საოჯახო კატეგორიის დავებში ქალების წინაშე არსებული გამოწვევები | კვლევა

პუბლიკა

,,უთანასწორობა ოჯახში  საფუძვლად უდევს ქალის არახელსაყრელ მდგომარეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. განქორწინების შემდეგ   ქალის დატოვება საცხოვრებლის გარეშე ან/და ალიმენტის გადახდისთვის  თავის არიდება, და სხვა, განიხილება ქალის მიმართ ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ფორმად,’’ – ამბობს ორგანიზაცია „ილიას სამართლის სახლის“ (ილიასი) დირექტორი ელენე სიჭინავა.

ორგანიზაცია ილიას სამართლის სახლმა (ილიასმა), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მოამზადა კვლევასაზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განხორციელება განქორწინებისა და მამობის დადგენის საქმეებზე.

კვლევამ გამოავლინა   ის საკანონმდებლო, ინსტიტუციური და ფინანსური ბარიერები, რომელთაც ქალები  მამობის დადგენის, ალიმენტის განსაზღვრისა და ქონების გაყოფის დავებზე ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პროცესში აწყდებიან.

კვლევის ფარგლებში „ილიასმა“ შეისწავლა საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოების 151 გადაწყვეტილება, გამოჰკითხა 30 ქალი, რომელთაც ამ ტიპის დავებში მიუღიათ მონაწილეობა და 91 პროფესიონალი, მათ შორის ადვოკატები, მოსამართლეები, სოციალური მუშაკები და მედიატორები. „ილიასმა“ ასევე  შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობა, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.

,,ვინაიდან ჩვენი კვლევის კონცეფცია გულისხმობს საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მიდგომის დამკვიდრებას, კვლევის პროცესში უზრუნველვყავით სასამართლო დავის გამოცდილების მქონე  ქალების მიზნობრივი მონაწილეობა, გამოვავლინეთ დღეს არსებული ბარიერები, მათ შორის, მათი თვალსაწიერი­დან და შესაბამისად, შევიმუშავეთ გამოსავლის გზები -’’   აცხადებს „ილიასის“ ხელმძღვანელი ელენე სიჭინავა.

„განქორწინების შემდეგ, ან მარტოხელა დედობის შემთხვევაში,  ქალი განსაკუთრებით მოწყვლადია სოციალურ-ეკონომიკური წნეხის მიმართ. საცხოვრებლისა და ბავშვის სარჩოს მიღების სირთულეები ხშირად დედას აიძულებს, დაბრუნდეს ოჯახში, რომელიც, შესაძლოა, მისთვის ძალადობრივი იყოს. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი იყოს მართლმსაჯულება ამ ქალებისთვის, „- აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის თანახმად, ბიოლოგიური (გენეტიკური) გამოკვლევის ჩატარება ბავშვის მამობის განსაზღ­ვრის მიზნით, მძიმე ფინანსური ტვირთია ქალისთვის;  ამასთან, მამობის დადგენის შედეგად, მაშინაც თუკი მამა არ მონაწილეობს   ბავშვის რჩენაში, დედა კარგავს მარტოხელა მშობლისთვის გათ­ვალისწინებულ სოციალური დაცვის გარანტიებს;

მამობის დადგენის პროცესში არსებული გამოწვევები და რეკომენდაციები იხილეთ სტატიაში:

კვლევის თანახმად, საალიმენტო საქმის განხილვისას სასამართლო არ იკვლევს ბავშვის ინდივიდუ­ალურ საჭიროებებს, თითოეული მშობლის მიერ ბავშვზე ზრუნვისთვის გამოყოფილ დროსა და სხვა ფაქტორებს. გადაწყვეტილების გამოტანისას მისთვის ამოსავალი წერ­ტილია მოპასუხის ოფიციალური ფინანსური მდგომარეობა; ცალკე პრობლემაა ალიმენტვალდებული კაცის შემოსავლების დამტკიცება, როდესაც ის არაფორმალურადაა დასაქმე­ბული.  ქვეყანაში არ არის დადგენილი ბავშვის საარსებო მინიმუმი, რომლითაც იხელმძღვანელებდა მოსამართლე ალიმენტის ოდენობის დადგენისას. თუკი მოპასუხე ნებაყოფლობით არ ასრულებს საალიმენტო ვალდებულებას, უკიდურესად პრობლემურია მისი იძულებით აღსრულება.

