სად არის ჩვენი გენგეგმა

ქრისტინე მუჯირი

დაედო თუ არა საფუძვლად კვლევები თბილისის 11 არეალზე შეზღუდვების მოხსნას? – მერიაში ამბობენ, რომ კვლევები ჩატარდა, თუმცა ჩვენი გამოცემის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად მერიიდან მხოლოდ ორი კვლევა მივიღეთ. დამატებით შეკითხვებზე პასუხი მერიამ არ მოგვცა. კვლევებს არ იცნობენ დარგის სპეციალისტებიც და ცალსახად ამბობენ, რომ თუ 11 არეალს, რომელიც ქალაქის დაახლოებით 15%-ია და მნიშვნელოვან სარეკრეაციო სივრცეებს ფარავს, შეზღუდვები კვლევების გარეშე მოეხსნება, ეს ცუდი იქნება ქალაქის განვითარებისთვის. რომელ თერთმეტ არეალზეა საუბარი, რა შეზღუდვები მოხსნა მერიამ და როგორ აფასებენ პროცესს დარგის სპეციალისტები?  

 

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, ლისის ტბის, გლდანის ტბის; დიღმის ჭალები; დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთ ტერიტორია, აკადემქალაქი, კოჯორი-შინდისის ტერიტორია, ხილიანი-დოლიძის არეალი, ელიავა, ვარკეთილის მასივი – აღნიშნული ტერიტორიების დიდი ნაწილი თბილისის  საკრეაციო სივრცეებს ფარავს და ქალაქის დაახლოებით 15% შეადგენს. როგორც დარგის სპეციალისტები აცხადებენ, ამ ტერიტორიების ნაწილი რეკრეაციული თვალსაზრისით ქალაქისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

2019 წლის მარტში, როცა დედაქალაქის გენერალური გეგმა დამტკიცდა, აღმოჩნდა, რომ დოკუმენტში დეტალურად არ იყო შესწავლილი ეს 11 არეალი. სპეციალისტების რეკომენდაციით, არეალებს შეზღუდვები დაედო, რაც ნიშნავდა იმას, რომ ტერიტორიების შესწავლამდე მათი განაშენიანება/განვითარება უნდა შეჩერებულიყო.

მერია კი იღებდა ვალდებულებას, რომ შეისწავლიდა მათ საჭიროებებს, შეიმუშავებდა არეალების განვითარების დოკუმენტებს და მომავალში ეს დოკუმენტები გახდებოდა სახელმძღვანელო აღნიშნული ტერიტორიების განვითარების საქმეში.

თითოეული ტერიტორიის საჭიროება სხვადასხვა იყო. მაგალითად: ზოგიერთ მათგანზე მერიას უნდა შეესწავლა, სად გაყვანილიყო გზები, ან სანიტარული ადგილები; გამოევლინა გეოლოგიურად საშიში ადგილები; სად რისი მშენებლობა იყო დასაშვები, ან დაუშვებელი; პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ, მერიას თითოეულ არეალზე განვითარების მცირე გეგმები უნდა შეემუშავებინა და არეალების განვითარება დამტკიცებული დოკუმენტების საფუძველზე უნდა გაგრძელდებულიყო.

მიმდინარე წლის აგვისტოში 11 ტერიტორიულ არეალზე შეზღუდვების მოხსნაზე ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსნის  განცხადება პროფესიულ წრეებში ფართო მსჯელობისა და კრიტიკის საგანი გახდა. წილოსანმა განაცხდა, რომ შეზღუდვები იხსნებოდა და „ძველი გენგემით დადგენილი ზონები დაბრუნდებოდა“.

დაინტერესებული საზოგადოებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენელებისთვის ბუნდოვანი იყო, რის საფუძველზე მოხსნა მერიამ აღნიშნულ ტერიტორიებზე შეზღუდვები; არ იყო ცხადი, შეასრულა თუ არა მერიამ გენგეგმის დავალება ტერიტორიების დეტალურ კვლევაზე და იყო თუ არა შექმნილი დეტალური გეგმები ამ ტერიტორიების მომავალი განვითარებისთვის.

ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებაში სიცხადის შეტანა მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ სცადა და თქვა, რომ ქალაქის მთავრობას ამ ტერიტორიების კვლევა დასრულებული ჰქონდა.

