ინტიმური აჯანყება: სხეული, ასაკი, იდენტობა ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

ანა ილურიძის პოდკასტი:

***

პოდკასტის მეორე ნაწილის ონლაინინტერვიუსთვის მადლობა ექვს არაჩვეულებრივ გოგოს, რომელთა მეშვეობითაც ვეცადე, მომეყოლა იმის შესახებ, თუ რა იციან ახალგაზრდა გოგოებმა საკუთარ სექსუალობაზე, როგორ აღიქვამენ სხეულს, რა ექსპერიმენტებს ატარებენ მასზე ზრდისა და ცვლილებების პროცესში და როგორ მოქმედებს საკუთარი სექსუალობის აღქმა იდენტობის ჩამოყალიბებაზე.

პოდკასტის მომზადების პროცესში ასევე გამოყენებულია ლორენ ბარლანის ესეების კრებული „ამერიკის დედოფალი ვაშინგტონში მიემგზავრება”, რომელიც სექსუალობის, ინტიმურობის საკითხებს იკვლევს და სოციალურ სტრუქტურებთან მათ კავშირს შეისწავლის.

***

ის, რაზეც დღეს ამ პოდკასტში უნდა ვილაპარაკო, არის გოგოების მიერ ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩენილი იმპულსი, თავშეკავება, სხვა ინტენსივობა, ტემპორალობა და მელოდრამა. ეს არაა გამიზნულად რაციონალურის, დაფიქრების წინააღმდეგ წასვლა, არამედ იმ ყველაფრის განცდაა, რაზეც ფიქრობენ და როგორც ფიქრობენ; პრაქტიკულად, ცნობიერების შეცვლა და აღმოჩენაა, რომ ურთიერთდაკავშირებულ, მოსაწყენ, ცოტათი ტრაგიკულ, მაგრამ სექსუალიზებულ აწმყოში ვცხოვრობთ, რომელიც უსასრულოდ გრძელდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა არა ამ იმპულსისა და თავშეკავების, ან გრძნობების არსებობის აღმოჩენაა, არამედ იმის გააზრება, რომ ამ ცვალებად შეგრძნებებს რამენაირად უნდა დააშენო ის, რასაც რეიმონდ ულიამსი „გრძნობის სტრუქტურას” (1977) უწოდებს და რომელიც შენს მომავალ ცხოვრებას განსაზღვრავს. აი, ეს სტრუქტურაა ჩემთვის სექსუალობა.

ამ ახლად აღმოჩენილ განცდებზე, დროისა და ტემპორალობის ცვლილებაზე გოგოებს არავინ ელაპარაკება, ისინი ვერცერთ კურიკულუმში ვერ პოულობენ პასუხს შეკითხვაზე – რატომ არის სიამოვნება და ტკივილი ერთმანეთთან კავშირში; რატომ იცვლება მათი აქამდე თავისუფალი სხეული იმგვარად, რომ უხერხულობის აქამდე უცნობ განცდას იწვევს და უბიძგებს ეს სხეული რამენაირად უჩინარი გახადონ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გოგოებისთვის ამ აღმოჩენის გააზრება, თავიდან დაკავშირებულია არა გამოხატვასა და თვითრეპრეზენტაციასთან, როგორც მოვლენასთან, არამედ შფოთვასთან, რომ პროცესი, რომელშიც გამოხატვასა და თვითრეპრეზენტაციას სხვანაირი მნიშვნელობა ენიჭება, დაიწყო.

სტილი, რეპრეზენტაცია ამის შემდეგ ხდება სამყაროსთან ზედმეტად ახლოს ყოფნისგან დისტანცირების მექანიზმი. ხანდახან, ეს შეიძლება იყოს ორივე – საკუთარი თავის დაცვაც და დახმარების თხოვნაც, იმისთვის, რომ არსებულ „წესრიგში” რაღაცები შეიცვალოს. ნებისმიერ შემთხვევაში, სექსუალობის აღმოჩენასთან დაკავშირებული რეპრეზენტაციისა და თვითგამოხატვის ცვლილებები ყოველთვის უფრო ამბივალენტური და არათანმიმდევრულია, მარტივი, თუმცა ამოუხსნელი მიზნებით.

ხშირად, გოგოების პერფორმანსი გაჯერებულია მოლოდინით, ამ აღმოჩენის სრულყოფის, თანმხვედრი აზრისა და გაზიარების მოლოდინით. სწორედ ამიტომ, ნელ-ნელა ისინი ხდებიან სოციალური, საჯარო და კოლექტიური კომპონენტის ნაწილი, რაც ამ პროცესის დასაწყისში ჩაფიქრებული და გააზრებული სულაც არ იყო.

რა თქმა უნდა, კულტურული და სოციალური რეალობა ცვლის ამ პროცესისა და პერფორმანსის სახეს. ინფორმაციაზე, სექსუალურ განათლებაზე მისაწვდომობა მეტად გასაგებს ხდის ურთიერთობების ნაწილს, თუმცა, დიდწილად, საკუთარი სექსუალობის აღმოჩენის პროცესი გამოხატვას პოულობს ემოციურად რთულ და დრამატულად დატვირთულ შემთხვევითობებში და ხშირად ითარგმნება უყურადღებობად, უარყოფად, მოწონებად, ინტერესად, სურვილად ან პროექციად. იმის მიუხედავად, შეუძლიათ ან სურთ თუ არა გოგოებს ამ პერიოდში საკუთარ შფოთვასა და მოლოდინებზე საუბარი, მათ უწევთ ამ სექსუალური, ინტიმური მომენტის მართვა, მასთან შეგუება და ხანდახან – მისი უცხო სხეულებთან, უცხო სივრცეებში გაზიარება.

