შავი ზღვის უსაფრთხოება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ: ხედვები უკრაინიდან, საქართველოდან და აზერბაიჯანიდან

პუბლიკა

ავტორები: კორნელი კაკაჩია, ანარ ვალიევი, ჰანა შელესტი, ბიძინა
ლებანიძე, მაქსიმ ხილკო, აჰმად ალილი, სალომე კანდელაკი

დასავლური პოლიტიკის შემმუშავებლების მხრიდან დიდი ხნით მივიწყებული შავი ზღვის ფართო რეგიონი ცოტა ხნის წინ ევროპის და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა როგორც ევროპის ყველაზე არამდგრადი ნაწილი, რომელიც ცივი ომის შემდგომი ევროპის მშვიდობის და უსაფრთხოების წესრიგს უქმნის საფრთხეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრა შემობრუნების ის წერტილია, რომელმაც ევროკავშირსა და რუსეთს შორის ღრმა ბზარი გააჩინა და რომლითაც გაძლიერებული კონკურენციისა და მტრობის ახალი ერა დაიწყო. 

ომის შემდგომ უკრაინას, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის უკუგდების და ნორმალური ცხოვრების აღდგენის შემდეგ, აქვს პოტენციალი, გახდეს შავი ზღვის რეგიონის ერთერთი წამყვანი ქვეყანა საკმარისი შეიარაღებითა და სახელმწიფოებრივი უნარით, მოახდინოს შავი ზღვისა და უფრო ფართო ევროპული უსაფრთხოების წესრიგის რეორგანიზება და სტაბილიზება.

შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საქართველო ერთერთი წამყვანი სატრანზიტო ქვეყანაა, რომელიც ევროპას ცენტრალური აზიის, შორეული აღმოსავლეთისა და შუა აღმოსავლეთის ბაზრებსა და ენერგორესურსებთან აკავშირებს და რომელსაც აქვს შესაძლებლობა, იყოს სტაბილურობის და დემოკრატიის მნიშვნელოვანი ავანპოსტი სამხრეთ კავკასიის არამდგრად რეგიონში. 

ენერგორესურსებით მდიდარი აზერბაიჯანი სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპას ალტერნატიული ენერგორესურსებით უზრუნველყოფს, რომლებითაც შესაძლებელია ენერგორესურსებზე ევროპის მოთხოვნაში იმ დანაკლისის ნაწილობრივ შევსება, რომელიც ევროკავშირრუსეთის ენერგოკრიზისის შედეგად წარმოიშვა. ბუნებრივია, სამივე ქვეყანა დაინტერესებულია მიიღოს მეტი ეკონომიკური და სატრანზიტო სარგებელი შავი ზღვის სტაბილური და უსაფრთხო სარტყლის შექმნის გზით. ამ სამ ქვეყანას შორის გაძლიერებული კოორდინაციის და თანამშრომლობის მექანიზმების ჩამოყალიბება მეტ სტაბილურობას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ განვითარებას და კომუნიკაციას მოიტანს შავი ზღვის რეგიონსა და მის შემოგარენში. ეს სიმყარეს შემატებს ევროპული უსაფრთხოების წესრიგის ყველაზე არასტაბილურ ნაწილს. 

