შეიცვლება თუ არა აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით? | რას უნდა ველოდოთ ახალი ადმინისტრაციისგან

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთავრობის დაკომპლექტება დაიწყო. პოლიტიკოსების სიას, ვინც ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეუერთდება, ელოდებიან როგორც შეერთებულ შტატებში, ისე დანარჩენ მსოფლიოში.

ტრამპმა არაერთი ადამიანი უკვე დაასახელა თავისი ადმინისტრაციის წევრად. მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის კანდიდატურა. ამ თანამდებობაზე ის ფლორიდელ კონგრესმენს, მაიკ უოლცს მოიაზრებს. ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი პრეზიდენტს აშშ-სთვის არსებულ სხვადასხვა საფრთხეზე უწევს კონსულტაციას, მათ შორის მსოფლიოში არსებულ სამხედრო დაპირისპირებებში აშშ-ის პოზიციაზე.

თუმცა დონალდ ტრამპს ჯერჯერობით არ უთქვამს, თუ ვინ იქნება მომავალი სახელმწიფო მდივანი. თანამდებობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამერიკის საგარეო პოლიტიკაში. ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპი სახელმწიფო მდივნის პოსტს ამერიკელ სენატორს ფლორიდიდან, მარკო რუბიოს შესთავაზებს.

მას შემდეგ, რაც ტრამპის ახალი ადმინისტრაციის კონტურები გამოიკვეთა, რას უნდა ველოდოთ საქართველოში? როგორი პოლიტიკოსები არიან მარკო რუბიო და მაიკ უოლცი და რა როლი ექნებათ მათ საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკის განსაზღვრაში?

მარკო რუბიო სენატში 2010 წელს აირჩიეს, ის ცნობილი იყო თავისი კონსერვატიული შეხედულებებით და ხისტი პოლიტიკის მხარდაჭერით რუსეთის, ჩინეთისა და ავტორიტარული რეჟიმების მიმართ. საქართველოსთან მიმართებითაც, ის მოუწოდებდა ბარაკ ობამას, რომ თბილისისთვის NATO-ს კარი გაეხსნა.

მარკო რუბიოს ფოკუსში, ძირითადად, მაინც ლათინური ამერიკაა. ის აქტიურად უპირისპირდებოდა კუბასა და ვენესუელის ლიდერებს. ბოლო პერიოდია, რუბიო ტრამპის პოლიტიკას ემხრობა და მისი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ტრამპის შეხედულებების გაზიარებამ შეცვალა მისი გარკვეული შეხედულებებიც. რის გამოც, ფლორიდელ სენატორს მისი მოწინააღმდეგეები აკრიტიკებენ.

მარკო რუბიოს მსგავსად ფლორიდიდანაა მაიკ უოლციც. ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკურ პარტიას“ წარმოადგენს. მაიკ უოლციც მიჩნეული იყო კონსერვატორ და ხისტი საგარეო პოლიტიკის მიმდევარ პოლიტიკოსად.

ცნობილია, რომ ის იყო იმ კონგრესმენებს შორის, ვინც „რესპუბლიკური პარტიის“ შემუშავებულ უსაფრთხოების სტრატეგიას მოაწერა ხელი. დოკუმენტში კი ნახსენები იყო ბიძინა ივანიშვილი, როგორც პუტინის მოკავშირე. დოკუმენტის ავტორებს მიაჩნდათ, რომ ის უნდა დასანქცირებულიყო.

აისახება თუ არა მარკო რუბიოსა და მაიკ უოლცის შეხედულებები ამერიკის საგარეო პოლიტიკაში?

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ხატიაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ დონალდ ტრამპისთვის თანამდებობებზე დანიშვნის ამოსავალი წერტილი არა იმდენად ამა თუ იმ პოლიტიკოსის შეხედულებებია, არამედ პიროვნული ერთგულება.

2016-2020 წლებში, როცა ის აშშ-ის პრეზიდენტი პირველად გახდა, ტრამპს ბევრ თანაგუნდელთან მოუვიდა კონფლიქტი და არაერთი ადამიანის თანამდებობიდან გათავისუფლება მოუწია.

„შესაბამისად, ამ ვადის დაწყებამდე უკვე არის ეს მთავარი ამოცანა, ასე ვთქვათ დისციპლინირებულობა, ორგანიზებულობა და ისეთი ერთგული ხალხის დანიშვნა, რომლებიც იმას გააკეთებენ, რაც მას სურს. აქედან გამოდის ყველა მისი დანიშვნა“, – ამბობს ხატიაშვილი.