„პუბლიკა“ ერთი თვის განმავლობაში ცდილობს, დაადგინოს, მართლაც შეიმუშავა თუ არა მერიამ 11 არეალის განვითარების კვლევა; იკვლია თუ არა არეალები დეტალურად; და შეასრულა თუ არა გენგეგმის დოკუმენტით განსაზღვრული ყველა დავალება ქალაქის მთავრობამ.

 

რა გააკეთა მერიამ

რა გააკეთა ქალაქის მერიამ 11 არეალთან მიმართებით, ჩატარდა თუ არა დეტალური კვლევები; ვინ ჩაატარა ეს კვლევები და ხელმისაწვდომია თუ არა ისინი? – ამ კითხვების გარშემო ინფორმაციის მისაღებად მივმართეთ მერიას, გამოვითხოვეთ დეტალური ინფორმაცია საჯარო წესით და ასევე ვიხელმძღვანელეთ საჯარო სივრცეში/ღია პლატფორმებზე ხელმისაწვდომი ინფორმაციით.

2018 წლის სექტემბერში ამ არეალების საკვლევად (11-ვე არეალზე) მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 100 000 ლარი იყო. ტენდერმა გამარჯვებული ვერ გამოავლინდა.

2019 წლის მაისში თბილისის მერიამ ისევ გამოაცხადა ტენდერი კვლევაზე, ამჯერად მხოლოდ ვარკეთილის მესამე მასივისთვის. ტენდერში შპს „არტსტუდიო პროექტმა“ გაიმარჯვა.

ტენდერი გამოცხადდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიისთვის, რომელშიც შპს „ბაუდიზაინმა“ გაიმარჯვა.

„პუბლიკამ“ თბილისის მერიისგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია.  ჩვენ ვითხოვდით, რომ მუნიციპალიტეტს განემარტა, თითოეულ არეალთან მიმართებაში, რა მოტივით დაწესდა შეზღუდვები და შემდეგ, რაზე დაყრდნობით მოიხსნა. რა სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა მერიას და თუ ჩაატარა, არის თუ არა ისინი სრულფასოვანი. ვითხოვდით, მოეცათ ყველა ჩატარებული კვლევა 11 არეალთან მიმართებაში, რა ცვლილებები შევიდა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არეალებზე, გაიცა თუ არა მშენებლობის ნებართვები და ა.შ. – ამ კითხვებზე თბილისის მერიისგან „პუბლიკას“ პასუხები არ მიუღია.

„პუბლიკის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის სანახავად, გადადით ბმულზე

თბილისის მერიამ „პუბლიკას“ საჯარო ინფორმაციის სახით მისცა მხოლოდ ორი არეალის კვლევა. ესენია: ლისის ტბის არეალი და წავკისი-შინდისის არეალი; ასევე საკრებულოს 14 ივლისის დადგენილება, შეზღუდვების მოხსნის შესახებ, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

საჯარო ინფორმაციის გარდა, „პუბლიკას“ ჰქონდა კონკრეტული შეკითხვები მერიის წარმომადგენლებთან, მაგრამ მათ ინტერვიუზე უარი თქვეს.

რა მიმართულებით განვითარდება ქალაქის ყველაზე სენსიტიური არეალები, ამაზე თბილისის მერიასთან ერთად პასუხისმგებლობას ქალაქის საკრებულოც იღებს, რადგან თბილისის მერიის ინიციატივა საკრებულომ მოიყვანა სისრულეში და არეალებს დადგენილი შეზღუდვები სრულად ან ნაწილობრივ მოუხსნა.

რის საფუძველზე მოხსნა საკრებულომ შეზღუდვები ტერიტორიებზე და რა დოკუმენტები/კვლევები წარუდგინა ქალაქის მერიამ ქალაქის თვითმმართევლობას? – ამ კითხვით ჩვენ საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარეს რევაზ სოხაძეს მივმართეთ.

რევაზ სოხაძის თქმით, ცალსახად იმის თქმა, რომ შეზღუდვები ყველა არეალზე მოიხსნა, არასწორია. ის მიგვითითებს, რომ შეგვიძლია გადაწყვეტილებები გენერალური გეგმის დოკუმენტში შესულ ცვლილებებში დავინახოთ, რაც რთულ, სპეციფიკურ – საექპერტო თუ იურიდიულ ცოდნას მოითხოვს. თუმცა, ამის გათვალისწინებითაც სათუოა დადგენილებში შესული ცვლილებების მიხედვით სრული სურათის დანახვა.

