ანა ილურიძის პოდკასტი:
სახელმწიფოსა და ნაციას საკუთარი სექსუალობა და სექსუალობის პოლიტიკა აქვს, რომლითაც განისაზღვრება, რომელი სუბიექტები და პრაქტიკაა წახალისებული ქვეყნის შიგნით, რომელი სხეულია მონიშნული, როგორც წარმატებული, ლამაზი და სასურველი.
ამ პოდკასტში მინდა, გავაანალიზო სექსუალობა და სურვილი, როგორც პოლიტიკური მნიშვნელობის აქტი, განსაკუთრებით ისეთ სუბიექტებთან მიმართებაში, რომლებსაც, საქმიანობის გამო გარკვეულწილად საკუთარი იდენტობის ამ ასპექტის დათმობა, მასზე უარის თქმა უხდებათ. ეს პოდკასტი პოლიტიკოს ქალებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური სივრცე თანაბრად ჰომოფობიური და ტრანსფობიურია, პოდკასტი ჰეტეროსექსუალი ქალი პოლიტიკოსი სუბიექტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებს ეხება და ცდილობს, ამ მოვლენის ქვეყნის სექსუალური პოლიტიკის ჭრილში გაანალიზებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია ამ პოდკასტის ახლა ჩაწერა, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვეც არ არის დარჩენილი. 2020 წელს, გენდერული კვოტირებისა და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, პარლამენტში იმაზე მეტი ქალი პოლიტიკოსი დაიკავებს ადგილს, ვიდრე აქამდე დაუკავებია. ვფიქრობ, ეს აქტი შესაძლოა, ახალი ტიპის წინააღმდეგობის დასაწყისი გახდეს.
ბოლო წლების განმავლობაში სექსუალური ძალადობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების გზით, ბევრჯერ გახდა პოლიტიკურად აქტიური, თუმცა, ურჩი ქალების დასჯის იარაღი. ისევე როგორც სხვა ტიპის გენდერული ძალადობის შემთხვევაში, გავლენის მქონე პირები დასჯის ამ ფორმას პოლიტიკოსი ქალების მიმართ მიმართავენ მაშინ, როდესაც „აჯანყებული” ქალი მათ მიერ წარმოებულ პოლიტიკას არ ეთანხმება, უარყოფს და საკუთარი მოქმედების არეალს ინიშნავს. გარდა ძალადობისა, ეს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი ბარიერია.
კი, კაცები ზუსტად ამას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ პოლიტიკა ქალის საქმე არ არის, რომ ის იქ აუცილებლად „გაისვრება“, რადგან „პოლიტიკა ბინძური საქმეა“. სინამდვილეში, პოლიტიკა სულაც არაა ბინძური საქმე, უბრალოდ, ის ჰეტერო-პატრიარქალური, მასკულინური, ქალებისთვის დახურული სივრცეა, რომელშიც ქალი სხვადასხვა ფორმის, სპეციფიკურ ძალადობას ექვემდებარება. ძალადობა მიმართულია საჯარო სივრციდან აქტიური ქალების მოცილებისა და მათი გაჩუმებისაკენ და ცალკეულ შემთხვევაში, გამოყნებულია დასჯის იარაღად.
თუმცა, საქართველოში ქალი ძალადობას თითქმის ყველა სივრცეში აწყდება და შესაბამისად, ეს არ გამხდარა და არც უნდა გახდეს იმის საბაბი, რომ პოლიტიკა ქალებისგან გათავისუფლდეს. ყველა ქალი პოლიტიკოსი, რომელმაც რამენაირად მოახერხა და საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შევიდა, უნდა დავაფასოთ იმ სიმამაცისთვის, რომელიც სჭირდება კაცების ინტერესებზე ექსკლუზიურად მორგებული სივრცის დაკავებას. თუმცა, იმის გამო, რომ ქალები ამ სივრცის დაკავების სანაცვლოდ საკუთარი იდენტობის გარკვეულ (ქალურ) ნაწილს თმობენ, სამწუხაროდ, ამ დრომდე, ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა გენდერული თანასწორობის კუთხით პოლიტიკურ პროცესებში რაიმე ძირეული გარდატეხის შეტანა.
პოლიტიკოსი ქალების სექსუალობა ამბივალენტური სტრუქტურისაა. მათ, როგორც არავის, მოეთხოვებათ იყვნენ ლამაზი და სასურველი სუბიექტები და ამავე დროს, მოეთხოვებათ საკუთარი ქცევით დაამტკიცონ, რომ ამ სილამაზისა და სურვილის მიღმა, არ გააჩნიათ სექსუალობა და რჩებიან ან სურვილის ობიექტებად, ან გარკვეულწილად ემსგავსებიან კაცებს, რომელთა საჭიროებებსა და სურვილებზე დაყრდნობითაა ეს სივრცე კონსტრუირებული. შესაბამისად, თითქმის ყოველთვის, ქალი პოლიტიკოსი ხდება რაღაცნაირი, ჰიბრიდული სუბიექტი, რომლის სექსუალობა და იდენტობა, ერთი შეხედვით გამქრალია საჯარო სივრციდან მანამ, სანამ მისი ძალადობის ან ზეწოლის მიზნით გამოყენება არ იქნება საჭირო.
