რა გამოწვევების წინაშე დგანან ქალები მამობის დადგენის საქმეებში?

პუბლიკა

ელგა მაისურაძე 25 წლის იყო, როდესაც ქორწინების გარეშე გადაწყვიტა შვილის გაჩენა. ბავშვი მის გვარზე იყო და მამის გრაფაშიც პირობითი სახელი ჩაიწერა.   როგორც მარტოხელა დედა, თავდაპირველად გარკვეულ შეღავათებსა და დახმარებას იღებდა სახელმწიფოსგან.

„ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, გააჩინო ბავშვი ქორწინების, მამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა,  მარტო გავაგრძელებდი ჩემი შვილის აღზრდას, მაგრამ ერთი სოფლის მკვიდრები ვიყავით და გამაღიზიანა, რომ ამბობდა, ჩემი შვილი არ არისო.  როცა მართალი ხარ, ვერაფერი დაგიდგება წინ და ამიტომ მოვინდომე დამტკიცება, რომ მისი შვილი იყო და გავაკეთეთ დნმ-ს ანალიზი,”- იხსენებს ელგა. ის ახლა ემიგრაციაშია და დისტანციურად გვესაუბრა.

ელგა სოციალურად დაუცველი იყო. დნმ-ის ჩასატარებლად სახსრები არ გააჩნდა და სესხი აიღო. მამობა დადგინდა. ამის შემდეგ, მამა მართალია იმას ვეღარ ამბობდა, რომ ჩემი შვილი არ არისო, მაგრამ სხვა მხრივ არაფერი შეცვლილა.

„5 წლის იყო  ჩემი ბიჭი, როცა ოფიციალურად დავამტკიცეთ მამობა. ახლა სრულწლოვანია და   ერთი თეთრიც კი არ ახსოვს მამამისისგან დღემდე „ – გვიყვება ელგა.

ბავშვის მამობის დადგენის შემდეგ კი ის შეიცვალა, რომ ელგას კანონი მარტოხელა დედად აღარ მიიჩნევდა და შესაბამისად, სოციალური შეღავათებიც აღარ ეკუთვნოდა.

 „ეს იყო ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც მე წავაწყდი.  იმის გამო, რომ მამის სახელი და გვარი ჩაიწერა დაბადების მოწმობაში, მარტოხელა დედის სტატუსი და მასთან დაკავშირებული შეღავათები დავკარგე.  თუმცა, სინამდვილეში,  მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ბავშვის მამის გრაფა შეივსო, მე მაინც მარტოხელა დედა ვიყავი და ვარ, “- გვიხსნის ელგა.

როდესაც ამ უსამართლობის წინაშე დადგა, სცადა ყველა უწყებისთვის და საკონსტიტუციო სასამართლოსთვისაც კი, მიემართა, მაგრამ უშედეგოდ.

„ამაზე საშინელი არაფერია, ყველამ იცოდა, მარტო ვზრდიდი ბავშვს, მაგრამ არ მეკუთვნოდა არაფერი… გამოდის არც უნდა დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე, ჩემთვის ჩუმად უნდა ვყოფილიყავი… ერთი სოფლის შვილები და თავზე ლაფდასხმული უნდა ვყოფილიყავი და მეორე მხარეს ეთქვა ჩემი არაა ბავშვიო. რატომ არ უნდა დაამტკიცოს ქალმა, რომ მისი შვილის მამა ვიღაც კონკრეტულია. ეწერება თუ არ ეწერება საბუთში ამას რა არსებითი მნიშნელობა აქვს, როდესაც საერთოდ არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდა-განვითარებაში, “- ამბობს ელგა.

ორგანიზაცია „ილიასმა“ USAID/სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩაატარა კვლევა „საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განხორციელება მამობის დადგენისა და განქორწინების საქმეებში.

კვლევამ  გამოავლინა, რომ საქართველოში მამობის დადგენასთან თუ განქორწინებასთან დაკავშირებულ დავებში ქალები აწყდებიან საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და ფინანსურ ბარიერებს.

კვლევის თანახმად, ქალებისთვის დნმ -ის ანალიზით ბიოლოგიური (გენეტიკური) გამოკვლევის ჩატარება ბავშვის მამობის განსაზღვრის მიზნით მძიმე ფინანსური ტვირთია.