„გენგეგმის მიღების შემდგომ მერიამ შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა. ყველა არეალთან მიმართებაში განისაზღვრა, როგორ არის შესაძლებელი ამ არეალების განვითარება. ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ შეზღუდვები მოიხსნა. ეს არის უბრალოდ შეზღუდულ არეალებში განვითარების ახალი მიდგომების ჩამოყალიბება“, – ამბობს ის.

კითხვაზე – აქვს თუ არა ნანახი 11-ვე არეალის კვლევის დოკუმენტი, იცნობს  თუ არა მათ შინაარსს? – სოხაძე გვპასუხობს: „დიახ. უამრავი მოსაზრება არსებობს და უამრავი დოკუმენტი შეიქმნა ამ თემებზე. ამ დოკუმენტების საფუძველზე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. კვლევა და დაკვირვება მუდმივად უნდა წარმოებდეს ქალაქზე, როგორც ცოცხალ ორგანიზმზე. ამ ეტაპისთვის ის კვლევები და მასალა, რომლებიც ჩვენს ხელთ იყო, ანუ მერიის შესაბამისი სამსახურების ხელთ, ჩაითვალა იმ გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი, რა გადაწყებტილებებიც იქნა მიღებული“, – განაცხადა მან.

 

რას ამბობენ სპეციალისტები? –შიო დემეტრაშვილი – არქიტექტორი

რატომ უნდა უსწრებდეს სხვადასხვა ტერიტორიის განვითარებას წინ კვლევები; რა როლი აქვს ქალაქის ურბანული განვითარებისთვის წინასწარ კვლევებს; რა შავდება თუ ქალაქის მთავრობა ქალაქის განვითარებაში ამ მნიშვნელოვან პროცესს უგულებელყოფს; მოხსნა თუ არა მერიამ 11 არეალზე შეზღუდვა კვლევების ჩაუტარებლად, თუ – კი, რაზე მეტყველებს პროცესის ასეთი მიმდინარეობა – ამ და სხვა საკითხებზე „პუბლიკა“ დარგის სპეციალისტებს ესაუბრა.

შიო დემეტრაშვილი არქიტექტორია. ის 11 არეალიდან 3-ის კვლევაში უშუალოდ იყო ჩართული. ჩატარდა თუ არა დანარჩენ 8 არეალზე კვლევა, შიო დემატრაშვილმა არ იცის. მისი თქმით, თუ მერიამ ამ არეალებთან მიმართებით დაკისრებული ვალდებულება სრულად არ შეასრულა და შეზღუდვები ისე მოხსნა, ეს ქალაქისთვის ცუდი გადაწყვეტილებაა.

შიო დემატრაშვილი გვესაუბრა კვლევებზე, რომლებშიც თავად მონაწილეობდა. ის მონაწილეობდა წავკისი-შინდისის, ვარკეთილისა და ლისის ტბის არეალების კვლევებში. ამბობს, რომ ამ არეალებთან მიმართებაში პროექტებს საბოლოო, სრულყოფილი სახე არ მიუღია, ისინი ხედვის ეტაპზე შეჩერდა. გვეუბნება, რომ იმედი აქვს საკრებულომ კვლევის მასალები გამოიყენა, როცა არეალებს შეზღუდვების მოხსნაზე იმსჯელა.

დემეტრაშვილის თქმით, თითოეულ არეალთან მიმართებაში კვლევები სხვადასხვა სპეციფიკიდან გამომდინარე ტარდებოდა – საცხოვრებელი გარემო, ბუნებრივი გარემო, ტრანსპორტის საჭიროების შესწავლა და შესაძლოა ცალკეული კვლევები – მაგალითად, გეოლოგიური ან ჰიდროლოგიური ნაწილი დასრულდა, თუმცა პროექტები საბოლოო ეტაპამდე არ მისულა და კვლევებზე დაფუძნებული ხედვის შემუშავების ეტაპზე შეჩერდა.

ერთ-ერთი ასეთი იყო წავკისი-ტაბახმელის არეალის კვლევა. მერიასთან ის თანამშრომლობდა, როგორც კონსულტანტი. წავკისი-ტაბახმელის ტერიტორია სუბურბანული დასახლებაა [სუბურბანიზაცია – ქალაქის გაზრდა გარეუბნების ხარზე]. მისი თქმით, ჯგუფის ამოცანა სუბურბანიზაციის უარყოფითი ეფექტის მაქსიმალურად შემცირება იყო – უნდა განესაზღვრათ, სად იყო რისკის შემცველი ტერიტორია და დაუშვებელი მშენებლობა; სად უნდა გაკეთებულიყო ქუჩები და გზები და სად მონიშნულიყოსოციალური ინფრასტრუქტურის ადგილები.

