სამუშაო ადგილები და ინდუსტრიის განვითარება - რა ხედვა აქვთ პარტიებს

პუბლიკა

ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე, ტრადიციულად, საქართველოში ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება  – ამას მოწმობს საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდება (NDI, 2023. SAVANTA, 2024, Edison Research 2024).

„კავკასიის ბარომეტრი 2024-ის“ მიხედვით,  რესპონდენტთა 50% აცხადებს, რომ სამსახური არ აქვს.

საინტერესოა, რომ თანაინვესტირების ფონდის მონაცემებით, წარმოების სექტორი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-ს, ხოლო დასაქმების 5%-ს შეადგენს.

„პუბლიკამ“ წინა სტატიით გაგაცნოთ, თუ რას ფიქრობენ პარტიები შრომის საკითხებზე, ამ სტატიის თემა კი სწორედ დასაქმების პოლიტიკასა და წარმოების განვითარებას შეეხება (პარტიათა შერჩევის მეთოდოლოგიაზე განმარტება იხილეთ ბმულზე).

შეკითხვა, რომელიც პარტიებს დავუსვით: როგორია თქვენი ხედვა ინდუსტრიულ პოლიტიკაზე – არის თუ არა პრიორიტეტი წარმოების განვითარების ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების ამ გზით გაზრდა? თუ კი, რა ფორმით და მეთოდებით აპირებთ ამას?

„კოალიცია ცვლილებისთვის“

პოლიტიკურ გაერთიანებაში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამბობენ, რომ მათი რეფორმები „შესაძლებლობების ეკონომიკის” შექმნისკენ იქნება მიმართული. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობის, თავისუფალი კონკურენციისა და მცირე, მაგრამ ქმედითი რეგულაციების პირობებში ეკონომიკის ყველა სექტორს ექნება განვითარების შესაძლებლობა.

„ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს, სულ ცოტა, 50 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ყოველწლიურად, უცხოური ინვესტიციების მოზიდვითა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებით. სახელმწიფო სპეციალური საგადასახადო შეღავათებით, პროფესიული განათლების განვითარებითა და ლოჯისტიკური ჰაბების მოწყობით ხელს შეუწყობს მაღალი ტექნოლოგიების საწარმოო სიმძლავრეების გაჩენას საქართველოში. უნდა შევქმნათ ისეთი ეკონომიკა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება“,ამბობენ კოალიციაში.

აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება ძირითად აქცენტს მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობაზე გააკეთებს, როგორც განათლების, ისე პრაქტიკული მუშაობის კუთხით. ეს კი, მათი გათვლით, ხელს შეუწყობს როგორც წარმოების განვითარებას, ისე დასაქმების ზრდას. მათი მიზანია ინოვაციური, ექსკლუზიური პროდუქტებისა და პროგრამების შექმნა და ამით საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს ეკონომიკურ ლანდშაფტს ქვეყანაში.

„ძლიერი საქართველო“

„ძლიერი საქართველო“  ამომრჩეველს ჰპირდება, რომ შექმნის 200 000 ახალ სამუშაო ადგილს ანაკლიისა და სხვა მსგავსი მეგაპროექტების განხორციელებით.

„ჩვენ გპირდებით უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნას ევროპული ტიპის „მწვანე მშენებლობის“ სტანდარტებით; გპირდებით ანაზღაურებად სტაჟირებას ყველა კურსდამთავრებულისთვის, ვისაც ამის სურვილი ექნება; ჩვენ დავასრულებთ ანაკლიას და სხვა მეგაპროექტებს; ჩვენი დასაქმების გეგმის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სწრაფად მშენებლობა. ანაკლიის პორტი და ქალაქი ანაკლია შექმნის ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს. „ძლიერი საქართველო” განაახლებს ანაკლიის პროექტს და ოთხი წლის განმავლობაში დაასრულებს მას“, – წერია პარტიის პროგრამაში.

ანაკლიის გარდა, „ძლიერი საქართველო“ გეგმავს სხვა დიდ ეკონომიკურ თუ შედარებით მცირე პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც სამუშაო ადგილებს და ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ეს პროექტებია: ლოჯისტიკური და ფინანსური ცენტრი ქუთაისში; თანამედროვე IT-სკოლები ყველა რეგიონში (როგორც ეს გაკეთდა წალენჯიხაში); ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება ისეთ რეგიონებში, როგორიცაა: სვანეთი, ხევსურეთი და თუშეთი.

