დავით ბერძენიშვილი
დავით ბერძენიშვილის სიტყვა, რომელიც წარმოთქვა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სწავლების სკოლის სემინარზე 6 მაისს.
24 თებერვალი, 2022 წ. – ეს თარიღი, შესაძლოა, ცივი ომის დროინდელი მსოფლიო წესრიგის (1946-1991) შემდგომი უპასუხისმგებლო უწესრიგობის დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს. რუსეთის იმპერია სულაც არაა დასავლეთ/აღმოსავლეთით მაცქერალი ორთავიანი არწივი, ვერც ევრაზიაა და ვერც აზიოპა; ერთი მრავალთავიანი ურჩხულია… მიინგრა 1917-1920 წწ. და აღდგა 1922 წელს სსრკ-ს სახით და სახელით. კვლავ შემოეფცქვნათ ხელში პერესტროიკის ავტორებს 1989-1991 წლებში. დასავლეთის მხრიდან უპასუხისმგებლო უწესრიგობის ხანაში, ბოლო სამ ათწლეულში კვლავ პრობლემური გახდა თავად დასავლეთისთვისაც.
დრო მალე გვიჩვენებს, უკვე წელს – 24.02.2022 -რუსეთის რევანშისტული, ჩეკისტური იმპერიის ბოლოა თავია, მორიგი თავია, თუ მაინც დასავლეთის უთავობაა.
როგორი იყო საქართველო უკრაინის წინააღმდეგობის შედეგად პროვოცირებული, რუსეთზე დასავლეთის მოულოდნელად კონსოლიდირებული შეტევის წინა წლებში – 2018, 2020, 2022 წწ. არჩევნებისას? როგორი იყო ამ სამი არჩევნების შედეგების და მათ შორის პერიოდის გააზრება/გაუაზრებლობა შინ და გარეთ? ჩემი აზრით, ეს იყო ამ ოპოზიციის კვლავ არაკვალიფიციური აკვიატება იმ ოპოზიციის დარად – როცა 2007-2008 წლების ნოემბერ-თებერვლის უზარმაზარი ოპოზიციური ენერგია გავლიეთ ორპალატიან შიმშილობაში პარლამენტის შენობასა და პარლამენტის წინ კიბეებზე მარტში. 2009 წ. 9 აპრილი-26 მაისის მასშტაბური აქციების დასრულებაც ჯიუტად არ დააპირა იმ ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა. პასუხად კი პროტესტი გაილია ზაფხულში კარვებსა თუ საკნებში. ორკვირანახევრიანი, ქუჩაში გადატანილი და გალეული „ბობოქარი“ პროტესტი – ფილარმონიიდან თელავამდე – ეს უკვე ამ ოპოზიციის, ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის წამოწყებული „ქარიშხალი ჭიქაში“ აღმოჩნდა. ნაცებმა არანაცებს მაშინ არ დაუჯერეს. მილიონ ხმიანი ოპოზიციის ნახევარი პროგნოზირებდა ქუჩის მარცხს, მეორე ნახევარმა კი შეალეწა პროტესტი სახელისუფლებო უწესო მანქანას – სახეალეწილ ბიძინას და სახეწართმეულ სალომეს – უპასუხისმგებლო პერსონალურ მმართველს და ფსევდო პრეზიდენტს.
ივანიშვილის შემცბარი მიმართვაც გვახსოვს პირველი ტურის შემდეგ და ბილბორდებიდან ზურაბიშვილის გამქრალი სახეც, ივანიშვილის და მისი გუნდის წევრების სახეებით ჩანაცვლებული. ერთი რიგითი რუსი დეპუტატის ხილვამ ქვეყნის მთავარ სახელისუფლებო სავარძელში ოპოზიციის და, განსაკუთრებით, კვალიფიციური ახალგაზრდა მოქალაქეების პატრიოტიზმის ამოფრქვევა გამოიწვია. 20 ივნისის თაობა – ახალი რეალობაა. საკუთარ პროფესიებში წარმატებულმა, თვითდაჯერებულმა ახალგაზრდებმა შექმნეს „სამოქალაქო აქტივიზმი“. წინააღმდეგობის ახალი, მანამდე თითქმის უცხო ფორმების მქონე პერფორმანსის თანხლებით „სირცხვილიამ“ ახალი ფრონტი გახსნა.
