ირაკლი აბსანძე
ევროპაში ყველაზე პოპულარული ნაძვისხეების ისტორია რაჭაში იწყება. აქაურ ტყეებშია აღმოცენებული საახალწლოდ გაყიდული ნორდმანის ნაძვისხეების 85 პროცენტი.
საქართველოს ეს რეგიონი მთლიანად ტყით არის დაფარული, თუმცა საშობაო ნაძვის ხეებისთვის მხოლოდ ორი დასახლება გამოდგება – თლუღი და ნიკორწმინდა. აქაურ ტყეებში იკრიფება გირჩები, რომლიდანაც შემდეგ ნაძვის ხეები გამოჰყავთ.
პირველი რაჭული ნაძვის ხე დანიაში 1904 წელს დაირგო. მასშტაბი რიცხვებიდან ჩანს – ევროპაში ახალ წელს გაყიდული 75 მილიონი ნაძვის ხიდან, საშუალოდ 40 მილიონი ნაძვი რაჭული გირჩიდან არის აღმოცენებული.
„აღჭურვილობა რომლითაც ხეზე ადიხარ, გიცავს მაგრამ ამავე დროს შენს მოქმედებებს ანელებს. ამდენად თოკებითა და ქამრებით გირჩის დაკრეფას მეტ დროს ანდომებ. სწორედ ამიტომ მკრეფავების ნაწილს ურჩევნია ხეზე შიშველი ხელებით, დაცვის გარეშე ავიდეს. იყო შემთხვევები, როცა ძირს ჩამოსასვლელად დროს არ კარგავდნენ და ხის ერთი კენწეროდან მეორე კენწერომდე გადასასვლელად გადახტომით გადადიოდნენ. ამის გამო რამდენიმე ადამიანი ჩამოვარდა და დაიღუპა. ახლა ასე თითქმის აღარავინ იქცევა რადგან კომპანიები ასეთ რისკიან მკრეფავებს აღარ ქირაობენ. თუმცა სხვადასხვა კომპანიები დაქირავებულების უსაფრთხოებას სხვადასხვა ხარისხით იცავენ” – გვეუბნება გირჩის სეზონურად მკრეფავი კაცი.
გირჩის რთველი სეზონურია და ის მხოლოდ ოქტომბერ-ნოემბერში ორი-სამ კვირის განმავლობაში გრძელდება. კავკასიური სოჭი 40, ხშირ შემთხვევაში კი 60 მეტრი სიმაღლის ხეა. გირჩი მხოლოდ კენწეროში იზრდება. ამიტომ მის მოპოვებისთვის კენწერომდე უნდა აძვრე, რაც უსაფრთხო სულაც არ არის.
„სამართლიანი ხეები“ (Fair Trees) პირველი ბიზნესი და სოციალური პასუხისმგებლობის ნიშნად დაფინანსებული საქველმოქმედო ფონდი პირველი ინსტიტუტია, რომელმაც ქვეყანა რუსული კანონის გამო დატოვა. სამწუხაროდ, თითქმის გარდაუვალია, რომ ამ გზას სხვებიც დაადგებიან.
კომპანიის დამფუძნებელი მარიანე ბოლსი 2014 წელს დანიის სამეფოში საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნა. მაშინ საინფორმაციო სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ საპატიო კონსულს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი შეხვდა.
დღეს ის ჩვენთან საუბარში ადასტურებს – რაჭის დატოვება პროტესტია.
„რადგან კანონს აქვს პრაქტიკულად გამანადგურებელი ეფექტი ერთის მხრივ NGO სექტორის მიმართ, ამავდროულად კანონს ექნება უკუეფექტი საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გავეცანით კანონს. ვნახეთ მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ვინც არ დარეგისტრირდება პირველ ეტაპზე ჯარიმა დაეკისრება 25,000 ლარის ოდნობით, შემდეგ 10,000 ლარის, ხოლო მესამე ეტაპზე 20,000 ლარის. რომ დავაჯამოთ, დაახლოებით 55,000 ლარია საჭირო ჯარიმების დასაფარად.“ – გვეუბნება მარიანე ბოლსი.