თავად მიაჩნია, რომ სუბურბანული დასახლების განვითარება არამდგრადია და ქალაქგარეთ მიწებს სარეკრეაციო და სასოფლო სამეურნეო დატვირთვით უნდა შეუნარჩუნდეს. აღნიშნული საკითხი ახალ გენერალურ გეგმაში ნათლად არის გამოკვეთილი.

მონაწილეობდა ვარკეთილის არეალთან დაკავშირებულ კვლევაშიც. ვარკეთილის არეალში პრობლემური, ავარიული საცხოვრებელი ფონდია. იქ ძირითადად პირველი ტალღის „ხრუშოვკებია“ და კორპუსების 30%-ზე მეტი ავარიულია.

მისი თქმით, კვლევის შედეგების მიხედვით, ცხადი გახდა, რომ მუნიციპალიტეტს ამ არეალთან მიმართებაში მეტი პასუხისმგებლობა უნდა აეღო, რადგან მოსახლეობა მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფება. მერიის მოლოდინი და სპეციალისტების ხედვა მთავარ ნაწილში ერთმანეთს არ დაემთხვა.

დემეტრეშვილის თქმით, მერიის მოლოდინი იყო, რომ პროექტის მიხედვით ვარკეთილის ამ  ნაწილს საინვესტიციო ტერიტორიად განიხლავდნენ, მენაშენეებისთვის გადაცემის  მიზნით, რომლებიც მოსახლეობას ავარიულ საცხოვრებლებს ჩაუნაცვლებდა. ეს კი თავის მხრივ გულისხმობდა იმასაც, რომ ინვესტორები მოგების მიზნით ამ დასახლების სიმჭიდროვეს გაზრდიდნენ. არქიტექტორი ამბობს, რომ კვლევის შედეგად ნათელი გახდა, რომ ეს გაუმართლებელი მიდგომაა, რადგან  ამ შემთხვევაში დასახლების სიმჭიდროვე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევდა.

მისი თქმით, მოსახლეობის გამჭიდროების შედეგად აუცილებელი გახდება დამატებითი სოციალური ინფრასტრუქტურის აშენება, რისი ფიზიკური რესურსიც არ არის. ის აღნიშნავს, რომ სწორი იქნება, თუ სახელმწიფო/მუნიციპალიტეტი პირდაპირ მიიღებს მონაწილეობას გადაუდებელი საჭიროების საბინაო ფონდის შექმნაში და სიმჭიდროვის გაზრდისა და ტერიტორიის გადატვირთვის გარეშე გადაჭრის ავარიული საცხოვრებელი ფონდის პრობლემას, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც უამრავი თანხა იხარჯება დროებით, ქირით უზრუნველყოფის მიზნით. (დემეტრაშვილის თქმით, მერიას ავარიულ სახლებში მცხოვრებლები ქირით ჰყავს გაყვანილი).

„არსებული მიდგომით, ინვესტორის მოგებაზე დამოკიდებული განვითარება ფაქტობრივად მოსახლეობის გასამმაგებას გულისხმობს. სიმჭიდროვის ზღვრული მაჩვენებლის ზრდა, გაზრდის მოთხოვნას ტრანსპორტზე, საინჟინრო და სოციალურ ინფრასტრუქტურაზე: 2 სკოლის ნაცვლად 5 სკოლა უნდა იყოს, 2 ბაღის ნაცვლად – 5 ბაღი და საბოლოოდ არაჯანსაღი გარემო ჩამოყალიბდება. არსებულ პრობლემას უბრალოდ დროებით, ახალი პრობლემით ჩავანაცვლებთ.

გავუზიარეთ კვლევების შედეგები, რომ ჩვენთან დამკვიდრებული მიდგომით ვერ მოგვარდება პრობლემა, რომ სახელმწიფომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და საბინაო ფონდზე მეტად უნდა იზრუნოს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ განსხვავებული მიდგომებისთვის მზაობა არაა. იმაზე მეტი პასუხიხმგებლობის აღება, ვიდრე დღეს აქვს, ხელისუფლებას არ უნდა, და საბოლოოდ, პროექტი ხედვის ეტაპზე შეჩერდა“, – ამბობს დემეტრაშვილი.