120/30 – საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებაში ორივე მხარე გამარჯვების შანსს ხედავდა. დასავლეთის მორიგი მოლოდინი, ჩემი აზრით, იყო განახლებული, პლურალისტური ოპოზიციით დახავსებული, გამყალბებელი ხელისუფლის შევიწროება. 2008-ის ანალოგიური შეცდომა, შეცდომების კასკადი და საკითხების გამარტივება დამახასიათებელია დასავლეთისთვის „უპასუხისმგებლო უწესრიგობისას ოცდაათწლეულში;“ 2003 წ. ოქტომბერში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოიპარა აშშ ხელისუფლების ჩუმი დასტურით. პირველ მასობრივ პროტესტს რომ მსხვერპლი მოჰყვა, ოპოზიციის ლიდერი ისა გამბარმა, როცა აშშ ელჩთან ურთიერთობის მერე დარწმუნდა, რომ პროტესტის გაგრძელებას მხოლოდ პროტესტანტების მსხვერპლი მოჰყვებოდა და დასავლეთი ხმას არ ამოიღებდა, შეწყვიტა ქუჩის პროტესტი და ოპოზიციურმა ამომრჩეველმა მასვე შეახოცა ხელი. ეს ადვილია – მარცხზე პასუხისმგებლობის ყოფილ ლიდერზე გადაბრალება.
2003-ის 2 ნოემბერს ოპოზიციის უპირატესობა გაცილებით დიდი იყო საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისას. შევარდნაძე არ იყო ალიევების კლანის მსგავსი პოლიტიკოსი – დათმო ხელისუფლება პროტესტის გაანალიზების მერე – არ ისროლა. 2008-ში სააკაშვილმაც მოიპარა მეორე ტური. ამერიკელმა კონგრესმენმა სისხამ დილით გვამცნო მიშას „ტრიუმფალური ‘ გამარჯვების შესახებ პირველივე ტურში… ვაშინგტონის წინასწარი გადაწყვეტილება ასეთი იყო. თბილისში და დიდ ქალაქებში ოფიციალურადაც გამარჯვებული ოპოზიცია არ წავიდა შელეწვა/დალეწვაზე ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს. პასუხად ამომრჩევლის მესამედიც დააკლდა საპარლამენტო არჩევნებში 21 მაისს. ეს მწარე რეალობა ხოლმე – ვერ დაიცავით ჩვენი ხმები და არც დაგალეწვინეთ ხელისუფლება (სახელისუფლებო შენობები და ა.შ.). ამიტომაც დაგსჯით. ესაა პასუხისმგებლობიანი ოპოზიციის ქმედებაზე უპასუხისმგებლო მხარდამჭერთა საკმაო ნაწილის უჭკუო პასუხი.
2008 წლის მარტში კი ქუჩის პროტესტი დაარბია ყარაბახის კლანმა ერევანში. 10 ადამიანი დაიღუპა, ზოგიც დააპატიმრეს – მათ შორის ოპოზიციის კანდიდატის,ლევონ ტერ-პეტროსიანის შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნიკოლ ფაშინიანი. პოსტსაბჭოთა რეალობაში რამდენიმე პროცენტიანი უპირატესობით ოპოზიციის უპირატესობას ხელისუფლება იპარავს, ასე იქცევა მოქმედი ხელისუფლება, როცა უჭირს (2008 საპრეზიდენტო – მეორე ტური მოიპარა ენმ-მ, 2020, 2021 – ოცნებამ გააყალბა). ორნიშნა მარცხს ხელისუფლება ვერ/არ აყალბებს – 2003, 2012). ხელისუფლება იცვლება მაშინ, როცა ქართველი ხალხის არჩევანს ადასტურებს დასავლეთი – ანუ, როცა ქართული სიმართლე ამერიკული პოლიტიკური სიმართლეცაა. ეს კი, სწორედ ოპოზიციის ორნიშნა უპირატესობის დროს ხდება. როცა არ უჭირს ხელისუფლებას, თავად წყვეტს, რომელი ოპოზიციური ჯგუფი შეუშვას პარლამენტში და რომელი არა. 1995 წ. ზვიადისტური „21-ე საუკუნე“ უკანონოდ არ შეუშვეს პარლამენტში, რასაც ძალიან ცუდი შედეგი – მათი ასლანთან გადაბარგება მოჰყვა. 1999 წ, მრეწველების მიერ გადალახული 7 პროცენტიანი ბარიერი ცნეს, ლეიბორისტების მიერ გადალახული იგივე ბარიერი კი არა. 2008-შიც ხელისუფლება წყვეტდა, ოპოზიციიდან წამყვანი ‘გაერთიანებული ოპოზიციის“ გარდა ვინ შეეშვათ პარლამენტში. ლეიბორისტებს მე-5 და მე-6 ნომრებად საკუთარი სატელიტები ჩაუწერეს. მაშინ დამთბარი ურთიერთობების შესაბამისად, ნათელაშვილს შესთავაზეს, კენჭი ეყარა 2008 წ. იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც ეროვნულ საბჭოს შემოგვითვალა, დაპატიმრების მუქარით (გაერთიანებული ოპოზიციის 11 კაციანი მმართველი „ეროვნული საბჭოს“ წევრი ვიყავი და ვიცი ზუსტად, რასაც გეუბნებით) და შეღავათიანი საპარლამენტო კამპანიაც ჩაატარებინეს მაისში. რესპუბლიკელებს 3.78% გამოუწერეს ნაციონალებმა, რადგან 4% საბიუჯეტო დაფინანსებას ნიშნავდა – ესეც არ გაიმეტეს, თუ გაყალბება იყო, რესპუბლიკელებისთვისაც ხომ იყო. სხვათა შორის, ზუსტად იგივე პროცენტი გამოუწერა ოცნებამ ‘ევროპულ საქართველოს“ 2020-ში. ბედის ირონიაა მეთქი, ვუთხარი მაშინ გიგა ბოკერიას.
