრებას ამყარებს 1951 წლის მიწურულს კინგსის კოლეჯში მომხდარი ინციდენტი: ფრანკლინი ძლიერ აღშფოთდა, როცა გაიგო, რომ სემინარზე მოწვეული ერთი სტუმარი აპირებდა მისი იდეების გამოქვეყნებას მისი სახელის ხსენებისა და საკადრისი პატივის მიგების გარეშე. როზალინდმა ვერ აიტანა საკუთარი ღვაწლის დაკნინება. მისი რისხვის ობიექტი იხსენებს ლინ ელკინთან ჩაწერილ ინტერვიუში: „ისეთი წერილი მომწერა (ფრანკლინმა), თავზარი დამეცა. ისეთი ტონით მომთხოვა თანაავტორობა…“ (Elkin 2003).
როზალინდის და, ჯენიფერ ფრანკლინ–გლინი, წერს: „საშინლად განრისხდებოდა და მომეტებული გამძვინვარებისაგან აფეთქდებოდა, რომ გაეგო, მის უნებართვოდ შეამოწმეს მისი მასალები. ჩემი და 37 წლისა გარდაიცვალა და არც კი იცოდა, რაოდენ დიდი წვლილი მიუძღოდა ამ აღმოჩენაში. ძალზე სამართლიანი ადამიანი იყო და მძაფრად განიცდიდა უსამართლობის ყოველგვარ გამოვლინებას“. (Glynn 2012).
კრიკმა, უილკინსმა და ლაინუს პოლინგმა გააკრიტიკეს უოტსონი, როცა თავის მემუარებში დამამცირებელი ეპითეტებით შეამკო როზალინდი. ფრანკლინის ყველა თანამშრომელი (და არა მხოლოდ) ერთხმად გმობს უოტსონის სიმდაბლეს, უტიფარ სიცრუეს, უღირსობას; იმ ადამიანის ზღვარგადასულ თავხედობას, რომელმაც დრო იხელთა და შეურაცხჰყო ასე ნაადრევად გარდაცვლილი მეცნიერი, რადგან იცოდა, ვერ შესძლებდა თავის მართლებას, პასუხის გაცემასა და სიმართლის თქმას. მიუხედავად ამისა, გამოჩნდნენ კეთილსინდისიერი მეცნიერები და ხმა აღიმაღლეს მის დასაცავად; იმ ადამიანის გამოსასარჩლებლად, რომლის სახელიც ასე შებღალეს; რომელსაც „უგემოვნო და ანჩხლი ლურჯწინდა“ უწოდეს.
როგორც ვნახეთ, ფასდაუდებელია ფრანკლინის ღვაწლი და დამსახურება კოლეგების წინაშე; მისი ნაშრომები რომ არა, როგორც კრიკი აღიარებს, შეუძლებელი იქნებოდა სტრუქტურის აწყობა. აი, ასეთი დამსახურება მიუძღვის მათ წინაშე. რა დამსახურება მიუძღვით ფრანკლინის წინაშე კრიკს, უოტსონს, უილკინსსა და პერუცს? უდიდესი: ერთმა ფოტო აჩვენა უოტსონს მის ზურგს უკან და მეგობრებს შეჰპირდა, რასაც შევძლებ, ჩავიწერ როზისგან და შეგატყობინებთო. რაც შეეხება უოტსონს, უკვე ვიხილეთ მისი დამსახურება. კრიკის დამსახურებაც განუზომლად დიდია: მიუხედავად გადამწყვეტი როლისა, არ მიუთითა როზალინდის უმნიშვნელოვანესი მასალები, როგორც ორიგინალური წყარო. პერუცმაც უთუოდ დიდი პატივი დასდო: ისე გადასცა ფრანკლინის წლიური მოხსენება კრიკსა და უოტსონს, არც როზალინდისთვის უთხოვია ნებართვა და არც ლაბორატორიის დირექტორისათვის, ჯონ რენდალისთვის, თუმცაღა, სულ რომ საკუთარი ნებით გადაეცა მასალები მათთვის, მაინც როზალინდი იქნებოდა წლიურ მოხსენებაში აღწერილი აღმოჩენების ავტორი და არა – კრიკ–უოტსონის „დუეტი“.