რაჭასთან მას ათწლეულების თანამშრომლობა აკავშირებს. მარიენს ისედაც არასტაბილურ გარემოში უხდება ბიზნესის და ქველმოქმედების კეთება, ამიტომ, დამატებით დიდი ჯარიმების საფრთხის ქვეშ მუშაობის აღარ გააგრძელებს:
„ჩვენი შეფასებით ყოველწლიურად ეს დაგვიჯდება 55,000 ევრო. ჩვენ რაჭაში გრძელვადიან სოციალური ხასიათის ინვესტიციებს ვახორციელებთ. თუმცა შემქნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგვიწევს შევცვალოთ აღებული ვალდებულებები.’
სტომატოლოგიური კლინიკა ბავშვებისთვის
ბავშვებისთვის უფასო სტომატოლოგიური კაბინეტი ერთ-ერთი საჯარო სკოლის შენობაში 2016 წლიდან მუშაობს. მარიანე ბოლსი ამბობს, რომ ახლახანს საკუთარ შენობაში გადავიდნენ მუნიციპალიტეტისგან სრულიად დამოუკიდებლად სტომატოლოგიური კაბინეტის გაფართოებასაც აპირებდნენ:
„ე.წ. „უცხოელი აგენტების“ კანონი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ჩვენს ფონდს, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან ჩვენ არ გვსურს რეგისტრაცია. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ კანონს. ჩვენ არ ვართ უცხოელი აგენტები და რამდენადაც ჩვენს წინაშე დადგა 55,000 ლარიანი ჯარიმის საკითხი, ეს გვაიძულებს უარი ვთქვათ ჩვენს თავზე აღებულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. სამწუხაროდ და თან ძალიან სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ეს დროის საკითხია როდის მოგვიწევს ჩვენი სოციალური პროექტების შეჩერება. ეს არ ეხება მხოლოდ სტომატოლოგიურ კლინიკებს. ეს უფრო ფართო საკითხია. ადგილზე გვყავს არაჩვეულებრივი თანამშრომლები, 65-ზე მეტი ახალგაზრდა ჩვენს სხვადასხვა აქტივობაში ჩართული. მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამებში, გაცვლით და სასტუიპოენდიო პროგრამებში 35 ახალგაზრდა, რომლებიც საგანმანათლებლო Scholarship პროგრამაში ჩაერთვნენ და ფონდი იხდის მათი სწავლის გადასახადს. ეს ძალიან კარგი პროექტიც ასევე რისკის ქვეშ დგას, რომ შეჩერდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვსაუბრობთ და ვზრუნავთ, რეგიონის მოსახლეობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისთვის. თქვენ ალბათ გსმენიათ, ჩვენი ორგანიზაცია ნაწილობრივ ჩართულია ქვანახშირის საბადოებში მომუშავე თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემო პირობების შექმნაზე. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს შრომის კოდექსის ფარგლებში დაფუძნდა ქვანახშირის საბადოების რესურსების მოპოვების ასოციაცია. ამრიგად, შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ ამ მიმართულებით ჩვენს მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების გაგრძელებაც რისკის ქვეშ დგება.“
Fair Trees – გამორჩეულად კეთილსინდისიერი დამსაქმებელი.
„ევროპაში ყოველწლიურად ითესება 45 მილიონზე მეტი ნორდმანის ხე, კონკრეტულად რაჭის რეგიონის თესლის საფუძველზე. ჩვენ ვქმნიდით ახალ, ინოვაციურ, შეიძლება ითქვას ბიზნეს მოდელს, რომელიც არის სამართლიანი ვაჭრობის დამტკიცებული ბიზნეს კონცეფცია, მაგალითად, როგორიცაა Fairtrade Coffee, Banana Tea, მაგრამ ახლა სიახლეა ნაძვის ხეები. ყოველი ნაძვის ხისთვის, რომელიც გაიყიდება Radja-ს თესლების საფუძველზე, ჩვენ ვაგროვებთ Fairtrade-ის პრემიას, რათა რეინვესტირება განვახორციელოთ სოციალურ პროექტში ადგილობრივ საზოგადოებაში,“ – ამბობს მარიანე ბოლსი
Fair Trees რაჭაში გამორჩეული დამსაქმებელია – ამიტომ ადგილობრივები მასთან სტაბილურად, წლების განმავლობაში თანამშრომლობენ.