1 ნოემბერს ბოიკოტი გამოაცხადეს მიტინგზე ენმ-ს ლიდერებმა (სხვებმა სოლიდარობა გამოუცხადეს – ზოგმა იარლიყების მიწებების შიშით, ზოგმა – ამ გზის წარმატება შესაძლებლად ჩათვალა… საპროტესტო მიტინგზე 8 ნოემბერს „ ქუდზე კაცი ქუჩაში“ არ შედგა და მეორე ტურისთვის მომზადების ნაცვლად (7-8 ოლქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი …) ენმ-ს კანდიდატები ძალიან კონკურენტუნარიანები იყვნენ, 42-45 პროცენტი ჰქონდა ბევრ სახელისუფლებო კანდიდატს გაფორმებული, მეტი ვერა; სულ 15 მეორე ტური იყო 30-დან) , მათდა უნებურად, ხელისუფლების წისქვილზე დაასხეს წყალი. ქუჩა სულ აორთქლდა თბილისსა თუ ბათუმში მცდელობის მიუხედავად და ფონზე მომდევნო თვეებში. კარვები გაძვალტყავდა, გამეჩხერდა.
სიის ჩახსნა შეცდომების კასკადში მორიგი რგოლი იყო. ჭერქვეშ თუ გარეთ ხშირი ხელმოწერები, რომ არ შევიდოდნენ გაყალბებულ პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის და მასთან აფილირებული მედიის პოლიტიკური დღის წესრიგი იყო, რაც არც მისი პარტიის დეპუტატთა საკმაო ნაწილს სიამოვნებდა, არც ენმ-თან ბლოკში მყოფ რესპუბლიკელებს, არც სხვა სუბიექტებით გასულ დეპუტატებს, მაგრამ ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგს მიშა ქმნიდა ენმ-ს მეშვეობით.
ევსაქებში დარჩენილი ერთი-ორი ადამიანიც მიიჩნევდა, რომ არჩევნები კი წააგეს, მაგრამ პოლიტიკური პროცესი უნდა მოიგონ. სხვისი, ნაცების რესურსით თამაში ჯამში უსუსური პოლიტიკა აღმოჩნდა, მიშელის პროცესს ვგულისხმობ. „ვინ მოგვერევა მე და ბექნუს” ფსევდოპოლიტიკა 19 აპრილს ამოიწურა. გარღვევა იყო 2021 წლის აპრილი, როცა პირველად პოლიტიკური ინიციატივა ხელში აიღეს არანაცურმა ოპოზიციურმა პატარა საპარლამენტო პარტიებმა და ცალკეულმა დეპუტატებმა. ევროკავშირის და აშშ ელჩების ხელშეწყობით მათ განსაზღვრეს ქართული პოლიტიკის დღის წესრიგი 2021 წ. 19 აპრილს, როცა შექმნეს შარლ მიშელის დოკუმენტი და დაიწყო მიშელის პროცესი. პარლამენტში შეიქმნა ¾- იანი კვორუმი კონსტიტუციის შესაცვლელად (დაბალპროცენტიანი ბარიერით საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემა და ა.შ). ენმ 2 თვის დაგვიანებით, პოლიტიკურად განიარაღებული დაჰყვა არანაცური პარტიების და დასავლეთის მიერ შემუშავებულ და განხორციელებულ დღის წესრიგს. თუმცა, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ძალიან დააგვიანეს, პარტიის თავმჯდომარემ პარლამენტი დატოვა. სწორედ ნიკა მელიას ის ერთი ხმა აკლიათ ახლა მიშასადმი მოპყრობის გამოსაძიებელი კომისიის შესაქმნელად და სულ ტყუილად იშვერენ თითს გახარიას პარტიისკენ, რომლებიც თავიდანვე უარს ამბობდნენ ამ კომისიის მხარდაჭერაზე.
5-6 ივლისის გამოსაძიებელი კომისიის შექმნას გახარიას 6 დეპუტატი მხარს კი უჭერს, მაგრამ ეს კომისია, სამწუხაროდ, არ შედის ენმ-ს პრიორიტეტებში. ეტყობა, პატრიარქის, თანამესაყდრის, იქ მოძალადე ანაფორიანების შიშით.