სწორედ ზემოხსენებული მეცნიერების „წყალობით“ იყო ჩრდილში როზალინდი მრავალი ათეული წლის განმავლობაში და საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მასზე.
დნმ–ის სტრუქტურის გაშიფრვა, საუკუნის აღმოჩენა რომ უწოდეს, მხოლოდ ამ სამი „გენიოსის“ დამსახურებად ჩაიწერა ისტორიაში; მხოლოდ მათ ხვდათ წილად აღიარება. საკადრისი პატივი რომ მიეგოთ ფრანკლინისათვის, ჯეროვნად დაეფასებინათ მისი ღვაწლი და ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე მაინც ეღიარებინათ, რაოდენ გარდამტეხი როლი ითამაშა ამ სამეცნიერო პაექრობაში, როზალინდიც უთუოდ გახდებოდა მათი დიდების თანაზიარი. ცხადია, ეს რომ მომხდარიყო, ასე ბურუსით მოცული არ იქნებოდა ამბავი მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.
ამ ახალგაზრდა სწავლულმა სრულიად სხვა გეზი მისცა მეცნიერებას. ახალი სიტყვა თქვა თავისი პიონერული კვლევებით. 1953 წლის მარტში რომ გადავიდა ბირკბექის კოლეჯში, თამბაქოს მოზაიკური ვირუსის სპირალური აგებულება აღმოაჩინა კრისტალოგრაფიული მეთოდის მეშვეობით; გამოაქვეყნა კვლევა მრავალი ვირუსის შესახებ და თავდაყირა დააყენა დამკვიდრებული იდეები; დაამხო ცნობილი ვირუსოლოგის, ნორმან ფაირის, მოსაზრებები. მართალიც აღმოჩნდა. მისი იდეების სისწორე დამტკიცდა მისი სიკვდილის შემდეგ (Maddox 2003, 252).
სამწუხაროდ, დიდი უბედურება დაატყდა თავს: 1956 წელს შეიტყო, რომ საკვერცხის კიბო ჰქონდა. მიუხედავად ამისა, თავდაუზოგავად შრომობდა. 1957 წელს დაფინანსება მოითხოვა ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტისაგან, რათა ბირკბექის კოლეჯს გაეგრძელებინა კვლევა–ძიება. მიზანს მიაღწია – 10,000 სტერლინგი გამოუყვეს. ასეთი მსუყე თანხა არასოდეს მიუღია ამ დაწესებულებას. იმავე წელს მიიწვიეს ბრიუსელში, ცნობილ სიმპოზიუმზე, სადაც უნდა წარმოედგინა თამბაქოს მოზაიკური ვირუსის სამგანზომილებიანი მოდელი, რომელიც კოლეგებთან ერთად ააგო. როგორც მისი ბიოგრაფები წერენ, როზალინდი აღფრთოვანებით ლაპარაკობდა მოახლოებულ გამოფენაზე; სიამაყით ამბობდა, მალე წარვუდგენ ხალხს ჩემს მოდელსო. სამწუხაროდ, არ დასცალდა: ისე დასუსტებული და დაუძლურებული იყო, ვერ შეძლო გამგზავრება. 1958 წლის 16 აპრილს გარდაიცვალა ლონდონში. მეორე დღეს, 17 აპრილს, მისმა თანამშრომლებმა სევდანარევი სიამაყით გამოჰფინეს მაგიდის ჩოგბურთის ბურთებითა და ველოსიპედის სახელურებით აწყობილი მისი მოდელი (Maddox 2003). ვერ მოესწრო იმ დღეს და ვერ იამაყა თავისი ნახელავით.
დასნეულებულმა ქალმა არაერთი ოპერაცია და ქიმიოთერაპიის მტანჯველი კურსი გადაიტანა. მიუხედავად ყველაფრისა, თავგამეტებით იბრძოდა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე. მისი კოლეგები იხსენებენ: „გულს გვიჩუყებდა მისი უსასოობა, თავდადება, გულმოდგინება და შეუდრეკლობა“. მათივე თქმით, ვერაგმა სენმა საბოლოოდ დარია ხელი, მაგრამ თითქმის მთლად დავრდომილი როზალინდი მაინც არ ჰყრიდა ფარ–ხმალს. როცა აღარ შეეძლო სიარული, გაჭირვებით მიბობღავდა ხოლმე ბირკბექის კოლეჯის კიბეებზე; მთელი ძალით ეყრდნობოდა ხელისგულებსა და მუხლებს; საცოდავად მიხოხავდა დერეფანში; ტანჯვა–წვალებით მიიწევდა ლაბორატორიის ერთი ოთახიდან მეორისაკენ. (Piper 1998). სასიკვდილო სარეცელზე იწვა, როცა დახმარების ხელი გაუწოდა გაჭირვებულ კოლეგებს: 3000 ფუნტი და თავისი მანქანა დაუტოვა აარონ კლუგს, რომელიც უმწვავეს ფინანსურ კრიზისს ებრძოდა. 1000 ფუნტი უსახსოვრა თავის ორ მეგობარს, რათა ამ უკანასკნელთ შესძლებოდათ შვილებისთვის განათლების მიცემა (Maddox 2003). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო მოწვევა ვენესუელის ერთ–ერთი ლაბორატორიისაგან – წერილის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში უნდა ემუშავა კარაკასში. ავადმყოფს სასთუმალთან ედო ეს დოკუმენტი (Maddox 2003), როცა სული დალია. სწორედ 16 აპრილს უნდა წაეკითხა თავისი უკანასკნელი სამეცნიერო სტატია საჯაროდ. სამწუხაროდ, არც ეს არ დასცალდა – მაინცდამაინც იმ დღეს მიიცვალა, სწორედ მაშინ, როცა სხვები კითხულობდნენ მის უკანასკნელ ნაშრომს, მის მაგნუმ ოპუსს.
კოლეგები იხსენებენ ამ მეცნიერის რევოლუციურ შრომას, თავდადებას, პიონერულ კვლევებს; იგონებენ მის სიკეთეს, გულუხვობას, თავაზიანობას, მეგობრულ კეთილგანწყობას, ნიჭს, საოცარ კომპეტენციას, სიძლიერეს, გამბედაობას, სიმამაცესა და სიმტკიცეს.
აი, ესაა ნამდვილი როზალინდ ფრანკლინი – „მატილდას ეფექტის“ კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. ნამდვილი როზალინდ ფრანკლინი – სექსისტურ გარემოში მებრძოლი მეცნიერი ქალის სიმბოლო და სახე–ხატი; დავიწყებული გენია, ძალზე გვიან რომ ეწვია დიდება. ნამდვილი როზალინდ ფრანკლინი – სტრუქტურული, ინსტიტუციონალიზებული პატრიარქატის, სოციალურ–ეკონომიკური უთანასწორობისა და სამეცნიერო–აკადემიური მიზოგინიის წინააღმდეგ ამხედრებული ადამიანი. აი, ასეთია ნამდვილი როზალინდ ფრანკლინი – „თითზე დახვევის“, „გაბერვის“, „გაბუქების“, „გაზვიადების“, „კონსპირაციული თეორიების“, „სეირის ყურების მოყვარულთა ჭორების“, „ფემინისტური რევიზიონიზმის“, ზღაპრების, იგავ–არაკების, ოდების, მითების, ლეგენდების, თქმულებებისა და შეთქმულებების გარეშე.