მსგავსი მომენტები და სივრცეები ხშირად რეგულირებული და წინასწარ განსაზღვრულია იმ ჰეტერონორმატიული კულტურით, რომელშიც ვცხოვრობთ და ვიზრდებით. მაშინ, როდესაც ინტიმურობას ეძლევა ეს საჯაროობა, არსებული დისკურსი აიძულებს გოგოებს, იგრძნონ ამ საჯაროობასთან დაკავშირებული მთელი პერვერსია, გარყვნილება, რასაც სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვს მათ რეალურ განცდებთან, რაც პირველ განხეთქილებას წარმოშობს.

საზოგადოება თავიდანვე ასწავლის ქალს, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ სიტუაციაში, რაც პირდაპირ ართმევს გოგოებს ამ პროცესის მართვის შესაძლებლობას და ერთ შემთხვევაში ინტიმური პრაქტიკის მიმართ მათ გაუცხოებას იწვევს. სხვა შემთხვევაში საკუთარი სხეულის აღმოჩენის პარალელურად უბიძგებს მათ, დაუპირისპირდნენ არსებულ სოციალურ წესრიგს. და ეს დაპირისპირება ხდება პროტესტის ყველაზე ინტიმური ფორმა, ან, იულია კრისტევას სიტყვებით „ინტიმური აჯანყება” (1997), რომელშიც კრისტევა გულისხმობს „შემობრუნებას“, „ჩანაცვლებას“, „შეცვლას“, რაც მისთვის თვითფორმაციის, საკუთარი თავის შექმნის აუცილებელი ატრიბუტია.

იმისათვის, რომ საკუთარი თავი შეიცნო, აუცილებელია მარტო დარჩე, მოიშორო ის სოციალური ქსოვილი რომელიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინე. ამ დროს შენ მარტო რჩები შენს მეხსიერებასთან, წარმოდგენებთან, შენ მიერ აღქმულ სხვების სახეებთან. მარტოობა აუცილებელია შესაძლო სოციალური მიმღებლობის ან მიუღებლობის გავლენებისგან, განსჯისგან და საჭიროებებისგან გასათავისუფლებლად.

შედეგად, სექსუალობის აღმოჩენის, მასთან შეგუების ეს პროცესი ყოველთვის არ ხასიათდება იმით, რასაც გრძნობების, ემოციების სიჭარბეს ვუწოდებთ. პირიქით, დიდი ემოციები ამ დროს კრიზისშია და დისციპლინის, შებოჭვის გაკვეთილებს გადის – იქნება ეს მსუბუქი შეხება თუ ექსპრესიული კოცნა, საბოლოოდ ისინი ერთ, მოუხელთებელ გამოცდილებად გადაიქცევა, რომელზეც, გოგოებს შეუძლიათ, თქვან, რომ „არაფერი მომხდარა”, რადგან, მართლაც დიდი არაფერი მომხდარა და თუკი მოხდა, მას ბევრი სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. როგორც ლორენ ბარლანი ამბობს – „არაფერმა” ამ დროს შეიძლება საკუთარ თავში დამალოს რაღაც მოვლენა, ან არც დამალოს (2015).

საჯარო ინსტიტუციები და საზოგადო წარმოდგენები ისეთ ცნებებზე, როგორიცაა „ქორწინება”, „ბედნიერება”, „ოჯახი”, „სექსუალობა” მთლიანად გაჯერებულია ჰეტერონორმატიული დისკურსით და ქმნის გრძელ ჯაჭვს, რომელიც გოგოებს, საკუთარი სხეულის აღმოჩენის პროცესის „სწორად” წარმართვის შემთხვევაში მათ „სწორადვე” გასაჯაროებას ჰპირდება. ამ წარმოდგენებში ქალის სხეული, მათი სურვილი, სექსუალობა, სრულად არის დამოკიდებული კაცის მიერ განსაზღვრულ წესრიგსა და წარმოდგენებზე.

ეს დაპირება, რომელიც ინტიმური სფეროს პირადი ზონიდან გადის და მის საჯარო კომპონენტს წარმოადგენს, ხშირად ხდება მათთვის პრობლემების, საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესის შეწყვეტისა და მისგან გაუცხოების, ან წარმოუდგენელი, წინასწარ განუსაზღვრელი სცენარით მისი წარმართვის საფუძველი. ხშირად, ამ სოციალურ დაპირებასა და მასთან პირადი ინტიმური გამოცდილების აცდენას მოსდევს დრამა, უარყოფისა და ძალადობის გამოცდილება, რასაც ნებისმიერი რეპრესიული სისტემა საკუთარ თავში მალავს.

თუმცა ამ ყველაფრის მიღმა დავალება ერთია – აღვიქვათ საკუთარი სხეული, გენიტალიური ზონები და სიამოვნების წერტილები ფალიკური ლოგიკის მიღმა, წინასწარ განსაზღვრული და მონიშნული სივრცეეების გარღვევის, მათთვის მნიშვნელობის ხელახლა მინიჭებისა და საკუთარი ინტიმური აჯანყების წამოწყების შედეგად.


პროექტს „ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.