 

კახა ბახტაძე – გეოგრაფი, გარემოს დაცვის სპეციალისტი

გარემოს დაცვის სპეციალისტი კახა ბახტაძე ლისისა და წავკისი-ტაბახმელას არეალების კვლევებში, გარემოს შესწავლის ნაწილში იყო ჩართული. როგორც ის განმარტავს, ლისისა და წავკისი-ტაბახმელას ტერიტორიებზე შეფასდა ბიომრავალფეროვნება, ჰიდროლოგია, გეოლოგია, ანალიზი გაუკეთდა მოპოვებულ ინფორმაციას. ამბობს, რომ მონაცემების მოძიებისა და დამუშავების ნაწილის დასრულების შემდეგ მერიამ სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიასთან კონტრაქტი შეწყვიტა. პროექტში ჩართულმა სპეციალისტებმა ვეღარ გააგრძელეს საბაზისო მონაცემების საფუძველზე სივრცული დაგეგმარების მიმართულებაზე მუშაობა.

ჩვენ ბახტაძეს ვთხოვეთ, მოეყვანა კონკრეტული მაგალითი, რა სამუშაოების დასრულება ვერ შეძლეს სპეციალისტებმა.

„მაგალითად, სად უნდა განისაზღვროს ბიომრავალფეროვნების მკაცრი დაცვის ზონები –  ჩვენ აღარ გაგვიკეთებია ის, რაც თავიდან პროექტით იყო გათვალისწინებული, რადგან პროექტი შეჩერდა“, – ამბობს ის.

გეოგრაფის თქმით, მერიაში მათ განუცხადეს, რომ შეგროვებული საბაზისო ინფორმაცია მათთვის სრულიად საკმარისი იყო და დარჩენილ  ნაწილზე მუშაობას თავად გააგრძელებდნენ.

გარემოს დაცვის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში უსისტემოდ ფუნქციაშეცვლილმა ნაკვეთებმა, ქალაქის რეკრეაციული ღირებულების არეალები კრიზიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა. შექმნილი მდგომარეობა მძიმედ  დააწვება როგორც მიწის მესაკუთრეებს, ისე თბილისის მუნიციპალიტეტს. რადგან ნაკვეთები კერძო საკუთრებაშია, კვლევების პროცესში მერიაზე იყო ზეწოლა, რომ ძველი ზონირება დაბრუნებულიყო, ანუ მოხსნილიყო შეზღუდვები. (ზონირება ადგენს ტერიტორიის გამოყენებისა და განვითარების ნორმებს).

„როგორც დავინახეთ, დაინტერესებული საზოგადოებისგან/მიწათმესაკუთრეებისგან იყო ზეწოლა მერიაზე, როგორღაც მომხდარიყო  ზონირების შეცვლა, როგორღაც გაჩერებულიყო და ზონირების სტატუსი დაბრუნებოდა ისეთ მდგომარეობას, როგორშიც ადამიანებს რაღაც ცვლილებების მოხდენა შეუძლიათ აღნიშნული ტერიტორიების ასათვისებლად“, – ამბობს ის.

კახა ბახტაძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა მომხდარიყო ყველა ჩატარებული კვლევის ანალიზი, კვლევების ერთმანეთზე გადაფარვა და ზუსტი ზონირების განსაზღვრა, რაც მათ, პროექტზე  მომუშავე ჯგუფს არ გაუკეთებია. ბახტაძე ადასტურებს, რომ ამ ორ არეალთან მიმართებაში საბაზისო ინფორმაცია შეგროვდა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გადასვლა ვეღარ მოხერხდა.

კახა ბახტაძის თქმით, ქალაქის მერიას აქვს ექსპერტული შესაძლებლობა, რომ გააანალიზოს და თვითონ დაადგინოს ზონები, მაგრამ ამას, სულ ცოტა, საზოგადოების ჩართულობა და ამ დარგის სხვა სპეციალისტებთან კონსულტაცია სჭირდება.

ზოგადად რომ შევაფასო, ამ გადაწყვეტილებით ვხედავ იმ საფრთხეს, რომ შეიძლება ეს ტერიტორიები დაიკარგოს. დაიკარგოს მათი რეკრეაციული ღირებულება. ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამ ტერიტორიებზე რამდენიმე სახლის განთავსების შემდეგაც კი. იქ არის განსაკუთრებული ლანდშაფტი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დაცვა“, – განაცხდა მან.