იმის შესაფასებლად, თუ როგორ შეიძლება უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შეცვალოს შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოება და თუ საიდან შეიძლება წამოვიდეს უსაფრთხოების გარანტიები, საქართველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ჯამში 14 ინტერვიუ და 45 გამოკითხვა ჩატარდა უსაფრთხოების ექსპერტებთან და შედეგად რამდენიმე საინტერესო მიგნება გამოიკვეთა. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სამივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ექსპერტულ წრეებში საფრთხის აღქმა ისევე, როგორც შეხედულებები შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარი დამზიანებლების შესახებ თითქმის იდენტურია. ისინი პოზიტიურ როლს ანიჭებენ აშშ, ნატოს და გაერთიანებულ სამეფოს, ასევე ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ხოლო რუსეთს შავი ზღვის უსაფრთხოების მთავარ პრობლემად განიხილავენ. თუმცა, როცა საქმე შავი ზღვის უსაფრთხოების მომავალ ორგანიზებას, შავიზღვისპირა ქვეყნებში მშვიდობის უზრუნველყოფას და მათ ადგილსა და როლს ეხება, შეხედულებებში განსხვავებები ჩნდება. თუ უკრაინელი და ქართველი ექსპერტები მყარად ემხრობიან შავი ზღვის ქვეყნების ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრირებას, საგარეო პოლიტიკის აზერბაიჯანელი ექსპერტები ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის რეგიონულ ფორმატებს ანიჭებენ უპირატესობას სახელშეკრულებო ურთიერთობების გარეშე, ასევე, თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობას (გრაფიკი 3). მთლიანობაში კი, სამივე ქვეყანა დაინტერესებულია მშვიდობიანი უსაფრთხოების წესრიგის დამყარებით შავი ზღვის ფართო რეგიონში, რაც ადგილობრივ ქვეყნებს შეაძლებინებს, სარგებელი მიიღონ რეგიონის ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალისგან.  

გრაფიკი 3. შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ძალის როგორი ბალანსი შეუწყობდა ყველაზე უკეთ ხელს რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას?

არ არის გასაკვირი, რომ საგარეო პოლიტიკის უკრაინელი და ქართველი ექსპერტების ხედვა შავი ზღვის რეგიონში მომავალი მშვიდობისა და უსაფრთხოების წესრიგის შესახებ ერთმანეთის მსგავსია. ამ კვლევის ფარგლებში გამოკითხული უკრაინელი და ქართველი რესპონდენტების უდიდესი უმრავლესობა თავიანთი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობების საბოლოო ეტაპად ხედავს (გრაფიკები 6 და 7). ქართველ ექსპერტებთან ინტერვიუებმა ერთი საინტერესო ფაქტიც გამოავლინა: ნატოს წევრობა ისევე, როგორც აშშთან მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოებასა და გადარჩენასთან ასოცირდება, ხოლო ევროკავშირი აღიქმება არა მარტო ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის ერთერთ ძირითად წყაროდ, არამედ ისეთ აქტორადაც, რომელიც ნაკლებ საიმედოა ცალკეული წევრი ქვეყნების ამბივალენტური დამოკიდებულების გამო, როგორებიცაა საფრანგეთი და გერმანია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო, ნატოსა და აშშის მხარდამხარ, ყველაზე მნიშვნელოვან აქტორად მოაზრება, რომელსაც შესწევს ძალა, შექმნას მშვიდობის და უსაფრთხოების მექანიზმები შავი ზღვის რეგიონში.

გრაფიკი 6. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს თქვენი ქვეყნის ნატოთან ურთიერთობების ფინალური ეტაპი?

გრაფიკი 7. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს თქვენი ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობების ფინალური ეტაპი?

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ არა მარტო უსაფრთხოების ვითარება შეცვალა შავი ზღვის ფართო რეგიონში, არამედ დრამატულად გადააკეთა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების აღქმა რეგიონის და გლობალური უსაფრთხოებისთვის მისი მნიშვნელობის, ასევე წამყვანი რეგიონული მოთამაშეების როლების შესახებ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ შავი ზღვის რეგიონი პერიფერიიდან ევროატლანტიკური უსაფრთხოების პროცესების ცენტრში გადმოიტანა. ამ ომმა ისიც აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი განცალკევებულად კი არა, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების სისტემის ნაწილად უნდა განიხილებოდეს. 


წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის და შავი ზღვის ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP), კავკასიის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CPAC) და საგარეო პოლიტიკის საბჭოსუკრაინული პრიზმისმკვლევრებს და არ გამოხატავს ევროკავშირის და შავი ზღვის ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის შეხედულებებს. 

დოკუმენტი ხელმისაწვდომია აქ