ქალი პოლიტიკოსის გენდერული იდენტობის ანალიზი შეუძლებელია სახელმწიფოს სექსუალური პოლიტიკის მიღმა, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს, როგორი გენდერული და სექსუალური რეჟიმი დამყარდება ქვეყანაში. დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები განსაზღვრავენ იმასაც, როგორ უნდა იყოს სურვილი და მიკუთვნებულობა სოციალურად ორგანიზებული.
საბჭოთა კავშირის დროს, ყველა ქალი, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო, პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, დადებითად ხასიათდებოდა იმ ნიშნით, რომ მან საკუთარი პირადი ცხოვრება კარიერასა და ქვეყნის სამსახურს შესწირა. ამ რწმენას 90-იანმა წლებმა და პოლიტიკურად (და სექსუალურად) აქტიურმა ქალების ჯგუფებმა საყრდენი მხოლოდ ცოტა ხნით გამოაცალა, რადგან ომის შემდგომ, ღარიბ და ნაციონალურ სენტიმენტებზე ჩამოკიდებულმა პოსტსაბჭოთა საქართველომ მალევე დაუბრუნა პოლიტიკას მისთვის ცნობილი ქალი პოლიტიკოსის სახე.
„სექსუალობის ისტორიაში“ ფუკო ამბობს, რომ სურვილი, როგორც ასეთი, არ არსებობს ისტორიული ძალაუფლების მიღმა, პირიქით, ის დისკურსულად შექმნილი და ისტორიულად განსაზღვრულია, გადახლართულია ცოდნისა და ძალაუფლების გამოვლინებებში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული დისკურსი და განსხვავებული სოციუმი სხეულებს განსხვავებულად აორგანიზებენ, ან, „სხეულებისა და სურვილის განსხვავებულ ეკონომიკას“ აწარმოებენ (Foucault, 1990: 159).
შესაბამისად, როდესაც ქალი პოლიტიკოსების სხეულებისა და სურვილების ორგანიზებაზე, მათ დაქვემდებარებასა და გამოყენებაზე ვსაუბრობთ, ვერ გავექცევით იმ გარემოებას, რომ ეს ყველაფერი ღრმად „ჩარგულია“ ქალთა ჩაგვრისა და გენდერული უთანასწორობის ისტორიაში.
ამასთან ერთად, პოლიტიკა, როგორც ქალის სექსუალობისთვის „უცხო“ და „ეგზოტიკური“ სივრცე, შესაძლოა თავად აწარმოებდეს აკრძალულ და საშიშ სიამოვნებებს. თითქოს მმართველობის სისტემაში აღმოცენებული ნებისმიერი სურვილი ამ სისტემის სამსახურში იმთავითვე განწირული იყოს და კვლავ, დაუსრულებლად აწარმოოს იგივე დისკურსი სიჩუმის, ნების დართვის ან უბრალოდ, ამ სივრცეში არსებობის ფასად. მაგრამ, ქართულ რეალობაში, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალებმა შეძლეს „დაესაკუთრებინათ“ საკუთარი სექსუალობა, არ შერცხვენოდათ მისი და შედეგად დაეტოვებინათ ძალაუფლების სივრცე.
მსგავსი რეჟიმი არ არის მხოლოდ იმ ძალაუფლებისა და გავლენის ინსტრუმენტი, რომელიც იდენტობებისა და სხეულთა ურთიერთობების რეჟიმს განსაზღვრავს. ის ასევე შეიძლება გადაიქცეს წინასწარ განსაზღვრული და ფიქსირებული იდენტობების წინააღმდეგობის სტრატეგიად. (Foucault, 1990). მიუხედავად იმისა, რომ ქალი პოლიტიკოსები დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არიან ფიქსირებული როგორც სექსუალურად ჰიბრიდული, ამბივალენტური და მეორეხარისხოვანი სუბიექტები, ისინი, ამავე დროს წარმატებით „ემსგავსებიან“ ძალაუფლების პოზიციაში მყოფ პირებს (კაცებს) იმგვარად, რომ ამ „მსგავსებამ“ მათ, მომავალში, შესაძლოა საშუალება მისცეს წინააღმდეგობა გაუწიონ გენდერის ნიშნით მოძალადე და მჩაგვრელ სისტემებს.
პროექტს „ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.