„ქართულ ოცნებას“ მოუწევს მიშელის დოკუმენტზე უკან წაღებული ხელმოწერის დაბრუნება ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე. პანდემიის მეორე ეტაპზე ღარიბაშვილის ხელისუფლება იყო აკვიატებულიც და უუნაროც -16 ათასი დაღუპული ადამიანიდან რამდენიმე ათასი სწორედ პრემიერის და სახელისუფლებო მისიანების სინდისზეა, კისერზეც და, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც კი არის. „ვაქცინა არ მუშაობს, სანქცია არ მუშაობს“ – ასე დაამთავრა წინა ეპოქა და შეხვდა ახალს ღარიბაშვილი (ვეჭვობ, რომ ჯერ მან ამდენი არ იცის – არ იცის, რომ მსოფლიო წესრიგი/უწესრიგობის გზაგასაყარზე წამოისროლა ის კალამბური/სლოგანი). კოვიდ-19 ვირუსმა დაამთავრა 30 წლიანი მსოფლიო უწესრიგობის პოლიტიკური სისტემა და რუსეთის ომმა უკრაინაში დაიწყო ახალი ეპოქა – იმედია, მაჯლაჯუნა, პროცენტნახევრიანი, ოკუპანტი და აგრესორი რუსეთის მსხვრევის ეპოქა. 1,7%- ია ამჟამად რუსეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში, მოსახლეობით 7-8-ჯერ ნაკლები ავსტრალიის ტოლი, სამნახევარჯერ ნაკლები მოსახლეობის კანადაზე ნაკლები. ენერგორესურსების ექსპორტის მკვეთრი შეზღუდვების და უამრავი სანქციის შედეგად ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო, მკვეთრად დაიწევს 1-2 წელიწადში. ამიტომ ვეძახი პროცენტნახევრიან მაჯლაჯუნას. ცნობისთვის – მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების ჯამი დაახლოებით 50 %-ია. იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და უამრავი სხვა ქვეყანაა კიდევ სანქციებს შეერთებული დასავლეთი. სანქციები ჩეკისტურ რეჟიმს მოახრჩობს.
2022 – ს 24 თებერვალს საქართველო მძიმე შიდა პოლიტვითარებით შეხვდა. ყველა პარამეტრით ქართველები უკრაინის მხარდამჭერთა მოწინავე რიგებში ვართ (აქციები, მებრძოლები, საერთაშორისო ორგანიზაციებში ანტირუსული რეზოლუციების მხარდაჭერა, გამოსვლები, მედია, ქვეყანაში სულ ლურჯ-ყვითელი ფერები, ოპოზიცია და ა.შ.) ერთის გარდა: ხელისუფლება გვყავს არაადეკვატური, მხდალიც.
ზევით გაკვრით კი ვახსენე, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოში ვერც არჩევნების გარეშე იცვლება ხელისუფლება (ეს უკვე კარგია) და ვერც მხოლოდ არჩევნებით (ეს ცუდია), თუ ოპოზიციის უპირატესობა არ არის ძალიან დიდი. მაგალითად, 2012-ში ოფიციალური მონაცემებით 15%-ით და 400 ათასამდე ხმით გაუსწრო კოალიციამ ენმ-ს. თბილისში უპირატესობა იყო 2-3-ჯერ მეტი. ხელისუფლების მხრიდან მარცხის აღიარება იყო ადეკვატური ქმედება, ვერც შეინარჩუნებდა ძალაუფლებას, რომც დაეპირებინა. 2008 წლის იანვრისგან მკვეთრად განსხვავებული თანაფარდობა და მოლოდინი იყო. და ამერიკელი სენატორების, სხვა დასავლელი ფიგურების შეთავაზებამდე, რომ მარცხი უნდა ეღიარებინა, მიხეილ სააკაშვილს ეს ნაბიჯი უკვე გადადგმული ჰქონდა. ცხადია, დასავლეთის განწყობები მან წინასწარ იცოდა. მით უმეტეს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური გზის გაღრმავებასთან ერთად დემოკრატიული რეფორმები იყო შემოთავაზებული. სიტყვის თავისუფლების სფეროში თეფშებთან მებრძოლი ხელისუფალი მოყირჭებული და სახიფათოც კი ჩანდა. რესპუბლიკელები და თავდემები დასავლური ფარიც იყო, საერთაშორისო ლიბერალური ოჯახის მხარდაჭერაც, საარჩევნო მეურნეობის ცოდნა და გამოცდილებაც, რაც არც კონსერვატორებს აკლდა.
სააკაშვილის ხელისუფლებამ მისთვის მოულოდნელად 2007 წელს, ნოემბერში, გახელისუფლებიდან 4 წლის თავზე აღმოაჩინა და იანვარში დარწმუნდა, რომ თანაზომადი პოლიტიკური ოპონენტი გასჩენია გაერთიანებული ოპოზიციის სახით. ივანიშვილის ხელისუფლებამ ასევე მოულოდნელად, 2018-ს შემოდგომაზე, 6 წლის შემდეგ იგრძნო პოლიტიკური მდევრის სუნთქვა – პირველ ტურში ფინიშის ხაზი ერთად გადალახეს მისმა სუსტმა კანდიდატმა და ყოფილი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელსაც 7 ნოემბერთან, 26 მაისის უმოწყალო დარბევასთან, რეპრესიებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. სწორედ 2018 წ. ნოემბრიდან, მეორე ტურიდან იწყება ივანიშვილის ფორმალურად ერთპარტიული, რეალურად კი კარისკაცების დახმარებით უპარტიო მმართველობა.