რაც შეეხება მარკო რუბიოს, როგორც გიორგი ხატიაშვილი ჰყვება, ის წარსულში ტრამპს აკრიტიკებდა, 2016 წელს ეს ორი პოლიტიკოსი ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ საპრეზიდენტო მარათონში და მწვავე დაპირისპირებაც ჰქონდათ. მართალია რუბიომ პოზიცია შეიცვალა, თუმცა მისი თქმით, მაინც საინტერესო იქნება, როგორ გამოუვათ მათ ერთად მუშაობა.

ხატიაშვილის თქმით, მართალია, როგორც მარკო რუბიო, ისე მაიკ უოლცი აგრესიული საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერ პოლიტიკოსებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ საგარეო პოლიტიკის ძირითადი წარმმართველი ტრამპი იქნება და მათ იმის გაკეთება მოუწევთ, რასაც პრეზიდენტი გადაწყვეტს.

„უნდა აღინიშნოს, რომ უკიდურესი ქორი და ნეოკონსერვატორი იყო მარკო რუბი, მაგრამ 2024 წლის აპრილში ხმა არ მისცა უკრაინის დახმარებას, ისევე როგორც მაიკ უოლცმა. რუბიოს აქვს ნათქვამი ტრამპისტული შაბლონიც, რომ NATO-მ მეტი უნდა გადაიხადოს უკრაინის დასახმარებლად და ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ.

აქვე შემოდის სხვა საკითხი, რომ ორივე არის უკიდურესად ანტიჩინური პოზიციების, სრული თანხვედრა აქვთ ტრამპთან და ჩინეთთან ესკალაციას დავარქმევთ თუ გამწვავებას, დიდი ალბათობით, ეს მოსალოდნელია.

ტრამპი და არა მარტო ტრამპი თვლის, რომ კი, რუსეთი ევროპას პრობლემას უქმნის, მაგრამ ზოგადად, ამერიკული ჰეგემონიისთვის მათი ერთადერთი რეალური საპირწონე სახელმწიფო არის ჩინეთი. ამიტომ ჩინეთს კონკურენცია გაუწიონ, დააბალანსონ და ტაივანი დაიცვან“, – ამბობს ხატიაშვილი „პუბლიკასთან“.

და თუკი ბუნდოვანია, რა პოლიტიკას აირჩევს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებით, სწორედ ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინებით, გიორგი ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთდროულად ორივე სახელმწიფოსთან მეგობრობა გაუჭირდება.

„ამოსავალი წერტილი არის ის, რომ საქართველო არ წარმოადგენს ისეთი გეოპოლიტიკური ღირებულების ქვეყანას, როგორიც, ვთქვათ, ისრაელია. ამიტომ არ მგონია, ტრამპის დონეზე წყდებოდეს ჩვენი საკითხი.

შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტის ის რგოლი, რომელიც შეიმუშავებს პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით, მეტ-ნაკლებად გააგრძელებს იმავე კურსს, შეიძლება მცირედი ცვლილებები იყოს, მაგრამ არა რაიმე განსაკუთრებული. რა თქმა უნდა, თუ რაღაც დიდი და გაუთვალისწინებელი არ მოხდა.

მეორე, უნდა აღინიშნოს ის, რომ ასეთი უკიდურესი ანტიჩინური პოზიციის პირობებში არ მგონია, პოზიტიურად აღიქვან საქართველოს ხელისუფლების ჩინეთთან დაახლოება. მე ეს არ მგონია. რას მოიმოქმედებენ ეს სხვა საკითხია, მაგრამ უკმაყოფილებას ვერბალურ დონეზე მაინც დააფიქსირებენ. განსაკუთრებით, როდესაც ჩინეთთან გამწვავების გზაზე დადგებიან ტარიფებისა თუ სხვა მექანიზმების გამოყენებით“, – ამბობს ხატიაშვილი.

ამიტომ, საქართველოს ოფიციალური პირებისგან სხვადასხვა დროს გაჟღერებული პოზიცია, რომ აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა მოხდება, გიორგი ხატიაშვილის თქმით, ნაკლებ სავარაუდოა. პირველ რიგში იმიტომ, რომ თავად საქართველოს ხელისუფლება არც აღიარებს, თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა გაფუჭდა.

ამასთან, ხატიაშვილის თქმით, ტრამპი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც სამხედრო პარტნიორობის სახით უკრაინას „ჯაველინები“ გადასცა, ტრამპის შემოღებულია სანქციების პირველი ტალღაც რუსეთის წინააღმდეგ.

„თუმცა სანქციები ხომ თვითმიზანი არ არის. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ქცევის შესაცვლელად არის გამიზნული. შესაბამისად, ჩვენ შემთხვევაშიც შეიძლება ვიღაცას მოუხსნან სანქციები, ან პირიქით, სხვებს დაუწესონ. თუმცა ვაშინგტონის პოლიტიკის ძირეულ ცვლილებებს არ ველოდები“, – დასძენს გიორგი ხატიაშვილი.