ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 15-25 თებერვალს გაიმართება და ამ ფესტივალის ისტორიაში საქართველოდან ყველაზე მეტი ოფიციალური სტუმარი დაესწრება.
ბერლინის მარლენ დიტრიხ პლაცზე მდებარე ცნობილ კინოდარბაზში 15 თებერვალს 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. სამ პარალელურ პროგრამაში – კონკურსში, „პანორამასა“ და „ფორუმში“ – ნაჩვენები იქნება 200-მდე ფილმი (გასულ, 73-ე ფესტივალზე მაგალითად, ფილმების რაოდენობა 287 იყო). წელს გაუქმდა სექციები – „ახალგაზრდა რეჟისორებისთვის“, „გერმანული კინოს პერსპექტივა“ (Perspektive Deutsches Kino) და „ბერლინალეს პერსპექტივა“. ამასთან, მთავარ კონკურსში ფილმების რაოდენობა არ შეიცვლება.
ფესტივალი გაიხსნება ბელგიელი რეჟისორის, ტიმ მილანტსის ისტორიული ჟანრის ფილმით – „ასეთი წვრილმანები“, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში, ირლანდიაში არსებულ ქალთა „გამოსასწორებელ დაწესებულებაზე“ მოგვითხრობს. მთავარ როლებში – კილიან მერფი, ემილი ოუტსონი და კირიან ჰაიდსი.
კრიტიკოსები და ჟურნალისტები საკონკურსო პროგრამაში გამოარჩევენ რამდენიმე რეჟისორულ ნამუშევარს, მაგალითად: იტალიელი პიეტრო მესინას „სხვაგვარ დასასრულს“, ახალი თაობის ავსტრიელი რეჟისორების, ვერონიკა ფრანცისა და სევერინ ფიალას „ეშმაკის აბანოს“, ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ბრუნო დიუმონის „იმპერიას“, გერმანელი ანდრეას დრეზენის „სიყვარულით ჰილდასგან“, დანიელი რეჟისორის, გუსტავ მიოლერის „ხმებს“, ფრანგი ოლივიე ასაიასის „შეჩერებულ დროს“, ამერიკელი რეჟისორის, არონ შიმბერგის „განსხვავებული კაცი“…
ბერლინის კინოფესტივალს წელს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება – ტრიშა ტატლი. 2023 წლის დეკემბერში მან შეცვალა აღმასრულებელი დირექტორი – მარიეტ რისენბეკი და სამხატვრო ხელმძღვანელი – კარლო ჩატრიანი. ასე რომ, საინტერესოა, რა სტრატეგიას აირჩევს ლონდონის კინოფესტივალის ყოფილი დირექტორი (სადაც ის დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მუშაობდა) ბერლინალეს შემდგომი განვითარებისათვის, რადგან დირექტორატის შეცვლა მაინც ბერლინის კინოფესტივალის დღევანდელ კრიზისს უფრო ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ გაბედულ ექსპერიმენტს.
წელს ჟიურის კენიელი წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, ლუპიტა ნიონგო, უხელმძღვანელებს, რომლის სენსაციური დებიუტი სტივ მაკკუინის ფილმში – „12 წელი მონობაში“ – მისთვის „ოსკარით“ გამორჩეული აღმოჩნდა.
ჟიურის წევრები არიან, ასევე: ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ბრეტ კორბეტი, თანამედროვე გერმანული კინორეჟისურის ერთ–ერთი ლიდერი, კრისტიან პეცოლდი, ჰონკონგელი კინოსა და თეატრის მსახიობი ენ ჰეი, თანამედროვე იტალიელი კინოვარსკვლავი ჟასმინ ტრინკა, დღევანდელი ესპანური კინოს გამორჩეული რეჟისორი და პროდიუსერი, ალბერტ სერა (განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წარმატება კანის 2019 წლის ფესტივალზე, რომელზეც ფილმი „თავისუფლება“ სპეციალური პრიზით აღინიშნა).
2024 წელს კინოფესტივალის საპატიო „ოქროს დათვი“ მთელი შემოქმედებისთვის ამერიკელ კლასიკოს რეჟისორს, მარტინ სკორსეზეს გადაეცემა. „პანორამას“ კი 15 თებერვალს გახსნის ლევან აკინის ფილმი – „გზაჯვარედინზე“, რომელსაც ფესტივალის დღეებში რამდენჯერმე აჩვენებენ, მათ შორის – პრესტიჟულ „ცოოპალასტში“. ფილმი რამდენიმე ქვეყნის კოპროდუქციაა და მათ შორისაა საქართველოც, რადგან გადაღება ბათუმშიც მიმდინარეობდა. მთავარ როლს თუმანიშვილის სახელობის თეატრის ცნობილი მსახიობი, მზია არაბული ასრულებს. აღსანიშნავია, ასევე, ლუკა ქარჩავას სამსახიობო დებიუტი.