„ძლიერი საქართველოს“ მიზანია ინოვაციებზე ორიენტირება და ტრადიციულ კონკურენტულ უპირატესობებთან ერთად ინტელექტუალური და სამეწარმეო კონკურენტულობის ზრდა. კოალიციაში ფიქრობენ, რომ  საქართველოს ეკონომიკის ზოგიერთ დარგში ინოვაციების ნაკლებობა დაბალ პროდუქტიულობას და, შესაბამისად, წარმოებული პროდუქციის დაბალ კონკურენტუნარიანობას იწვევს. ამიტომ განათლების ფუნდამენტურ რეფორმასთან ერთად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების წახალისება და მცირე ასაკიდანვე კოდირებისა და რობოტიკის სწავლება.

ამისთვის, „ძლიერი საქართველო“ აპირებს, შექმნას 3-მილიარდიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსებით მხარდაჭერას და ასევე – 2-მილიარდიანი სპეციალური საინვესტიციო ფონდი სახელმწიფო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის; ამასთანავე, შეიქმნება ინოვაციების სპეციალური საინვესტიციო ფონდი, სადაც მოიზიდავენ სახსრებს 1 მილიარდის ოდენობით, ინვესტირებისთვის ახალ ტექნოლოგიებში.

„ძლიერი საქართველოს“ გეგმით, ანაკლიის პორტსა და ქალაქ ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში 16 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებისა და იაპონური ინვესტიციებით სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოება დაიწყება.

ქუთაისი გახდება ლოჯისტიკური და ფინანსური ჰაბი, სადაც დაფუძნდება საერთაშორისო საფონდო ბირჟა. აეროპორტის გარშემო მოეწყობა საერთაშორისო მასშტაბის ლოჯისტიკური ცენტრი. განვითარდება სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანი სისტემა.

„ქართული ოცნება“

პარტიაში ფიქრობენ, რომ საქართველო უკვე საკმაოდ მიმზიდველია ინვესტორებისთვის, რადგან მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბიუჯეტის გამჭვირვალობითა და ბიზნესის დაწყების სიმარტივით ქვეყანა მოწინავე პოზიციებს იკავებს. ამიტომ, ახლა მთავარია, სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ისე საერთაშორისო ინვესტორებს პროექტების განვითარებასა და ინდუსტრიების ჩამოყალიბებაში, რაც ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნის.

პარტიის უახლოესი გეგმები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაა, სადაც, მათი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება. მიმდინარე პროექტებიდან ისინი აქცენტს მთავარ მაგისტრალზე აკეთებენ, რომელიც წითელი ხიდიდან სარფამდე უნდა გავიდეს და რომელიც ასევე ბევრ ადამიანს დაასაქმებს.

კიდევ ერთი მსხვილი პროექტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, ქუთაისში IT-ჰაბის გახსნაა.

„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება მულტიფუნქციური საერთაშორისო ცენტრი, რომელიც გააერთიანებს  უმაღლესი დონის ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საერთაშორისო IT-სკოლებს, მსოფლიო დონის სამეცნიერო მუზეუმს, საერთაშორისო აქსელერატორებს და ინკუბატორებს. აქ განთავსდება მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობები, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო გაჩნდება საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე. გარდა ამისა, ქუთაისის უნივერსიტეტში განთავსდება ორი პროტონული ამაჩქარებელი. ერთი იქნება საერთაშორისო კვლევებისა და ლაბორატორიებისთვის, მეორე კი ონკოპაციენტების სამკურნალოდ. მოქალაქეებს აღარ მოუწევთ სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა, რადგან უკვე აქ გვექნება თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებული მკურნალობის შესაძლებლობა”, – ამბობენ პარტიაში.

მათივე თქმით, მსგავსი ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო მიმოსვლას და ახალი პროექტების ინიციირებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმების შესაძლებლობებს როგორც რეგიონში, ისე მთელ ქვეყანაში.