 

მერაბ ბოლქვაძე – ურბანისტი, თბილისის გენერალური გეგმის დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი

თბილისის მერიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს არ იცნობს გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი და ჯგუფის ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძეც. როგორც ურბანისტმა განაცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია ჩაატარა თუ არა ამ არეალებზე კვლევები თბილისის მერიამ, თუმცა ადასტურებს, რომ მერიას ამ 11 არეალის საჭიროებები დეტალურად უნდა დაედგინა.

„ამ არეალების კვლევები უნდა ყოფილიყო საფუძველი გადაწყვეტილებების. ვნახოთ… სავარაუდოდ, ვფიქრობ, რომ ისინი უნდა იყოს დაფუძნებული კვალიფიციურ შესწავლაზე. ქალაქის 15%-ზე ხომ არ უნდა გავაფუჭოთ მდგომარეობა? ამიტომ, ჩატარებული სამუშაოების შესახებ, ვფიქრობ, რომ გააკეთებენ განმარტებას და ახსნიან, რატომ დაუშვეს ამა თუ იმ ტერიტორიაზე განაშენიანება, რა ინტენსივობით, მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს,  გზების საკითხი როგორ წყდება, კომუნიკაციებს როგორ აგვარებენ და ა.შ.“, – განაცხადა მან.

მერაბ ბოლქვაძემ ქალაქისთვის თბილისის ზღვისა და ლისის ტბის რეკრეაციულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ზღვის მიმდებარე ტერიტორიები სამშენებლოდ არ უნდა იყოს გამოყენებული:

„ლისი ტბასთან ახლოს მისვლა, ტბის კვების წყაროებს დაახშობს, გააფუჭებს, ვერ მოხდება ტბის თვითაღდგენა. ეს თუ ვერ შეძლო, იქცევა ჭაობად და დაავადებების გავრცელების კერად. ამიტომ თბილისის ირგვლივ არსებული ასეთი სივრცეები უნდა იყოს რეკრეაციული“,- განაცხადა მან.

მაიკლ ჰოსეკი, ჩეხი ექსპერტი ბიომრვალფეროვნების მიმართულებით

მაიკლ ჰოსეკი ექსპერტია ბიომრავალფეროვნების მიმართულებით, ის არის ორგანიზაცია INTEGRA Group-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი. ჰოსეკი ჩართული იყო ლისის ტბის არეალის ლანდშაფტის კვლევის ნაწილში, დაქირავებული იყო კომპანია „ბაუ დიზაინის“ მიერ. მისი თქმით, კვლევის დამკვეთი იყო თბილისის მერია და კვლევის ჩატარება საჭირო გახდა დედაქალაქის გენერალური გეგმის დოკუმენტის სრულყოფის მიზნით.

მაიკლ ჰოსეკი თავის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებსა და ლისის ტბის არეალის რეკრეაციულ მნიშვნელობაზე გვესაუბრა.

ის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ლისის ტბის მიმდებარე არეალები გამოყენებული უნდა იყოს სარეკრეაციო მიზნებისთვის და შენარჩუნდეს, როგორც ბუნებრივი პარკი. აღნიშნავს,  რომ ეს არეალი ამ ეტაპზე  ურბანული განვითარების კუთხით ზეწოლას განიცდის.

„ძალიან მალე უნდა დაიწყოს ლისის ტბის არეალის სივრცითი დეტალური დაგეგმარება. ამჟამინდელი დოკუმენტები ზედაპირული და ხელოვნურია და სამწუხაროდ, ის პრაქტიკაში ვერ განხორციელდება“, – განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ლისის კვლევის დოკუმენტში ლანდშაფტის კვლევის ნაწილი, ის რაზეც მაიკლ ჰოსეკი მუშაობდა, არ არის ასახული. დოკუმენტში წერია, რომ ლანდშაფტის კვლევა დამუშავების პროცესშია. თუმცა, ჩეხი ექსპერტი აცხადებს, რომ ლისის ტბის ლანდშაფტის კვლევა მერიამ ივნისში ჩაიბარა.

არქიტექტორი შოთა დემეტრაშვილიც ამბობს, რომ ლანდშაფტის ნაწილი კვლევის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ჩნდება კითხვა – რატომ არ ასახა ის მერიამ ჩვენთვის მოწოდებულ დოკუმენტებში? და თუ ის არ არის ასახული, მაშინ რაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება საკრებულომ?

შენიშვნა: „პუბლიკა“ მაიკლ ჰოსეკთან ვრცელ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ

 

სტატია მომზადებულია „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ თბილისის ოფისის მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძელებელია არ გამოხატავდეს „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ თბილისის ოფისის შეხედულებებს.