საქართველოს კინოცენტრის დაფინანსებით, წელს ბერლინალეზე ჩვენი ოფიციალური 34-კაციანი დელეგაცია მიემგზავრება. დელეგაციის წევრების დიდი უმრავლესობა საერთოდ არ არის დაკავშირებული კინოსთან ან კინოინდუსტრიასთან და ეს ხდება მაშინ, როდესაც, 450 კინემატოგრაფისტი ბოიკოტს უცხადებს კინოცენტრს, ხოლო თანამედროვე ქართული კინოს საუკეთესო ფილმებსა და პროექტებს ბერლინალეს მარკეტზე წარადგენს დამოუკიდებელი ინსტიტუცია – საქართველოს კინოინსტიტუტი (GFI – Georgian Film Institute).
მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA) მონაწილეობს წელს ბერლინალეს კინობაზრობაში. DOCA არის საქართველოს კინოინსტიტუტის პარტნიორი, რომელიც ბერლინალეზე დამოუკიდებელი სტენდით წარდგება. დოკუმენტური კინოს ასოციაციამ მოახერხა დამოუკიდებელი ქართული კინოს საერთაშორისო პოზიციონირება, ისე, რომ მან შეძლო მოეპოვებინა როგორც ფინანსური, ასევე შინაარსობრივი მნიშვნელობა და კონტრიბუცია.
ბერლინალეზე „დოკას“ წარმოადგენს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ქეთო ყიფიანი და თავმჯდომარე – სალომე ჯაში. ევროპის კინობაზრობაზე DOCA-ს ორი წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს, ასევე, სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში.
კინოდოკუმენტალისტი და რეჟისორი სალომე ჯაში მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში – „კინოგაქირავების მნიშვნელობა და რეალიზაცია დოკუმენტური კინემატოგრაფის შემდგომ განვითარებაში“, ხოლო რეჟისორი მარიამ ჭაჭია (ამ ასოციაციის საბჭოს წევრი) – მრგვალი მაგიდის დისკუსიაში – „კინოდოკუმენტები და მათი წვდომა ახალგაზრდა აუდიტორიისთვის“. ორივე დისკუსია ევროპის დოკუმენტური კინოს ასოციაციასთან – Documentary Association of Euope – პარტნიორობით იმართება.
ალბათ, გახსოვთ ქალბატონ–მინისტრის რა რეაქცია მოჰყვა რეჟისორ მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმის, „ჯადოსნური მთის“ ჩვენებას დეკემბერში, თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ეს თვალსაჩინოდ წარმოადგენს ახალი კინოცენტრის პირობებში, ზოგადად, სახელმწიფო პოლიტიკის დამოკიდებულებას დოკუმენტური კინოს მიმართ, თუმცა მანამდე საკმარისია, ისიც გავიხსენოთ, რა ბედი ეწია გასულ 2022 წელს, სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს – „მოთვინიერება“. ოლიგარქზე უფრო მეტად მორწმუნე ბიძინისტებმა მაშინ გადაწყვიტეს, რომ ფილმში „მოცურავე ხეების“ შთამბეჭდავი დოკუმენტური კადრები სახიფათო სიგნალებს შეიცავდა და ოლიგარქის რეპუტაციის დასაცავად მთელი კამპანია წამოიწყეს ფილმის ასაკრძალად…
ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის დოკუმენტურ ფილმს – „დედა–შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ – ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მაყურებელი სპეციალურ ჩვენებაში – „ფორუმზე“ ნახავს. ფილმი რეჟისორმა მიუძღვნა დედას, საქართველოში პირველ ქალ რეჟისორს, რომელიც ასევე პირველი ქალი–რეჟისორია მთელ საბჭოთა კავშირში. ნუცა ღოღობერიძე 25 წლის ასაკში გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმების დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში, თუმცა სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო.
„სიდიადე შეხამებული მოკრძალებულობასთან: მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი ლანა ღოღობერიძე დედამისს იხსენებს – ნუცას, რომელიც, თავის მხრივ, პირველი რეჟისორი ქალი იყო საქართველოში. ეს არის ფემინისტური, მოსიყვარულე და ძალადობისადმი კრიტიკული დამოკიდებულება იმის შესახებ, როგორ დარჩე ადამიანად ბნელ დროში”, – აღნიშნულია ბერლინალეს ოფიციალურ ვებგვერდზე, ლანა ღოღობერიძის ფილმის შესახებ.