პერსონალური უპასუხისმგებლო მმართველობა (2014, წ. ოქტომბერში რესპუბლიკელების მიერ გაჟღერებული ტერმინია, რაც იგივე არაფორმალურ მმართველობას ნიშნავს) მან პრემიერობიდან გადადგომისთანავე დაიწყო 2013 წ. ბოლოდან, რაც დღემდე გრძელდება. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენელთან, ოლიგარქ ევტუშენკოვთან საუბარი სხვა საფრთხეებთან ერთად ამის დადასტურებაცაა.
ჩემი თეზისი ესაა: მრავალფეროვნებით დავამარცხოთ ერთფეროვნება. ეს ეხება პოლიტიკასაც, ქვეყნის მომავალსაც, ადმინისტრაციულ მოწყობასაც, აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთ/ცხინვალის მხარესაც რუსეთის უკრაინაში დამარცხების მერე), საზოგადოების გამოწვევასაც.
საბჭოთა საქართველო იყო: ა) მოსკოვის და საბჭოთა კავშირის პატრონაჟის და პრიორიტეტის აღიარება. ბ) საქართველოს სსრ-ში ეთნიკური ქართველების სრული დომინანტობა, როგორც მოცემულობა ნომენკლატურაშიც, ისტორიაშიც და ა.შ. გულღია მასპინძელი ეთნიკური ქართველები – უფროსები და აფხაზები, ეთნიკური უმცირესობები კი სტუმრები, რომლებსაც მადლიერება და მოკრძალება მოეთხოვებოდათ. ეროვნული მოძრაობის და გამსახურდიას ხელისუფლების დროს ეს მიდგომები ყოველგვარ ზღვარს გადასული იყო და ზოგჯერ მე-20 ს-ის ბოლოსთვის ველურობის ზღვარსაც კი უახლოვდებოდა („გაუმარჯოს მართლმადიდებლურ საქართველოს, საქართველო ქართველებისთვის, აფსუებმა დატოვონ ჩვენი ისტორიული ტერიტორიები და გადავიდნენ მათ ისტორიულ სამშობლოში-ჩრდილოეთ კავკასიაში’”, ფაქტობრივად ირანული თეოდემოკრატია და ა.შ.). სააკაშვილის მმართველობისას პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა ამ სტერეოტიპების დასაძლევად. თუმცა, ჭრელი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა საქართველოს მრავალფეროვან, პლურალისტურ საქართველოდ ტრანსფორმირების გამოწვევა ჯერ კიდევ დასაძლევი გვაქვს. მით უმეტეს, რუსეთის ნგრევას უკრაინაში ომსა და დასავლეთთან სტრატეგიულ ჭიდილში მოჰყვება რუსული ზურგის, ჯავშნის, ფარის და თბილისისკენ მოშვერილი კალაშნიკოვის აორთქლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისთვის.
ერთიანობა მრავალფეროვნებაში და მრავალფეროვნება ერთიანობაში – წარმატებული ევროპული, დასავლური მიდგომაა. პოლიტიკაში ერთპარტიულობა სინამდვილეში უპარტიო პოლიტიკაა. ჩვენში გამჯდარი ორპოლუსიანობა, მტრის ხატზე აგებული პოლიტიკა სინამდვილეში რინგზე მმართველი ძალის მიერ აუცილებლად და გამონაკლისის გარეშე გასალახად გამოძახებული სპარინგ- პარტნიორია. ერთმანეთის სიძულვილი არსს არ ცვლის – პირიქით, ავსებს, ნამდვილს ამსგავსებს, ექსპრესიულიცაა. ეროვნული მოძრაობა/კომუნისტები, ეროვნულ მოძრაობაში პრაქტიკულად ყველას მიერ მტრად (სუკის აგენტად შერაცხული ზურა ჭავჭავაძე, თამარ ჩხეიძე და მათი ჭავჭავაძის საზოგადოება ორიოდე მომცრო პარტნიორიანად ( 1988-89 წწ. ამ ხაზს აღვივებდა მაშინდელი ცეკას იდეოლოგიის მდივანი ფოფხაძე, მერმინდელი ასავალ-დასავალების და ლამის მთელი შავრაზმული პრესის მამა-პაპა), მერე, 1990-1991 გამსახურდია და მისი ყოფილი პარტნიორები( გ, ჭანტურია და ა.შ) – სუკის აგენტის იარლიყი ორივე მხრიდან ერთმანეთზე, შევარდნაძისტები/ზვიადისტები, შევარდნაძისტები/ასლანისტები მთელი ათი წლით ჩოლოქს გაღმა/გამოღმა ხურჯინივით გადაკიდული თითქმის მთელი, უკაცრავად პასუხია და, ქართული პოლიტელიტა თავთავისი ბელადებით.