„საქართველოსთვის“

პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ დასაქმების ზრდისა და ღირსეული სამუშაო ადგილების შესაქმნელად მნიშვნელოვანია ძლიერი სამეწარმეო სექტორის არსებობა, საამისოდ კი საჭიროა, გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკის კომპლექსურობა. მათი თქმით, საქართველომ უნდა გაიაროს ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესი და ქვეყანაში ჩამოყალიბდეს განვითარების ინოვაციური ეკოსისტემა. ამის მისაღწევად ისინი ყველაზე შედეგიან გზად ე.წ. „კონცენტრირებული დივერსიფიკაციის“ პოლიტიკას მიიჩნევენ. ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს არსებულ სექტორებში დაბალპროდუქტიული წარმოებიდან/პროდუქტიდან აქცენტის გადატანას მაღალპროდუქტიულ პროდუქციაზე (ჰორიზონტალური დივერსიფიკაცია – მაგალითად, სოფლის მეურნეობის ბიოპროდუქცია, მაღალშემოსავლიან ტურისტულ ბაზრებზე ორიენტაცია და ა.შ.). თუმცა ჰორიზონტალური დივერსიფიკაციის გარდა, ეს მიდგომა მოიცავს ახალი მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქტის შექმნასაც და მათი ექსპორტის მხარდაჭერას.

მათივე თქმით, შეიქმნება ეკონომიკური განვითარების ბანკი, რაც განხორციელდება „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის შედეგად. განვითარების ბანკი უზრუნველყოფს გრძელვადიან იაფ ფინანსურ მხარდაჭერას ახლად დამწყები ბიზნესისთვის, რომელსაც საქმიანობის დასაწყისში აქვს სათანადო უზრუნველყოფა ან ახალი/ინოვაციური ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, საფინანსო სექტორი არ აფინანსებს.

ახლად დამწყები ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი გახდება სახელმწიფო-საგარანტიო სქემები – სახელმწიფო გასცემს სესხის უზრუნველყოფის გარანტიას დამატებითი ქონების უზრუნველყოფის გარეშე. ეს გამოიწვევს იმ ბიზნესის დაფინანსებაზე წვდომას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი ქონება სესხის უზრუნველსაყოფად.

გატარდება კაპიტალის ბაზრის რეფორმა. კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის კაპიტალიზაცია გაიზრდება ორი მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგად:

  • სტრატეგიული და მსხვილი ეკონომიკური საწარმოების რე-ნაციონალიზაციის პროგრამა;

შეიქმნება ე.წ. სახალხო დაფინანსების პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს „სტარტაპებს“, მოიზიდონ ფინანსური რესურსების კაპიტალში მონაწილეობის სანაცვლოდ საზოგადოების მაღალშემოსავლიანი ნაწილისგან.

  • გატარდება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რომელიც დაეფუძნება კორპორაციული მმართველობის სტანდარტებს.

განხორციელდება სისტემური, მსხვილი საწარმოების („ჯორჯიან მანგანეზის“, „რუსთავი სთილის“, „არემჯი გოლდისა“ და სხვ.) რე-ნაციონალიზაცია კომპენსაციით და მათი ფინანსური გაჯანსაღება.

სახელმწიფო გამოისყიდის ამ საწარმოებს სამართლიანი კომპენსაციით და ფინანსური და მმართველობითი ტრანსფორმაციის შემდეგ დაიწყებს ჯანსაღი პრივატიზაციის პროცესს.  ამისთვის, ამ საწარმოების ბაზაზე ჩამოყალიბდება ერთი ჰოლდინგური კომპანია, რომლის აქციათა 100% იქნება დროებით სახელმწიფოს მფლობელობაში, ხოლო 5-7 წლის შემდეგ აქციათა ფლობის სტრუქტურა შეიცვლება.

დაინერგება სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის „ჯერ ქართულის“ პრინციპით შეთანხმება. იმისათვის, რომ სამეწარმეო გარემოს მხარდაჭერამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი როგორც ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას, ისე ადგილობრივად წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციას, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობა, მათ შორის საინვესტიციო შეთანხმება, დაეფუძნება „ჯერ ქართულის“ პრინციპს. ინვესტორი აიღებს ვალდებულებას, რომ საქართველოში არსებული ან წარმოებული ადეკვატური (ხარისხითა და ღირებულებით) საქონლის/მომსახურების/ადამიანური კაპიტალის არსებობის შემთხვევაში. გამოიყენებს/დაასაქმებს მათ.

პარტიას ასევე აქვს კონკრეტული გეგმები მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“

აღნიშნულ კოალიციას საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენია და ჩვენი შეკითხვებიც უპასუხოდ დატოვეს.

პარტიათა ხედვებს სხვა თემებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე;