საიუბილეო, 70-ე ბერლინალეს დაწყების წინ ბევრი იმედოვნებდა, რომ ცვლილებები ოქრო-ვერცხლის „დათვების“ დანაწილებაზეც აისახებოდა. დიახ, დროც შეიცვალა და ფესტივალის დირექციაც, მაგრამ ფესტივალის პრინციპი მაინც უცვლელი დარჩა – საკუთრივ კინოს ისევ გლობალური პოლიტიკური თუ სოციალური კონტექსტი ამარცხებს. თუმცა ესთეტიკა თუ პოლიტიკა, ეს ბერლინის კინოფესტივალის მუდმივი და ამავე დროს, მტანჯველი პარადიგმაა. ირანელი რეჟისორის, მოჰამად რასულოფის ფილმი სახელწოდებით „ბოროტება არ არსებობს“ ( There is No Evil), რომელიც საკონკურსო პროგრამაში ბოლო დღეს აჩვენეს, ბერლინალეს მთავარი პრიზით – „ოქროს დათვით“ დააჯილდოვეს.
ჟიურის თავმჯდომარემ, ჯერემი აირონსმა (ფესტივალის ახალი დირექტორატის, კარლო შატრიანისა და მარიეტა რისენბეკის თანხლებით) საზეიმო დახურვაზე შეკრებილ პუბლიკას მგზნებარე ტექსტით მიმართა. „ბერლინალე პალასტის“ სტუმრები კი ფეხზე წამოდგნენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ტაშს უკრავდნენ რეჟისორს, რომელიც 2017 წლიდან პატიმრობაში იმყოფება და რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება. ამდენად, ფესტივალის მთავარი პრიზი რეჟისორის მაგივრად, მის ქალიშვილს გადასცეს.
„ბოროტება არ არსებობს“ ხუთი სრულიად დამოუკიდებელი ნოველისგან შეგება, რომელთაც სიკვდილით დასჯის მორალური საკითხები თუ დილემა აერთიანებთ. ფილმი ერთგვარი მეტაფორაა თავად კინორეჟისორისთვისაც. მისი არჩევანია, დესპოტური ხელისუფლებისადმი მორჩილებას შეეგუოს, თუ საკუთარი შემოქმედება, პრინციპები და თავისუფოლება დაიცვას. მოჰამად რასულოფი მაინც თავისუფლებას ირჩევს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის, ეს ქმედება რა დრამატულ შედეგამდეც მიიყვანს.
პრინციპში ზუსტად ასეც მოხდა: 2019 წელოს სასამართლომ მას უარი უთხრა შეწყალებაზე („თქვენი განაჩენი დადასტურებულია, ხოლო თქვენი გასაჩივრება უარყოფილია“), ხოლო ხელისუფლებამ ქვეყნის დატოვება 10 წლით აუკრძალა. რეჟისორსა ვერც გერმანის მთავრობის შუამდგომლობამ უშველა, რომელიც ირანის ხელისუფლებას რასულოფის გათავისუფლებას ბერლინის კინოფესტივალის დღეებში სთხოვდა. სხვათა შორის, მისი ოჯახი დღეს სწორედ გერმანიაში, ჰამბურგში ცხოვრობს.
მოკლედ, გამეორდა ცნობილი რეჟისორის, ჯაფარ პანაჰის ისტორია, როდესაც ირანელ რეჟისორს ასევე შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი და რამდენიმე წლის წინ, ბერლინის კინოფესტივალის დახურვაზე ის ვერ ჩამოვიდა. სამაგიეროდ, სცენაზე სიმბოლურად ცარიელი სკამი იდგა…
ბერლინის კინოფესტივალის დანარჩენი პრიზები ასე განაწილდა:
ჟიური დიდი პრიზი – „არასდროს/იშვიათად/ზოგჯერ/ყოველთვის“ (რეჟისორი ელიზ ჰიტმანი);
„ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისათვის – ჰონგ სონგ-სო („ქალი, რომელიც გაიქცა“);
„ვერცხლის დათვი“ საუკეთესო მსახიობი ქალისთვის – ურსულა ბეერი („უნდინა“, რეჟისორი კრისტიან პეცოლდი)
„ვერცხლის დათვი“ საუკეთესო მსახიობი მამკაცისთვის – ელიო გერმანო მინდოდა დავმალულიყავი რეჟისორი ჯორჯო დიირიტი)”
„ვერცხლის დათვი“ საუკეთესი სცენარისთვის – ფაბიო და დამიანო დინოკენცი („ცუდი ზღაპრები).