შეცვალა თუ არა პროექტი უნებართვოდ კომპანიამ | მშენებლობა ისტორიულ უბანში

ქრისტინე მუჯირი

თბილისში რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, ისტორიუ უბანში, ზალდასტანიშვილის შეს. #19-ში მრავალფუნქციური დანიშნულების ნაგებობა შენდება. „პუბლიკას“ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ობიექტზე მესაკუთრემ ბოლო სართული უნებართვოდ დააშენა.

„პუბლიკა“ თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად. 22 იანვარს მუნიციპალურმა ინსპექციამ გვაცნობა, რომ აღნიშნულ მისამართზე მოკვლევა დაიწყეს და ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია. თბილისის მერიას არ დაუდასტურებია, რომ მშენებლობა დარღვევით მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნეს, რომ დაიწყეს გაცემული ნებართვის შესაბამისობის შესწავლა წარმოებულ სამუშაოებთან მიმართებაში.

„მიმდინარეობს საინვენტარიზაციო გეგმებისა და გაცემული ნებართვების შესაბამისობის შესწავლა. მოკვლევის დასრულებისთანავე თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას“, – განუცხადეს „პუბლიკას“ მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში.

რა შენდება რუსთაველის გამზირის მიმდებარედ

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განმცხადებელი 2014 წლიდან მოითხოვს პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვას. ამ პერიოდის განმავლობაში პროექტი რამდენჯერმე დაკორექტირდა. შესაბამისად, საკითხი რამდენჯერმე გავიდა მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზეც, რომელზეც ასევე რამდენჯერმე დაიწუნეს და საბოლოოდ, 2018 წელს მოიწონეს, რის შემდეგაც თბილისის ისტორიულ უბანში მშენებლობის ნებართვა გაიცა.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა გაცემულია მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, თუმცა შენობაში ასევე განთავსდება კომერციული და საოფისე ფართები.

რენდერი, 2018 წელი

ასევე, 2018 წელს მერიისთვის მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ მაყაშვილის ქუჩიდან ზალდასტანიშვილის ქუჩისკენ შენობა ჩაწიეს 5 მეტრით.

ავტოფარეხი -1 სართულის ნაცვლად (რომელიც წინა პროექტებში იყო წარმოდგენილი) განთავსდებოდა -4 სართულზე. პროექტის მიხედვით, -1; -2;-3 სართულებზე განთავსდება კომერციული და საოფისე ფართები, პირველ სართულზე – ბინები და საოფისე ფართობი, დანარჩენ ზედა სართულებზე – ბინები, ბოლო მეხუთე სართულზე კი  – სამი ბინა, დიდი ტერასებით.

ნაგებობის საერთო ფართობია 8210.5 კვ.მ.

რენდერი

2159 კვ.მ ფართობის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 01.15.05.004.101) შპს „ვერარეზიდენსს“ ეკუთვნის. კომპანიის 100%-ს  გიორგი ქორიძე ფლობს, ხოლო კომპანიის დირექტორი როლანდ სანდაძეა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, გიორგი ქორიძე 20-მდე კომპანიის მეწილეა.

რას ამბობს კომპანიის დირექტორი

მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურის სამსახურისთვის უკვე წარდგენილ პროექტში არ არის ნახსენები სასტუმროს მშენებლობა, „ვერარეზიდენსის“ დირექტორის, როლანდ სანდაძის თქმით, შენობაში სასტუმრო უნდა განთავსებულიყო, თუმცა კრიზისი გამო გადაწყვეტილება შეცვალეს და ის კომერციული ფართებითა და ბინებით დაიტვირთება.

„ეს უნდა ყოფილიყო სასტუმრო, ვინაიდან თქვენ იცით მდგომარეობა მსოფლიოში, რაც ხდება, სასტუმრო ვეღარ გაიხსნება და კრედიტს, რომელიც გვაქვს აღებული ბანკიდან, ვეღარ გადავიხდით. შესაბამისად, შესაძლოა, რომ საერთოდ დაიკარგოს ეს შენობა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომერციულად დაგვეტვირთა ეს ფართები და ამ ფართებმა მოითხოვა აგრეგატების დამატება. აგრეგატები უნდა განთავსდეს სახურავზე, სადაც შემდეგ შეიფუთება ლამაზად. ჩვენ არც სიმაღლე გაგვიზრდია, არ ასცდენია ამ ნიშნულს“ , – თქვა მან.

ის ამბობს, რომ სწორედ ამ ცვლილებების გამო, სახურავზე საჭირო გახდა აგრეგატების დამატება – ორ შვერილს შორის სივრცე უნდა შეივსოს და იქ განთავსდეს აგრეგატები, რომლებიც, კომპანიის დირექტორის თქმით, შეიფუთება და არ გაზრდის შენობის სიმაღლეს.

როგორც სანდაძე ამბობს, სახურავებს შორის სივრცე ისე შეავსეს, რომ მერიისთვის არ მიუმართავთ, რის გამოც მერიის ინსპექტირების სამსახურმა კომპანია უკვე დააჯარიმა 10 000 ლარით. ისინი ელოდებიან შესაბამისი სამსახურის გადაწყვეტილებას, პროექტში ცვლილებების დაშვებაზე.

კითხვაზე, თუ რატომ არ აიღეს ნებართვა მერიიდან მშენებლობისას, სანდაძე გვპასუხობს, რომ მათი კონტრაქტორი კომპანია „დომუსი“ გადიოდა პროექტიდან, შესაბამისად მათ მოუწიათ დაჩქარებული დროში განეხორციელებინათ სამუშაოები, რაც ნებართვის მიღების შემთხვევაში ვერ მოესწრებოდა.

„სიჩქარის გამო მოგვიწია იქ დაშენება. „დომუსი“ რომ დარჩენილიყო კიდევ, მაშინ გვექნებოდა გადასახდელი საკმაოდ დიდი თანხა დაყოვნების გამო.  „დომუსი“ რომ დარჩენილიყო კიდევ, მაშინ გვექნებოდა გადასახდელი საკმაოდ დიდი თანხა, დაყოვნების გამო“, – განაცხადა მან.

როლანდ სანდაძის თქმით, მათ 14 ოჯახი უნდა დააკმაყოფილონ საცხოვრებლით.

„ისინიც ყოველდღე გვირეკავენ და გვეუბნებიან, როდის დასრულდება. ამ ტერიტორიაზე იდგა ბარაკები, სადაც წყალი შედიოდა და მერიას ამ ყველაფრის გაკეთება უწევდა. ეს პრობლემა ჩვენ გადავჭერით, იმის იმედად, რომ სასტუმრო გვექნებოდა, მაგრამ სასტუმრო აღარ გვაქვს, მორჩა“, – ამბობს სანდაძე.

არსებული სიტუაცია. 2018 წელი

რენდერი