წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ მე-18 დაჯილდოება გაიმართება. 7 ნომინაციაში ფინალისტთა ვინაობა უკვე ცნობილია. ჟიურიმ წლის საუკეთესო პოეტური კრებულის კატეგორიაში 5 წიგნი გამოარჩია:
კატო ჯავახიშვილი, „დედაჩემმა მითხრა, რომ“ (ინტელექტი)
კატო ჯავახიშვილის ახალი კრებული ახალ კინო-სურათადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მით უფრო, რომ ამის საშუალებას ავტორი თავადვე გვაძლევს – სიურეალისტური სიზმრების მეტაპროექცია მისი პოეტური ხელწერაა, დომინანტური ფონია, რომელიც ყოველ ახალ კრებულში ახალი ამბის, ახალი თავგადასავლის კონტურებს გამოკვეთს.
კინო-სურათის სირთულე და დრამატულობა კი იმ სალექსო ფორმების სირთულესაც ემთხვევა, რომლებსაც ავტორი სათქმელის გამოხატვისთვის ირჩევს. სითამამე და პროტესტი კრებულის სახასიათო აქცენტებია. ადამიანის ბედისწერა, ხშირად ტრაგიკომიკური ნიუანსებით, მკაცრი სოციალური და მენტალური ფონით, ბევრი ჰორორით, საგანგებოდ უტრირებული სიმახინჯეებითა და სავალდებულო ფატალური ფინალით – არავის ტოვებს გულგრილს, რაც უკვე თავისთავად წარმატებული შედეგია უგრძნობელობასა და მექანიკურ, გარობოტებულ რუტინაში ჩაბმული თანამედროვე ადამიანისთვის. სუსტი ნერვების მქონენი კატო ჯავახიშვილის პოეზიის კინოსეანსზე არ დაიშვებიან.
- (ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან).
პოეტი და პუბლიცისტი კატო ჯავახიშვილის პოეტური კრებულები „მარცხნივ“ (2012) და „ნაცვალი სახელი“ (2013) „საბას“ ფინალისტთა შორის მოხვდნენ. იგი ასევე ავტორია პოეტური კრებულებისა „ჭუპრი“ და „იავნანა კაცებისთვის“. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და სლოვაკურ ენებზე. 2015 წელს ევროპის მაუწყებელთა ფესტივალის ჟიურიმ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარდგენილი 664 კანდიდატიდან ერთი ქართული რადიოსპექტაკლი შეარჩია, რომელიც კატო ჯავახიშვილის მოთხრობის მიხედვით, რეჟისორმა ზურა კანდელაკმა შექმნა.
შოთა იათაშვილი, „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“ (ინტელექტი)
ზარმაცებმა დაიწყეს ლექსების წერა. წამოწვებიან დივანზე, ამთქნარებენ, მუცელს იფხანენ, არ იციან, რა აკეთონ და ზუსტად ამ დროს თავ-პირისმტვრევით მოფრინავს მუზა. ცერა თითზე ჩამოჯდება ან მუხლისთავზე, მოუღიტინებს ზარმაცს და ისიც გახალისდება. ლექსის წერა უქნარასთვის ხომ ის საქმეა, არასდროს რომ არ დაეზარება.
შოთა იათაშვილი ათზე მეტი პოეტური და 4 პროზაული კრებულის ავტორია, წიგნად აქვს გამოცემული ლიტერატურული წერილები, თარგმნის ამერიკულ და თანამედროვე რუსულ პოეზიას. „საბას“ ლაურეატია ნომინაციებში წლის საუკეთესო პოეტური კრებული (2007) და წლის საუკეთესო კრიტიკა (2011), აგრეთვე საერთაშორისო პრემიისა „Киевские лавры” (2009). მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, პოლონურ, ჩინურ, რუმინულ, რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, ესტონურ, ლატვიურ, ფინურ, თურქულ, ალბანურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
ბესიკ ხარანაული, „დიდი სმა“ (ინტელექტი)
„მე ამ წიგნში ზეიმი მაქვს შეკვეთილი და არა გლოვა“ – განმარტავს ბესიკ ხარანაული თავიდანვე და მკითხველს დიდი სმის მისტიკურ რიტუალზე ეპატიჟება, რომ ყოფნა-არყოფნის მარადიული დრამა თავისებური სცენარით წარმოგვიდგინოს. ქადაგ-ხუცესისგან წერად დამწყალობნების შემდეგ, ბესიკ ხარანაული ნამდვილ კარნავალს მართავს, სადაც, საიქიოსა და სააქაოს სივრცეებში, გვერდიგვერდ, სრულფასოვან მოქალაქეებად ჩნდებიან ბრმა ჰომეროსი და ყრუვი გიორგი, ერეკლე მეორის უბირი ქალისგან შეძენილი ვაჟი ბიჩინაგა და გომურში დაბადებული ბალღი, პატარაობიდანვე რომ ლექსის ზნენი დააჩნდება, ლოგინს მიჯაჭვული კუტ-პეტრე და ქიტო პაპა, რომელიც სახარების მასობრივი სცენების უცვლელი მონაწილეა. ამ წიგნშიც, წინამორბედების მსგავსად და უფრო მეტადაც, სრულყოფილად იშლება ბესიკ ხარანაულის ცხოვრებისა და წერის ლაბორატორია – ხილულიდან უხილავამდე, გზიდან უგზოობამდე, ნაკლის ინსტინქტიდან ღირსების ტვირთამდე, დაღამებიდან გათენებამდე და იმ იდუმალ წამამდე, როცა „ყოველ გაღვიძებაზე არცოდნიდან ვიწყები და მერე დედას ვტირობ ყველაფერს“.