ბოლო ორი ათეული წელიც ხომ ამ ნიშნითაა – სააკაშვილის ბლოკმა სწორედ „საქართველო შევარდნაძე/აბაშიძის გარეშე“ სლოგანით და მეორე პოლიტიკური ფრონტის ბათუმში გახსნით დაამარცხა ერთმანეთში უკვე შეზრდილი ეს ანტისახელმწიფოებრივი ტანდემი. მიშა ბადრის გვტენიდა პოლიტლიდერად მის ოპოზიციას, არ გამოუვიდა – პატარკაციშვილზე 4-ჯერ მეტი ხმა აიღო ოპოზიციის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ.
ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლისთანავე მტრის განადგურებაზე მუშაობდა. შესაძლოა, მიშას პოლიტიკური ამოცანების მისი ფინანსებით უზრუნველყოფის რაღაც ეტაპზე ბიძინამ ჩათვალა, რომ ფულის ტომარად აღიქვამდნენ მაინც ხელისუფალნი და მე-7 წლის თავზე პოლიტიკურ დუელში გამოიწვია. დროც ზუსტად შეარჩია – 2011 წლის ოქტომბრისთვის ოპოზიციური 8-იანი ხელისუფლების წახმარებით, დაინგრა, მალე ექვსიანიც დაიშალა და მოსუფთავებულ ოპოზიციურ მინდორზე უალტერნატივო გახდა, ერთ მილიარდერს ძლიერი ოპოზიცია გაუმკლავდა 2007-ში და არ მოუშვა პოლიტიკაში, 2011-ში კი ძალიან დასუსტებულმა ოპოზიციამ საკუთარ პოლიტიკურ ყოჩად ექსცენტრიული და ბურუსით მოცული მეორე, მიშას ყოფილი მილიარდერი მიიღო (თავზეც დაისვა).
პირველ წლებში ივანიშვილს ენმ-ს პოლიტიკური განადგურება სწადდა. ამიტომაც ერჩოდა, თუმცა, 2012-2016 წლების პარლამენტი მაინც პლურალისტური ორგანო იყო, სადაც დებატები ნორმა იყო, არცთუ იშვიათად, უმრავლესობის უმცირესობაში მყოფი რესპები, თავდემები
ნაცმოძრაობასთან საერთო ენას პოულობდნენ და ერთობლივი რეზოლუციებიც გაჰქონდათ. ენმ ვერ გაანადგურა ივანიშვილმა, პირიქით – მისდა უნებურად მის გაძლიერებასაც კი შეუწყო ხელი. 2018, 2020 და 2021 შეგნებულად მტრის ხატად დანიშნული მიშას ფაქტორი აამუშავა. მიშას მტრად დანიშვნას მიშაც უწყობდა ხელს – 2020-ში თავი რომ პრემიერობის კანდიდატად დაასახელა, სიტყვა „ კოალიცია“ არჩევნების მეორე ტურის დამთავრებამდე ნიკა გვარამიამაც კი ვერ წამოაცდენინა არაერთი მცდელობის მიუხედავად.
მოტყუვდა სააკაშვილი – ეგონა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას მისი გახელისუფლება სურდა, ამ დროს კი საქმე სწორედ პირიქით იყო. 2018-შიც მეორე ტური გაუფუჭა გრიგოლ ვაშაძეს, რომელსაც სწორედ კოალიციური, მრავალფეროვნებაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია მიჰყავდა პირველ ტურამდე, მერე კი არ ჩამოსულა ეკრანიდან მიშა – წამოსცდა კიდეც, იმ ხმების 10 პროცენტსაც ვერ მიიღებდა ვაშაძე, მე რომ არ ვიყოო. სააკაშვილის ჩამოსვლაც 2021-ის არჩევნების წინ არასწორ მოლოდინებს ემყარებოდა. ამ საკითხზე აღარ შევჩერდები. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პოლიტიკურად, ადამიანურად, სახელმწიფოს ინტერესებისთვის საჭიროა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სასწრაფოდ გაშვება დასავლეთში (ლიეტუვას სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ხომ მიმართა ამ თხოვნით ხელისუფლებას საჯაროდ, სხვებმაც, ზოგმა არასაჯაროდაც, ვვარაუდობ).