ალიმენტის განსაზღვრის  პროცესში არსებული გამოწვევები  და რეკომენდაციები იხილეთ სტატიაში: 

კვლევის თანახმად, იმის გამო, რომ საჯარო რეესტრში უმეტესწილად კაცი არის დაფიქსირებული მესაკუთრედ, ის ასხვისებს ქონებას განქორწინებამდე ან მის პროცესში, რათა ყოფილი მეუღლე ქონების წილის გარეშე დატოვოს. როდესაც ქალი ითხოვს  ქონების გაყოფას სასამართლოში,  მას უწევს ამ ქონების პროპორციული ბაჟის გადახდა. ბევრ შემთხვევაში, მარტო დარჩენილი ქალი, რომელიც თავად საოჯახო საქმიანობით არის დაკავებული და  მანამდე ოჯახს  მეუღლე არჩენდა, ვერ ახერხებს ქონების ბაჟის გადახდას,  და ამის გამო,  მისი სარჩელი განუხილველი რჩება.

განქორწინების შედეგად ქონების გაყოფის პროცესში არსებული გამოწვევები და რეკომენდაციები იხილეთ სტატიაში: 

კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ერთ დღესაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქალისთვის, ვინაიდან სასწორზე ბავშვის რჩენის საკითხი დევს,  ის ამ კატეგორიის საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდება თვეობით; საალიმენტო საქმის განსაკუთრებით სწრაფად  და გადადების გარეშე გადაწყვეტის შესახებ კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნის საპირისპიროდ, საოჯახო დავები განიხილება საპროცესო ვადების სრული უგულებელყოფით.

„დავების განხილვა იმდენად იწელება, რომ ერთ-ერთ საქმეში ბავშვი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე სრულწლოვანი გახდა, -“ აცხადებს ერთ-ერთი გამოკითხული ადვოკატი.

„ქალები გვიზიარებენ, ყველა დღე, როდესაც ისინი დავის სამართლებრივ შედეგებს ელოდნენ,  დედებისთვის ნიშნავდა ბავშვის სარჩოს დამოუკიდებლად მოპოვებას, მასზე ზრუნვას და სასამართლო პროცესში მონაწილეობას ერთდროულად, რაც მძიმე ტვირთი აღმოჩნდა მათთვის, “- აღნიშულია კვლევაში.

სად არის გამოსავალი? ორგანიზაცია „ილიასი“ მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და  საერთო სასამართლოებს, „შემუშავდეს და გატარდეს  ეფექტიანი პოლიტიკა საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვის უზრუნველყოფის მიზნით; გამოვლინდეს, გაანალიზდეს და აღმოიფხვრას გაჭიანურების სისტემური პრობლემის გამომწვევი ყველა მიზეზი,   საზოგადოებას მიეწოდოს განახლებადი ინფორმაცია თითოეული კატეგორიის საქმეზე სამართალწარმოების საშუალო ხანგრძლივობისა და მის გასაუმჯობესებლად განხორციელებული/მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.’’

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კვლევისას გამოიკვეთა, მედიაციის ხელმისაწვდომობას შეეხება: მედიაცია არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას. ამ ინსტიტუტის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საოჯახო დავების განხილვისას, რადგან ამ კატეგორიის დავების შემთხვევაში ემოციური ფაქტორი განსაკუთრებით მაღალია;  აქვს მთელი რიგი უპირატესობები, მათ შორის, არის საქმის სწრაფად განხილვის გზა, ნაკლებ დანახარჯიანია,  სამედიაციო შეთანხმებით მიღწეული გადაწყვეტილებები უფრო აღსრულებადია და სხვ.

ორგანიზაცია „ილიასის“ რეკომენდაციაა, მედიაციის ინსტიტუტი ხელმისაწვდომი გახდა ყველა მოქალაქისთვის, შესაბამის მუნიციპალიტეტებში მედიაციის ცენტრების გახსნით, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანური რესურსებითა და  სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;  ასევე,  საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია  მედიაციისთვის    მიმართვის უპირატესობებისა და წესების შესახებ.

კვლევის მიზნებსა და მეთოდოლოგიაზე, ასევე სხვა საკითხებზე იხილეთ ვიდეოინტერვიუ კვლევის ავტორებთან:

კვლევის სრული ვერსია კი ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე: ttps://bitly.ws/WdJr

სტატია და ვიდეოები მომზადდა ორგანიზაცია „ილიასის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ილიასი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.