ბესიკ ხარანაული ავტორია ოცზე მეტი პოეტური კრებულის და ორი პროზაული წიგნისა – „ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისთვის“ და „სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა“. მისი პოეზია თარგმნილი და გამოცემულია გერმანულ, ჰოლანდიურ, იტალიურ, ჩეხურ, უნგრულ, რუსულ, ბულგარულ, თურქულ და ფრანგულ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია (1992), რუსთაველის პრემია (2002), ლიტერატურული პრემია საბა ორგზის (2004, 2016), პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი (2010), პრემია „გალა“ (2012), პრემია „ლიტერა“ (2016); ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2015), 2011 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.
ტარიელ ჭანტურია, „სიყვარულის შავი ყუთი 3“ (კალმოსანი)
„სიყვარულის შავი ყუთის“ ციკლს მესამე წიგნი შეემატა. ესაა მუდმივად თანამედროვე, ახალგაზრდული აზრითა და სულით სავსე პოეზია. სწორედ ამიტომ, ის ყოველთვის სასურველი და საინტერესოა ნებისმიერი გემოვნების თუ ასაკის ადამიანისთვის.
პირველი პოეტური კრებული ლტოლვა გამოაქვეყნა 1964 წელს. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩენისთანავე ყურადღება მიიქცია გაბედული ექსპერიმენტებით, ლტოლვით სიახლისადმი. ხშირად მიმართავს ირონიას, პაროდიას, პარადოქსს, გროტესკს, სლენგს.
ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე “(1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), პოემები (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), რჩეული (1982), „ბოლთა“ (1993), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985), „კოლხური კაპრიჩიო “(1998), „თაფლობის საუკუნე-2“ (2002) და სხვ. მას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე. 2016 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ნატო ინგოროყვა, „სადგურებს შორის“ (ინტელექტი)
„თუ მაინცდამაინც შედარებაზე მიდგა საქმე, ნატო ინგოროყვას პოეზიას მაღალი მოდის ჩვენებას შევადარებდი. ჩვენებას, რომელზე წარმოდგენილ ტანისამოსსაც დღესვე, ქუჩაში ან წვეულებაზე ვერ ჩაიცვამ, დინოზავრივით გამოჩნდები ადამიანებს შორის, მაგრამ ეს წარმოდგენა მოდის სამყაროს უკარნახებს, რა უნდა ეცვას მთელ მსოფლიოს რამდენიმე თვის, ან სულაც წლების შემდეგ“, – წერს დათო გორგილაძე ნატო ინგოროყვას პოეტური კრებულის შესახებ.
ნატო ინგოროყვას ლექსები სისტემატურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში. გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული, მათ შორის „და სახლობს ჩემში პოეტი ევა“ (2003 წელი), „ხმელები და ნედლები“ (2011 წელი), „წონასწორობა“ (2013 წელი) და „PPorcellanae პოეზია“ (2015 წელი). მისი პოეზია თარგმნილია გერმანულ, ინგლისურ, რუსულ, ლიტვურ, ბელორუსულ და უკრაინულ ენებზე. ნატო ინგოროყვას ლექსები შესულია ბრიტანული გამომცემლობის – Francis Boutle Publishers-ის მიერ გამოცემულ 10 თანამედროვე ქართველი ქალი პოეტის კრებულში – „უკარო სახლი“ და გერმანული გამომცემლობის – Corvinus Presse-ის კრებულში – „კარტოფილის ამოღება“. ქართულად თარგმნა და 2005 წელს გამოსცა ავსტრიელი პოეტის, რაინერ მაირია რილკეს პოეზია.
პრემია „საბას“ „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა თვის ბოლოს გახდება ცნობილი. რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.