მაინც როგორია ჩვენი პოლიტიკური კულტურა ამჟამად? ნაცები და ქოცები მხოლოდ? ხელისუფლებისთვის სასარგებლო მტრის ხატი მხოლოდ? ერთი შეხედვით თითქოს ასეა. 2020 და 2021 წლების არჩევნების შედეგებით მოქმედ 5%- იან ბარიერს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთი სხვა ჯგუფი, გახარიას ჯგუფის გარდა, ვერც შეეთამაშება. ნაცების და გახარიას ურთიერთმიუღებლობა გადაწონის თუ ოცნების და მისი „ მოღალატე“ გახარიას პარტიის, ჯერ არც ვიცით. მცირე რეზერვს პოსტსაბჭოთა ხელისუფლება გაუქრობს ბარიერისთვის მებრძოლ პარტიას, როგორც უქნეს ირაკლი ალასანიას თავდემებს 2016-ში, ან ლეიბორისტებს 1999-ში, ან კიდევ ზვიადისტურ „21 საუკუნეს“ 1995-ში.
სხვათა შორის, სწორედ 1995 წელს გამოიწერა ასლანმა აჭარაში იმდენი ხმა პირველად, რამდენიც წინასწარ გამოიწერა. მოქკავშირმა დაუდასტურა. ეს იყო მასობრივი გაყალბების პირველი შემთხვევა რეგიონის მასშტაბით. მოგვიანებით შევარდნაძის ხელისუფლება ქვემო ქართლის არმიღებული ხმებით „აბალანსებდა“ ასლანის „შედეგებს“ აჭარაში (1999, 2000, 2003- იც). მომდევნო წელს ასლანის „ აღორძინების“ სიაში გაამწესეს რამდენიმე მოქკავშირელი აჭარის უზენაესი საბჭოს ტოტალურად გაყალბებული არჩევნების დროს.
და მაინც, მე არ დავკმაყოფილდებოდი ორპოლუსიანობით, სპარინგ პარტნიორით და მსგავსი ტერმინებით პოსტსაბჭოთა პოლიტიკური პალიტრის დახასიათებისას, მით უმეტეს, რომ ეს აქტუალური დღეს და უმნიშვნელოვანესია ხვალისთვის. უკრაინაში რუსეთის გაჭედვის, დასავლეთთან მარცხის კონტურების ფონზე, არჩევნები მორიგი იქნება თუ ვადამდელი, 2024-ში თუ 2023-ში, სწორედ ამ საგარეო ფაქტორებზეა, მეტწილად, დამოკიდებული. არც იმ გამარტივების, შავ-თეთრ ფერებში ვითარების წარმოჩენის მომხრე ვარ, თითქოს ბიძინა ან თავიდანვე პუტინმა დაგვისვა, ან კიდევ ახლაა პუტინის უშუალო ბრძანებების შემსრულებელი.
ივანიშვილი პრობიძინური ორიენტაციისაა – გასახელისუფლებლად დასავლური ვექტორი ძალიან სჭირდებოდა, მერე ვიზალიბერალიზაციამდეც მიაღწია, რისთვისაც ანტიდისკრიმინაციული კანონიც მიაღებინა მის შავბნელ პარტიას 2014-ში. ჩემი აზრით, ივანიშვილი არის მისი მორიგი აკვიატების ტყვეობაში – დიდხანს ეგონა და, შესაძლოა, ახლაც ჰგონია, რომ პუტინი იგებს. ამხელა დასავლური დახმარება, ლენდ-ლიზი, 33 მილიარდი უკრაინას აშშ-დან და ბევრი სხვა მილიარდი ევროპიდან და სხვა დასავლეთიდან, მას ან მის აკვიატებაში აჯიუტებს, რაც სიბრიყვეა, ან კიდევ უკვე ვეღარ მიდის ფაქტების წინააღმდეგ. ამიტომაც არ უშლის ხელს ხელისუფლებას, მხარი დაუჭიროს ანტირუსულ რეზოლუციებს გაეროში, სტრასბურგში, ჰააგაში… ბალანსირების პოლიტიკაა. რამდენჯერმე ვნახე „იმედზე“ რეპორტაჟი და მთავარი სახელისუფლებო პროპაგანდისტული არხი აშკარად პროუკრაინულია, ორი ფერია მთელს ქვეყანაში – ყვითელი და ლურჯი, ჩქეფს უკრაინა საქართველოში. დასავლეთი საქართველოში პუტინზე ბევრად ძლიერია და ღია პრორუსული პოზიციონირება დაანგრევს ხელისუფლებას.