კომპანიას ყოველწლიურად გირჩის რთველზე უსაფრთხოების ევროპელი ექსპერტები ჩამოყავს თანამშრომლების დასატრენინგებლად. ცხადია, ისინი უახლესი და მაქსიმალურად უსაფრთხო ხელსაწყო-უნიფორმებით არიან აღჭურვილები. ამბროლაურში სეზონურ სამუშაოებზე ათამდე კომპანია ოპერირებს, ტყიბულიდანაც კი გადმოდიან სამუშაოდ, მაგრამ დანიურ კომპანიას ადგილობრივებთან შედარებით წლებია 40-50%-ით მაღალი და სტაბილური ანაზღაურება აქვს. ამიტომაც, თანამშრომლობა სხვებთან შედარებით ბევრად ხანგრძლივია ხოლმე. თითქმის არ არსებობს, ვისაც მარიანეს გუნდის დატოვება უნდა, შემოერთების მსურველი კი ბევრია.
„სამართლიანი ხეები“ ევროპაში გაყიდული თითო საშობაო ნაძვის ხიდან 75 ევრო ცენტს საქართველოში აბრუნებს და ქველმოქმედებაში დებს.
„რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კონკურენტებთან შედარებით ჩვენი პროდუქციას აძვირებს, მაგრამ ეს ამად გვიღირს“ – განმარტავს ბოლსი, რომელიც რაჭაში მრავალწლიან საქმიანობას ასე აფასებს:
„ჩემთვის, ჩემი წინარე ისტორიის გათვალისწინებით, ბუნებრივია სფერო და არეა, სადაც ჩემი წვლილი შემიძლია შევიტანო, როგორც პასუხისმგებლიანმა მეწარმემ. ჩვენი წვლილი რაჭის რეგიონში ეფუძნება სწორედ იქ არსებულ რეალობას. ვინც ამ დამაზიანებელი და გიჟური კანონის მიღება გადაწყვიტა, ამავდროულად ზღუდავს სისტემური და ეთიკური ბაზრის განვითარებას.
ჩვენთვის უსაფრთხოების სტანდარტები, კარგი სამუშაო პირობები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დანიაში გვაქვს პრივილეგია, რომ შეგვიძლია ვისაუბროთ ქათმების, ცხოველების კეთილდღეობაზე. ამბულატორიაში კი ვხედავ, რომ დიდი სიღარიბეა, არ არის საკმარისი მხარდაჭერა განათლების, სტომატოლოგიური მოვლისთვის. იმისთვის, რომ მოსახლეობას წვდომა ჰქონდეს უსაფრთხო აღჭურვილობასა და სამუშაო პირობებთან.
ჩვენ უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას ძალიან ინტენსიურად. შემდგომ გვექნება განხილვა ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან და დანიის შესაბამის სამინისტროებთან, რათა მათგან რეკომენდაციები მივიღოთ. ამჟამად არამხოლოდ „პატრიოტის ფონდი“ არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, არამედ ბევრი სამოქალაქო ორგანიზაცია და საზოგადოება. მოგეხსენებათ სამოქალაქო სექტორს სრულად აზიანებს ეს კანონი. ეს კანონი უწინარესად საქართველოს რიგით მოქალაქეს აყენებს უდიდეს ზიანს. სამოქალაქო საზოგადოების მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამებისგან სარგებელს პირველ რიგში ისინი იღებენ”.
ბოლსი თითოეულ ქართველს მოუწოდებს „გამოიღვიძოს და გამოიყენოს მისთვის ბოძებული შანსი. რადგან ქართული ოცნება გადაიზარდა ოცნების კოშმარში“, – ამბობს მარიანე ბოლსი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი, რომელსაც რაჭასთან წლებით გამოცდილი თანამშრომლობა აკავშირებს და საქმიანობა „რუსულმა კანონმა“ შეაწყვეტინა.