„რატომ არის ასეთი რთული ქალისათვის ამ თანხის მობილიზება?“-განმარტავს ორგანიზაცია ილიასის ხელმძღვანელი ელენე სიჭინავა – „პირველ რიგში, დავსვათ შეკითხვა – ვის სჭირდება მამობის დადგენა? –  რასაკვირველია, მარტოხელა ქალს. ჩვენ ვიცით, რომ მარტოხელა ქალი სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით მოწყვლადია, რადგან უწევს დამოუკიდებლად აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც ბავშვის სრული დატვირთვით გაზრდასა და მოვლაზე, ისე მის სარჩენად საარსებო წყაროების მოპოვებაზე. ასეთ დროს არ არსებობს პარტნიორი, რომელთანაც ის ფიზიკურ, ფინანსურ, ფსიქოლოგიურ ტვირთს გაიზიარებს. რა თქმა უნდა,  საქართველოს სინამდვილეში გოგონები სარგებლობენ ოჯახების მხარდაჭერით, მაგრამ არის მთელი რიგი შემთხვევები (ჩვენ ამ საკითხზე 30-მდე ქალს გავესაუბრეთ ფოკუსჯგუფების ფარგლებში), როცა ოჯახს თვითონ არ აქვს ფიზიკური და ფინანსური შესაძლებლობა, ან ქალი არის სხვადასხვა სოციალური სტიგმის მსხვერპლი და ის ზურგშექცეულია ოჯახისგან, რადგან მშობლებს ამ ვითარების მიმართ მიმღებლობა არ აქვთ. “

ორგანიზაცია ილიასის კვლევა აჩვენებს, რომ დღეს არ არსებობს პროცესუალური გზა, რომელიც ქალს ამ ფინანსური ტვირთისგან გაათავისუფლებს; ხშირად იმის გამო, რომ არ შეუძლიათ დნმ ანალიზის საფასურის დაფარვა, ქალები თავს იკავებენ სარჩელის აღძვრისგან.

რა არის გამოსავალი?- კვლევის ავტორი ელენე სიჭინავა მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც    მარტოხელა მშობელს მიენიჭება შემდეგ შეღავათი: თუ ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს მამობის დადგენას და მხარეს არ შეუძლია გასწიოს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ხარჯები, სასამართლომ ის, შუამდგომლობისა და სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის საფუძველზე, ამ ხარჯების გადახდისგან უნდა გაათავისუფლოს და დანიშნოს   ექსპერტიზა სახელმწიფოს ხარჯზე.

კვლევის მიხედვით,  მეორე პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა არის ის, რომ ზოგჯერ ქალი უარს ამბობს მამობის დადგენაზე, რადგან არ სურს დაკარგოს მარტოხელა მშობლისთვის გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.

რა გარანტიებია დღეს გათვალისწინებული მარტოხელა დედისათვის?  მარტოხელა დედის კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, თუკი ის არ აღემატება 3000 ლარს.  სახელმწიფოში არ არის შექმნილი ერთიანი სოციალური პროგრამა მარტოხელა მშობლებისთვის. მუნიციპალიტეტების მიერ განსაზღვრულია  ცალკეული მიზნობრივი პროგრამები (ფულადი დახმარება, კომუნალური გადასახადი,  კვებით უზრუნველყოფა და სხვ.),  რომლებიც ვერ აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს.

„სახელმწიფოს დახმარება მარტოხელა დედებისათვის მიზერულია დღეს; მიუხედავად ამისა,  ხშირად ქალი იძულებულია, ამ სტატუსის და მისგან გამომდინარე შეღავათების შენარჩუნების მიზნით, უარი  თქვას  ბავშვის მამის ვინაობის  დადგენაზე, “- ამბობს ორგანიზაცია ილიასის ხელმძღვანელი ელენე სიჭინავა.

მისივე თქმით, არსებული სისტემით, მარტოხელა მშობლის სტატუსის განმსაზღვრელია არა ბავშვის გაზრდასა და რჩენაში მეორე მშობლის რეალური მონაწილეობის ფაქტი, არამედ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის სახელისა და გვარის არსებობა.

,,სახელმწიფომ უნდა გაითვალისწონოს დასავლური ქვეყნების პრაქტიკა, რომლის მიხედვით,  მარტოხელა მშობლის სტატუსი  უნდა მიენიჭოს მშობელს იმ შემთხვევაში, თუკი ალიმენტის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება   აღიარებულია აღუსრულებლად; მაგალითად,   მოვალე  გადახდისუუნაროა ან  მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ისეთ შემთხვევებში, როდესაც  აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ალიმენტვალდებული პირი ზოგიერთ თვეში ასრულებს საალიმენტო ვალდებულებებს და ზოგიერთ თვეში – არა, კანონმა უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობის მინიმალური პროცენტული წილი, რომლის განსაზღვრული რაოდენობის კალენდარულ თვეში გადახდის შემთხვევაში, გადაწყვეტილება არ მიიჩნევა აღუსრულებლად. ‘’ – განმარტავს ელენე სიჭინავა.

ამ საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ  ვიდეოინტერვიუ:   

კვლევის სრული ვერსია კი ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე: https://bitly.ws/WdJr


სტატია და ვიდეოები მომზადდა ორგანიზაცია „ილიასის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ილიასი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.