მივუბრუნდეთ პოლიტიკურ პალიტრას. ორი ათეული წლის წინ ივლიანე ხაინდრავამ შემოიტანა ტერმინი „პარტიანახევარი“. სახელისუფლებო პარტია, მყარი უმრავლესობით ესაა 1 პარტია, ნახევარი კი არის გარნირი, გნებავთ პრასი, სადაც დომინირებს მთავარი ოპოზიციური პარტია (ენმ დღეს და ათი წელია უკვე, აღორძინება ადრე, ასევე ათი წლის მიდამოებში, „ეროვნული“ კომპარტიაც კი ზვიადის ხელისუფლობისას). და მაინც არის კიდევ პატარა სივრცე, სადაც ძალიან პატარა, მაგრამ მუშა პარტიებია (ლელო, სტრატეგია, გირჩი ორივე, რესპები, მოქალაქეები პარლამენტში თითო-ოროლა დეპუტატით, პარლამენტს გარეთ დროა, ევსაქები და სხვა. ეს პატარებიც ჯამში პარტიანახევრის იმ ნახევარში არიან ნაცებთან ერთად. პარტიანახევრის სისტემა პოსტსაბჭოურობის მახასიათებელია – არც ერთპარტიულობაა და არც პოლიტიკური პლურალიზმი. ამოცანა კი სწორედ ესაა: დავძლიოთ ეს პარტიანახევრობა მრავალპარტიულობით.
როგორ? როგორ და ამომრჩეველი ამ პატარებს ჯამში 20 პროცენტის მიდამოებში ჰყავთ ჯამურად, 25%- მდეც ადის, როცა მესამეები ორი-სამია და არა 10 -12. არანაცქოცი ამომრჩეველი ამ 10-12 სულ პატარა ჯგუფებს ჯობია. 2-3 ნომრის ქვეშ გაერთიანებული ასეთი 10-12 თუ არა, პროდასავლური 5-6 პოლიტიკური ჯგუფი ბარიერს გადალახავს (შედარებით მაღალსაც კი. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე დაბალი ბარიერისადმი ერთგულება იქნება ბრიუსელის მოთხოვნა – ამჟამად 2% – იანია პირველი მოსმენით მიღებული. 2021- ის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისს გარეთ 3,5 % იყო ბარიერი, თბილისში 2.5%. მიღებული შედეგებით ვერც ერთი პატარა პარტია ვერ გადალახავდა 3%- იან საპარლამენტო ბარიერს და მხოლოდ ლელო გადალახავდა 2%- იან ბარიერს და 3 დეპუტატს გაიყვანდა სულ არანაცური ოპოზიცია, ან 0 ექნებოდა 3%- იანი ბარიერის შემთხვევაში. ხელისუფლების წინააღმდეგ მიცემული ხმები პატარა პარტიებისთვის გადაიქცა 2021-ში სახელისუფლებო მანდატებად. ბევრი 0.5-1-1,9 პროცენტიანი სია ნიშნავს დაახლოებით 20 პროცენტი ოპოზიციური ამომრჩევლის ხმებით სახელისუფლებო მანდატებს. 2-3 ნომრით გამოსვლა (არაფორმალური ბლოკებით ან რამდენიმე სულ პატარა პარტიის გაერთიანებით) კი 20-ვე პროცენტის ხმა ოპოზიციური მანდატია. სრულიად რეალურია ოთხკომპონენტიანი პოლიტიკური პალიტრა: ოცნება, ენმ, არანაცური ოპოზიცია – სამივე მსუყედ ორნიშნა და გახარიას პარტია. ოპოზიცია ჯამურად დიდი რეზერვით უსწრებს ოცნებას. სრულად პროპორციულია არჩევნები, არ დაგვავიწყდეს. ამ შემთხვევაში ხელისუფლება იცვლება არჩევნებით დასავლეთის დასტურით.
დაბოლოს, ორიოდე სიტყვით მივუბრუნდეთ უკრაინის ფაქტორს. დასავლეთის წარმატება უკრაინაში და გლობალურადაც, რუსეთის ეკონომიკის მოხრჩობა სრულიად რეალურია. დასავლეთის გაძლიერების პროპორციულად იზრდება ოპოზიციური ამომრჩევლის რაოდენობა საქართველოში. ნახელისუფლარი ამომრჩეველი, ცხადია, არ მიდის ნაცმოძრაობისკენ – მათი ორიენტირი ხდება ახალი კონფიგურაციის მესამე ძალები უფრო, ვიდრე გახარიას პარტია, რომელმაც უკვე წაიყვანა მეტწილად სამოხელეო ნაწილი ოცნების. ბარიერის გადაულახაობის საფრთხე იხსნება და ოპოზიციურ კოალიციაში ახალი კონფიგურაციის სამკომპონენტიან კოალიციაში არანაცქოცების, ე.წ. შუაშისტების როლი განმსაზღვრელია. დემოკრატიული ღირებულებითი ფაქტორი მნიშვნელოვანი ხდება. პერსონალურად მიხეილ სააკაშვილი ვერ ხდება ქვეყნის ხელისუფალი – ასეთია ძალთა ბალანსი, თუმცა, ცხადია, აქვს გავლენა სახელისუფლებო კოალიციაში მისი პარტიის წილის შესაბამისი.
ბიძინა არჩევნების საღამოს შეხვდება ჰაერში – ტყუილად კი არ აქებდა ზურა ადეიშვილს 2012-ის 2 ოქტომბერს დილიდან, რომ გაიგო, გაფრინდაო. ყველაზე ჭკვიანი კაცია იმ ხელისუფლებიდანო.